Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ეველინა ფარკასი ინტერვიუში საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას ურჩევს

დეზინფორმაცია: ეველინა ფარკასი ინტერვიუში საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას ურჩევს

აპრილს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები

სოციალურ ქსელში Facebook და TikTok-ანგარიშები (1, 2) „რადიო თავისუფლებასთან“ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ეველინ ფარკასის ინტერვიუზე სიუჟეტს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული). სიუჟეტის მიხედვით, ფარკასი ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ „დიფ სთეითს“ ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის ინტერესი აქვს. ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს, რომ  ფარკასს შეუძლია ომის ნარატივი დაუფარავად გაიმეოროს და „მეორე ფრონტის“ გახსნა ურჩიოს ქვეყანას: „გამოდის, რომ ბრძოლა არის ის ერთადერთი, რასაც ჩვენგან მოითხოვენ და რასაც თანამშრომლობაში გვითვლიან, ახლა კი არ ვიბრძვით, ამიტომაც შფოთავენ“.  რეალურად, ვიდეოს არც ერთ მონაკვეთში ფარკასი ქვეყანას „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას არ ურჩევს. ის არც „დიფ სთეითს“ ახსენებს და მით უმეტეს, არ აცხადებს, რომ „დიფ სთეითს“ „მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი აქვს“, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი. უფრო მეტიც, ინტერვიუს დროს ეველინ ფარკასი რუსეთის სანქცირების პროცესში ჩართულობის გარდა, საქართველოს ნებისმიერ სხვა როლს გამორიცხავს.

ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი, უკრაინა და ევრაზია, 2022 წლის სექტემბერში თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში – „დიდება უკრაინას!“, მონაწილეობდა. სწორედ ამ ვიზიტის დროს ეველინ ფარკასმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ ისტორიულ მომენტზე, რომელიც საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჰქონდა და რისკებზე, რომ ქვეყანამ ასეთი მომენტი შეიძლება, ხელიდან გაუშვას.

ინტერვიუში ფარკასი აცხადებს, რომ, მისი აზრით, საქართველოს მთავრობას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა სურს, თუმცა მას კითხვები მთავრობის „მოწადინების ხარისხთან“ დაკავშირებით აქვს. ამ „მოწადინების ხარისხის“ ნაკლებობას ფარკასი რუსეთის მიმართ შიშითაც ხსნის. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მთავრობის რიტორიკის [რედ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხის კონტექსში] ეს ნაწილი ბევრისთვის გასაგებია, რესპონდენტი აგრძელებს: „დიახ, რაც ბუნებრივია, მაგრამ საქმე ისაა, რომ… საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთისგან – რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო. ვლადიმირ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. ამიტომაც, როცა ის ესტონეთს ემუქრება, მე ვამბობ – არ მიაქციოთ ყურადღება. ის ამას ამბობს მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ უკრაინას გაზრდილი მხარდაჭერა. მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არსებული აღქმის მიხედვით, რუსეთს საქართველოში პრობლემები გაზრდა შეუძლია, ეველინ ფარკასი პასუხობს:

„მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. კი, ვიცი, რომ საგუშაგოებს სწევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველდღე აკეთოს. მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარეს ზუსტად ისე, როგორც უკრაინის მხარეს ვართ. გვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება. შეიძლება, შეგვეკამათოთ, ამიტომ თავად ვიტყვი, რომ საქართველოს მეტად უნდა დავხმარებოდით 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და ახლა ვეხმარებით უკრაინას“.

ინტერვიუს არც ამ და არც სხვა მონაკვეთში ფარკასი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასა და სამხედრო კონფრონტაციის დაწყებას არ ითხოვს, როგორც ამას Facebook და TikTok ანგარიშები ამტკიცებენ. ფარკასის სიტყვებზე: „თქვენ შეიძლება გქონდეთ სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან (თუმცა აქ სანქციების საკითხი დგება და უნდა იფიქრო, როგორ წარმართო სავაჭრო ურთიერთობა), შეიძლება გქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და მაინცდამაინც ყველაფერში არ შეეწინააღმდეგო, მაგრამ რაღაც უნდა მისცე აშშ-სა და დასავლეთს, თუკი გინდა ამ თანამეგობრობის წევრი იყო“, ჟურნალისტი ეძიება, თუ რა შეიძლება იყოს „რაღაც“, რაც საქართველომ აშშ-სა და დასავლეთს უნდა მისცეს. კითხვაზე პასუხისას ფარკასი ხაზს უსვამს ეკონომიკურ სანქციებს და მას ერთადერთ გზად ასახელებს: „სანქციები. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ – აშშ–ს გვსურს. ჩვენ [ამერიკა] მხოლოდ არაპირდაპირ ვაწვდით უკრაინელ სამხედროებს დახმარებას, რომ მათ შეძლონ თავის დაცვა. თუმცა, ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ვაწარმოებთ, არის ეკონომიკური და ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუკი ყველა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა, მეტად შეუწყობდა ხელს სანქციებს“.

ამდენად, „რადიო თავისუფლებასთან“ 2022 წლის ინტერვიუში, ეველინ ფარკასი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნაზე არ საუბრობდა. საქართველოსთან დაკავშირებით, ის ხაზს უსვამდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მნიშვნელობას. ინტერვიუს ჩაწერისას, 2022 წლის სექტემბერში, მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო, ფარკასის თქმით, ერთადერთ გზად სანქციები სახელდებოდა და არ არსებობდა სხვა გზა, რომელში ჩართვაც საქართველოს მთავრობასა და აშშ სურდა.

ყველა პოსტის ნახვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ეუთო/ოდირის დასკვნაში
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ეუთო/ოდირის დასკვნაში
დეკ 01, 2025
შეძლებენ, თუ - არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები?!
შეძლებენ, თუ - არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები?!
იან 09, 2026
ყალბი ვიდეოები, რომლებიც ირანის მიერ მოწინააღდეგეებზე საჰაერო თავდასხმებს ასახავს
ყალბი ვიდეოები, რომლებიც ირანის მიერ მოწინააღდეგეებზე საჰაერო თავდასხმებს ასახავს
მარ 13, 2026
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ
მარ 18, 2025
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
დეზინფორმაცია: პუტინმა ბირთვულ განიარაღებას ხელი მოაწერა
ივლ 22, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.