დეზინფორმაცია: პარიზის ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ
პარიზის ოლიმპიადის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიმპიადაზე ქალების კატეგორიაში ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ (1, 2, 3, 4, 5, 6, 7). თავდაპირველად, გაჩნდა მტკიცება, რომ ალჟირელი იმანე ხელიფი და ტაივანელი ლინ იუ-ტინგი ტრანსგენდერები არიან. მოგვიანებით, მსგავსი მტკიცება კამერუნელი სინდი ნგამბას შესახებ გავრცელდა. რეალურად, დასახელებული სპორტსმენები ტრანსგენდერები არ არიან. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე არც ერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს.

2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს პარიზში გაიხსნა. გახსნის შემდეგ პარიზის ოლიმპიური თამაშებში მონაწილე სპორტსმენები ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცნენ. პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც 1-ელ აგვისტოს ალჟირელმა მოკრივე იმანე ხელიფმა იტალიელი ანჯელა კარინი 46 წამში დაამარცხა, გაჩნდა მტკიცება, რომ ის ტრანსგენდერია. თანაც, გასულ წელს მან და ტაივანელმა მოკრივემ ლინ იუ-ტინგმა კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ ჩატარებული ე.წ. „გენდერის ტესტი“ ვერ გაიარეს.
მოგვიანებით, მსგავსი მტკიცება გაჩნდა კამერუნელი სინდი ნგამბას შესახებ, რომელმაც 4 აგვისტოს ფრანგი დავინა მიშელი კრივის 75 კგ კატეგორიაში დაამარცხა და ლტოლვილის სტატუსით მოასპარეზე პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.
თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი სპორტსმენი ტრანსგენდერი არ არის. მეტიც, პარიზის მიმდინარე ოლიმპიადაზე არცერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს. ზოგადად, ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი მონაწილეები ასპარეზობენ, თუმცა მათი ბიოლოგიური სქესის კატეგორიაში. ასე მაგალითად, ტრანსგენდერი კაცი ფილიპინელი ჰერგი ბასიადანი, რომელიც ბიოლოგიურად ქალია და არ აქვს ტრანზიცია (ჰორმონალური თერაპია) ჩატარებული, პარიზის ოლიმპიადაზე ქალების 75 კგ კატეგორიაში ასპარეზობს. აღსანიშნავია, ასევე ნიკი ჰილცი, ამერიკელი ტრანსგენდერი და არაბინარული მორბენალი, რომელიც ბიოლოგიურად ქალია, არც მას აქვს გავლილი ტრანზიცია (ჰორმონალური თერაპია), შესაბამისად, ქალების კატეგორიაში თამაშობს.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის სპეციფიკური მოთხოვნები და რეგულაციები არ აქვს და ამის სანაცვლოდ სამართლიანობის, ინკლუზიისა და გენდერული იდენტობისა და სქესის ვარიაციების საფუძველზე არადისკრიმინაციის შესახებ 10 სახელმძღვანელო პრინციპს მიჰყვება. სამართლიანობის პრინციპში აღნიშნულია, რომ სპორტული ორგანიზაციები სპორტის იმ სახეობებში, სადაც ქალთა და კაცთა კატეგორიებისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს თავად ადგენენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ არცერთ ათლეტს არ აქვს უსამართლო უპირატესობა და არაპროპორციული კონკურენტული უპირატესობა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამასთან ერთად აცხადებს, რომ „თითოეული საერთაშორისო ფედერაცია პასუხისმგებელია დასაშვებობის კრიტერიუმების დაწესებაზე, მათ შორის, იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ოლიმპიური თამაშებში ათლეტების კვალიფიკაციას“.
თამაშებზე დაშვებამდე ყველა სპორტსმენი სპეციალურ შემოწმებას გადის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიხედვით, „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების კრივის ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი შეესაბამება შეჯიბრზე დაშვების წესებს, ისევე, როგორც ყველა მოქმედ სამედიცინო რეგლამენტს“. შესაბამისად, სამივე სპორტსმენს ოლიმპიადაზე გასვლამდე IOC-ის „ყველა მოქმედი სამედიცინო რეგულაცია“ აქვთ გავლილი. თანაც, პარიზის მიმდინარე ოლიმპიადაზე არცერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს. ამავდროულად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის კრივში შეიქმნა 13 წონითი კატეგორია, 7 მამაკაცებისთვის და 6 ქალებისთვის. ოლიმპიადაზე გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად, 248 მოკრივიდან 124 ქალი და 124 კაცი ასპარეზობს. ამ კატეგორიებსა და წესებზე კრივის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სადაც ტრანსგენდერი მოთამაშეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმანე ხელიფთან და ლინ იუ-ტინგთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე სპორტსმენი მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო კრივში გამართულ შეჯიბრებებში სწორედ ქალთა კატეგორიაში ასპარეზობდა, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებში „ტოკიო 2020“. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მან და ლინმა IOC-ის „ყველა მოქმედი სამედიცინო რეგულაცია“ გაიარეს, რომლებიც 2020 წლის თამაშების იდენტური იყო.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე ეხება შარშანდელ დისკვალიფიკაციის საკითხსაც და აცხადებს, რომ ორივე სპორტსმენი IBA-ს მოულოდნელი და თვითნებური გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა. „2023 წლის IBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს, ისინი მოულოდნელად დისკვალიფიცირებული იქნენ ყოველგვარი პროცესის გარეშე. მათ ვებსაიტზე არსებული IBA-ს ოქმის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად მხოლოდ IBA-ს გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღეს. IBA-ს საბჭომ მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა რატიფიცირება და მხოლოდ შემდგომ მოითხოვა, რომ მსგავსი პროცედურები მომავალში დამკვიდრებულიყო და ასახულიყო IBA-ს რეგულაციებში“,- ვკითხულობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
IBA-მ არ დააკონკრეტა, თუ რატომ ვერ ჩააბარეს მოკრივეებმა „გენდერის ტესტი“, მაგრამ განმარტა, რომ არც ერთ სპორტსმენს ტესტოსტერონის გამოკვლევა არ ჩასტარებიათ. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის, რომ ხელიფი ფლობს XY ქრომოსომებს, ერთადერთი წყარო თავად IBA-ის პრეზიდენტი კრემლევია. მათი დისკვალიფიკაციის დროს, პრეზიდენტი კრემლევი ამტკიცებდა, რომ მოკრივეების ქრომოსომის ტესტმა აჩვენა, რომ მოკრივეები XY ქრომოსომებს ფლობენ (ქალებს, როგორც წესი, აქვთ ორი X ქრომოსომა, ხოლო მამაკაცებს ჩვეულებრივ აქვთ X და Y ქრომოსომა). IBA-მ თქვა, რომ ტესტის „სპეციფიკა კონფიდენციალური რჩება“ და მის ახსნაზეც უარი განაცხადა. გასულ წელს დისკვალიფიკაციის შემდეგ, ხელიფმა განუცხადა ალჟირის Ennahar TV-ს, რომ ზოგიერთს არ სურდა ალჟირს ოქროს მედალი მოეგო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ IBA-ის მმართველმა საბჭომ ხელიფის დისკვალიფიკაციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტურნირის დროს ხელიფმა რუსი მოკრივე აზალია ამინევა დაამარცხა.
საინტერესოა, რომ IBA-ს ოლიმპიური სტატუსს წლების განმავლობაში ფლობდა, თუმცა სტატუსი მმართველობის პრობლემების, ფინანსური გამჭვირვალობის ნაკლებობისა და მსაჯების კორუფციის მრავალი შემთხვევის გამო დაკარგა. აღსანიშნავია, რომ IBA-ის პრეზიდენტია უმარ კრემლევი, რომელმაც ორგანიზაციის მთავარ სპონსორად რუსული სახელმწიფო „გაზპრომი“ აირჩია და IBA-ს ოპერაციების დიდი ნაწილიც რუსეთში გადაიტანა. IBA-მ უგულებელყო IOC-ის რეკომენდაციები და რუს მებრძოლებს უფლება მისცა 2023 წლის ჩემპიონატზე რუსეთის დროშის ქვეშ ეთამაშათ.
აღსანიშნავია, რომ ხელიფის ყველა ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის პასპორტი, აღნიშნავს, რომ ის ქალია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოკრივე ალჟირიდანაა, ქვეყნიდან, სადაც ადამიანებს სქესის შეცვლის უფლება არ აქვთ. ქვეყნის სამართლებრივი კოდექსი, ფაქტობრივად, ლგბტ თემთან დაკავშირებულ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მეტიც, ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი მაქსიმუმ 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ქალების კატეგორიაში ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ.