სოციალურ ქსელში პაბლო პიკასოს ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში Facebook- ანგარიშები ავრცელებენ სტალინის ფოტოს, რომელზეც შემდეგი ტექსტია დატანილი: „პაბლო პიკასო სტალინის შესახებ: სტალინში თავმოყრილი იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭევრმეტყველება და აზრის გადმოცემის სისხარტე. და მაინც, იგი ყველა მათგანზე მაღლა დგას, ბევრად უფრო მაღლა!
“ისინი ყველანი იყვნენ და თუ ისტორიაში სამი-ოთხი ადამაინი დარჩება, ერთი მათგანი უეჭველად სტალინი იქნება”: ასე ამთავრებს თავის გამონათქვამს პაბლო პიკასო“. სინამდვილეში, ღია წყაროებით აღნიშნული ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება (1; 2; არქივირებული ბმული).

ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ციტატა ქართულ სანდო მედიასაშუალებებს არ გამოუქვეყნებიათ. ციტატა ქართულენოვან სივრცეში უკვე წლებია ტრიალებს, თუმცა ძირითადად, Facebook-ანგარიშები, გვერდები და ბლოგები აქვეყნებდნენ (1; 2; 3). აღსანიშნავია, რომ ციტატა ქართულენოვან სივრცეში ფიგურირებს ზურაბ კალატოზიშვილის წიგნში „ბაგრატის თეთრი“ (იხ. გვ. 138), თუმცა წიგნში არსადაა მითითებული წყარო, ან რაიმე სახის ინფორმაცია, რაც ციტატის ნამდვილობას დაადასტურებდა.
საგულისხმოა, რომ არც ინგლისურენოვან და არც რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება.
გარდა ამისა, ინტერნეტში არსებულ სხვადასხვა ვებგვერდზე, სადაც ცნობილი ადამიანების ციტატებია თავმოყრილი, პაბლო პიკასოს ციტატების სექციაში სტალინთან დაკავშირებული არცერთი ციტატა არ იძებნება (1; 2; 3; 4).
ცნობისთვის, 1944 წელს პაბლო პიკასო კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ლუი არაგონმა პიკასოს კომუნისტური ჟურნალის Les Lettres françaises („ფრანგული წერილები“) ახალი ნომრისთვის სტალინის პორტრეტის დახატვა სთხოვა. პორტრეტის განსხვავებულმა სტილმა კომუნისტებში კრიტიკა გამოიწვია. როგორც The Guardian-ის სტატიაში ვკითხულობთ, კრიტიკაზე საპასუხოდ პიკასო აცხადებდა, რომ მას სურდა სტალინის ხალხის ადამიანად წარმოჩენა, ყოველგვარი უნიფორმისა და მორთულობის გარეშე.
ამავე სტატიის თანახმად, პიკასომ მოგვიანებით 1953 წელს მისი ჯოჯოხეთური სეზონი უწოდა (saison en enfer). მეგობრებთან აღიარა, რომ ბრალდებებითა და სკანდალის შედეგით ძალზე შეძრულიყო. მიიჩნევა, რომ ეს წელი პიკასოს პოლიტიკური ერთგულების დასასრულს აღნიშნავდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიასთან მისი თანამშრომლობა აღარასდროს ყოფილა ისეთი ახლო, როგორც 1944-53 წლებში, მას პოლიტიკური ჩართულობა არ შეუწყვეტია. ის განაგრძობდა პრესისთვის პლაკატებისა და ნახატების შექმნას, ჩნდებოდა პარტიის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე და მზად იყო ხელი მოეწერა პარტიის ინიციატივით გავრცელებულ პეტიციებსა და საპროტესტო განცხადებებზე.
მას ასევე არასდროს შეუწყვეტია ფინანსური მხარდაჭერა. მაშინაც, როცა ბევრმა პარტია დატოვა 1956 წლის უნგრული აჯანყების მიმართ პარტიის დამოკიდებულების გამო, პიკასომ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ხელოვნების კრიტიკოს კარლტონ ლეიკთან 1957 წლის ივლისის ინტერვიუში მან კვლავაც გამოხატა რწმენა კომუნიზმისადმი და აღნიშნა, რომ პარტიას არასოდეს დატოვებდა. 1962 წელს მას ლენინის პრემია მიენიჭა. 1968 წლის აგვისტოში, მეგობრებთან საუბარში, პიკასომ საბჭოთა კავშირის ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა გააკრიტიკა, თუმცა საჯაროდ ამის თქმას თავი აარიდა.
ამგვარად, არსად იძებნება ციტატა, სადაც პიკასო სტალინს იულიუს კეისარსა და ალექსანდრე მაკედონელს ადარებს. შესაბამისად, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.