სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში წლებია ვრცელდება ციტატა (ბმული 1, 2), რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ენტონი იდენს მიეწერება. გავრცელებული Facebook პოსტები ასევე ამტკიცებენ, რომ აღნიშნული სიტყვები იდენმა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის წინ წარმოთქვა (არქივირებული ბმული).
აღნიშნული ციტატის ინგლისურ ენაზე ძიება შედეგებს არ იძლევა, რაც ციტატის ნამდვილობას დაადასტურებდა.
ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ ენტონი იდენს იოსებ სტალინისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, პატივისცემა და გარკვეული სიმპათიები ნამდვილად გააჩნდა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, როდესაც ჯერ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის მდივნის (მინისტრის) პოსტს და სხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. იდენი სტალინს პირველად 1935 წელს შეხვდა და შეხვედრის შესახებ თავის ერთ-ერთ მემუარული ჟანრის წიგნში „დიქტატორების პირისპირ“ (Facing Dictators) წერდა: „სტალინის პიროვნება გაზვიადების გარეშე წარმოდგებოდა. მას კარგი ბუნებრივი მანერები ჰქონდა, ალბათ, ქართული მემკვიდრეობით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ მას შეწყალების უნარი არ გააჩნდა, მე მის გონებას პატივს ვცემდი და სიმპათიასაც კი ვგრძნობდი, რომლის გაანალიზებაც ვერასდროს შევძელი. ალბათ, ეს მისი პრაგმატული მიდგომის გამო იყო. მე ვერ დავიჯერებ, რომ მას მარქსთან რაიმე კავშირი ჰქონდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მასზე ნაკლებად დოქტრინული არავინ შეიძლება იყოს“.
იდენის სტალინთან შეხვედრებიდან აღსანიშნავია, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის ბოლოს იდენის ვიზიტი რუსეთში, სადაც ის სტალინთან და საბჭოთა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. ასევე ვიზიტის ფარგლებში მოსკოვთან გამართული ბრძოლების შედეგად განადგურებულ ფრონტსაც ეწვია. იდენის ავტობიოგრაფიაში აღნიშნული ვიზიტის შესახებაცაა საუბარი. Facebook-პოსტში არსებული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება ენტონი იდენსა და სტალინთან დაკავშირებით არსებულ აკადემიურ სტატიებში, ბიოგრაფიულ მასალებსა თუ შეხვედრის ჩანაწერებში (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5).
აღნიშნული მასალები სტალინთან დაკავშირებით იდენის შემდეგ ციტატას გამოყოგენ: „სტალინი იყო ყველაზე ძლიერი მომლაპარაკებელი, რომელიც მინახავს. მას მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი ჰქონდა. ის მის სიტყვაში აგრესიული არასდროს იყო, არც უხეში, არამედ მშვიდი და მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაჟინებული იყო. ეჭვგარეშეა, რომ სტალინი დაუნდობელი და სასტიკი იყო, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი“.
თუმცა სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებული ციტატის იდენის მიერ წარმოთქმა არ დასტურდება. ასევე, იდენის ცნობილი ციტატების ჩამონათვალში სტალინის შესახებ სწორედ ბოლოს დასახელებული ფრაზა გვხვდება, ხოლო სტალინის სიკვდილით „ლომების ეპოქის“ დასრულების შესახებ ფრაზა - არა.
სტალინის შესახებ იდენის გამონათქვამების რუსულ წყაროებში ძიებითაც მხოლოდ იდენის მემუარებიდან ზემოთ უკვე დასახელებული ციტატები გვხვდება, ხოლო იდენის გადადგომასთან დაკავშირებული ფრაზა არც რუსულ ინტერნეტ-სივრცეში არსებობს.
შესაბამისად, ციტატის - „სტალინის სიკვდილით მსოფლიოში დასრულდა ლომების ეპოქა და დაიწყო ვირთხების ეპოქა!... პოლიტიკა საინტერესო აღარ არის. უფრო ზუსტად კი, ის საერთოდ შეჩერდა და ადგილი დაუთმო ბეღლის ვირთხების ურთიერთგარიგებებს!!!",- არსებობა არც ერთი წყაროთი არ დასტურდება, მათ შორის, არც ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებულ პოსტებში არ არის მითითებული რაიმე წყარო, და, შესაბამისად, ენტონი იდენისთვის მისი მიწერა შეცდომაში შემყვანია.
ამასთან, Facebook-პოსტებში ციტატის შემდგომ არის მინაწერი, რომ ენტონი იდენი ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ გადადგა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ იდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად 1955 წელს დაინიშნა, მაშინ, როდესაც სტალინი 1953 წელს უკვე გარდაცვლილი იყო. ხოლო 1957 წელს მისი გადადგომა პოლიტიკისადმი ინტერესის გაქრობას ან სტალინის სიკვდილს არ უკავშირდება, არამედ მის გადადგომას სრულიად სხვა მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, მისი გადადგომა „სუეცის კრიზისში“ ბრიტანეთის წარუმატებლობას უკავშირდებოდა. „სუეცის კრიზისში“ ბრიტანეთის „მარცხის“ გამო, იდენის პრემიერობისადმი მხარდაჭერა კონსერვატიულ პარტიაში მკვეთრად შეირყა, თუმცა მას პოლიტიკისადმი რაიმე მიზეზით ინტერესი არ გაჰქრობია და პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას აქტიურად ცდილობდა. კონკრეტულად, როგორც პარლამენტის, ასევე კონსერვატიული პარტიის წინაშე გამოსვლებში „სუეცის კრიზისთან“ დაკავშირებით თავის მართლებას და კონსერვატიული პარტიის ნაწილში მხარდაჭერის შექმნას ცდილობდა. მეტიც, იდენი ციებ-ცხელების კიდევ ერთხელ გადატანის და სტალინის გარდაცვალების მიუხედავად, 1957 წელს სსრკ-ში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავდა. თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1957 წლის 9 იანვარს გადადგა.