შესაბამისი კანონმდებლობის განახლებასთან ერთად, სოციალურ ქსელში კვლავ გააქტიურდა კონსპირაციები ციფრული ფულის შესახებ
მოკლედ საკითხავი
2026 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის მიერ ციფრულ ლართან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებამ კვლავ აქტუალური გახადა კონსპირაციული მტკიცებები ციფრული ფულის შესახებ.
ღია წყაროების საშუალებით საკითხის შესწავლა მიუთითებს, რომ გავრცელებული მტკიცებები უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო ან აბსურდულია.
2026 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა "„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით დაამტკიცა. მიღებული პაკეტი ციფრული ლარის საკითხს ეხება. ცვლილებებმა კანონში ციფრული ფულის ცნების განმარტა და ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების დააზუსტა. კერძოდ, ახალი რეგულაციით, მხოლოდ ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას არა მხოლოდ ლარის ბანკნოტები და მონეტები, არამედ მათი ციფრული ვერსია.
მიღებულ ცვლილებებს ქართულ ფეისბუქ სივრცეში ციფრული ლარის და ზოგადად ციფრული ფულის შესახებ დაუზუსტებელი ან კონსპირაციული მტკიცებების გავრცელება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში აქტიურმა არაერთმა გვერდმა თუ ინდივიდუალურმა მომხმარებელმა (1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9;10; 11; 12; 13) ვრცელი პოსტები და ვიდეოები მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს (დაარქივებული: 1; 2; 3; 4; 5; 6; 7), რომლებშიც ძირითადად შემდეგი მტკიცებები ფიგურირებდა: 1. ციფრული ფული (ლარი) მმართველი სტრუქტურების მხრიდან მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის დასაწესებლად შეიქმნა; 2. ციფრული ლარი ნაღდი ფულის სრულად ჩასანაცვლებლად იქმნება; 3. ჩაფიქრებულია, რომ ციფრული ლარი პროგრამირებადი და ვადიანი იყოს, რაც ნიშნავს, რომ დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი დახარჯვა ვეღარ მოხერხდება.
ციფრულ ფულს საერთაშორისო სავალუტო ფონდი განმარტავს, როგორც სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას (Central Bank Digital Currency, CBDC). ციფრულია, ვინაიდან არ აისახება ბანკნოტებსა და მონეტებში და ხელმისაწვდომია კომპიუტერებსა და მსგავს მოწყობილობებში. ციფრული ფული კრიპტოვალუტის მსგავსია, თუმცა მისი ცალკეული ვალუტის შექმნა მხოლოდ ცენტრალური ბანკების მიერაა შესაძლებელი, განსხვავებით კრიპტოვალუტისგან, რომელსაც კერძო ბიზნესი აწვდის ბაზრებს.
ციფრული ლარი
ციფრული ლარის გამოშვება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეროგატივაა. 2023 წელს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობდა, რომ ციფრული ლარის გამოშვების შემთხვევაში, მას, პირველ რიგში, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას გამოიყენებენ. „მოველით, რომ ციფრული ლარი თავდაპირველად აქტუალური იქნება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს მინიმუმამდე დაიყვანონ პოტენციური რისკები ტრანზაქციის პროცესში (ტრანზაქციები განხორციელდება, როგორც კი მხარეები ხელს მოაწერენ დოკუმენტებს)”, - ამბობდა ის (არქივი).
იმავე სტატიაში, ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე ამბობდა, რომ დროთა განმავლობაში ციფრული ლარის გამოყენება გაიზრდებოდა, რადგან ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ტექნოლოგიური განვითარებაა. “დიდი ალბათობით, ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა იქნება და აღარ იარსებებს ბანკთაშორისი ხარჯები, რაც დღეს გვაქვს. ასევე გადარიცხვის პროცესიც გაცილებით სწრაფი გახდება”.
უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისი კანონმდებლობის განახლებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება (არქივი). იმავე განცხადებაში, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით "იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, ციფრული ლარის მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება."
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. 2023 წლის 28 სექტემბერს სებ-მა საჯარო განცხადება გააკეთა, რომ ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადებოდა: „ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს“ (არქივი). 2023 წლის 2 ნოემბერს სებ-მა ციფრული ლარის პროექტის საპილოტე ფაზაში თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან Ripple-სთან დაიწყო (არქივი).
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებსა და ვიდეოებში არსებული ერთ-ერთი ცენტრალური მტკიცების საწინააღმდეგოდ, ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ციფრული ლარით ნაღდი და/ან ელექტრონული ფულის გაუქმება არ იგეგმება: „CBDC პლატფორმა შეავსებს გადახდის არსებულ არხებს (მათ შორის ახლო მომავალში მყისიერი გადახდების სისტემასაც) და კერძო სექტორის ინოვაციებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 2023 წელს (არქივი).
დამატებით, 2026 წლის 21 ოქტომბრის განცხადებაში, იმავე თვეში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა: "მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას, რაც ხაზგასმულია კიდეც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის განმარტებით ბარათში. ამავე კანონით, ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და ნარჩუნდება ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება." ამრიგად, მტკიცება, რომ ციფრული ლარი ნაღდი ფულის სრულად ჩასანაცვლებლად იქმნება, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.
ციფრული ევრო
საინტერესოა აღინიშნოს, რომ თავის 2026 წლის ოქტომბრის განცხადებაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სები ციფრული ვალუტებისადმი ევროკავშირის მიდგომას უფრო იზიარებს, ვიდრე სხვა მსხვილი მოთამაშეებისას, როგორიც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებია: "აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ციფრული ვალუტების განვითარების სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები კერძო ციფრული ვალუტების (სტაბილქოინების) განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირი კი კერძო ციფრული ვალუტების პარალელურად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას და დომინირებას უჭერს მხარს. სწორედ ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც."
ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ქართულ ფეისბუქ სივრცეში რამდენიმე თვის წინ მცდარი მტკიცებები ციფრული ევროს შესახებაც გავრცელდა. ციფრული ევროს შემთხვევაშიც მთავარი მტკიცება ნაღდი ფულის მისით სრულად ჩანაცვლების საკითხს უკავშირდებოდა (არქივი). "ჯეოფაქსტმა" აღნიშნულ საკითხზე მაშინაც გამოაქვეყნა სტატია.
ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ევროს (არქივი) ინიციატივას, ბანკის ვებსაიტის "ხშირად დასმული შეკითხვების" სექციიდან (არქივი) ირკვევა, რომ 2027 წლის მეორე ნახევარში ციფრული ევროს საპილოტე პროექტის გაშვება იგეგმება, რომელიც 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რეალურ სიტუაციებში დატესტავს ციფრული ევროს გამოყენებას, რაც შემდგომ სერვისის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული. იმავე სექციაში პირდაპირაა დასმული შეკითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა ციფრული ევრო ნაღდ ფულს? ევროპის ცენტრალური ბანკის პასუხი ამ საკითხზე არის -არა (არქივი). ვრცელ განმარტებაში ნათქვამია, რომ ციფრული ევრო ამავე ვალუტის ფიზიკური ფორმის კუპიურებთან ერთად იქნება მიმოქცევაში და ნაღდი ფულის ფუნქციების არა ჩანაცვლებას, არამედ შევსებას ისახავს მიზნად. ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ ევროს ფიზიკური კუპიურების მიმდინარე დიზაინის ცვლილება, რომელიც დამატებით უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს, აჩვენებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიზანია ნაღდ ფულს მომავალი ჰქონდეს."
ფინანსური ოპერაციების კონტროლი
კიდევ ერთი გავრცელებული მტკიცების მიხედვით, ციფრული ფულის გამოყენების შედეგად ადამიანი ტოტალური კონტროლის სამიზნე ხდება, რაც გამოიხატება გაკეთებული ტრანზაციების კონტროლის შესაძლებლობაში. ამ მხრივ უნდა აღინიშნის, რომ ბარათით გადახდისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში კომერციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ეროვნულ ბანკს ახლა, ციფრული ფულის გარეშეც შეუძლია (არქივი). მსგავსი კონტროლის მექანიზმები, შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯებისა და პროცედურების შემდეგ, უკვე გააჩნიათ სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და შესაბამის საგადასახადო სტრუქტურებსაც.
გავრცელებულ პოსტებსა და ვიდეოებში ასევე ფიგურირებს მტკიცება, რომ დაგეგმილია ციფრული ფული ყოველთვიურად განახლებადი იყოს და დარჩენილი ნაშთი განულდეს, რის გამოც ადამიანებს მატერიალური რეზერვის დაგროვება აღარ შეეძლებათ და იძულებულნი იქნებიან მიღებული თანხა კონკრეტულ, წინასწარ განსაზღვრულ დროის მონაკვეთში დახარჯონ. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს ციფრულ ლართან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფულის სრულად ჩანაცვლებისა და ციფრული ფულით ტოტალური კონტროლის დამყარების შესახებ დეზინფორმაცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოენოვან სოციალურ მედიაშიც ვრცელდება. ამ შეთქმულების თეორიის შესახებ წარსულში სტატიები უცხოურ ავტორიტეტულ მედია საშუალებებს და ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებსაც აქვთ მოამზადებული: Financial Times; AFP Fact Check; Delfi.