„გლობალური ომის პარტიის“ კონსპირაცია, რომელიც ტრამპის არჩევის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ „დიფ სთეითს“ დაუკავშირა
საქართველოში „დიფ სთეითი“ (ინგლისურად: (Deep (ღრმა) State (სახელმწიფო)) „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში აქტიურად გამოყენებული ტერმინია, რომელიც რამდენიმე თვეა, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „გლობალური ომის პარტიის“ სინონიმად აქცია.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ქართული ოცნება“ აქტიურად საუბრობდა „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურდა. დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ კი, ტერმინ „დიფ სთეითის“ „გლობალური ომის პარტიასთან“ ხელოვნური დაკავშირება დაიწყეს და ამჟამად, განცხადებებში მასზე ხშირადაც კი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იყენებენ. ასე, მაგალითად, 16 აპრილს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ მხოლოდ გარედან კიარ ებრძვის ქვეყანას, არამედ უშუალოდ ქვეყნის შიგნით არსებულ პროცესებსაც, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც, წარმართავდა. მისი თქმით, მსგავსად იმართებოდა პრემიერი გახარიაც, რომელსაც კობახიძე „დიფ სთეითის“ აგენტს“ უწოდებს. ტრამპის არჩევის შემდეგ ტერმინ „დიფ სთეითზე“ ფოკუსირებით ხელისუფლება ცდილობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოწონება დაიმსახუროს და მისი მხარდაჭერაც მოიპოვოს.
ტრამპის არჩევამდე, „დიფ სთეითი“ პირველად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს ახსენა: „აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება“.
ირაკლი კობახიძემ ტერმინი „დიფ სთეითი“ პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოიყენა, მაშინ, როცა შტატებმა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სანქციების სიაში შეიყვანა, ხოლო კობახიძემ ის ვიცე-პრემიერად დანიშნა. კობახიძემ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ეს იყო პასუხი „დიფ სთეითისთვის“, რომელიც უსამართლოდ მოქმედებს საქართველოს მიმართ“. მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, „დიფ სთეითი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია „უსამართლო გადაწყვეტილებები“, რომლებიც აშშ-დან მოდის: „არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. „დიფ სთეითზე“, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით, მან განაცხადა ასეთი რამ, რომ „დიფ სთეითი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „დიფ სთეითს“.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ 2025 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული განცხადება ასევე „დიფ სთეითს“ უკავშირდებოდა. განცხადების მიხედვით, „რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პოლიტიკოსები, თუ ბიუროკრატები, რომლებიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევიან, არიან „დიფ სთეითის“ ქსელის წევრები, რომელებიც „არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.” ამდენად, აღნიშნულ განცხადებაში „დიფ სთეითი“ „გლობალური ომის პარტიის“ დაქვემდებარებულადაა წარმოდგენილი და გამოდის, რომ პრეზიდენტი ტრამპი, „ქართული ოცნების“ ლოგიკით, არა მთავარ გამოწვევას „გლობალური ომის პარტიას“, არამედ მხოლოდ მის ინსტრუმენტს ებრძვის.
ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თუ პარტიის პროპაგანდისტები „დიფ სთეითს“ ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნაში, შანტაჟსა და ვითარების ესკალაციის მუდმივი მცდელობაში ადანაშაულებენ ( 1, 2, 3, 4, 5).
- ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 12 აპრილი-„გარკვეულწილად, ყველას დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას და ამის მცდელობაა მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს, უნდა შეაფასოს, თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები – ე.წ. „დიფ სთეითი”, ევროპელი ბიუროკრატების ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, თავის დროზე, გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით, მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ.“
- ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 12 მარტი – „ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც, სხვათა შორის, დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ, ერთ-ერთი იყო მათ შორის. მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე. ასეთი რაღაცა მითხრა, არ იფიქროთ, რომ ეს არის მხოლოდ მისი გზავნილებიო, არამედ ეს არის ჩვენი საერთო გზავნილებიო. ესეც იყო „დიფ სთეითის“, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოგვეცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ამაზე ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამაზე ხელს ვერ მოვაწერდით ჯერ (…) მოკლედ, ასე ვთქვათ ეს იყო მათი დამოკიდებულება, მაშინ დაგვემუქრა რეალურად ეს ადამიანი “დიფ სთეითის დავალებით, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და დაგვიბრუნებდნენ ხელისუფლებაში კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ანუ ჩართავდნენ ეს ადამიანები ქვეყანას ომში. პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით”.
- კახა კალაძე, 2025 წლის 11 მარტი– „დიფ სთეითს“ ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში. ხედავთ, წლების განმავლობაში აგენტურის შექმნაში რამხელა თანხები იხარჯებოდა. იმავე მეთოდებით იბრძოდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესების გატარების სურვილი ჰქონდათ. დღესაც, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველო ისევ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, რომ ხელისუფლება დაამხონ. კონკრეტული ძალები ამისთვის თანხებს არ იშურებენ. იხარჯება უამრავი ფული, რომ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს, საზოგადოება კიდევ უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს. აქ ქვეყნის ინტერესებზე საუბარი ზედმეტია. „ქართული ოცნება“ კი გახლავთ ერთადერთი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს და ხვალინდელ დღეს“.
- გურამ მაჭარაშვილი, 2025 წლის 11 მარტი– „ჩვენ ვიყავით და ვართ ჯერჯერობით ის ქვეყანა, პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხმა ამოვიღეთ, როდესაც ხალხი შევაიარაღეთ სიმართლით და ვთქვით, რომ არ შეიძლება არც უკრაინაში ომი და მით უმეტეს, დაუშვებელია საქართველოში ომი. რომ მშვიდობა ჯობია ომს, რომ ლგბტ პროპაგანდა არის თავსმოხვეული, ტრადიციების განადგურება არის უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული. სამი წელი ვებრძოდით ამას და ამიტომაც თუ მოხდება ისე, რომ ტრამპის მიერ დამარცხდება „დიფ სთეითი“ პირველი ეს აისახება საქართველოზე იმით, რომ ჩვენ ვიტყვით, რომ ზეწოლა ამ მიმართულებებით აღარ არის“.
- მამუკა მდინარაძე, 2025 წლის 25 თებერვალი– „USAID-იდან დაფინანსება შეწყდა და ახლა ამ დაფინანსების გადატანას ევროპულ ფონდებზე ცდილობენ, საიდანაც საქართველოსთვის ცუდი, მტრული და მავნებლური შიდა აქტივობები დაფინანსდა. ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ „დიფ სთეითის“ გავლენა ევრობიუროკრატიასა და ევროსტრუქტურებზე იქნება და არა – ევროპაზე. ვინაიდან „დიფ სთეითმა“ და მისმა აგენტურამ საქართველოში არჩევნები წააგო, ცდილობენ, ადამიანების აღქმაში აქციების უწყვეტობა შეინარჩუნონ, თუმცა ხედავთ, სიმძაფრე რამდენად დასუსტებულია“.
- მიხეილ ყაველაშვილი, 2025 წლის 22 თებერვალი– „ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი „დიფ სთეითზე“, ჩვენ ამას დავარქვით „გლობალური ომის პარტია“, რომლის ინტერესიც იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახლა ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომ უნდა დასრულდეს ომი, მშვიდობის მომხრეა, რისი მომხრეც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება პირველივე დღიდან ვიყავით“.
ვის ან რას გულისხმობს „ქართული ოცნება“ ტერმინ „დიფ სთეითის“ ქვეშ?
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ დასახელებული ტერმინები „გლობალური ომის პარტია“/ „დიფ სთეითი“ კონსპირაციული თეორიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აკმაყოფილებს. კონსპირაციული თეორია განიმარტება, როგორც რწმენა იმისა, რომ გარკვეული მოვლენები ან სიტუაციები ფარულად კონტროლდება ძლიერი ჯგუფის მიერ. კონსპირაციულ თეორიებს, როგორც წესი შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვთ:
- ესა თუ ის მოვლენა საიდუმლო, ყველასთვის უცნობი ჯგუფის გეგმის ნაწილად არის წარმოჩენილი, რომლის მიზანი მსოფლიოს კონტროლია.
- ეფუძნება მტკიცებას, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და დამთხვევები არ არსებობს. შესაძლოა, მოვლენას ჰქონდეს ახსნა, მაგრამ კონსპიროლოგები მას მაინც კონსპირაციულ ძალას უკავშირებენ.
- მტკიცება ეფუძნება სპეკულაციას, ანონიმურ წყაროებს ან არასწორ ინტერპრეტაციებს.
- განზოგადებული მტრის ხატის შექმნა.
- მტკიცების მიღმა არსებობს ბუნდოვანება, რაც, თავის მხრივ, კონსპირაციის მოქნილობას ზრდის, შეუძლია მოერგოს სხვადასხვა კონტექსტს და გარემოებას.
„ქართული ოცნების“ მიერ გამოყენებული ტერმინების ბუნდოვანება ამ ტერმინების კონსპირაციულობას ადასტურებს. კერძოდ, კითხვებზე, კონკრეტულად ვინ იგულისხმებიან ტერმინის ქვეშ, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ ამაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ, ირაკლი კობახიძემ ზუსტი პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ ეს „[ჟურნალისტის] ფანტაზიის საქმეა“. ასევე, ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან 2024 წლის მაისში შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ ამ თემაზე ო’ბრაიენს ინფორმაციის 30% გაუზიარა. იმავე პერიოდში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა, რომლებსაც, მისი თქმით, „მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ“. აღსანიშნავია, რომ კონსპირაციული თეორია რომ მასონები სამყაროს მართავენ, გლობალურადაა გავრცელებული.
ხაზგასასმელია, რომ პროაქტიულად არ გამოხმაურებია ან ოფიციალური განცხადება „გლობალური ომის პარტიასთან“/ „დიფ სთეითთან“ მიმართებით არ გაუკეთებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუსი). ტერმინი მხოლოდ ერთხელ, 2024 წელს გამოიყენა სუს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა, როცა იძულებული გახდა ჟურნალისტის კითხვაზე კომენტარი გაეკეთებინა. მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია. „ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას“. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად გამოიძიებენ ყველა იმ აქტორის როლს, რომლებიც დაინტერესებული არიან „დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყანა“ არიონ. თუმცა, ლილუაშვილი ისე წავიდა პოსტიდან, რომ არ გამოუძიებია „დიფ სთეითის“ მცდელობები. სუ-ის არც ერთ ანგარიშში არ გვხდება „დიფ სთეითი“, ეს მაშინ როცა, მმართველი პარტიის მტკიცებით, ამ „ძალას“ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ომში ჩართვა სურს.
„ქართული ოცნების“ მიხედვით, „გლობალური ომის პარტია” იმდენად ძლიერია, რომ მას გავლენა აქვს ევროკომისიაზე, ევროპარლამენტზე, ევროპულ საბჭოზე, ევროსაბჭოზე (მათ შორის, ვენეციის კომისია), აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოზე – კონგრესმენებზე, სენატორებზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, ასევე დიპლომატებზე. მიმდინარე წლის 10 მარტის განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „დიფ სთეითის“ პირდაპირ წარმომადგენლებად ბალტიის და ნორდიკული ქვეყნებიც დაასახელა: „მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ „გლობალური ომის პარტიის“, Deep State-ის კარნახით მოქმედებენ“.
საგულისხმოა, რომ ყველა ორგანიზაცია თუ პირი „ქართულმა ოცნებამ“ „დიფ სთეითს“/“გლობალური ომის პარტიას“ მას შემდეგ დაუკავშირა, რაც მათ მიერ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე კრიტიკული პოზიცია დაფიქსირდა. მამუკა მდინარაძის ზემოთ მოყვანილი განცხადება მარტის დასაწყისში ბალტიის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დაწესებული სანქციების გაფართოებას მოჰყვა. ასევე, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიას „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების გამტარებელი მას შემდეგ უწოდა, რაც კომისიამ 3 მარტს „ქართული ოცნების“ მიერ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, კანონპროექტები „ნაჩქარევად“ და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული, რაც „ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს“. „ქართულ ოცნებაში“ „დიფ სთეითს“ უკავშირებენ რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშსაც, რომელმაც დემოკრატ ჯინ შაჰინთან ერთად „მეგობარი აქტი“ სენატში წარადგინა. მამუკა მდინარაძის მტკიცებით, სენატორი „სულ გამოირჩეოდა „დიფ სთეითის“ აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად – „დიფ სთეითის“ ე. წ. ნარატივის გახმოვანებით“. მდინარაძის მტკიცებით, სამომავლოდ რიში ან მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან, მდინარაძის თქმით, გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.
10 აპრილს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება გაავრცელა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა, რომელიც ცდილობს, არ ჩამორჩეს კობახიძის რიტორიკას და „დიფ სთეითის“ მხარდაჭერაში გაერთიანებული სამეფო დაადანაშაულა: „სასირცხვილოა ეს ყველაფერი. აქაც კარგად ჩანს, რომ უკვე [აშშ-ის] ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვაშინგტონიდან როგორ გადმოინაცვლა “დიფ სთეითის” წერტილმა ევროპაში. დღეს უკვე, სამწუხაროდ, ლონდონში, “ლეიბორისტული პარტიის” ხელისუფლება კისრულობს ამ ძალიან მძიმე, სამარცხვინო მისიას, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ირაკლი კობახიძეც მიმდინარე წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ ან „გლობალური ომის პარტია“ ძალიან ძლიერი ძალაა, მისი თქმით, საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. „მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსები, მათ შორის ფინანსური, და უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით“, – განაცხადა კობახიძემ. „რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული „დიფ სთეითთან“, „გლობალურ ომის პარტიასთან”.
კობახიძისთვის „დიფ სთეითი“ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს, როგორც თავის დროზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“ მოქმედებდა. „36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, იმიტომ რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიპ სტეიტი“, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს „დიპ სტეიტი“. რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს, ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოლიტიკა მომავალშიც“.
ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ „ებრძვის“ „გლობალური ომის პარტიას“/ „დიფ სთეითს“, თუმცა, პარადოქსულად, 2024 წლის ოქტომბერში „გლობალური ომის პარტიასთან“ ურთიერთობის გადატვირთვა დააანონსა. „ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები. ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
მიუხედავად ამისა, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 19 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“ ისაუბრა და გაამყარა 8 იანვარს გამოქვეყნებული პოლიტიკური საბჭოს განცხადება. მისი თქმით, სწორედ „გლობალური ომის პარტია“ მართავს „დიფ სთეითს“ აშშ-ში და არა მარტო: „დიფ სთეითი“ ასევე არის ჩაბუდებული ევროკავშირის სტრუქტურებში, ანუ ჩვენთვის გლობალური ომის პარტია არის ის, რაც „დიფ სთეითს“ მართავს აშშ-ში“.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ რიტორიკის ცვლილება
გასული წლის ნოემბრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების არა ერთი განცხადება ვნახეთ, რომლებშიც დონალდ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ დამარცხების აუცილებლობის შესახებ საუბრობდნენ და მას ამ საქმეში წარმატებებს უსურვებდნენ. მართალია, მათი ლოგიკით „დიფ სთეითი“ გლობალური ძლიერი ძალაა, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია და ეს ერთადერთი კრიტერიუმით იზომება, კერძოდ, როგორც კახა კალაძე შენიშნავს, თუ საქართველოსთან აშშ-ის ადმინისტრაცია ურთიერთობებს დაალაგებს. „მაშინ როდესაც „დიფ სთეითი“ იქნება დამარცხებული, ჩვენ ამას ვიგრძნობთ საკუთარ ქვეყანაზე, თუ ეს ურთიერთობები დაალაგდება, გადალაგდება და არ იქნება ის სიცრუის კამპანია, რასაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ვხედავდით. ყოველი მათი განცხადება გაჯერებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე ჩაეთრიათ ომში და გახსნილიყო მეორე ფრონტი“.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნებისთვის“ არასახარბიელო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, პარტიამ რიტორიკა შეცვალა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „დიფ სთეითთან“ ბრძოლა დაუწუნა. „ქართული ოცნება“ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და ნაბიჯს, რომელიც მის პროპაგანდისტულ ნარატივებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითის“ გავლენებს უკავშირებს.
მიმდინარე წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა FBI-ს საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი, რომელიც FARA-ს (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) დარღვევებს იძიებდა და უცხოურ გავლენას ებრძოდა. იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, FARA-ს ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ მაშინ აღძრავს, თუ „სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობების პირები სჩადიან“. საგულისხმოა, რომ ორი დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი „ასლის“ დაინიციირების შესახებ განაცხადა.
სწორედ ამ მომენტიდან, უკვე იწყება ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილება. მაგალითად, ირაკლი კობახიძე FARA-სთან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საეჭვო დამთხვევაა „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის დაინიციირებასა და ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას შორის. საეჭვო დამთხვევის უკან კობახიძე სწორედ „დიფ სთეითს“ ხედავს.
„ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა კობახიძემ.
რიტორიკის ცვლილება კიდევ უფრო აშკარა გახდა 27 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ MEGOBARI აქტის მიღების ფონზე. აქტი, რომელიც აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებისთვის სანქციების დაწესებაზეც ფოკუსირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის იმის დადასტურებაა, რომ ტრამპი „დიფ სთეითს“ ვერ ამარცხებს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სწორედ „დიფ სთეითმა“ მიაღებინა თავის აგენტურას სენატში „მეგობარი აქტი“. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს ბრძოლას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ეს ბრძოლა ჯერჯერობით შედეგიანი ვერ არის“, – თქვა გორდულაძემ.
3 აპრილის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ გაკეთებულმა პირველმა შეფასებამ და კრიტიკამ სახელისუფლებო პროპაგანდა უფრო ხისტი გახადა. გამოცემა globalnews.ge-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხა. ბრიუსმა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე აღნიშნა: „როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“. მოგვიანებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა, რომ globalnews.ge-ის მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, ავთენტურია.
ბრიუსის განცხადებას პროსამთავრობო პროპაგანდისტები უკვე დონალდ ტრამპის მარცხად აფასებენ. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის ზაზა შათირიშვილის თქმით, უკვე აშკარაა, დონალდ ჯო ბაიდენის მსგავსად, ტრამპიც იძულებულია, დაექვემდებაროს „გლობალურ ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“. მისი თქმით, „დიფ სთეითი“ საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება: „დიფ სთეითის“ რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითის“ ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს“.
ზაზა შათირიშვილი იმასაც აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სიტყვები „ან ამერიკა გაანადგურებს დიფ სთეითს, ან დიფ სთეითი გაანადგურებს ამერიკას“, ისეთივე ფუჭია, როგორც მტკიცება, რომ „დიფ სთეითი“, ცალკეული პირები, მაგალითად ბაიდენი, ბლინკენი და სალივანი არინ. „რეალურად, ეს ადამიანები არა მმართველები, არამედ მართულები არიან“, – აღნიშნავს შათირიშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, უკან დასატოვებელ გზები დაიტოვონ და ხისტ განცხადებებს არ აკეთებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათთვის სასურველ ნაბიჯებს გადადგამს. ასე მაგალითად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, რომ დონალდ ტრამპს ისევ გულშემატკივრობენ, რომ მან მოახერხოს და შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც, მისი თქმით, მარტივი არ იქნება. „მისი [ტრამპის] პრიორიტეტებია – უკრაინაში ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჯერ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. პროცესებს დაველოდოთ“,-განმარტა კალაძემ.
9 აპრილს მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, როცა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ზუსტად საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდებით მოქმედებს დღეს „დიფ სთეითი“, ოღონდ უკვე არა აშშ-ში, არამედ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ იმედის თვალით უყურებს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას. თუ მათგან წამოსული გზავნილები უფრო ხისტი და კრიტიკული გახდება, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რიტორიკაც შეიცვლება. პირდაპირ იტყვიან, რომ „დიფ სთეითმა“ აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, გაიმარჯვა და საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ვერ ამარცხებს.
საიდან მოდის ტერმინი „დიფ სთეითი“?
ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია ამ ტერმინის წარმომავლობა და მნიშვნელობა.
Merriam-Webster-ის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი „Deep State” (პირდაპირი თარგმანით – deep (ღრმა) state (სახელმწიფო)), არაარჩეული სახელმწიფო მოხელეების სავარაუდო საიდუმლო ქსელზე და/ან კერძო ორგანიზაციებზე მიანიშნებს, რომლებიც მოქმედებენ კანონის მიღმა სამთავრობო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენისთვის. ამერიკელი ისტორიკოსი და თურქეთში ორგანიზებული დანაშაულის სპეციალისტი, რაიან ჯინჯერასი ამბობს, რომ ტერმინი გულისხმობს ჩრდილოვან ან პარალელურ სამთავრობო სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები მნიშვნელოვან როლს თამაშებენ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში. თურქეთში ორგანიზებული დანაშაულის სპეციალისტი, ჯინჯერასი აცხადებს, რომ თურქეთში ტერმინი გულისხმობს გენერლებს, სახელმწიფო მოხელეებსა და „ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, გასამხედროებულებს, ტერორისტებსა და სხვა დამნაშავეებს“ შორის არსებულ ალიანსებს.
ინგლისურენოვან სივრცეში შეღწევამდე ტერმინი სწორედ თურქეთში გაჩნდა. თანამედროვე თურქეთის, სეკულარული სახელმწიფოს, დამფუძნებელ მამა, მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების შემდეგ, თურქეთში სეკულარული მოწყობის მთავარ გარანტად ჯარი იქცა. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების პირველ 80 წელიწადში, თურქეთის არმიამ ოთხი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. გადატრიალება მაშინ ხდებოდა, როცა არმია ფიქრობდა, რომ პოლიტიკოსები ზედმეტად უახლოვდებოდნენ პოლიტიკურ ისლამს ან კომუნიზმს. 2000-იან წლებში თურქეთის პარლამენტის გამოძიებამ დაადასტურა იმგვარი სამხედრო გაერთიანებებისა და სადაზვერვო ბიუროების არსებობა, რომელთა საქმიანობაც უცნობი იყო არჩეული ხელისუფლებისთვის და რომელთა გავლენაც საგრძნობი იყო თურქეთის პოლიტიკურ პროცესებზე. გამოძიებებმა გამოავლინა საიდუმლო სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები, ერთ-ერთი მათგანია ჟანდარმერიის სადაზვერვო სააგენტო (JİTEM), რომელიც ფარულად იყო ჩართული თურქეთ-ქურთულ კონფლიქტში. თურქეთში სწორედ იმ ქსელს[1], რომელიც სამხედრო ოფიცრებისა და მათი სამოქალაქო მოკავშირეებისგან შედგებოდა, უწოდეს „ჩრდილოვანი სახელმწიფო“, თურქულად derin devlet, ინგლისურად კი – „დიფ სთეითი“.
მართალია, „დიფ სთეითის“ იდეა აშშ-ს პოლიტიკაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრიალებდა, თუმცა, თავად ტერმინი აშშ-ს მთავარ პოლიტიკურ დისკურსში ბოლო პერიოდამდე არ შესულა. ქვეყანაში 1950-60-იანი წლებიდან ჩნდება ფარული სამთავრობო ძალაუფლების, ე.წ. უხილავი მთავრობის კონცეფცია, როდესაც ჟურნალისტები დევიდ ვაისმა და თომას როსმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შესახებ ბესტსელერ წიგნი სათაურით „უხილავი მთავრობა“/The Invisible Government გამოაქვეყნეს. წიგნში საუბარია, რომ აშშ-ში ორი მთავრობა არსებობს, ხილული და უხილავი და მასში აშშ-ის ფარული ოპერაციებია აღწერილი. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის დაინტერესებას პენტაგონისა და FBI-ს საიდუმლო ქმედებებთან მიმართებით ხელი 1974 წელს უოთერგეითის სკანდალმა და ნიქსონის ადმინისტრაციაში კორუფციული სქემების მხილებამაც შეუწყო, რასაც პრეზიდენტის გადადგომაც მოჰყვა.
უშუალოდ ტერმინი „დიფ სთეითი“ ინგლისურენოვან სივრცეში განსაკუთრებით აქტუალური 2016 წელს, აშშ-ში დონალდ ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლებშიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „უხილავი მთავრობის“ დაშლის დაპირება გასცა. ამასთანავე, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმის შემდეგ გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას სჯეროდა, რომ „უხილავი მთავრობა“ ძირს უთხრიდა პრეზიდენტ ტრამპსა და ელექტორატის არჩევანს.
საგულისხმოა, რომ დონალდ ტრამპმა ტერმინის „დიფ სთეითი“ გამოყენება 2016 წლის არჩევნების კონტექსტში მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიება დაიწყო. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად ამტკიცებდა, რომ „დიფ სთეითი“ სამთავრობო ბიუროკრატიაშია ჩართული და ორიენტირებული იყო თავდაპირველად 2016 წლის არჩევნებში ტრამპის წაგებაზე, მისი პრეზიდენტობის პერიოდში კი მის „ჩამოგდებაზე“. გარდა ამისა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას პრეზიდენტი ტრამპი ტერმინს ხშირად იყენებდა. მაგალითად, ვაკოში, ტეხასში გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა „ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ გავანადგურებთ მას“. ტრამპი აცხადებდა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაანგრევდა „დიფ სთეითს“, განდევნიდა მის მხარდამჭერებს ხელისუფლებიდან და დააშრობდა ჭაობს. „ჭაობის დაშრობაში“ კი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის გავლენიანი პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს გულისხმობს, რომლებიც წლების განმავლობაში წარმართავდნენ ქვეყნის პოლიტიკას.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი პირველი საპრეზიდენტო ვადისას (2016-2020 წლებში) იუსტიციის დეპარტამენტს „დიფ სტეიტის“ ნაწილად განიხილავდა და არ სწყალობდა საჯარო მოხელეებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, როგორც „დიფ სთეითის“ ნაწილები, ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ მისი პრეზიდენტობისთვის. დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს განკარგულებაც გამოსცა, რომელიც საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათ ნაცვლად სასურველი კადრების აყვანას აადვილებდა. განკარგულება ჯო ბაიდენმა მალევე გააუქმა.
თუმცა, 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ, ტრამპმა ილონ მასკთან ერთად, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს, ფედერალური სამუშაო ძალის შესამცირებლად კამპანია დაიწყო. ტრამპმა 11 თებერვალს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ავალდებულებს ფედერალურ სააგენტოებს, პერსონალის ფართომასშტაბიანი შემცირება განახორციელოს. 2025 წლის იანვარში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 160 თანამშრომელიც გაათავისუფლეს. მაიკლ უოლცმა, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, Breitbart-თან ინტერვიუსას აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პოტენციური „ვინდმანებისგან“ ათავისუფლებდა (ალექსანდრე ვინდმანი, მთავარ როლს თამაშობდა დონალდ ტრამპის პირველ იმპიჩმენტის დროს). „ადამიანები, რომლებსაც ჩვენ შემოვიყვანთ, 100 პროცენტით შეესაბამება პრეზიდენტის დღის წესრიგს“, – აღნიშნა უოლცმა.
მაშინ, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს „დიფ სთეითი“ ცალსახად რეალურ ადამიანებს დაუკავშიროს, ტრამპის მხარდამჭერები ტერმინს უფრო კონსპირაციულ ელფერს სძენენ. BBC-ის მიხედვით, პლატფორმა X-ზე დონალდ ტრამპის ერთგულმა აქტივისტებმა, რომლებიც კონსპირაციული თეორიებით ყოველთვის უარყოფენ რეალობას, მათ შორის Covid პანდემიის, ომებისა თუ ტერორისტული თავდასხმების შესახებ, მიუთითებენ, რომ დონალდ ტრამპი ფარულ ომს აწარმოებს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდამსხმელებიდან ბევრი შთაგონებული იყო QAnon[2]-ის შეთქმულების თეორიით, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დიფ სთეითი“ პრეზიდენტ ტრამპის ჩამოგდებაზე მუშაობდა. ისინი იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპის მკვლელობის ბრძანება CIA-მ გასცა. რეალურად, არ არსებობს მტკიცება, რომელიც CIA-ს ბრალეულობას ადასტურებს. უშუალოდ CIA-ისთან მიმართებით მსგავსი ბრალდება არც დონალდ ტრამპს გაუჟღერებია.
დევიდ როდი New Yorker-ის რედაქტორი და წიგნის „სიღრმისეულად: FBI, CIA და სიმართლე ამერიკის „დიფ სთეითის“ შესახებ“ ავტორი ამბობს, რომ ტერმინი „დიფ სთეითი“ ტრამპისა და მისი მხარდამჭერებისთვის კრიტიკის თავიდან აცილების საშუალებად იქცა, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ უკან რეალური იდეა დგას, რომელიც რამდენიმე ლეგიტიმური საკითხის გააზრებაში უნდა დაგვეხმაროს. მისი თქმით, აშშ-ში არსებობს წარმოუდგენლად დიდი და ძლიერი ორგანიზაციები, როგორებიცაა: აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI ), აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო (CIA) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA). განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში, როდესაც თვალთვალის შესაძლებლობა გაზრდილია, ისინი წარმოადგენენ „პოტენციურად საშიშ სააგენტოებს“: „ეს ორგანიზაციები ერთად ქმნიან იმას, რასაც ბევრი ადამიანი ტერმინის „დიფ სთეითის“ ქვეშ მოიაზრებს და ვეთანხმები, რომ მათ სჭირდებათ აგრესიული ზედამხედველობა“, – აცხადებს როდი. უნდობლობა, რომლებიც ამ სააგენტოების მიმართ არსებობს, როდის თქმით, გარკვეულწილად კვებავს შეთქმულების თეორიებს, რომლებსაც ტრამპი და მისი მხარდამჭერები ყოველდღიურად იყენებენ, თუმცა, სამართლიანობისთვის იმასაც ამატებს, რომ უნდობლობის „ღრუბელი“ ამ სააგენტოების თავზე დიდი ხანია, ტრამპის პერიოდამდეც კი, ტრიალებდა. ავტორს მაგალითად 2013 წელს NSA-ს ჯაშუშობის პროგრამების შესახებ ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გაჟონვა მოჰყავს. კერძოდ, 2013 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილმა კონტრაქტორმა ედვარდ სნოუდენმა, ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გაავრცელა NSA-ს ჯაშუშური პროგრამების შესახებ. NSA-ს ერთ-ერთმა პროგრამამ, რომელიც სნოუდენმა გამოავლინა, ათობით მილიონი ამერიკელის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ასევე, კიდევ ერთი პროგრამა, სახელწოდებით PRISM, NSA-ს აძლევს შესაძლებლობას მიეღო პირადი ინფორმაცია წამყვანი ინტერნეტ კომპანიების, მათ შორის Google-ის, Facebook-ის, Apple-ისა და Microsoft-ის მომხმარებლებისგან. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, პროგრამები კანონიერი, კონგრესის მიერ ავტორიზებული და ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო. გენერალმა კიტ ალექსანდრემ, NSA-ის მაშინდელმა დირექტორმა, სენატის კომიტეტის მოსმენის დროს განაცხადა, რომ პროგრამები იყო „ავტორიზებული კონგრესის მიერ“ და „ლეგალური“. შეერთებული შტატების მთავრობამ 2013 წლის ივნისში სნოუდენს შპიონაჟის და სახელმწიფო საკუთრების მოპარვის ბრალდებით 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან ქვეყანა დატოვა და რუსეთში გადავიდა.
ამდენად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ ტერმინი ამერიკის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურების ხელში თავმოყრილი ძალაუფლების კონტექსტში გაჩნდა, მაშინ, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის „დიფ სთეითზე“ საუბრობს პარტია, რომლის „მართულ“ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი და უწყება ერთ „საპატიო“ თავმჯდომარეს ემორჩილება და ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტები სრულადაა მოშლილი. რეალურად, „ქართული ოცნება“ დასავლურ ინსტიტუტებს ებრძვის, რასაც ამ ეტაპზე პირდაპირ არ ამბობს და ყველა ნაბიჯს კონსპირაციულ ძალასთან ბრძოლით ნიღბავს.
„ქართული ოცნება“ მოსახლეობას უმტკიცებს, რომ აკისრია მისია, გაუძლოს „გლობალური ომის პარტიის“/ „დიფ სთეითის“ მარწუხებს. გაუძლოს ძალას, რომლის მეტასტაზებიც, მისი მტკიცებით, ასე გამჯდარია ევრობიუროკრატიასა და ევროსტრუქტურებში. „ქართული ოცნების“ მიხედვით, „დიფ სთეითი“ ადრე მოქმედებდა აშშ-შიც, თუმცა, ახლა ვითარება შეცვლილია, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ იმედის თვალით შესცქერის და ყველა ხიდს არ წვავს. თუმცა, მომავალში თუ ტრამპის ადმინისტრაცია კრიტიკულ განცხადებებს გააჟღერებს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ აშშ-ში „დიფ სთეითის“ გამარჯვებას აღიარებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობას განუცხადებს, რომ თავად ძლიერი და ამავდროულად ერთადერთი ძალაა, რომელმაც „დიფ სთეითის“ გავლენას არ დაემორჩილა.
საგულისხმოა, რომ „ჯეოფაქტსს“ აქამდე არა ერთი კონსპირაციის შესახებ დაუწერია, ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც მათ ავრცელებენ, ხშირ შემთხვევაში გულწრფელად სჯერათ, რაზეც საუბრობენ. მაგალითად, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ თვითმფრინავის კვალი მოსახლეობის მიზანმიმართული მოწამვლის ინსტრუმენტია. „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გზავნილები ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პარტია საკუთარ მოქალაქეებს მიზანმიმართულად ატყუებს. პარტიის წარმომადგენლები „დიფ სთეითზე“ საუბრისას, გზადაგზა ახალ ნიუანსებს ამატებენ იმისდა მიხედვით, თუ ვის საწინააღმდეგოდ იყენებენ და რამდენად მომგებიანია მსგავსი რიტორიკის გამოყენება. ბოლომდე თავადაც არ აქვთ ჩამოყალიბებული, რა ძალაზე საუბრობენ და ფაქტობრივად ყოველდღიურად „დიფ სთეითს“ ახალ ბრალდებებს უყენებენ. როცა ხალხს ვერ უმტკიცებ, თუ რატომ დგამს ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს, მარტივია, წარმოსახვით მტერს მიმართო და შენი ქმედებები მასთან ბრძოლით გაამართლო.
[1] თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი ქსელის ნაწილად ასევე მოიაზრებდა ფეთჰულა გიულენს, თურქ სასულიერო პირსა და ბიზნესმენს. ოფიცერთა კორპუსის ნაწილმა 2016 წელს სამხედრო გადატრიალება სცადა, თუმცა წარუმატებლად. თურქეთის მთავრობამ გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობდა (გარდაიცვალა 2024 წელს). გიულენი ისლამური მოძრაობა “ჰიზმეთის” დამაარსებელი და წინამძღოლი იყო, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანი “სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით” უწოდებდა და 2016 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გიულენმა თავის მხრივ, გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყო.
[2] Qanon არის შეთქმულების თეორია, რომელიც ინტერნეტში 2017 წლის ოქტომბერში გაჩნდა. შეთქმულების თეორიის მიმდევრების თვლიან, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერები, ჰოლივუდის ელიტა და სხვადასხვა ცნობილი ადამიანი პედოფილთა საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან და სექსტრეფიკინგში არიან ჩართულნი. შეთქმულების თეორიის მიმდევრების აზრით, ამ ადამიანებმა მოიპოვეს კონტროლი ხელისუფლების შტოზე, რომელსაც „დიფ სთეითს“-ს უწოდებენ და ცდილობენ, დონალდ ტრამპის დამხობას. ტრამპი კი სწორედ ამ შტოს ებრძვის.