Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
აშშ-ში 24-27 სექტემბერსა და 5-10 ოქტომბერს მომხდარი ქარიშხლების შედეგად დაზარალებულთა დახმარებისა და კამალა ჰარისის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

აშშ-ში 24-27 სექტემბერსა და 5-10 ოქტომბერს მომხდარი ქარიშხლების შედეგად დაზარალებულთა დახმარებისა და კამალა ჰარისის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ოქტომბერს 17, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს დეზინფორმაციას (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც: „750დოლარს რომ შეპირდნენ დაზარალებულებს ხომ გახსოვთ, აღმოჩნდა რომ ამასაც ვერ მიიღებენ, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, დახმარება საფოსტო ყუთებით უნდა მიეღოთ…აბა საფოსტო ყუთები? ეს ერთი…ახლა მეორე…განმეორებითი ქარიშხლის შემდეგ კამილა ჰარისი, უბრალოდ აღშფოთდა იმის გამო, რომ დაზარალებულებს არ გააჩნიათ საკუთარი დანაზოგი. რომ დაიბადები, მაშინვე უნდა დაიწყო ამგვარი რამეებისათვის თანხის მოგროვებაო…-ბრძანა მან“. რეალურად, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA) 24 სექტემბრიდან ეხმარება ქარიშხლებით დაზარალებულ მოქალაქეებს, ხოლო კამალა ჰარისს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

აშშ-ის რამდენიმე შტატს 24-27 სექტემბერს ქარიშხალი „ჰელენი“, ხოლო 5-10 ოქტომბერს ქარიშხალია „მილტონი“ დაატყდა თავს, რამაც მილიონობით ადამიანის ევაკუაცია, პირველადი საჭიროების რესურსებზე წვდომის შეჩერება და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

როგორც ქართულენოვან, ისე უცხოენოვან სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდება დეზინფორმაცია პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ქარიშხლით დაზარალებულთა დახმარების პაკეტის შესახებ (1, 2, 3, 4). მაგალითად, ერთ-ერთი მტკიცების მიხედვით, ვაშინგტონმა მხოლოდ $750 გამოყო დაზარალებულთათვის, კიდევ ერთი მტკიცება ამბობს, რომ დახმარების პაკეტის თანხა პრეზიდენტმა სასაზღვრო უსაფრთხოების ხარჯებს მოახმარა და სხვა. რეალურად, არც ერთი მტკიცება არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულ დეზინფორმაციას გამოეხმაურნენ სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც: Leadstories, Reuters, AFP Fact Check და ა.შ.

საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს შემუშავებული აქვს „სერიოზული საჭიროებების დახმარება“ (Serious Needs Assistance), რომელიც ბუნებრივი კატასტროფების გადარჩენილებისთვის ისეთი დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს, როგორებიცაა: წყალი, საკვები, ბავშვის საკვები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ტრანსპორტირებისთვის საწვავი და სხვა პირველადი დახმარების მარაგი. აღნიშნული დახმარება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის კატასტროფის დროს და დეკლარირებულია, როგორც ინდივიდუალური დახმარება. ამ უკანასკნელის მიღება შეუძლია ნებისმიერს, რომლის სახლიც კატასტროფის არეალში მდებარეობდა, წარმოადგენს აშშ-ის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე მოსახლეს ან კვალიფიციურ არამოქალაქეს (მიგრანტი, მუდმივი მაცხოვრებელი, მწვანე ბარათის მფლობელი და სხვა).

დახმარების მიღებისთვის აუცილებელია, რომ კატასტროფაში მოყოლილი სახლი მოქალაქის ძირითად საცხოვრებელს წარმოადგენდეს. დაზარალებულმა განაცხადი უნდა შეიტანოს FEMA-ს სერიოზული საჭიროებების დახმარების პროგრამაში და ინსპექციის შედეგად, დამტკიცების შემთხვევაში, მიიღებს პირველად დახმარებას. გარდა ამისა, FEMA თითოეული დაზარალებული ოჯახისთვის გასცემს ერთჯერად თანხას – $750. ერთჯერადი ფულადი დახმარება გადარჩენილებს მიეწოდებათ ბანკში დეპოზიტის ან სადებეტო ბარათის ანგარიშზე დარიცხვის საშუალებით და მისი მიზნობრივი გამოყენება სრულად გადარჩენილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ დახმარება საფოსტო ყუთებით უნდა მიეღოთ, რომლებიც ქარიშხლის გამო აღარ არსებობს და ვერც დახმარებას მიიღებენ, ყალბია.

გარდა ამისა, $750 კატასტროფის შემდეგ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ საწყისი დახმარებაა. როგორც თავად FEMA-ს სპიკერი აცხადებს: „ეს მხოლოდ დაფინანსების პირველი ეტაპია, რომელსაც იღებთ FEMA-სგან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ჩვენს სისტემაში“. დახმარების შემდეგი ეტაპები მოიცავს სახლის შეკეთებაში დახმარებას, ქირის თანხის ანაზღაურებას, სხვა სახის კერძო ქონების აღდგენა/შეკეთებას (ტრანსპორტის საშუალებები, ტექნიკა და სხვა), ბიზნესის კაპიტალის ანაზღაურებას, ბავშვთა ხარჯების ანაზღაურებას, სამედიცინო ხარჯების დაფარვას (კონგრესის დადგენილებით მაქსიმუმ $43,600). აღსანიშნავია, რომ 9 ოქტომბრის მონაცემებით, FEMA-მ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ბრძანებით, დაახლოებით 375,000 ოჯახს გაუწია დახმარება, რაც $344 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარებას მოიაზრებს. 8000-ზე მეტი ფედერალური თანამშრომელი მუშაობდა იმისთვის, რომ 6 შტატში ქარიშხალ „ჰელენისა“ და „მილტონის“ მიერ დაზარალებულ გადარჩენილ ადამიანებს დახმარება გაეწიათ.

„თეთრი სახლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულია განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია დღემდე ეხმარება და გეგმავს, გააგრძელოს დახმარება ქარიშხლით დაზარალებულთათვის, როგორც ადგილზე მომუშავე პერსონალის თვალსაზრისით, ისე ფულადი თუ სხვა სახის ანაზღაურებით/დახმარებით. ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა $1.8 მილიარდის ოდენობის დახმარება ქარიშხალი „ჰელენის“ ზიანის საპასუხოდ და ქარიშხალი „მილტონით“ დაზარალებულთათვის – $911 მილიონი.

რაც შეეხება კამალა ჰარისის განცხადებას, არც ერთ ღია წყაროსა თუ სანდო მედიაში არ დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა კატასტროფით დაზარალებულთა შესახებ მსგავსი რამ განაცხადა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ტელეგონიის თეორიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
მარ 31, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება
ოქტ 08, 2024
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა
დეზინფორმაცია: ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი იქამდე გამოაცხადა, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომის დარბაზში გაახმოვანებდა
ნოე 06, 2024
სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გერმანელი პოლიტიკოსების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 27, 2024
ტყუილია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ნამდვილი გვარი გასიევია
ტყუილია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ნამდვილი გვარი გასიევია
ნოე 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.