Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს

აგვისტოს 4, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო აღწერით: "ესპანელმა სამართალდამცავებმა მუსლიმ მიგრანტებს ღორის ხორცი დაუშინეს" (არქივირებული ბმული). ვიდეოში ჩანს სამხედრო მანქანა წარწერით "Bacon Squad" (ქართ. ბეკონის რაზმი). მანქანასთან ჩნდება ბეკონით სავსე ყუთი, საიდანაც სამხედრო პერსონალი მიგრანტების მიმართულებით ხორცის ნაჭრებს ისვრის. ვიდეოს ცალკეულ დეტალებზე დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ ის ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.

ერთ-ერთი პირველი უზუსტობა, რაც ვიდეოში შეინიშნება არის ყუთი, რომელშიც ბეკონია მომთავსებული (იხ. ქვემოთ). ვიდეოს დასაწყისში აღნიშნული ყუთი მანქანაზე საერთოდ არ შეინიშნება, მაშინ როდესაც ვიდეოს მომდევნო ეპიზოდში ყუთი შუაში მყოფი ჯარისკაცის მარცხენა მხარეს ჩანს. ავთენტური ვიდეოს შემთხვევაში ყუთი დასაწყისშიც უნდა გამოჩენილიყო.


დამატებით, ყუთს მანქანაზე არაბუნებრივი პოზიცია აქვს. ის იმდენადაა გადახრილი, რომ შეუძლებელია ძირს არ გადმოვარდინილიყო, მაშინ როდესაც არც ერთ ჯარისკაცს ის ხელით დაფიქსირებული არ აქვს (იხ. მეორე ფოტო). ვიდეოში ასევე ჩანს, რომ შუაში მდგომი ჯარისკაცის მიერ ნასროლი ბეკონის ტრაექტორია ცდება მოგვიანებით ვიდეოში მიგრანტების ადგილმდებარეობას.

საინტერესოა, რომ მოგვიანებით (დაახლოებით მე-12 წამზე), ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ბეკონს თავად სამხედრო მანქანა ისვრის. აღნიშნულ შთაბეჭდილებას ავტომატური სროლის ხმა აძლიერებს. ამ მომენტში ვიდეოში არ ჩანს, რომ სამხედროებს ხელები მაღლა აქვთ და ისვრიან ბეკონს. ამდენად, ვიდეო მეორე ნაწილი ეწინააღმდეგება ვიდეოს დასაწყისში მოცემულ სურათს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავები თავად ხელით ისვრიან ბეკონს.

საეჭვოა ასევე გადამღების პოზიცია ვიდეოში, თუკი ის ესპანელი სამართალდამცავების მხარეს იმყოფებოდა, გაუგებარია, საპირისპირო მხარეს რატომ უნდა გადასულიყო ვიდეოში აღბეჭდილი ქაოსისა და შესაძლო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით.

აღნიშნული ვიდეოს Google-ის რევერსული ძიების ინტრუმენტით გამოყენებისას, ჩანს, რომ ვიდეო ძირითადად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე გავრცელდა. ვიდეოს ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი და, სავარაუდოდ, მისი ავტორი X ანგარიში Dr. Clown PHD-ია, რომელმაც აღნიშნული ვიდეო 30 ივლისს გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ X ანგარიშს მითითებული აქვს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაამზადა, კერძოდ, Seedance 2.0-ის ინსტრუმენტით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც ერთ სანდო მედიასაშუალებას ესპანეთში მიმდინარე კრიზისის კონტექსტში მსგავსი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

ცნობისთვის, 2026 წლის 30 ივლისიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში რამდენიმე ასეულმა ათასმა მიგრანტმა შეაღწია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით (არქივი), საზღვრის გარშემო ცურვით გადასვლის მსურველთა რაოდენობის მოულოდნელი ზრდა გამოწვეული იყო იმ ჭორით, რომელსაც ადამიანებით მოვაჭრეები ავრცელებდნენ. მისი თქმით, ისინი განზრახ არასწორად განმარტავდნენ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ივლისის დასაწყისში დაადგინა, რომ საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი მიგრანტების დაუყოვნებლივი უკან დაბრუნების წესი არ ვრცელდებოდა იმ პირებზე, რომლებიც ზღვით ჩამოდიოდნენ. თუმცა, საქმე ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც გიბრალტარის სრუტეს ან ხმელთაშუა ზღვას კვეთდნენ და არა მათ, ვინც სახმელეთო საზღვრის შემოვლით, ცურვით ცდილობდა ესპანეთში „ზღვით“ შესვლას.

„მაროკოს ხელისუფლებასთან ჩვენი საუბრის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებით მოვაჭრე კრიმინალურმა ჯგუფებმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისთვის ხელსაყრელად განმარტეს,“ — განაცხადა სანჩესმა. მისი თქმით, ეს ჭორები „ბოლო საათებში ელვის სისწრაფით გავრცელდა“, მაშინ როცა კვირის დასაწყისში, ხუთშაბათამდე, ასეთი მცდელობების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო.

რამდენიმე დღეში მიგრანტთა უმრავლესობა დაბრუნდა (არქივი) მაროკოში. ესპანეთის სამართალდამცავების ინფორმაციით, 3 აგვისტოს მონაცემებით, მსხვერპლი მინიმუმ 72 ადამიანია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში RFID ჩიპების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში RFID ჩიპების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 16, 2024
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 2000-მა უკრაინელმა სამხედრომ იარაღი დაყარა
ნოე 12, 2025
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
ოქტ 02, 2025
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნინო წილოსანისა და მამუკა მდინარაძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
თებ 25, 2025
დეზინფორმაცია: 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ამერიკელს ორგანიზმში RFID მიკროჩიპი აქვს შეყვანილი
დეზინფორმაცია: 2014 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ამერიკელს ორგანიზმში RFID მიკროჩიპი აქვს შეყვანილი
ნოე 20, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.