Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ანტისემიტური კონსპირაციები საბჭოთა რეპრესიების შესახებ

ანტისემიტური კონსპირაციები საბჭოთა რეპრესიების შესახებ

ივლისს 4, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონსპირაცია · ისტორია

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ანტისემიტური შინაარსის ვიდეო, რომელიც რამდენიმე ისტორიულ ფაქტს ერთმანეთთან აკავშირებს და მათგან ანტისემიტურ კონსპირაციულ თეორიას აგებს საბჭოთა რეპრესიების გასამართლებლად (არქივირებული ბმული). ამ კონსპირაციულ განცხადებებს შორის გამოირჩება მტკიცება, თითქოს ამერიკელმა ბანკირმა იაკობ შიფმა ჯერ იაპონია დააფინანსა რუსეთის წინააღმდეგ 1904-1905 წლებში, შემდეგ კი 1917 წლის რევოლუცია მოაწყო. შესაბამისად, ბოლშევიკური ხელისუფლება „ებრაელების ხელში“ აღმოჩნდა, ხოლო სტალინმა მოგვიანებით ეს ქვეყანა „ებრაელებს წაართვა” და 1930-იანი წლების რეპრესიები სხვა არაფერი იყო, თუ არა ებრაელების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

აღსანიშნავია, რომ ეს ნარატივი ახალი არ არის. იგი პირდაპირ უკავშირდება „იუდო-ბოლშევიზმის“ მითს (არქივი), რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართოდ გავრცელებული ანტისემიტური კონსპირაციულ თეორიაა და რომელიც ამტკიცებს, რომ კომუნიზმი ებრაული შეთქმულება იყო კაცობრიობის წინააღმდეგ. ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმისა და იად ვაშემის მასალებში ეს ნარატივი განხილულია როგორც ანტისემიტური პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებით რუსეთის სამოქალაქო ომის დროინდელი თეთრგვარდიული მოძრაობა და მოგვიანებით ნაცისტური გერმანია აქტიურად იყენებდა.

ამ კონსპირაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იაკობ შიფის როლი მეფის რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში. იაკობ ჰენრი შიფი გერმანიაში დაბადებული ამერიკელი ბანკირი, საინვესტიციო ბანკ Kuhn, Loeb & Co.-ს ხელმძღვანელი და მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი ფინანსისტი იყო. შიფი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებში, ფილანტროპიაში და ებრაული თემების დახმარებაში, ხოლო მისი პოლიტიკური პოზიცია რუსეთის იმპერიის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, რადგან ნიკოლოზ მეორის დროს რუსეთი ებრაელების მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებდა (არქივი).

შიფმა მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიისთვის სესხების მოზიდვაში რუსეთ-იაპონიის ომის დროს. 1904–1905 წლებში იაპონიამ დასავლურ ფინანსურ ბაზრებზე სამხედრო ომისთვის საჭირო დიდი მოცულობის ობლიგაციები განათავსა, ხოლო შიფის კომპანიამ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ისტორიული კვლევები (არქივი) შიფის გადაწყვეტილებას უკავშირებს როგორც ფინანსური მოგების გათვლას, ისე მის პოლიტიკურ პროტესტს რუსეთის იმპერიაში ებრაელების დევნისა და 1903 წლის კიშინიოვის პოგრომის გამო (არქივი).

მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული მონაკვეთი სიმართლეა, არ დასტურდება რომ შიფმა 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია დააფინანსა. სანდო ისტორიულ წყაროებში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შიფი ლენინს, ბოლშევიკურ პარტიას ან ოქტომბრის რევოლუციას უჭერდა მხარს. პირიქით, შიფის შესახებ არსებული კვლევები მიუთითებს (არქივი), რომ ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი მათ მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი და რუსეთის დემოკრატიულ განვითარებას უჭერდა მხარს და არა ბოლშევიკურ დიქტატურას. ამასთან, შიფი ნამდვილად ეხმარებოდა და ფინანსურად უჭერდა მხარს 1917 წლის თებერვლის რევოლუციას, რომელმაც რუსეთის იმპერიაში ცარისტული რეჟიმი დაამხო და კერენსკის დროებითი მთავრობა მოიყვანა ხელისუფლებაში (არქივი). თუმცა, იგივე წყაროები აჩვენებს, რომ შიფს ლენინისა და ბოლშევიკებისთვს მხარი არ დაუჭერია. მკვლევარი ენტონი სატონი, რომელმაც იმ პერიოდის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ბრიტანეთის საარქივო მასალები შეისწავლა პირდაპირ ასკვნის, რომ „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში დაცული დოკუმენტები ადასტურებს: საინვესტიციო ბანკირი იაკობ შიფი, რომელსაც ხშირად ასახელებენ ბოლშევიკური რევოლუციის ერთ-ერთ ფინანსურ მხარდამჭერად, სინამდვილეში ბოლშევიკური რეჟიმის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო.”

დიდი ტერორი, „იუდო-ბოლშევიზმის“ მითი და მტკიცება, თითქოს სტალინმა „ქვეყანა ებრაელებს წაართვა“

ვიდეოს მეორე თეზისი ამტკიცებს, რომ 1937–1938 წლებში სტალინის მიერ განხორციელებული რეპრესიები სინამდვილეში არ ყოფილა საბჭოთა მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი ტერორი. ავტორის თქმით, სტალინი ებრძოდა მხოლოდ ებრაელ ბოლშევიკებს, რომლებმაც მანამდე ქვეყანა „ხელში ჩაიგდეს“, ხოლო მასობრივი რეპრესიების მსხვერპლნი თითქმის მთლიანად ებრაული წარმოშობის პარტიული ლიდერები იყვნენ. ეს თეზისი ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე დამოუკიდებელ მტკიცებას: თითქოს საბჭოთა კავშირი თავიდანვე „ებრაული ხელისუფლება“ იყო; თითქოს სტალინის რეპრესიები მხოლოდ ებრაული ელიტის წინააღმდეგ იყო მიმართული; და თითქოს რიგით მოსახლეობას “დიდი ტერორი” თითქმის არ შეხებია. არც ერთი ეს მტკიცება ისტორიულ წყაროებს არ შეესაბამება.

ამ ნარატივის საფუძველი, როგორც ზემოთ აღვნიშვნეთ, არის მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული კონსპირაციული თეორია „იუდო-ბოლშევიზმის“ შესახებ. ამ კონსპირაციის მიხედვით, ბოლშევიკური რევოლუცია ებრაელების მიერ იყო ორგანიზებული, საბჭოთა ხელისუფლება მათ კონტროლს ექვემდებარებოდა, ხოლო კომუნიზმი ებრაელების შეთქმულების ინსტრუმენტი იყო.

ამ კონსპირაციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ბოლშევიკური პარტიის რამდენიმე ლიდერი მართლაც ებრაული წარმოშობის იყო. მაგალითად, ლევ ტროცკი (ბრონშტეინი), გრიგორი ზინოვიევი (აპფელბაუმი), ლევ კამენევი (როზენფელდი), იაკობ სვერდლოვი და ლაზარ კაგანოვიჩი მართლაც ებრაული ოჯახებიდან იყვნენ. თუმცა ამ ფაქტიდან იმის დასკვნა, რომ ბოლშევიკური ხელისუფლება „ებრაული რეჟიმი“ იყო, ისტორიულად გაუმართლებელია. საბჭოთა პარტიული ელიტა თავიდანვე მრავალეროვნული იყო. მის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შედიოდნენ ქართველები (სტალინი, ორჯონიკიძე), სომეხი (მიქოიანი), პოლონელი (ძერჟინსკი), რუსები (მოლოტოვი, ბუხარინი, რიკოვი), ლატვიელები, უკრაინელები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთნიკურ წარმომავლობას კი არა, პარტიულ საქმიანობას, რევოლუციურ გამოცდილებასა და შიდა ძალაუფლების ბრძოლას ჰქონდა.

ვიდეოში ასევე იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სტალინის მიერ განადგურებული პოლიტიკური ელიტა თითქმის მთლიანად ებრაული წარმოშობის იყო. ამისთვის ავტორი ასახელებს რამდენიმე ცნობილ გვარს, თუმცა არ ახსენებს ათასობით სხვა ეროვნების მაღალჩინოსანს. დიდი ტერორის მსხვერპლნი ასევე გახდნენ ნიკოლაი ბუხარინი, ალექსეი რიკოვი, მიხეილ ტუხაჩევსკი, რობერტ ეიხე, სტანისლავ კოსიორი, აველ ენუქიძე, იან გამარნიკი და მრავალი სხვა პარტიული, სამხედრო თუ სახელმწიფო ლიდერი, რომელთაც ებრაული წარმომავლობა არ ჰქონდათ (არქივი). ამავე პერიოდში რეპრესირებულთა შორის იყვნენ ათასობით ქართველი, უკრაინელი, რუსი, სომეხი, პოლონელი, უკრაინელი, ლიტველი, ესტონელი, ლატვიელი და სხვა ეროვნების ადამიანები.

რეალურად, 1937–1938 წლების დიდი ტერორის მთავარი სამიზნე საბჭოთა პოლიტიკური ელიტა სულაც არ იყო. ოფიციალური საბჭოთა არქივების მიხედვით, მხოლოდ ამ ორ წელიწადში დაახლოებით 1,55 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო 681 692 დახვრიტეს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ იყო პოლიტბიუროს წევრი, მინისტრი ან ცნობილი ბოლშევიკი (არქივი). ისინი იყვნენ გლეხები, მუშები, მასწავლებლები, ინჟინრები, სასულიერო პირები, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც ხშირად მხოლოდ მეზობლების ან თანამშრომლების დასმენების საფუძველზე ხვდებოდნენ უშიშროების (შინსახკომი - შინაგანი საქმეების სახალხო კომისარიატი - НКВД) ხელში.

დიდი ტერორის სამართლებრივი საფუძველი იყო 1937 წლის 30 ივლისის შინსახკომის №00447 ბრძანება. ამ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები ებრაელები. პირიქით, ოპერაციის სამიზნედ გამოცხადებულნი იყვნენ „ყოფილი კულაკები“, „ანტისაბჭოთა ელემენტები“, ყოფილი მენშევიკები, ესერები, სასულიერო პირები, თეთრგვარდიელები და სხვა სოციალური თუ პოლიტიკური კატეგორიები. პარალელურად მიმდინარეობდა ე.წ. „ეროვნული ოპერაციებიც“, რომლებიც მიმართული იყო პოლონელების, გერმანელების, ლატვიელების, ფინელების, კორეელების, ბერძნების, ირანელებისა და სხვა ეროვნული ჯგუფების წინააღმდეგ. ყველაზე მასშტაბური მათ შორის სწორედ „პოლონური ოპერაცია“ იყო, რომლის დროსაც 143 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და 111 000-ზე მეტი დახვრიტეს (არქივი).

ვიდეოში ასევე ისმის მტკიცება, თითქოს სტალინმა „ქვეყანა ებრაელებს წაართვა“. ეს ფორმულირებაც მთლიანად ეფუძნება „იუდო-ბოლშევიზმის“ კონსპირაციულ თეორიას. საბჭოთა სახელმწიფოს არც სამართლებრივად, არც ინსტიტუციურად და არც ფაქტობრივად არასოდეს ჰქონია ეთნიკური საფუძველი. საბჭოთა კავშირი იყო კომუნისტური ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც ძალაუფლებას პარტიული იერარქიის მეშვეობით ახორციელებდა. სტალინის ბრძოლა ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინისა და სხვა ოპონენტების წინააღმდეგ იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა პარტიის შიგნით და არა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. ამ ადამიანებს სტალინისგან განსხვავებული პოლიტიკური ხედვები ჰქონდათ და სწორედ ამას შეეწირენ, ხოლო მათ შორის იყვნენ როგორც ებრაული, ისე რუსული, ქართული, პოლონური და სხვა წარმოშობის პოლიტიკოსები. ეს პროცესი დეტალურად აქვს აღწერილი როგორც სტივენ კოტკინს, ისე რობერტ კონქვესთს.

ამრიგად, მტკიცება, რომ 1937–1938 წლების რეპრესიები მხოლოდ ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული, ისტორიულ ფაქტებს არ შეესაბამება. დიდი ტერორი იყო სახელმწიფო ძალადობის მასობრივი კამპანია, რომელმაც იმსხვერპლა მილიონობით სხვადასხვა ეროვნების საბჭოთა მოქალაქე. ხოლო მტკიცება, თითქოს სტალინმა „ქვეყანა ებრაელებს წაართვა“, ეფუძნება „იუდო-ბოლშევიზმის“ ანტისემიტურ მითს, რომელიც თანამედროვე ისტორიოგრაფიის მიერ დიდი ხანია უარყოფილია.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
დეკ 06, 2024
აუდიოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ „აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“, AI-ის მიერ არის გენერირებული
აუდიოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ „აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“, AI-ის მიერ არის გენერირებული
თებ 27, 2025
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილების მსგავსად,  „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსიც გამოგონილია
დეზინფორმაცია: კლიმატის ცვლილების მსგავსად, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსიც გამოგონილია
აგვ 13, 2024
სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
იან 13, 2026
სოციალურ ქსელში კონსპირაცია ვრცელდება, რომელიც ადამიანის მთვარეზე დაშვებას უარყოფს
სოციალურ ქსელში კონსპირაცია ვრცელდება, რომელიც ადამიანის მთვარეზე დაშვებას უარყოფს
აპრ 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.