Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბია მტკიცება, თითქოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება (DCFTA) იმგვარადაა აწყობილი, რომ „ნიჭიერი სტუდენტები“ საქართველოს წაართვას

ყალბია მტკიცება, თითქოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება (DCFTA) იმგვარადაა აწყობილი, რომ „ნიჭიერი სტუდენტები“ საქართველოს წაართვას

სექტემბერს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი · განათლება
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება "რადიო სივრცის" წამყვანის ნოდარ კაპანაძის და სტუმრის ირაკლი გოგავას ინტერვიუს ფრაგმენტი (არქივირებული ბმული). გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია: "ზუსტად იგივე შეიძლება ნახოთ ასოცირების ხელშეკრულებაში, DCFTA- ში (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმება) განათლების რეგულირება, რომელიც აწყობილია ისე, თუ შენთან გამოჩნდა ჭკვიანი მოსწავლე, ჭკვიანი ადამიანის, იმას როგორც კადრს გაიწოვენ, აღზრდიან, მათ GDP-ის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას და შემდგომ საპენსიო ასაკში ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დაგიბრუნდება უკან". წამყვანის აღნიშნულ კომენტარზე, სტუმარი ირაკლი გოგავა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება Erasmus+ და სხვა პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს ერთი-ორი წლით აგზავნის, შემდეგ კი იქ ტოვებს.

"ჯეოფაქტსმა" ასოცირების შეთანხმების ოფიციალური ქართული ტექსტი გადაამოწმა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (არქივი), ინგლისური ტექსტი კი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. შეთანხმებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. ამ ხელშეკრულების განათლების თავი მხოლოდ თანამშრომლობის ზოგად სფეროებს ჩამოთვლის და ხელშემკვრელ პირებს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.

 რას ამბობს ასოცირების ხელშეკრულება?

განათლებას ასოცირების შეთანხმების VI კარის მე-16 თავი, „განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა“ ეხება. იგი ოთხი მუხლისგან (358–361) შედგება და ჩამოთვლის თანამშრომლობის სფეროებს.

მუხლი 358 ამბობს, რომ “მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში, რათა გაააქტიურონ თანამშრომლობა და დიალოგი, მათ შორის, დიალოგი პოლიტიკის საკითხებზე, რომელიც მიზანად ისახავს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მიახლოვებას.“

მუხლი 359 რვა მიმართულებას მოიცავს: მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა, განათლების სისტემის მოდერნიზება, ბოლონიის პროცესი, უცხო ენები, კვალიფიკაციის აღიარება, პროფესიული განათლება და ევროპული ინტეგრაციის შესწავლა. ერთადერთი ქვეპუნქტი, რომელსაც სტუდენტების გადაადგილებასთან აქვს შეხეხა, შემდეგია: “(d) აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობა, სტუდენტებისა და მასწავლებლების მობილურობის გაზრდა“.

ეს მუხლები, შესაბამისად, არ ადგენს საზღვარგარეთ დარჩენის ვადებს, დასაქმების წესს, ან დაბრუნების პირობებს. პენსია და საპენსიო ასაკი ამ ხელშეკრულებებში ნახსენები არ არის.

მუხლი 360 ახალგაზრდობას ეხება და მასში მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობაზე, იმ მიზნით, რომ (a) ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და გაცვლებს ახალგაზრდობის პოლიტიკის, ასევე ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულთა არაფორმალური განათლების  სფეროში; (b) ხელი შეუწყონ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა დასაქმებულების მობილურობის გაზრდას, რაც წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის, ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიღების ხელშეწყობის მექანიზმს, მათ შორის მოხალისეობის გზით, და; (c)   ხელი შეუწყონ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.

მუხლი 361-ით კი საქართველო იღებს ვალდებულებას, მოახდინოს კანონმდებლობის დაახლოება XXXII დანართთან. ეს დანართი ისეთ ინსტრუმენტებს ჩამოთვლის, როგორებიცაა: Europass-ი და კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩო, რომლებიც დიპლომების აღიარებას ამარტივებს.

შესაბამისად, არც ეს მუხლები მოიცავს იმ საკითხებს, რაზეც “რადიო სივრცის” გადაცემაში საუბრობენ - ახალგაზრდების წაყვანას, დასაქმებას და შემდეგ საპენსიო ასაკში მათი საქართველოსთვის დაბრუნებას.

DCFTA ასოცირების შეთანხმების IV კარია და ვაჭრობას, მომსახურებასა და ინვესტიციებს არეგულირებს. სტუდენტებზე ,ან უნივერსიტეტებზე იქ არაფერია ნათქვამი. ერთადერთი დებულება, რომელიც შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული, „სტაჟიორებს“ ეხება.

მუხლი 88 ამბობს, რომ “’სტაჟიორები’ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიული პირის ან მისი ფილიალის მიერ არანაკლებ ერთი წლის ვადით დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფლობენ უნივერსიტეტის დიპლომს და არიან დროებით მივლენილები მეორე მხარეში ამ იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში, კარიერული განვითარების მიზნით ან ბიზნესის ტექნიკაში ან მეთოდებში ტრეინინგის მიღების მიზნით.“

შესაბამისად, სტაჟიორების შემთხვევაში საუბარია არა სტუდენტებზე, არამედ უკვე დასაქმებულ კურსდამთავრებულებზე, რომლებსაც საკუთარი კომპანია მიავლენს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ შემთხვევაში მათი დროებითი ყოფნა მკაცრადაა შეზღუდული. მუხლი 89 ადგენს, რომ „…დროებითი შემოსვლა და დროებითი ყოფნა შესაძლებელია პერიოდით, რომელიც არ აღემატება … 1 წელიწადს სტაჟიორებისათვის.“

უფრო მეტიც, მუხლი 76 პირდაპირ გამორიცხავს მუდმივ დასახლებას: მასში წერია, რომ “მოცემული თავი არ გამოიყენება იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენს მხარის დასაქმების ბაზარზე დაშვების მაძიებელ ფიზიკურ პირებზე, ასევე ეს თავი არ ეხება მოქალაქეობასთან, მუდმივ რეზიდენტობასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.“

შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების განათლებასთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მუხლებიდან არ გამომდინარეობს ის მტკიცება, რაც პოსტშია გაჟღერებული.

ცირკულარული მიგრაცია

ასოცირების ხელშეკრულებაში ცალკე მუხლი ეხება მიგრაციას (მუხლი 15), რომელიც კანონიერ და არალეგალურ მიგრაციაზე დიალოგს ითვალისწინებს. სიტყვა „განათლება“ აქ ერთხელ გვხვდება, ისიც ევროკავშირში კანონიერად მცხოვრები უცხოელების ინტეგრაციის კონტექსტში. თავად მუხლი ასე სრულდება: „თანამშრომლობამ შესაძლოა ასევე ხელი შეუწყოს ცირკულარულ მიგრაციას განვითარების სასარგებლოდ.“

ცირკულარული მიგრაცია ნიშნავს დროებით წასვლას და სამშობლოში დაბრუნებას, რითაც სარგებლობს წარმოშობის ქვეყანა. ეს ფენომენი კი განცხადების საპირისპიროა შინაარსით, რადგან ის გულისხმობს არა მუდმივ გადინებას, არამედ დაბრუნებას. ამასთან, ფორმულირება განათლებასთან არ არის დაკავშირებული.

თუ დისკუსიის ფარგლებში გადაცემის მონაწილეები სწორედ ამას გულისხმობენ, რომ ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები იმუშავებენ ევროკავშირში და ქვეყანაში დაბრუნდებიან პენსიის მისაღებად, ეს მტკიცებაც მცდარია, რადგან თუ როგორ და სად მიიღებენ ასეთი ადამიანები პენსიას, ეს არ არის რეგულურებული ასოცირების ხელშეკრულებით. არც ასოცირების და არც თავისუფალი ვაჭრობის შეთახნმება შრომის მიგრანტების სოციალური უსაფრთხოების კოორდინაციასა და პენსიის გადატანას არ არეგულირებს. ეს სიტყვა ძირითადად ფინანსური მომსახურების წესებში გვხვდება. მაგალითად, მუხლი 119 მხარეებს საჯარო საპენსიო სქემების დაცვის უფლებას უტოვებს: „ამ თავში არაფერი უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან იმ მომსახურების მიწოდება, რომელიც წარმოადგენს საჯარო საპენსიო სქემის ან სოციალური დაცვის კანონით განსაზღვრული სქემის ნაწილს…“

პირების „საპენსიო ასაკში დაბრუნებასთან“ ან საპენსიო ტვირთის საქართველოზე გადატანასთან დაკავშირებული რაიმე დებულება შეთანხმებაში უბრალოდ არ არსებობს.

Erasmus+ ასოცირების შეთანხმების ნაწილი არ არის

Erasmus+ ევროკავშირის ცალკე პროგრამაა და მასში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ასოცირების შეთანხმება მას არსად ახსენებს. ხელშეკრულებაში მხოლოდ ზოგადად არის საუბარი „ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობაზე“.

სტუდენტების გაცვლის პროგრამის (International Credit Mobility) წესების თანახმად, სტუდენტის საზღვარგარეთ ყოფნა 60 დღიდან 12 თვემდე გრძელდება. სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში რჩება რეგისტრირებული და დაბრუნებისას მისი უნივერსიტეტი უცხოეთში მიღებულ კრედიტებს აღიარებს. პროგრამის არსი სწორედ მშობლიურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაა.

ის, რომ ზოგიერთი ქართველი სტუდენტი სწავლის შემდეგ საზღვარგარეთ რჩება, მისი პირადი არჩევანია. ასეთ შემთხვევებში მოქმედებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საიმიგრაციო კანონმდებლობა და ეროვნული წესები და არა ასოცირების შეთანხმება. შეთანხმება არავის ავალდებულებს დარჩენას და არც საქართველოს აკისრებს ვალდებულებას, სტუდენტები ევროპას „გადასცეს“.

ვინ უხდის პენსიას ევროკავშირში ნამუშევარ ქართველს?

ცალკე გამოსაკვლევია, როგორ ხდება პენსიის გადახდა და მიღება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყანაში იმუშავა და შემდეგ დაბრუნდა შინ. ზოგადი წესის მიხედვით, პენსიას ის ქვეყანა იხდის, სადაც ადამიანი საპენსიო შენატანებს იხდიდა. ევროკავშირის ქვეყანას საქართველოს მოქალაქის მიმართ ეს ვალდებულება საქართველოში დაბრუნების შემდეგაც რჩება. შესაბამისად, მცდარია ის მტკიცება, რომ ევროპა პენსიონერის საპენსიო ტვირთს საქართველოს „უბრუნებს“.

ევროკავშირის დირექტივა 2024/1233, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეების სამუშაო ნებართვებს არეგულირებს, ამას პირდაპირ ადგენს. მისი მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „მესამე ქვეყანაში გადასული მესამე ქვეყნის მუშაკები … მიიღებენ ასაკობრივი, ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის სახელმწიფო პენსიას … იმავე პირობებითა და იმავე ოდენობით, როგორც შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები, როდესაც ისინი მესამე ქვეყანაში გადადიან.“

როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში, კარგად ჩანს ესტონეთის მაგალითზე. სახელმწიფო საპენსიო დაზღვევის კანონის მე-7 პარაგრაფის თანახმად, საპენსიო ასაკის პენსია ეკუთვნის 65 წლის პირს, რომლის საპენსიო სტაჟი ესტონეთში მინიმუმ 15 წელია. ეს კანონი ვრცელდება ისეთ ქვეყანაში მცხოვრებ პირებზეც, „რომელსაც ესტონეთთან საერთაშორისო შეთანხმება არ აქვს დადებული“ (§4). სოციალური დაზღვევის სააგენტო ამას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიას უხდის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ პირს, თუ მას ესტონეთში მინიმუმ 15 წლიანი სტაჟი აქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფ მესამე ქვეყნის მოქალაქეს არ ეკუთვნის ეროვნული (მინიმალური) პენსია და შრომისუნარიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებული დანამატები (§42²). ეს თანხები საპენსიო შენატანებზე არ არის მიბმული. ესტონეთს სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე შეთანხმება მხოლოდ ავსტრალიასთან, კანადასთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბელარუსთან და რუსეთთან აქვს გაფორმებული. საქართველო ამ სიაში არ არის. ამიტომ, თუ ქართველს ესტონეთში 15 წელზე ნაკლები აქვს ნამუშევარი, მას სახელმწიფო პენსია არ ეკუთვნის, განსხვავებით იგივე სტაჟის მქონე ესტონელისგან. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე ესტონური საპენსიო სისტემის მეორე სვეტში (II pillar) იყო ჩართული, თანხა მის პირად შენატანად ითვლება და მისი აღება შეუძლია. საპენსიო ასაკამდე 5 წელზე მეტი თუ აქვს დარჩენილი, ასეთ პიროვნებას შეუძლია თანხა 22%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდით გამოიტანოს.

წესები ქვეყნიდან ქვეყანას განსხვავდება. ქვემოთ შედარებულია ესტონეთი და ორი ქვეყანა, სადაც ბევრი ქართველი მუშაობს — პოლონეთი და საბერძნეთი. სამივეს საქართველოსთან სოციალური უზრუნველყოფის შეთანხმება არ აქვს.

პოლონეთი პენსიას უშუალოდ მხოლოდ ევროკავშირის, EFTA-ს ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და შეთანხმების მქონე ქვეყნებში რიცხავს; საქართველო ამ სიაში არ არის. ZUS-ის საინფორმაციო ბროშურის თანახმად, მესამე ქვეყანაში მცხოვრებ პენსიონერს პენსია „პოლონეთში ანგარიშზე ან პოლონეთში მცხოვრებ რწმუნებულ პირს“ ერიცხება (ZUS, 2014).

საბერძნეთს სოციალური უზრუნველყოფის შეთანხმება 14 არა-ევროკავშირულ ქვეყანასთან აქვს, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან და ავსტრალიასთან, მაგრამ საქართველოსთან არა. ეროვნული პენსიის ოდენობა საბერძნეთში ცხოვრების წლებზეა დამოკიდებული და სრული ოდენობით 40 წლიანი ბინადრობის შემთხვევაში ინიშნება.

სამივე ქვეყანაში პენსია შენატანებით გამოიმუშავება და მშრომელს რჩება. განსხვავება მხოლოდ ისაა, რამდენი წელია საჭირო და როგორ ირიცხება თანხა. არც ერთი ქვეყანა არ ახდენს საქართველოსთვის თავისი პენსიონერის რჩენის “გადაბარებას.”

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ სახელმწიფო პენსიას საზღვარგარეთ მუშაობა არ აკარგვინებს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი „მუდმივად მცხოვრებადს“ ასე განმარტავს:

„პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან მოგზაურობის მიუხედავად.“

ანუ, ევროკავშირში დასაქმებული ქართველი, რომელიც საქართველოში ბრუნდება, შესაძლოა ორ პენსიას იღებდეს: ევროპულს გამომუშავებული სტაჟისთვის და ქართულ სახელმწიფო პენსიას. თუ იგი უცხოურ მოქალაქეობას იღებს და ქართულს კარგავს, ქართული პენსია ისევე იმ კანონის თანახმად წყდება.

ვიდეოში ასევე მინიშნებულია, რომ ევროკავშირში ნამუშევარი ქართველები პენსიას ევროკავშირში პენსიას ვერ იღებენ, თუ მოქალაქეობას არ მიიღებენ, მოქალაქეობა პენსიის პირობად არის წარმოდგენილი. შემოწმებულ სამივე ქვეყანაში, ესტონეთში, პოლონეთსა და საბერძნეთში, პენსიის უფლებას შენატანები და სტაჟი ქმნის და არა მოქალაქეობა. ესტონეთში სახელმწიფო პენსიისთვის საჭიროა მინიმუმ 15 წლის ესტონეთში მუშაობის სტაჟი. ეს პირობა ესტონეთის მოქალაქეებზეც ზუსტად ასევე ვრცელდება და 15 წელზე ნაკლები სტაჟით ესტონელიც ვერ იღებს სახელმწიფო პენსიას. პოლონეთში პენსია ერთი დღის შენატანითაც ეკუთვნის 60 წლის ქალს და 65 წლის კაცს, მოქალაქეობის მიუხედავად.

ბინადრობის ნებართვით ევროკავშირში დარჩენილი ქართველი ადგილობრივ პენსიას იმავე პირობებით იღებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ესტონეთის კანონი სახელმწიფო პენსიის უფლებას პირდაპირ ანიჭებს „დროებითი ბინადრობის ნებართვით მცხოვრებ უცხოელებს“ და მუდმივ რეზიდენტებს. საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა ეროვნული პენსიისთვის საჭირო ბინადრობის წლების დასტურად ითვლება. ევროკავშირის დირექტივა 2024/1233 კი სამუშაო ნებართვის მქონე მუშაკებს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში თანაბარ მოპყრობას ავალდებულებს.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ვინც ესტონეთში ან საბერძნეთში 15 წელზე ნაკლები იმუშავა და საქართველოში დაბრუნდა, იქაურ სახელმწიფო პენსიას ვერ მიიღებს. ასევე, პოლონეთი პენსიას საქართველოში პირდაპირ არ გადარიცხავს: მესამე ქვეყანაში მცხოვრები მას პოლონურ ანგარიშზე ან რწმუნებული პირის მეშვეობით იღებს. ეს შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეობის ან ასოცირების შეთანხმების შედეგი არ არის. მათი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ამ ქვეყნებთან სოციალური უზრუნველყოფის ორმხრივი შეთანხმება არ აქვს.

ამდენად, ასოცირების შეთანხმების განათლების თავში არ დასტურდება, რომ ის "საქართველოსთვის ნიჭიერი სტუდენტების წართმევაზეა" აგებული. ასოცირების შეთანხმების განათლების თავი (მუხლები 358–361) მხოლოდ თანამშრომლობის სფეროებს აღწერს და სტუდენტების „მობილურობის გაზრდას“ ზოგადად ახსენებს. DCFTA-ში განათლების თავი საერთოდ არ არსებობს, ხოლო „სტაჟიორების“ დროებითი ყოფნა ერთი წლით იზღუდება და მუდმივი დასაქმება პირდაპირ არის გამორიცხული. მიგრაციის მუხლი ცირკულარულ მიგრაციას ახსენებს, რომელიც სწორედ სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს.

ყველა პოსტის ნახვა

შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
შეიძინა, თუ - არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მდიდრული უძრავი ქონება ომის მიმდინარეობისას?
ოქტ 02, 2025
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?
ივლ 07, 2025
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
[შესწორებულია] სოციალურ ქსელში აუტიზმთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორიები ვრცელდება
თებ 25, 2025
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სიკვდილით დასჯის კადრები ვირუსულად ვრცელდება
დეკ 27, 2024
დეზინფორმაცია: ვიდეოში კათოლიკურ ტაძარზე არაბი მიგრანტის ვანდალური თავდასხმა ჩანს
დეზინფორმაცია: ვიდეოში კათოლიკურ ტაძარზე არაბი მიგრანტის ვანდალური თავდასხმა ჩანს
აპრ 04, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.