სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო რედაქტირებული სახით გავრცელდა
სოციალურ ქსელში მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ე.წ. რეაქციის ტიპის ვიდეოა. ასეთ ვიდეოები პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთ მხარეს მაყურებელი ხედავს მოვლენების მიმდინარეობას, ხოლო მორე მხარეს ვიდეოს ავტორის რეაქციას განვითარებულ მოვლენებზე. სწორედ ამ ტიპის ვიდეო ვრცელდება ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებაც (არქივირებული ბმული). ვიდეოს ზედა ნაწილში ვხედავთ ნანუკა ჟორჟოლიანის რეაქციებს, ხოლო ვიდეოს ქვედა ნაწილში ნაწყვეტს რუსთავი ორის ეთერიდან, რომელშიც გადაცემის სტუმარი პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს იხსენებს. ვიდეო იმგვარადაა რედაქტირებული, თითქოს ნანუკა ჟორჟოლიანს ამ ფაქტებზე ეცინება. ვიდეოს თან ახლავს აღწერაც: „ესეც სასაცილოა?“ ამგვარ აღწერას მაყურებელი დამატებით შეჰყავს შეცდომაში. ვიდეოს თანდართული კომენტარები ადასტურებს, რომ მაყურებელში ნანუკა ჟორჟოლიანის რეაქციამ გაღიზიანება გამოიწვია.
სინამდვილეში ვიდეოს ორიგინალი ვერსია საკუთარ სოციალურ ქსელში თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა წარწერით: „გჯერათ ამ სიგიჟის?“.
ვიდეოს თავდაპირველ ვერსიაში მოცემულია ნანუკა ჟორჟოლიანის რეაქციები სრულიად სხვა ვიდეოზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობისას ანა წითლიძემ გაიხსენა ლერი ბერიტაშვილის ჩვენება „ქართული ოცნების“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე. კომისიაზე ლერი ბერიტაშვილი 2025 წელს წარსდგა. ჩვენებაში მან ვრცლად ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე. ერთ-ერთ მონაკვეთში ბერიტაშვილი მისი დაკავებისა და სავარაუდო წამების მონაკვეთს იხსენებს. ჩვენებაში ის ამბობს, რომ დაკავებისას სახლში შესულმა სპეცრაზმელებმა ორჯერ ესროლეს, ფანჯრიდან გადავარდა, რაღაცას მოეჭიდა, სახურავზე აღმოჩნდა და საკუთარ სახლში ჩავიდა. მოგვიანებით კი წამების დროს ყბა მოტეხეს და დენით გული გაუხეთქეს. საკონსტიტუციო სასამართლოში ანა წითლიძემ ჩვენებიდან ეს მონაკვეთბი გაიმეორა, რასაც სოციალურ ქსელებში კითხვები და რეაქცია მოჰყვა მონაყოლის ნამდვილობაზე. სწორედ ამ მონაკვეთზე რეაქციაა ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეოც.
გავრცელებულ რედაქტირებულ ვერსიაში ლერი ბერიტაშვილის ჩვენება ამოცვლილია უკვე ტელეეთერში სხვა პატიმრის მონათხრობით. რედაქტირების შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული ადამიანის მიერ მოყოლილ სასტიკ ისტორიაზე საკუთარ რეაქციას აზიარებს. ამგვარ რედაქტირებას მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს.