Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მართლა ზღუდავენ თუ არა ევროკავშირში კვირა დღეს დიდი სუპერმარკეტების მუშაობას?

მართლა ზღუდავენ თუ არა ევროკავშირში კვირა დღეს დიდი სუპერმარკეტების მუშაობას?

ივლისს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოსაზრება, რომ საქართველომ უნდა მიბაძოს ევროკავშირის ქვეყნებს და აკრძალოს კვირა დღეს 50 კვადრატული მეტრზე მეტი ფართობის მქონე სუპერმარკეტების მუშაობა, რითაც ხელს შეუწყობს მცირე მარკეტების მუშაობას. პოსტში ნათქვამია, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს გერმანიში, ნორვეგიაში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ავსტრიაში და ა.შ (არქივირებული ბმული). საინტერესოა, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროკავშირში და მართლა დაკეტილია თუ არა დიდი ზომის სუპერმარკეტები ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კვირაობით მართლაც მოქმედებს შეზღუდვები, რომლებიც პრაქტიკაში დიდ სუპერმარკეტებს უფრო მეტად ეხება, ვიდრე მცირე მაღაზიებს. თუმცა ეს არ არის ევროკავშირის საერთო პოლიტიკა. ასეთი წესები ეროვნული კანონმდებლობით დგინდება და მათი მიზანი, როგორც წესი, დასაქმებულთა დასვენების დაცვა, საერთო დასვენების დღის შენარჩუნება და, ზოგ შემთხვევაში, მცირე საცალო ბიზნესის მხარდაჭერაა.

აღსანიშნავია, რომ კვადრატული მეტრობის და ფართობის მიხედვით შეზღუდვა არც ევროკავშირის კანონმდებლობაში და არც იმ ქვეყნების უმეტესობის ეროვნულ კანონებში არ არსებობს.

გერმანიაში ჩვეულებრივი სუპერმარკეტები კვირაობით, როგორც წესი, დაკეტილია. გამონაკლისები არსებობს მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის მაღაზიებისთვის, მაგალითად, აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში, ზოგიერთ ტურისტულ ზონაში ან სპეციალური პროდუქციის გამყიდველებისთვის. ეს შეზღუდვა მაღაზიის ფართობზე არ არის დამოკიდებული.

ავსტრიაში ასევე მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში სავაჭრო ობიექტები დაკეტილია, თუ კანონი კონკრეტულ გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

პოლონეთში კვირაობით ვაჭრობის შეზღუდვა 2018 წლის 1 მარტს ამოქმედდა და ეტაპობრივად გამკაცრდა. თავდაპირველად ვაჭრობა მხოლოდ თვეში ორ კვირას იყო დაშვებული, 2019 წელს მხოლოდ ბოლო კვირას, ხოლო 2020 წლიდან, ზოგადი წესის მიხედვით, კვირაობით ვაჭრობა თითქმის სრულად აიკრძალა. მიუხედავად ამისა, კანონი რამდენიმე გამონაკლისს ითვალისწინებს. მათ შორისაა, შობისა და აღდგომის წინ არსებული კონკრეტული კვირები, ასევე მაღაზიები, რომლებიც მდებარეობს აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, აფთიაქები, საცხობები, ყვავილების მაღაზიები და სხვა სპეციალური ობიექტები. განსაკუთრებული გამონაკლისია მცირე მაღაზიები, სადაც კვირაობით თავად მფლობელი მუშაობს და არა დაქირავებული პერსონალი. სწორედ ამ მოდელის შედეგად, პრაქტიკაში, კვირაობით ხშირად მხოლოდ მცირე საოჯახო მაღაზიები აგრძელებენ საქმიანობას, მაშინ როდესაც მსხვილი საცალო ქსელები დაკეტილია.

ნორვეგიაში კვირაობით ვაჭრობის შეზღუდვა რეგულირდება 1995 წლის დღესასწაულებისა და უქმე დღეების შესახებ კანონით (Helligdagsfredloven). კანონის მიხედვით, კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში, როგორც წესი, ყველა საცალო სავაჭრო ობიექტი უნდა იყოს დაკეტილი. თუმცა მოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი. მათ შორისაა კიოსკები, ბენზინგასამართი სადგურები, ტურისტულ ზონებში მდებარე მაღაზიები და სასურსათო მაღაზიები, რომელთა სავაჭრო ფართობი 100 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. სწორედ ამიტომ ნორვეგიის დიდ სუპერმარკეტებს კვირაობით მუშაობა ეკრძალებათ, მაშინ როდესაც მცირე მაღაზიებს საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ. ზოგიერთი მსხვილი საცალო ქსელი ამ წესს იმით ერგება, რომ ძირითადი სუპერმარკეტის გვერდით მცირე, 100 მ²-მდე ფართობის განყოფილებას ამუშავებს, რომელიც მხოლოდ კვირაობით ემსახურება მომხმარებლებს. ასევე არსებობს გამონაკლისები გარკვეული ტურისტული მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით კვირაობით ვაჭრობა უფრო ფართოდ არის დაშვებული.

საფრანგეთში კვირა დასვენების დღედ ითვლება, თუმცა კანონმდებლობა მრავალ გამონაკლისს ადგენს. სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს კვირას მუშაობა, როგორც წესი, დილის საათებში შეუძლიათ, თუმცა მათი უმეტესობა 13:00 საათისთვის უნდა დაიკეტოს. ეს წესი მაღაზიის ფართობზე არ არის დამოკიდებული. ამასთან, ტურისტულ ზონებში, საერთაშორისო ტურისტულ ზონებში, დიდ რკინიგზის სადგურებთან და სპეციალურად განსაზღვრულ სავაჭრო რაიონებში არასასურსათო მაღაზიებსაც შეუძლიათ კვირაობით მუშაობა. მუნიციპალიტეტის მერს ასევე შეუძლია წელიწადში მაქსიმუმ 12 კვირა დღე განსაზღვროს, როდესაც სხვა მაღაზიებსაც აქვთ კვირაობით მუშაობის უფლება. აღსანიშნავია, რომ კვირა დღეს მუშაობა საფრანგეთში დამოკიდებულია დასაქმებულთა ნებაყოფლობით თანხმობაზე, დამატებით ანაზღაურებასა და სანაცვლო დასვენების პრინციპზე, რაც კანონმდებლობით არის რეგულირებული.

საბერძნეთში მაღაზიების უმეტესობა კვირაობით დაკეტილია, თუმცა კანონმდებლობა განსაზღვრავს კონკრეტულ კვირებს, როდესაც ვაჭრობა დაშვებულია. ასეთი დღეები ხშირად ემთხვევა ზაფხულისა და ზამთრის ფასდაკლებების პერიოდს, აღდგომისა და შობის წინა კვირებს ან სხვა მნიშვნელოვან სავაჭრო პერიოდებს. ტურისტულ რაიონებში და სეზონურად დატვირთულ ადგილებში კვირაობით ვაჭრობის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ამიტომ საბერძნეთში არ მოქმედებს არც სრული აკრძალვა და არც სრული თავისუფლება. სავაჭრო რეჟიმი დამოკიდებულია კონკრეტულ თარიღზე, ადგილმდებარეობასა და საქმიანობის ტიპზე.

მალტაში მაღაზიებს კვირაობით მუშაობა შეუძლიათ, თუმცა სამუშაო საათები განისაზღვრება შესაბამისი სავაჭრო რეგულაციებით, ლიცენზირების პირობებითა და საქმიანობის ტიპით. ქვეყნის ეკონომიკის ტურიზმზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, კვირაობით ვაჭრობა განსაკუთრებით გავრცელებულია ტურისტულ და ცენტრალურ სავაჭრო ზონებში. ზოგიერთ საქმიანობას, ღონისძიებას ან სამუშაო საათების გახანგრძლივებას შესაძლოა სპეციალური ნებართვა დასჭირდეს, თუმცა დიდი და მცირე მაღაზიების კვირაობით საყოველთაო დახურვის სისტემა არ მოქმედებს.

უნგრეთშიც კვირაობით მაღაზიები ღიაა. დიდი სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრები და მცირე მაღაზიები სამუშაო გრაფიკს თავად ადგენენ, ამიტომ მათი ნაწილი ჩვეულებრივ საათებში მუშაობს, ნაწილი კი შეკვეცილ საათებში სამუშაო რეჟიმს იყენებს. კვირაობით მუშაობა კომერციული გადაწყვეტილებაა და არა საერთო ეროვნული აკრძალვის შედეგი.

ჩეხეთშიც კვირაობით მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობენ. 200 კვადრატულ მეტრზე დიდი მაღაზიების დახურვის მოთხოვნა მოქმედებს არა ყველა კვირას, არამედ კონკრეტულ სახელმწიფო დღესასწაულებზე. დიდი მაღაზიები დაკეტილია 1 იანვარს, აღდგომის ორშაბათს, 8 მაისს, 28 სექტემბერს, 28 ოქტომბერს და 25–26 დეკემბერს. 24 დეკემბერს მათ მუშაობა შუადღისთვის უნდა შეწყვიტონ. გამონაკლისები ეხება 200 მ²-მდე მაღაზიებს, აფთიაქებს, ბენზინგასამართ სადგურებსა და აეროპორტებში, რკინიგზისა და ავტობუსის სადგურებზე მდებარე სავაჭრო ობიექტებს.

რუმინეთშიც სუპერმარკეტებს და სხვა მაღაზიებს კვირაობით მუშაობა შეუძლიათ. მსხვილი სავაჭრო ქსელები კვირას ჩვეულებრივ ღიაა და სამუშაო საათებს საკუთარი კომერციული პოლიტიკის მიხედვით ადგენს. კანონმდებლობა ყურადღებას მაღაზიის დახურვაზე კი არა, დასაქმებულის დასვენებაზე ამახვილებს. თანამშრომელმა ყოველ კვირას უნდა მიიღოს 48 უწყვეტი საათის დასვენება, რომელიც, როგორც წესი, შაბათსა და კვირას ემთხვევა. თუ საქმიანობის სპეციფიკა კვირაობით მუშაობას მოითხოვს, დასვენება შეიძლება სხვა დღეებში მიეცეს, შესაბამისი შრომითი პირობებისა და დამატებითი ანაზღაურების დაცვით.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს „ევროპაში,“ ან „ევროკავშირში“ კვირაობით დიდი სუპერმარკეტები არ მუშაობენ, არასწორია. სწორი იქნება ითქვას, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი შეზღუდვები მართლაც არსებობს.

დღეს მოქმედი შეზღუდვები უმეტესად აღარ ემყარება რელიგიურ მოტივებს, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მათი წარმოშობა ქრისტიანულ ტრადიციას და კვირა დღეს დასვენების ტრადიციას უკავშირდება. თუმცა დღეს, იმ ქვეყნებში, სადაც კვირაობით ვაჭრობა შეზღუდულია როგორც წესი, ოთხი არგუმენტი გამოიყენება.

  1. პირველი არის დასაქმებულთა უფლებების დაცვა. რიგი მთავრობები მიიჩნევენ, რომ საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული დასვენების დღე, როდესაც ოჯახთან და ახლობლებთან დროის გატარებას შეძლებენ.
  2. მეორე არგუმენტი უკავშირდება საზოგადოებისთვის საერთო დასვენების დღის შენარჩუნების მნიშვნელობას. ამ მიდგომის მომხრეები ამტკიცებენ, რომ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ისვენებს, ეს ხელს უწყობს ოჯახურ ცხოვრებას, სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სოციალურ ურთიერთობებს.
  3. მესამე მიზანია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა, რაც ევროპული სოციალური მოდელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა.
  4. მეოთხე არგუმენტი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას უკავშირდება. ამ ლოგიკის მიხედვით, თუ დიდ სუპერმარკეტებს კვირაობით მუშაობა შეეზღუდებათ, ხოლო მცირე მაღაზიებს გამონაკლისი ექნებათ, მომხმარებელთა ნაწილი სწორედ იქ იყიდის პროდუქციას.

აქვე ხაზგასასმელია, რომ კვირაობით მაღაზიების მუშაობის, ან დაკეტვის თემა ცდება ევროკავშირის კანონმდებლობას და ეროვნული წესებით რეგულირდება. ეს საკითხი ერთი შეხედვით, უნდა ექცეოდეს საქონლის თავისუფალი გადაადგილების პრინციპში, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობით არ შეიძლება რომ შეიზღუდოს ეროვნული წესებით. ეს პრინციპი, რომელიც დ’ასონვილის ფართო ტესტის (არქივი) სახელით არის ცნობილი, მომდინარეობს 1974 წლის მართლმსაჯულების სასამართლოს ცნობილი საქმისგან, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ ნებისმიერი შიდა წესი, რომელიც ზღუდავს საქონელის თავისუფალ გადაადგილებას, უნდა გაუქმდეს. იმ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა შოტლანდიურ ვისკიზე წარმოშობის სერტიფიკატების მოთხოვნას ბელგიის ხელისუფლების მხრიდან.

თუმცა, მომდევნო წლებში მართლმსაჯულების სასამართლომ დაავიწროვა დ’ასონვილის ფართო ტესტი და ევროკავშირის წესებს მიღმა მოაქცია ე.წ. “გაყიდვასთან დაკავშირებული მოდალობები.” ეს პრინციპი დამკვიდრდა კეკის და მიტუარის ცნობილი საქმის შემდეგ და “კეკის დოქტრინის” სახელით არის ცნობილი.

შესაბამისად, მართლმსაჯულების სასამართლომ კეკის და სხვა (Torfaen, B & Q, Punto Casa და ა.შ.) საქმეების შესახებ გადაწყვეტილებებში, განმარტა, რომ მაღაზიების გახსნის საათები წარმოადგენს ე.წ. გაყიდვასთან დაკავშირებულ წესებს (selling arrangement) და არა თავად საქონლის მახასიათებლის და მისი გადაადგილების რეგულირებას. გაყიდვის წესებად ითვლება ისეთი წესები, რომლებიც (ა) ერთნაირად ვრცელდება ყველა მოვაჭრეზე; (ბ) ერთნაირად მოქმედებს ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელზე და (გ) არ ახდენს უცხოური პროდუქციის დისკრიმინაციას არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის შიდა ბაზრის წესებს. სასამართლომ ასევე პირდაპირ აღნიშნა, რომ კვირაობით მაღაზიების დაკეტვა შეიძლება ასახავდეს კონკრეტული სახელმწიფოს სოციალურ და კულტურულ არჩევანს და ასეთი გადაწყვეტილების მიღება წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებაა.


ყველა პოსტის ნახვა

ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ფეისბუქზე ლალი მოროშკინას ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 05, 2025
სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგის რედაქტირებული ვერსია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის ბრიფინგის რედაქტირებული ვერსია ვრცელდება
ივნ 11, 2026
დეზინფორმაცია: ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია, ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაცია შეუჩეროს
დეზინფორმაცია: ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია, ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაცია შეუჩეროს
ნოე 26, 2024
სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ოქტ 17, 2024
სოციალურ ქსელში “ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
სოციალურ ქსელში “ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
ოქტ 15, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.