“ეკლესიის მცველი” სტალინის მითი, რომელიც ყალბ დოკუმენტებს ეფუძნება
სოციალურ ქსელებში ვრცელდება პოსტი, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირში ტაძრების უმეტესობა 1919-1922 წლებში, ლენინის დროს დაინგრა, სტალინმა კი 1922 წლიდან ამ კამპანიას ხელი შეუშალა, 1939 წლის 11 ნოემბერს ლენინის ანტირელიგიური „ბრძანება“ გააუქმა და მორწმუნეების დევნისთვის 12-წლიანი პატიმრობა დააწესა (არქივირებული ბმული). იმავე პოსტში მოთხრობილია გამოგონილი ამბები „ჩეკას მაღალჩინოსან ზინოვი ბრანკინზე“, რომელიც სტალინმა მღვდლის ცემის გამო ციმბირში გადაასახლა; ნიკიტა ხრუშჩოვზე, რომელსაც სტალინმა ერთი თვე მოსკოვის ქუჩების დახვეტა დააკისრა, და „მამა სერგი უშაკოვზე“, რომელიც სტალინს ორჯერ შეხვდა და მის ქრისტიანობაზე დღიურებს წერდა. პოსტის ბოლოს კიდევ ერთი ყალბი ამბავია მოყვანილი, რომ თითქოს სტალინი მართლმადიდებლური წესით აზიარეს და დაკრძალეს.
ამ მონათხრობის საყრდენია ორი „დოკუმენტი,“ რომლებიც არც ერთ არქივში არ იძებნება და რომლებიც მხოლოდ 1999 წელს “აღმოაჩინეს.” დანარჩენი ეპიზოდები გამოგონილ პერსონაჟებსა და დაუდასტურებელ, ასევე ქრონოლოგიურად შეუძლებელ მოვლენებს ეყრდნობა. ისტორიული სინამდვილე კი საპირისპიროა, რადგან მართლმადიდებელი სამღვდელოების ყველაზე მასობრივი განადგურება სწორედ სტალინის მმართველობისას, 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ დროს მოხდა, ხოლო სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის რეალური შერბილება 1943 წლის სექტემბერში დაიწყო და არა 1939-ში.
ორი არარსებული დოკუმენტი
ლენინის „ბრძანება“, რომელსაც ფეისბუქ-პოსტი 1919 წლის 1 მაისით ათარიღებს, რუსულ ინტერნეტსივრცეში „მითითება № 13666/2“-ის სახელით ცირკულირებს და ფელიქს ძერჟინსკისადმია მიმართული. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის ისტორიკოსმა იგორ კურლიანდსკიმ არქივები შეამოწმა (არქივი) და დაადგინა, რომ ლენინის ფონდში (РГАСПИ) ასეთი დოკუმენტი არ ინახება, ხოლო რუსეთის სახელმწიფო არქივმა, ФСБ-ს ცენტრალურმა არქივმა და პრეზიდენტის არქივმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ასეთი დოკუმენტი არც მათთან ინახება. ყალბია დოკუმენტის ფორმაც: საბჭოთა საქმის წარმოებაში 1919 წელს „მითითების“ ტიპის დოკუმენტი არ არსებობდა, ლენინი დოკუმენტებს „ულიანოვად (ლენინად)“ ხელს არ აწერდა, ნომერი „13666/2“ კი ათასობით ანალოგიურ დოკუმენტს აქვს, რომელთაგან არც ერთი არ არის ცნობილი. კურლიანდსკი აღნიშნავს, რომ „ბრძანების“ შინაარსი 1918-1923 წლების რეალურ პრაქტიკასაც ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, ბოლშევიკები ეკლესიას ძირითადად გათიშვის და დასუსტების ინსტრუმენტებით ებრძოდნენ და არა მღვდლების ფიზიკური განადგურების ბრძანებით.
ასევე ლოგიკას მოკლებულია თავად ტექსტში ნახსენები დეტალებიც. პოლიტბიურო 1919 წლის მარტში შეიქმნა და სტალინი მისი ხუთი წევრიდან ერთ-ერთი იყო, ამიტომ „სხდომა, რომელსაც სტალინი არ ესწრებოდა“ პროპაგანდისტული შინაარსის განცხადებაა, რომელიც სტალინისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ემსახურება, და არა დადასტურებული ფაქტი. ასევე არ დასტურდება, რომ „ჩეკას 95%-ს ლენინი და ტროცკი აკონტროლებდნენ“. იმ პერიოდში ჩეკას ძერჟინსკი ხელმძღვანელობდა, ტროცკი კი სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი იყო.
მეორე „დოკუმენტი“, სტალინის 1939 წლის 11 ნოემბრის „ბრძანებულება“, რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში „პოლიტბიუროს № 88 ოქმის ამონაწერად“ არის ცნობილი და მას ხშირად ახლავს ბერიას 1939 წლის 22 დეკემბრის „მოხსენებითი ბარათი“ 24 000 სასულიერო პირის გათავისუფლების შესახებ. ორივე დოკუმენტი პირველად 1999 წელს გამოჩნდა გაზეთ „За Родину, за Сталина!“-ში (არქივი). ჟურნალისტმა ვ. მარკოვმა ისინი თითქოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მარშალ იაზოვის მოგონებების კორექტურაში „იპოვა.“ იაზოვს არასოდეს აუხსნია, საიდან მოხვდა ეს დოკუმენტები მასთან. კურლიანდსკიმ პოლიტბიუროს გასაიდუმლოებული ოქმები გადაამოწმა და დაადგინა, რომ არც ეს დოკუმენტი არსებობს (არქივი). 1939 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდის ოქმებს არქივში № 9 აქვს და არა № 88, ხოლო 11 ნოემბრის „საგანგებო საქაღალდე“ მხოლოდ სამხედრო, სამუშაო და საკონვოირო საკითხებს შეიცავს. კურლიანდსკის ამ დოკუმენტის სინამდვილე არ დაუდასტურეს არც ФСБ-ს და არც რუსეთის პრეზიდენტის არქივებმა. შესაბამისად, როგორც გაირკვა, არც ასეთი ოქმი და არც სასულიერო პირების მასობრივი გათავისუფლების დოკუმენტური დასაბუთება და კვალი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის მფლობელმა, პროფესორმა ვალერი ალექსეევმა, რადიო „თავისუფლების“ ეთერში, საჯარო დისკუსიაში ვერ დაასახელა ვერც არქივი, ვერც ფონდი და ვერც საქმე, სადაც ის ინახება. რუსეთის საკითხების ანალიტიკოსი პოლ გობლი მიიჩნევს, რომ ორივე დოკუმენტი 1990-იანი წლების ბოლოს გაყალბდა სტალინის „მორწმუნე მმართველის“ სახის შესაქმნელად (არქივი).
ქართულ ვერსიაში კიდევ ერთი ანაქრონიზმია გაპარული. კერძოდ, 1939 წელს „ჩეკა“ უკვე 17 წელი აღარ არსებობდა. იგი 1922 წელს გაუქმდა და ჯერ გპუ/ოგპუ-მ, 1934 წლიდან კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (შინსახკომი, იგგივე ნკვდ) ჩაანაცვლა.
რა ხდებოდა სინამდვილეში?
ლენინის დროს ეკლესია სახელმწიფოს მართლაც გამოეყო. ეკლესიებს ქონება ჩამოერთვა, 1922 წელს საეკლესიო ძვირფასეულობის კონფისკაციაც მოხდა, ხოლო ამავე პერიოდში ხშირი იყო სასულიერო პირების დახვრეტა. ტაძრების მასობრივი დახურვა, დანგრევა და სამღვდელოების ფიზიკური განადგურება სტალინის აბსოლუტური ძალაუფლების წლებში, 1929 წლის კანონმდებლობის შედეგად, და, განსაკუთრებით, 1937-1938 წლების რეპრესიების პერიოდში მოხდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი 1931 წელს პოლიტბიუროს თანხმობით ააფეთქეს, როცა სტალინი უკვე უპირობო ლიდერი იყო (არქივი).
სტალინის მმართველობის პერიოდში 1929 წლის ანტირელიგიური კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი აქტი იყო რსფსრ-ის 8 აპრილის დადგენილება „რელიგიური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც თემების საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციას უქვემდებარებდა (არქივი). მისი მე-17 მუხლი რელიგიურ გაერთიანებებს უკრძალავდა (არქივი) საკუთარი წევრებისთვის მატერიალური დახმარების გაწევას, ურთიერთდახმარების ფონდების, ბიბლიური და საგანმანათლებლო წრეების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოებისა და სამედიცინო დახმარების ორგანიზებას. მე-18 მუხლი სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სასწავლებლებში რელიგიის სწავლებას კრძალავდა, სპეციალურ საღვთისმეტყველო კურსებს კი მხოლოდ სახელმწიფო ნებართვით უშვებდა. ამგვარად, რელიგიური თემების საქმიანობა ძირითადად ღვთისმსახურებითა და მასთან დაკავშირებული საჭიროებებით შემოიფარგლებოდა.
იმავე წლის მაისში რსფსრ-ის კონსტიტუციის მე-4 მუხლიდან რელიგიური პროპაგანდის თავისუფლების გარანტია ამოიღეს: „რელიგიური და ანტირელიგიური პროპაგანდის თავისუფლება“ შეცვალა „რელიგიის აღმსარებლობისა და ანტირელიგიური პროპაგანდის თავისუფლებამ“ (არქივი). შესაბამისად, რწმენის აღმსარებლობა ფორმალურად დაშვებული რჩებოდა, თუმცა რელიგიური შეხედულებების გავრცელებას აღარ ჰქონდა ის კონსტიტუციური გარანტია, რომელსაც ანტირელიგიური პროპაგანდა ინარჩუნებდა.
ცალკე აღსანიშნავია რეპრესიების ის მასშტაბი, რომელიც საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების ბოლოს სტალინის ხელისუფლების დროს მართლმადიდებელ ეკლესიას მიადგა. რუსეთის პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის კომისიის მონაცემებით, რომელსაც გამოცემა „Аргументы и факты“ იმოწმებს (არქივი), მხოლოდ 1937-1941 წლებში დაახლოებით 111,000 მართლმადიდებელი სასულიერო პირი დახვრიტეს, 1914 წელს არსებული 67000 მოქმედი ეკლესიიდან 1940 წლისთვის სულ რამდენიმე ასეული გადარჩა, 64 ეპისკოპოსიდან კი ოთხის გარდა ყველა დაპატიმრებული იყო. გამოცემა The Insider“ იმავე კომისიის მონაცემებს ციტირებს (არქივი) და ამტკიცებს, რომ 1937-1941 წლებში 175,800 სასულიერო პირი დააპატიმრეს, მათგან 110,700 დახვრიტეს. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის საბჭოთა არქივების გამოფენაც იგივე სურათს ადასტურებს (არქივი). კერძოდ, 1939 წლისთვის 50,000-ზე მეტი ეკლესიიდან ღია დაახლოებით 500 გადარჩა. ეს რიცხვები წყაროების მიხედვით ოდნავ განსხვავდება, რადგან დანგრეული, დახურული და საწყობად გადაკეთებული ტაძრები სხვადასხვანაირად ითვლება, მაგრამ ტენდენცია უდავოა. ეკლესიის კოლაფსი 1930-იან წლებში მოხდა და არა 1922 წლამდე.
აქვე აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის და სასულიერო პირების დევნა სტალინის „ბრძანებულების“ სავარაუდო თარიღის შემდეგაც გაგრძელდა. კურლიანდსკის მიერ მოყვანილი სამთავრობო კომისიის მონაცემებით, 1940 წელს 5100 სასულიერო პირი დააპატიმრეს და 1100 დახვრიტეს, 1941 წელს კი 4000 დააპატიმრეს და 1900 დახვრიტეს. სახელმწიფოს რეალური შერბილება ეკლესიასთან 1943 წლის 4 სექტემბერს დაიწყო, როცა სტალინმა მიტროპოლიტები სერგი, ალექსი და ნიკოლოზი კრემლში მიიღო და საპატრიარქოს აღდგენის ნება დართო. ისტორიკოსები ამას ომისდროინდელ პრაგმატულ გადაწყვეტილებად განიხილავენ (არქივი). ისტორიკოსი ანა დიკინსონი აღნიშნავს, რომ მაშინ საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიის საგარეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებას და ქვეყნის შიგნით პარტიული კონტროლის განმტკიცებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, სტალინის ანტირელიგიური კანონმდებლობა ძალაში დარჩა და სასულიერო პირების დაპატიმრება ომის შემდეგაც გრძელდებოდა.
გამოგონილი პერსონაჟები და ანაქრონიზმები
ფეისბუქ პოსტში ნახსენები „ჩეკას მაღალჩინოსანი ზინოვი ბრანკინი“ და „პოკროვსკის ტაძრის მღვდელი სერგი უშაკოვი“ არც ერთ ისტორიულ წყაროში, არქივში, საეკლესიო დოკუმენტაციაში და ა.შ. არ ფიგურირებენ. არ არსებობს არც ეპისკოპოსი სერგი უშაკოვი, რომელიც 1953 წელს დააპატიმრეს და 1961 წელს გაათავისუფლეს, და არც მისი „დღიურები“. ამ მასშტაბის საეკლესიო იერარქის ხელდასხმა, დაპატიმრება და რვაწლიანი პატიმრობა კვალს დატოვებდა და რამე დოკუმენტში მაინც იქნებოდა ნახსენები, ეს ისტორია რომ რეალური იყოს. დეტალი, რომ „უშაკოვი სტალინს ორჯერ შეხვდა“, რეალური პირის, მაგრამ არა უშაკოვის, ბიოგრაფიიდან არის აღებული. კერძოდ, რელიგიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის გეორგი კარპოვის ცნობის მიხედვით, სტალინს ზუსტად ორჯერ, 1943 წლის 4 სექტემბერსა და 1945 წლის 10 აპრილს, პატრიარქი ალექსი I შეხვდა, მესამე შეხვედრის თხოვნა კი 1949 წელს უპასუხოდ დარჩა.
ხრუშჩოვის ეპიზოდი ქრონოლოგიურადაც შეუძლებელია რომ მომხდარიყო. ტექსტის მიხედვით, 1939 წლის ნოემბრის შემდეგ „მოსკოვის ქალაქის თავი ხრუშჩოვი“ დასაჯეს. თუმცა, ხრუშჩოვი სტალინმა ჯერ კიდევ 1938 წლის იანვარში უკრაინის კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად დანიშნა (არქივი) სტანისლავ კოსიორის ნაცვლად. ასევე არავითარი წყარო არ ადასტურებს რომ 1922 წელს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად გახდომის შემდეგ სტალინს ტროცკისთან „პირველი დიდი დაჯახება“ ეკლესიის საკითხზე ჰქონდა.
სტალინი მართლმადიდებლური წესით არ დაუკრძალავთ
სტალინი 1953 წლის 9 მარტს სახელმწიფო საერო ცერემონიით დაკრძალეს და მისი ბალზამირებული სხეული ლენინის მავზოლეუმში დაასვენეს. წითელ მოედანზე სამგლოვიარო მიტინგს დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ნიკიტა ხრუშჩოვი უძღვებოდა (არქივი), სიტყვით კი მალენკოვი, ბერია და მოლოტოვი გამოვიდნენ. არც ერთი სასულიერო პირი ცერემონიაში არ მონაწილეობდა. რეალური ფაქტი, რომელიც გაყალბებულ ამბავს, სავარაუდოდ, საფუძვლად უდევს ალბათ უკავშირდება პატრიარქი ალექსი I-ის მიერ სტალინის დაკრძალვის დღეს საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდის გადახდას. ალექსი I-მა პანაშვიდის დროს წარმოთქვა, სიტყვა, რომელიც რომელიც ფრაზით „ჩვენი ხალხის დიდი ბელადი აღარ არის“ დაიწყო. ეს გამოსვლა ვერ ჩაითვლება მართლმადიდებლური წესით დაკრძალვად, რადგან მიცვალებული ტაძარში არ შეუსვენებიათ, წესი არ აუგიათ და მიწისთვის არ მიუბარებიათ. „მეუფე სერგი“, რომელმაც თითქოს სტალინს წესი აუგო, ფიზიკურად არ არსებობდა. ხოლო თუ ეს ფეისბუქ პოსტი პატრიარქ სერგის გულისხმობს, ის იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ აუგებდა წესს სტალინს, რომ 1944 წელს, სტალინის სიკვდილამდე ცხრა წლით ადრე გარდაიცვალა.
შესამისად, გაყალბებული „დოკუმენტები“ და მათზე აგებული ამბები რუსულენოვან სივრცეში სტალინის რეპუტაციის რეაბილიტაციისა და „მორწმუნე ბელადის“ მითის გავრცელებას ემსახურება. ქართულ კონტექსტში მას დამატებითი ფუნქცია აქვს, რადგან ამ პოსტით სტალინი „ქართველ მართლმადიდებელ მმართველად“ წარმოჩინდება, ხოლო საეკლესიო ტერორზე პასუხისმგებლობის მთლიანად ლენინსა და ტროცკიზე გადაბრალება ხდება. ისტორიული ფაქტები საპირისპიროს ამბობს. მართლმადიდებლური ეკლესიის ყველაზე სასტიკი დევნა სწორედ სტალინის სახელს და მისი აბსოლუტური მმართველობის წლებს უკავშირდება.