სოციალურ ქსელში ზელენსკის ფოტო და გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში მომხმარებელი აქვეყნებს პოსტს (არქივირებული ბმული), რომელშიც ვკითხულობთ ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატას: „რუსებმა კიევში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვიეს, რათა „ТЦК-ების“ მუშაობა გაერთულებინათ.“ მოცემული ციტატა უკრაინის პრეზიდენტის ფოტოზე დატანილი რუსულენოვანი ციტატის თარგმანია, რომელიც თითქოს ზელენსკიმ რუსეთის ვერაგობაზე კომენტირებისას თქვა. ფოტო დამადებულია ალბომში სახელით: „ყველა, ვინც რუსეთს შეურაცხყოფს, საქართველოს მტერია“ (Все, оскорбляющие Россию, являются врагами Грузии! 🇷🇺💓🇬🇪).
მგსგავსი შინაარსის განცხადება უკრაინის პრეზიდენტს სინამდვილეში არ გაუკეთებია. ციტატა გამოგონილია, ის არ გვხვდება სანდო მედიების გვერდებზე, ხოლო google-ის ფოტოების უკუძიების ხელსაწყოს გამოყენებით მისი პირველწყარო, სავარაუდოდ, vkontakte-ს - რუსული სოციალური ქსელის ანგარიშია. ფოტოს აქვეყნებს ანგარიში „კრემლის ხელი Z / სსო-ის ამბები / ირან-ისრაელი“ (Рука Кремля Z / Сводки СВО / Иран – Израиль). პოსტი შვიდ ნოემბერს არის გამოქვეყნებული და მასში იგივე ფოტო, იგივე შესავალი და იგივე ციტატაა გამოყენებული. მოცემული ანგარიში პრორუსული განწყობებისაა და მადისკრედიტებელ, ხშირად გამოგონილ სატირულ მასალას ან რეალურ ინფორმაციაზე სატირული შინაარსის კომენტარს ავრცელებს.
რა არის ბლექაუთები - ეს არის ელექტროენერგიის საერთო გათიშვა. მოცემულ პოსტში იგულისხმება უკრაინის დედაქალაქში კიევში ელექტროენერგიის სრული გათიშვები. გამოგონილი ციტატის მიხედვით, ზელენსკი თვლის, რომ ბლექაუთებით რუსეთს სურს ТЦК-ების მუშაობის შეფერხება. ТЦК-ს შემოკლებით იყენებენ, როგორც ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური დახმარების ცენტრის აბრევიატურას. სწორედ აღნიშნული უწყებაა უკრაინაში მობილიზაციის აღმასრულებელი ძირითადი ინსტიტუტი. ამგვარი გამოგონილი ციტატა ორ დამატებით შინაარსს შეიცავს: 1. უკრაინა უძალოა და არ შეუძლია დედაქალაქი ბლექაუთებისგან დაიცვას; 2. მობილიზაციის პროცესი იმდენად პრობლემურია, რომ უკრაინის პრეზიდენტი უშუქოდ ვერ ჩაატარებს.
სინამდვილეში ვოლოდიმირ ზელენსკის ამ საკითხზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ბლექაუთების საკითხზე ზელენსკიმ სრულიად სხვა შინაარსის პასუხი გასცა. თუ მოსკოვი კიევს ემუქრება ბლექაუთით, კრემლში უნდა იცოდნენ, რომ ბლექაუთი იქნება რუსეთის დედაქალაქშიც, - ასეთი იყო უკრაინის პრეზიდენტის გზავნილი.
შესაბამისად, ფოტოზე მოტანილი ციტატა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით ვრცელდება, გამოგონილია, მისი ორიგინალი წყარო სატირული გვერდია.