Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არის, თუ - არა აცეტამინოფენი უსაფრთხო ორსულობის დროს? — მითები და მეცნიერება

არის, თუ - არა აცეტამინოფენი უსაფრთხო ორსულობის დროს? — მითები და მეცნიერება

სექტემბერს 29, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

22 სექტემბერს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მდივან რობერტ ფ. კენედი უმცროსთან ერთად პრსკონფერენცია გამართა. ტრამპმა ორსულ ქალებში Tylenol-ის (აცეტამინოფენის) მოხმარება ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკთან დააკავშირა, მან ორსულ ქალებს მოუწოდა, აღნიშნული მედიკამენტი არ მიიღონ.

დასახელებულ პრესკონფერენციას სამედიცინო საზოგადოების მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯმა განაცხადა, რომ განცხადება „შემაშფოთებელი“ იყო და „სანდო მონაცემებს“ არ ეფუძნებოდა, ხოლო დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა აუტიზმის საზოგადოებამ ტრამპის განცხადებას „საშიში, ანტიმეცნიერული და უპასუხისმგებლო“ უწოდა (იხილეთ BBC-ის სტატია).

არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ აცეტამინოფენი (Tylenol), რომელიც ასევე ცნობილია პარაცეტამოლის სახელწოდებით, აუტიზმს იწვევს. ამ საკითხზე ჩატარებულია არაერთი სამეცნიერო კვლევა, თუმცა არცერთი მათგანი არ ადასტურებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აცეტამინოფენსა და ნეიროგანვითარებით დარღვევებს შორის ბავშვებში.

რას აჩვენებს სამეცნიერო კვლევები აცეტამინოფენის შესახებ?

2025 წელს გამოცემა „Environmental Health”-ში გამოქვეყნებული მიმოხილვა, სადაც გაანალიზებულია აქამდე ჩატარებული 46 კვლევის შედეგები, ორსულებში აცეტამინოფენის გამოყენებასა და ბავშვებში ნეიროგანვითარებით დარღვევებს შორის შესაძლო კავშირზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიმოხილვა არ ადასტურებს, რომ    აუტიზმისა უშუალო მიზეზი  და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევების გამომწვევი არის აცეტამინოფენი. მიმოხილვის ავტორებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ ორსულმა ქალებმა აცეტამინოფენი გამოიყენონ მხოლოდ საჭიროებისამებრ,  დაბალი დოზით და მოკლე დროით.

2024 წლის აპრილში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ, რომელმაც მოიცვა შვედეთში 1995–2019 წლებში დაბადებული დაახლოებით 2.5 მილიონი ბავშვის მონაცემები, აჩვენა, რომ ორსულობის პერიოდში აცეტამინოფენის გამოყენება აუტიზმის განვითარებასთან კავშირში არ არის.

კვლევის თანახმად, აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს იმ ბავშვების 1.42%-ს, რომელთა დედებმა ორსულობის დროს აცეტამინოფენი გამოიყენეს,  შედარებისთვის, იგივე დიაგნოზი დაესვა იმ ბავშვების 1.33%-ს, რომელთა დედებსაც ფეხმძიმობის პერიოდში ეს მედიკამენტი არ გამოუყენებიათ. ეს განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელოა და მიზეზობრივ კავშირზე ვერ მიუთითებს. დამატებით შეისწავლეს და-ძმების მონაცემებიც, მსგავსი შედარება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან და-ძმები იზიარებენ საერთო გენეტიკასა და გარემო პირობებს. შედეგად, აცეტამინოფენსა და აუტიზმს შორის კავშირი ამ შემთხვევაშიც არ დადასტურდა.

კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ აქამდე დაფიქსირებული მცირე რისკის მაჩვენებლები შესაძლოა იყოს გამოწვეული სხვა თანმხლები ფაქტორებით (მაგალითად, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფექციები ან ანთებითი პროცესები) და არა უშუალოდ აცეტამინოფენის გამოყენებით.

FDA-ის პოზიცია აცეტამინოფენის გამოყენებაზე ორსულობის დროს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაიწყო პროცესი, რომ აცეტამინოფენის (Tylenol) შეფუთვის ეტიკეტზე აისახოს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენება შესაძლოა ასოცირდებოდეს ნეიროგანვითარებით დარღვევების, როგორიცაა აუტიზმი და ADHD, განვითარების გაზრდილ რისკთან ბავშვებში.

FDA -ს განცხადებით, „ბოლო წლებში ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აღწერა შესაძლო კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის მიღებასა და ბავშვებში ნეიროგანვითარებით დარღვევებს შორის. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ რისკი შესაძლოა განსაკუთრებით მაღალი იყოს, როდესაც აცეტამინოფენი ქრონიკულად გამოიყენება ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებში აღწერილია ასოციაცია აცეტამინოფენისა და ნეიროგანვითარებით დარღვევებს შორის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის და არსებობს სხვა კვლევებიც, რომლებიც ამ ასოციაციას არ ადასტურებენ“.

FDA ასევე ხაზგასმით აღინიშნავს, რომ აცეტამინოფენი ერთადერთი ურეცეპტო სიცხის დამწევი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც ორსულობის პერიოდში დაშვებულია. ამავე დროს, მაღალი სიცხე ორსულებში თავად წარმოადგენს რისკს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

 

ამერიკის მეან–გინეკოლოგთა კოლეგია (ACOG) ადასტურებს აცეტამინოფენის უსაფრთხოებას და სარგებელს ორსულობის დროს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჯანდაცვის მდივან რობერტ კენედი უმცროსის მიერ გაკეთებული გახმაურებული განცხადების საპასუხოდ, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგიამ (ACOG) გაავრცელა ოფიციალური პოზიცია, რომლითაც ორსულობის პერიოდში აცეტამინოფენის უსაფრთხოება და სარგებელი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ორ ათწლეულზე მეტი ხნის კვლევებმა ვერ აღმოაჩინა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) გამოყენებასა და ბავშვებში აუტიზმის, ADHD-ის ან ინტელექტუალური შეზღუდვების განვითარებას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აცეტამინოფენი რჩება ტკივილისა და სიცხის მართვის მნიშვნელოვან და უსაფრთხო საშუალებად ორსულობის პერიოდში. თავად ეს მდგომარეობები – მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ტკივილი – თუ მათ არ ვუმკურნალებთ, შეიძლება სერიოზულ რისკებს შეიცავდეს როგორც ორსულისთვის, ისე ნაყოფისთვის.

აუტიზმის განვითარების მიზეზები ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ცნობილია, რომ მისი წარმოშობა განპირობებულია გენეტიკური და გარემოს მრავალფაქტორიანი ზემოქმედებით და არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელიც მის განვითარებას იწვევს. რისკის ფაქტორებად ითვლება გენეტიკური მუტაციები, მუცლადყოფნის პერიოდში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფექციები, ანთებითი პროცესები, გარემო ტოქსინები და სხვა.

რაც შეეხება აუტიზმსა და Tylenol–ს (აცეტამინოფენს, იგივე პარაცეტამოლს) შორის კავშირს — ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შორის პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მეტიც, აცეტამინოფენი დღემდე ითვლება უსაფრთხო და დაშვებულ საშუალებად ორსულობის პერიოდში, ტკივილისა და მაღალი სიცხის სამართავად.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 08, 2024
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ბრიფინგიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ბრიფინგიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 20, 2025
სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 13, 2025
სოციალურ ქსელში Apeel Sciences-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში Apeel Sciences-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
იან 30, 2025
სოციალურ ქსელში აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ინტერვიუ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ინტერვიუ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 09, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.