სოციალურ ქსელში „ქიმტრეილებსა“ და HAARP-ზე დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Fantina Kstawi“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს თანახმად, „საქართველოში არნახული შემოტევაა ქიმტრეილების, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეგ იყო ქიმტრეილი. დიახ, ერთ-ერთი ძლიერი იარაღი არის ქიმტრეილი და შემდეგ მოდის HAARP, რითაც აკონტროლებენ კლიმატს“.
პირველ რიგში, მტკიცება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე 11 ნოემბერს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ქიმტრეილებს“ ავრცელებდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვრცელდება. აღნიშნული მტკიცება ნაწილია იმ ცნობილი შეთქმულების თეორიისა, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვალი „ქიმიური ბილიკი“ – ე.წ. „ქიმტრეილია“, მისი მიზანი კი მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა. რეალურად, თვითმფრინავის გადაადგილებისას დატოვებული ღრუბლების ბილიკი წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტია, რომლის ხილვადობასაც ამა თუ იმ არეალის ტენიანობის ხარისხი განაპირობებს. რაც შეეხება HAARP-ს, ის არის ამერიკული სამეცნიერო–კვლევითი პროგრამა, რომელიც იონოსფეროს გამოსაკვლევად შეიქმნა და მას ამინდზე ზემოქმედება და ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევა არ შეუძლია.
11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი
11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ამერიკული ტიპის ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა, რომელიც საჰაერო თავდასხმებისთვის, ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის გამოიყენებოდა. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 1969 წელს ააწყვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით“. თურქული მხარის ინფორმაციით, ხომალდზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, ექსპერტიზა კვლავ მიმდინარეობს. თურქული გამოცემები თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ძრავების მწყობრიდან გამოსვლას ასახელებენ.
რას იწვევს თვითმფრინავის კვალის დატოვებას?
რაც შეეხება „კონტრეილებს“ (contrails), ისინი თვითმფრინავის საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი წყლის ორთქლისა და ჰაერში მტვრის წვრილი ნაწილაკების ყინულის კრისტალებად გაყინვით წარმოიქმნება. დაბალტენიანი ჰაერის შემთხვევაში კრისტალები უბრალოდ იშლება, ხოლო მაღალი ტენიანობის პირობებში ნარჩუნდება და დიდ ფართობზე თვალისთვის შესამჩნევი ხდება. სწორედ ტენიანობის აღნიშნული განსხვავებები ხსნის იმას, თუ რატომ არის ზოგიერთი თვითმფრინავის კვალი ხილული, ხოლო ზოგიერთის – არა.
„კონტრეილის“ წარმოქმნისთვის საჭიროა სამი რამ: წყლის ორთქლი, ცივი ჰაერი და ნაწილაკები, რომლებზეც წყლის ორთქლი შეიძლება კონდენსირდეს. თვითმფრინავის რეაქტიული ძრავები გამოყოფენ წყლის ორთქლს, როგორც საწვავის წვის ქვეპროდუქტს, რადგან საწვავში შემავალი წყალბადი ჰაერში ჟანგბადთან რეაგირებს. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40°C-ზე დაბალია, წყლის ორთქლი კონდენსირდება, ჩვეულებრივ, ჭვარტლის ნაწილაკებთან, რომლებიც თვითმფრინავის ძრავიდან გამოიყოფა (იხილეთ გამოსახულება ქვემოთ).

შენიშვნა: დიაგრამის მიხედვით, „კონტრეილის“ წარმოქმნაზე ტემპერატურა და ტენიანობა მოქმედებს: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო რთულია „კონტრეილის“ წარმოქმნა და პირიქით, რაც უფრო მაღალია ტენიანობის ჰაერში, მით უფრო მარტივდება მისი წარმოქმნა.
წყარო: MetMatters
კვლევებმა დაადგინეს, რომ „კონტრეილები“ დედამიწაზე გლობალური დათბობას ხელს უწყობს, რადგან „კონტრეილებმა“ შესაძლოა, დაარღვიონ ბალანსი მზისა და დედამიწის ზედაპირიდან გამოსხივებულ სითბოს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტრეილებს შეუძლიათ სითბოს დაჭერა ატმოსფეროში.
აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, ნებისმიერი ზომის „კონტრეილი“ სათბურ ეფექტს არ ქმნის. დღის განმავლობაში, „კონტრეილების“ უმეტესობას აქვს ორმაგი ეფექტი: ერთის მხრივ, ისინი აირეკლავენ შემომავალი მზის გამოსხივების ნაწილს უკან კოსმოსში, შესაბამისად, გაგრილების ეფექტს ქმნიან, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ თერმული ინფრაწითელი გამოსხივების შეკავება, რომელიც დედამიწიდან აირეკლება. ღამის განმავლობაში, მზის რადიაცია არ არის, ამიტომ გაციების ეფექტი ქრება, რაც ღამის „კონტრეილს“ საშუალოდ უფრო ათბობს და აკავებს დედამიწიდან არეკლილ სხივებს, შესაბამისად უარყოფითი შედეგი აქვს გარემოსთვის.

შენიშვნა: ილუსტრაცია ასახავს „კონტრეილის“ მიერ დედამიწისა და მზის სხივების არეკვლას შორის სხვაობას დღისა და ღამის პერიოდში. კერძოდ, დღის განმავლობაში „კონტრეილი“ იჭერს დედამიწიდან არეკლილ ინფრაწითელ გამოსხივებას, ხოლო მზის გამოსხივებას კოსმოსში აბრუნებს. ღამით კი, მხოლოდ დედამიწიდან არეკლილ სხივებს აკავებს და უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.
წყარო: IATA
„ქიმტრეილების“ შესახებ კონსპირაცია მრავალი წელია ვრცელდება, რაზეც არა ერთ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, მათ შორის – ბრიტანულ Full Fact-ს, ამერიკულ USA TODAY-სა და PolitiFact-ს დაუწერია.
სამთავრობო უწყებებში შემავალ საჩივართა სიმრავლის გამო, მოსახლეობის ეჭვების გასაფანტად, 2015 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გამოაქვეყნა სახიფათო ნარჩენების ანგარიში NASA-სთან, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციასთან (NOAA) და აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან (FAA) ერთად. EPA-ს ანგარიში ასკვნის, რომ „კონტრეილები არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, თუმცა: „კონტრეილურმა ღრუბლიანობამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებას, ხოლო კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე“, სხვა სიტყვებით, „კონტრეილებს“ შესაძლოა, კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს ან/და ვირუსებს არ შეიცავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრ რობერტ კენედი უმცროსს, არა ერთხელ უხსენებიათ ე.წ. „ქიმტრეილის“ კონსპირაცია. მაგალითად, მაისში კენედი უმცროსმა, მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის კვლევითი სააგენტო ამერიკელებს ასხამს მავნე ქიმიკატებს, რომლებიც დამატებულია თვითმფრინავის საწვავში. „მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რომ ეს შევაჩერო“, – განაცხადა კენედიმ სატელევიზიო ინტერვიუში. ინტერვიუს შემდეგ, მის განცხადებას აშშ-ის თავდაცვის ან სამხედრო სააგენტოების მხრიდან საჯარო განცხადება არ მოჰყოლია. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია PolitiFact დაუკავშირდა აშშ-ის თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს (DARPA), მაგრამ სააგენტოს კითხვებზე პასუხი არ გაუცია. მიუხედავად იმისა, რომ კენედის ოფისმა PolitiFact-ს უპასუხა, მათ განცხადების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინეს. თუმცა, PolitiFact-თან მეცნიერები და ექსპერტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ფრენის შედეგად გაჩენილი ბილიკები წყლის ორთქლის წარმონაქმნებია და რომ „ქიმიური შესხურების“ პროგრამა არ არსებობს.
ამერიკული სამეცნიერო–კვლევითი პროგრამა HAARP
სოციალურ ქსელში HAARP-ს სხვადასხვა სტიქიურ მოვლენებს ხშირად უკავშირებენ, მას „კლიმატურ იარაღს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ სტიქიური კატასტროფები სწორედ მისი გამოყენებით, ხელოვნურად არის გამოწვეული. ასე მაგალითად, სოციალურ ქსელში სწორედ HAARP დაადანაშაულეს 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევაში. გარდა ამისა, მსგავსი კონსპირაციის ობიექტი გახდა კახეთში 2023 წლის 2 სექტემბერს მოსული ძლიერი სეტყვა, რომელმაც ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. სწორედ ამ პროგრამას დაუკავშირეს კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მეწყრის ჩამოწოლაც.
რეალურად კი, HAARP მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის იონოსფეროს შემსწავლელ პროგრამას წარმოადგენს. სამეცნიერო პროგრამის მიზანი იონოსფეროს, ატმოსფეროს ზედა ნაწილის, შესწავლაა. იონოსფერო ქმნის საზღვარს ატმოსფეროს ქვედა ნაწილსა – სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ – და სივრცის ვაკუუმს შორის. იონოსფერო დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება და 500 კილომეტრს აღწევს.

წყარო: researchoutreach.org
იონოსფეროში ექსტრემალური ულტრაიისფერი (EUV) და მზის გამოსხივება ატომებსა და მოლეკულებს აიონიზებს, რითაც ელექტრონების ფენას ქმნის. სწორედ იონოსფეროში არის თავისუფალი ელექტრონები და იონები, რომლებთანაც რადიოტალღებს შეუძლიათ ურთიერთქმედება. შესაბამისად, ატმოსფეროს ეს შრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
1990-დან 2014 წლამდე HAARP შეერთებული შტატების საჰაერო ძალების (USAF) და საზღვაო ძალების ერთობლივად მართული პროგრამას წარმოადგენდა. მისი მიზანი იყო დედამიწის იონოსფეროს ფიზიკური და ელექტრული თვისებების კვლევა, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო საკომუნიკაციო, ასევე სანავიგაციო სისტემებზე გავლენის მოხდენა შეეძლო. 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.
რეალურად, პროგრამას ამინდზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში – ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. „ამ ტიპის მტკიცებები სრულიად უსაფუძვლოა, სენსაციურია, მაგრამ არც სერიოზული და არც მეცნიერული“,- განუცხადა USA Today-ს ბოსტონის კოლეჯის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა. კეიტ გროვზის თქმით, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება შეეძლებოდა. მან დამატებით ისიც აღნიშნა, რომ იონოსფეროში ვერ მოხდება ამინდზე ზემოქმედება, რადგან იონოსფეროში ატმოსფერული წნევა მიწაზე არსებული ატმოსფერული წნევის მემილიონედზე ნაკლებია.
მტკიცება, რომ HAARP-ს ისეთი სტიქიური მოვლენების გამოწვევა შეუძლია, როგორიც მაგალითად ქარიშხალი, ან ტორნადოა, ალოგიკურია, რადგან მსგავსი მოვლენები სპეციფიკურ ატმოსფერულ და გრძელვადიან ამინდის პირობებს საჭიროებს. ჩარლზ კონრადი, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონული კლიმატის ცენტრის დირექტორი, აღნიშნავს, რომ არავის აქვს შტორმის, ქარიშხლის შექმნის უნარი. „მთავარი ამინდის მოვლენები მოითხოვს წარმოუდგენელ ენერგიას, უბრალოდ, არ არსებობს საშუალება, რომელიც ადამიანებმა შესაძლოა ატმოსფეროში მოათავსონ და ეს მოვლენები გამოიწვიონ“, – განმარტავს კონრადი.
ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ თითქოს HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება და ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევა შეუძლია.