Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში არაზუსტი დემოგრაფიული მაჩვენებლები ვრცელდება

სოციალურ ქსელში არაზუსტი დემოგრაფიული მაჩვენებლები ვრცელდება

იანვარს 23, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი

  • 2020-2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება;

  • 2024 მოსახლობის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93,4% (დაახლოებით 3 მლნ 657 ათასი ადამიანი) საქართველოს მოქალაქეა;

  • 2024 წლის მოსახლეობის აღწერის საბოლოო, სრულად დამუშავებული მონაცემები, მათ შორის, მოსახლეობის რაოდენობა ეროვნების მიხედვით, 2026 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება;

  • 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 86.8% (3,224,564 ადამიანი) ეროვნებით ქართველი იყო;

  • სოციალურ ქსელით გავრცელებული კონკრეტული მაჩვენებლები, თითქოს დაახლოებით 1.5 – 1.6 მლნ ქართველი დარჩა საქართველოში, არ დასტურდება;

  • სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ სოციალური ქსელით გავრცელებულ მონაცემები აბსურდულია და არცერთი წყაროთი არ დასტურდება;

  • ფეხმძიმე ქალების რამდენი პროცენტია ეთნიკურად ქართველი ამის თქმა შეუძლებელია, რადგან მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს.

 

სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე ვიდეო გავრცელდა (არქივირებული ბმული). ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებებთან დაკავშირებით გადამოწმებულ ინფორმაციას გთავაზობთ.

მტკიცება: ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება

საქართველოში ბუნებრივი კლება უკვე მეექვსე წელია, რაც ფიქსირდება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას, ჯამში, 31 806-ით გადააჭარბა.

ბუნებრივი კლება 2025 წელსაც გაგრძელდა და 6 თვეში 2023 და 2024 წლების უარყოფით მაჩვენებლებსაც გადააჭარბა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 4 999 ადამიანით გადააჭარბა. ქვეყნის დემოგრაფიულ სურათში გამონაკლისია თბილისი და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც დადებითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება.

მტკიცება: საქართველოში დარჩენილია დაახლოებით 1.5 მლნ, მაქსიმუმ 1.6 მლნ ადამიანი [ქართველი]. 1 210 00 არის ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ეთნიკურად არაქართველი

2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 3 მლნ 914 ათასი ადამიანი შეადგინა. საყოველთაო აღწერა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე (მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით არ მყოფი პირები), ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელნიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ან დარჩენას ერთ წელზე და მეტი ხნის ვადით აპირებდნენ.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93,4%, ანუ 3 მილიონ 657 ათასი, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6%-ს (257 ათასი ადამიანი) ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

2014 წლის აღწერასთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა ჯამში 200 ათასზე მეტი ადამიანით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ხარჯზეა, საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი აღწერათაშორის პერიოდში შემცირებულია. 2014-2024 წლებში ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 10,6-ჯერ, დაახლოებით 235 ათასი ადამიანით გაიზარდა.

რაც შეეხება ეროვნებას, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის საბოლოო, სრულად დამუშავებული მონაცემები, მათ შორის, მოსახლეობის რაოდენობა ეროვნების მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, კონკრეტულად რამდენი ეროვნებით ქართველი ცხოვრობს დღეს საქართველოში.

2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად კი, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 86.8% – 3,224,564 ადამიანი, ეროვნებით ქართველი იყო. აღსანიშნავია, რომ 10-წლიან პერიოდში მიუხედავად დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესებისა, იმ მასშტაბის გაუარესება არ ყოფილა, რომ ქართველების რაოდენობა 1.5 მლნ.მდე შემცირებულიყო.

ამრიგად, სოციალურ ქსელით გავრცელებული კონკრეტული მაჩვენებლები, თითქოს დაახლოებით 1.5 – 1.6 მლნ ქართველი დარჩა საქართველოში, არ დასტურდება.

ამ თემაზე „ჯეოფაქტსი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილს ესაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მონაცემები ჯერ არ გვაქვს, ვერ დავეთანხმებით გავრცელებულ მონაცემებს, თითქოს 1.6 მლნ ეროვნებით ქართველი ცხოვრობს ქვეყანაში. არცერთი წყარო ამას არ ადასტურებს. არსად არ რეგისტრირდება ეროვნება, გარდა აღწერისა. 2014 წლის აღწერას თუ დავეყრდნობით, მოსახლეობის 86% (3.2 მლნ ადამიანი) იყო ეროვნებით ქართველი, 10-წლიან პერიოდში დემოგრაფიულ მონაცემებში ამხელა გარდატეხა, რომ ამდენად შემცირებულიყო ეს რიცხვი, შეუძლებელია. აბსურდული მონაცემებია“,- განაცხადა პაატა შავიშვილმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ასევე გაჟღერდა მტკიცება, თითქოს „ფეხმძიმე ქალებს შორის ეთნიკურად ქართველი არის მხოლოდ 28 პროცენტი“. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები „ჯეოფაქტსმა“ ვერ მოიძია. ამ თემასთან დაკავშირებით საქსტატში განმარტავენ, რომ „ ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. არსებობს დაბადებულთა სტატისტიკა დედის და მამის მოქალაქეობის მიხედვით, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი ძალიან მცირეა. ეთნიკურობის მიხედვით საერთოდ არ ხდება აღრიცხვა“.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 20, 2025
სოციალურ ქსელში 2021 წლის ვიდეოს შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ავრცელებენ
სოციალურ ქსელში 2021 წლის ვიდეოს შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ავრცელებენ
დეკ 17, 2024
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 25, 2024
სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
ივლ 18, 2025
სატირა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა
სატირა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიაში გორ მინასიანი წარადგინა
სექ 12, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.