Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ვადა ისევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა

ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ვადა ისევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა

ივნისს 26, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

ქუთაისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები გახანგრძლივდა, მოსახლეობის უკმაყოფილება კი გაიზარდა. სოციალურ ქსელებში საკითხის მიმართ არაერთი უკმაყოფილო სტატუსი და კომენტარი ვრცელდება. მაგალითად, თემის შესახებ, ბოლო ორი თვეა, მოქალაქეები წერენ ჯგუფში „ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები“. მათ აინტერესებთ, როდის დასრულდება პროექტი, რომელიც ახლა ჩაბარებული უნდა იყოს.

ინფორმაცია, რომ მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია იწყებოდა, ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე 2024 წლის ივნისში გავრცელდა. მანამდე პირველი ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 870 837 ლარი იყო, მერიამ 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ თვეში შეწყვიტა, რადგან აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქუჩის საკანალიზაციო ქსელის შეკეთება შეუძლებელი იყო და მისი კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გარკვეულ რისკებს შეიცავდა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კი, რომლის მიხედვითაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, მერიამ შპს „შემოქმედისგან“ 2023 წლის მარტში ჩაიბარა და 8 800 ლარი გადაიხადა (გათვალისწინებული იყო ორი ქუჩის დოკუმენტაციის მომზადება).

ტენდერის შეწყვეტის შემდეგ, „შემოქმედმა“ საპროექტო დოკუმენტაცია დააკორექტირა და ქუთაისის მერიამ, ამჯერად 2 490 000-ლარიანი (619 163 ლარით გაზრდილი) სავარაუდო ღირებულების ტენდერი მეორედ 2024 წლის 16 მარტს გამოაცხადა, 27 მაისს კი ხელშეკრულება უსფ „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალთან“ გააფორმა. სამუშაოების ღირებულება 2 198 776 ლარით განისაზღვრა.  მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, რომ პროექტს მიმდინარე წლის 25 თებერვალს ჩააბარებდა.

არსებული მდგომარეობით, სახელშეკრულებო პირობები შვიდჯერ შეიცვალა, მათ შორის, ცვლილება სამუშაოების დასრულების თარიღსაც შეეხო. მაგალითად, 2025 წლის 14 თებერვლის შეთანხმებით, კომპანიას ვადა 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდა, ხოლო 28 მაისის შეთანხმებით – 1 სექტემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი წერილში განმარტავს, რომ ობიექტზე კომუნალური სერვისების პროვაიდერი კომპანიები სამუშაოების პირველ ეტაპს ახორციელებდნენ პერიოდულად, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის 7 მარტამდე, რის გამოც, პროექტის დასრულების ვადა 90 დღით გახანგრძლივდა. სამუშაოების მეორე ეტაპი კი საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ აპრილში დაიწყო და 5 მაისს დაასრულა. შემდეგ კი სს ენერგოპროჯორჯია ჩაერთო, რომელსაც, ვალდებულების განსახორციელებლად, ვადა განსაზღვრული ჰქონდა 12 ივლისამდე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით, მხარეებს შორის ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 2 ივნისს გაფორმდა. არსებული მდგომარეობით, კომპანიისთვის ანაზღაურებულია 1 653 038 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 75%-ს შეადგენს.

ადგილობრივმა ონლაინმედია Kutaisi Post-მა აპრილში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კოსტავას ქუჩის მდგომარეობაა ასახული. ორი თვის შემდეგ, 24 ივნისის მდგომარეობით კი, ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია და საავტომობილო გზა და ტროტუარები ასე გამოიყურება:

ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძე

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის იანვარში, იმავე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საკანალიზაციო არხის მოწყობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ, რადგან, მათივე განცხადებით, დამსაქმებლისგან რამდენიმე თვის კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებდნენ. ისინი, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ. ბუნებრივია, აღნიშნული გარემოება პროექტის გაჭიანურების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. დამსაქმებელი კი, როგორც აღვნიშნეთ, არის „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი“, რომელიც საქართველოში დარეგისტრირებულია 2023 წლის 29 მაისს. მისი დამფუძნებელია კანადური კორპორაცია „ჯეო კონსტრაქშენს ენდ სისტემს ინკ“. თავის მხრივ, კომპანიას სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუკვეთა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება
ივნ 27, 2025
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 17, 2025
დეზინფორმაცია: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება
დეზინფორმაცია: „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებით, უკრაინაში მობილიზებულთა 83% ფრონტზე გადასროლიდან რამდენიმე კვირაში იხოცება
ოქტ 11, 2024
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში კანადაში ევთანაზიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ივნ 05, 2025
დეზინფორმაცია: კიევი ჩაბარდა რუსეთს
დეზინფორმაცია: კიევი ჩაბარდა რუსეთს
სექ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.