Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ომი ნაღდი ფულის წინააღმდეგ თუ რეგულაცია ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად?

ომი ნაღდი ფულის წინააღმდეგ თუ რეგულაცია ფულის გათეთრების თავიდან ასაცილებლად?

ივლისს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ეკონომიკა

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ნაღდ ფულს ომს უცხადებს და რომ ევროს ვალუტა ნაღდი ფულის სახით 2028 წლიდან ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ევროკავშირი არც ნაღდი ფულით ტრანზაქციების აკრძალვას გეგმავს და არც ევროს ფიზიკური ვერსიის გაუქმებას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომლის გამავრცელებლის მიხედვითაც, "ევროკავშირი ომს უცხადებს ნაღდ ფულს - ყველა ტრანზაქცია მალე უნდა განხორციელდეს ბარათების გამოყენებით „ფინანსური ბაზრის გამჭვირვალობისთვის“ (დაარქივებული ბმული). გამავრცელებელი ირონიულად დასძენს, რომ ასე გამოიყურება თავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეოს აღწერის მიღმა, თავად ვიდეოში ამ საკითხზე საუბრობს რუსულენოვანი პიროვნება და ამბობს, რომ მათ, ვისაც ნაღდი ფულის გამოყენების სურვილი აქვს, 2027 წლის 10 ივნისამდე აქვთ ვადა, რის შემდეგაც ძალაში შედის ევროკავშირის ახალი დირექტივა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ევროთი გადახდის წესებს. მოსაუბრე ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ევროს ინიციატივას ციფრულ გალიასა და მონობას უწოდებს. მისი ინფორმაციით, 2027 წელს დასაწყები სატესტო ერთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, 2028 წელს, ევროს ფიზიკური ფორმის კუპიურები ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ორი სხვადასხვა საკითხია ერთმანეთთან არეული - ევროკავშირის რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ციფრული ევრო. ვიდეოს გამავრცელებელი და ვიდეოში მოსაუბრე პირი ამ ორ საკითხს ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ ასხვავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან გარკვეულწილად კავშირშია, ისინი ერთმანეთის იდენტური არაა და ერთსა და იმავე მიზანს არ ემსახურება. შესაბამისად მათი ცალ-ცალკე განხილვა ბევრად უფრო მართებულია.

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2024 წლის 31 მაისის რეგულაცია (EU) 2024/1624 ფინანსური სისტემის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების პრევენციის შესახებ, ან უფრო მოკლე ფორმით, ევროკავშირის რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ, მრავლისმომცველი საკანონმდებლო დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის ერთიანი ბაზრისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებში ერთიანი წესების შექმნისთვისაა გამიზნული. ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ამ რეგულაციის ერთ კონკრეტულ ასპექტზე ფოკუსირდება: ნაღდი ფულით გადახდების განხორციელება ევროკავშირში. ამ მიმართულებით, რეგულაცია აწესებს საერთო ლიმიტს: ნაღდი ფულით გადახდები 10,000 ევროს ზემოთ, კომერციული ურთიერთობების კონტექსტში, აკრძალული იქნება. ევროკავშირის მომხმარებლების ცენტრის გერმანული ოფისის ინფორმაციით (არქივი), შეზღუდვა არ შეეხება ტრანზაქციებს კერძო პირებს შორის, რომლებიც კომერციულ საქმიანობაში ჩართულნი არ არიან, ხოლო ევროკავშირის ის წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი სახის უფრო დაბალი ლიმიტი ნაღდი ფულის მიმოცვლაზე, თავიანთი არსებული წესების შენარჩუნებას შეძლებენ. რეგულაცია ძალაში 2027 წლის 10 ივლისს შევა.

რაც შეეხება ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ევროს ინიციატივას, ბანკის ვებსაიტის "ხშირად დასმული შეკითხვების" სექციიდან ირკვევა, რომ 2027 წლის მეორე ნახევარში იგეგმება ციფრული ევროს საპილოტე პროექტის გაშვება, რომელიც 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რეალურ სიტუაციებში დატესტავს ციფრული ევროს გამოყენებას, რაც შემდგომ გამოყენებული იქნება სერვისის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.

იმავე სექციაში პირდაპირაა დასმული ჩვენი განხილვისთვის რელევანტური შეკითხვა: ჩაანაცვლებს თუ არა ციფრული ევრო ნაღდ ფულს? ევროპის ცენტრალური ბანკის პასუხი ამ საკითხზე არის - არა (არქივი). ვრცელ განმარტებაში ნათქვამია, რომ ციფრული ევრო ამავე ვალუტის ფიზიკური ფორმის კუპიურებთან ერთად იქნება მიმოქცევაში და ნაღდი ფულის ფუნქციების არა ჩანაცვლებას, არამედ შევსებას ისახავს მიზნად. ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ ევროს ფიზიკური კუპიურების მიმდინარე დიზაინის ცვლილება, რომელიც დამატებით უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს, აჩვენებს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიზანია ნაღდ ფულს მომავალი ჰქონდეს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული გია ჯაფარიძის და გიორგი ბოტკოველის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა არ დასტურდება
დეკ 23, 2025
არის, თუ - არა აცეტამინოფენი უსაფრთხო ორსულობის დროს? — მითები და მეცნიერება
არის, თუ - არა აცეტამინოფენი უსაფრთხო ორსულობის დროს? — მითები და მეცნიერება
სექ 29, 2025
რა ვიცით აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის?
რა ვიცით აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის?
აპრ 28, 2025
დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეკ 12, 2024
დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს
დეზინფორმაცია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის წერილობითი განცხადება არ არსებობს და „ოპოზიციურმა მედიებმა“ გამოიგონეს
აგვ 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.