სოციალურ ქსელში გია ჭანტურიას შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება იუმორისტის და სცენარისტის გია ჭანტურიას ვიდეო, რომელშიც მისი „რუსულ მან-სან-კან“-ში გამოსვლის კადრები და პოლიტიკური შეფასებებია მოცემული. ვიდეოს პირველ ნაწილში გია ჭანტურია რუსეთთან და რუსეთის მოქალაქეებთან ქართველების დამოკიდებულებას აკრიტიკებს, ხოლო შემდეგ, მონტაჟის საშუალებით, მისი „მან-სან-კანში“ გამოსვლაა ნაჩვენები. ვიდეოს თან ერთვის აღწერ: „როგორ გადამღალეს ამ თაღლითებმა“. მსგავსი შინაარსის ვიდეომონტაჟი, აღწერასთან ერთად, ქმნის შთაბეჭდილებას გია ჭანტურიას მხრიდან პოზიციის ცვლილების შესახებ (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში, მოცემულ ვიდეოში ნაჩვენები გია ჭანტურიას რუსულენოვანი გამოსვლა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პაროდია, მოჭრილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მან-სან-კანის გუნდის გამოსვლიდან ფესტივალზე „Голосящий КиВиН“. ფესტივალი მან-სან-კანის გუნდებს შორის ძირითადად მუსიკალური ნომრებით შეჯიბრი იყო და ყოველწლიურად ტარდებოდა 1994 წლიდან იურმალაში. მოცემული ვიდეო 2000 წლის ფესტივალიდანაა მოჭრილი. ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე ფესტივალზე გია ჭანტურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობიდან მონაწილეობდა. შესაბამისად, ვიდეოში გია ჭანტურიას რუსეთში გამოსვლა არ არის მოცემული.
ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ამ თამაშში მონაწილეობდა მან-სან-კანის უკრაინის უმაღლეს ლიგაში 1999 წელს და უმაღლეს ლიგაში 2000 წელს (რუსეთი). მსგავსი შინაარსის მტკიცება გია ჭანტურიასა და მიშა მშვილდაძის რუსეთში გამართულ ჩემპიონატებზე გამოსვლის შესახებ ადრეც გავრცელდა. მაშინ მედიასთან საუბარში მიშა მშვილდაძემ განმარტა, რომ გუნდმა ასპარეზობა შეწყვიტა, ვინაიდან წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდის ჩემპიონატზე გამოსვლის. მართალია მიზეზი განმარტებული არაა, თუმცა მან-სან-კანის ჩემპიონატების შესახებ შექმნილი ინტერნეტ-გვერდი 2001 წლის უმაღლესი ლიგის შესახებ განმარტავს, რომ 2001 წელს სტუმარი გუნდის სტატუსით თსუ-ს გუნდი კიდევ ერთხელ იყო მიწვეული რუსეთში დაგეგმილ შეჯიბრზე, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია.
ამგვარად, გავრცელებული ვიდეო თსუ-ს გუნდის იურმალაში გამართულ ფესტივალზე გამოსვლიდან აღებული ნაწყვეტია. რუსულ ჩემპიონატში თსუ-ს გუნდმა მონაწილეობა მართლაც მიიღო, თუმცა მალევე შეწყვიტა. როგორც გუნდის მაშინდელი ერთ-ერთი წევრი განმარტავს, აფხაზეთის საკითხზე არსებული პოზიციების გამო. ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტის შინაარსი შეცდომაში შემყვანია.