Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბი ინფორმაცია ჰოლოდომორის შესახებ

ყალბი ინფორმაცია ჰოლოდომორის შესახებ

ივნისს 4, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ისტორია


სოციალურ მედიაში პერიოდულად ვრცელდება მტკიცება, თითქოს 1932-1933 წლებში უკრაინაში მომხდარი ჰოლოდომორი ჩვეულებრივი, ბუნებრივი შიმშილობა იყო და დღემდე არ არის დადგენილი, ხელოვნურად იყო თუ არა გამოწვეული და რა როლი ჰქონდა სტალინს და საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას. ამავე ნარატივის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის შიმშილი ევროპასა და ამერიკაშიც არსებობდა, უბრალოდ მასზე ნაკლებად საუბრობდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი იძულებული იყო უკრაინული ხორბალი დასავლეთში გაეტანა, რადგან ევროპულ ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება უწევდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

დღეს მეცნიერულ წრეებში პრაქტიკულად არსებობს კონსენსუსი, რომ ჰოლოდომორი ბუნებრივი მიზეზებით არ მომხდარა და ის საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გამოიწვია.

1932-1933 წლებში უკრაინაში სტალინის იძულებითი კოლექტივიზაციის პოლიტიკა ხორციელდებოდა, რომლის მიხედვით გლეხებს სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ მარცვლეული განსაზღვრული კვოტების მიხედვით, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი და არარეალური იყო. მაგალითად, 1930 და 1931 წელს მოსავალი 23.2 და 16.8 მლნტ ტონას შეადგენდა, ამოსაღები რაოდენობა კი თითქმის არ შეცვლილა (7.7 მლნ და 7.3 მლნ ტონა), ხოლო 1932 წელს მოსავალი 9.1 მლნ ტონამდე შემცირდა, ამოსაღები რაოდენობა კი 4.2 მლნ ტონით განისაზღვრა. როდესაც უკრაინულმა სოფლებმა ამ მოთხოვნების შესრულება ვერ შეძლეს, ხელისუფლებამ მათგან საკვების იძულებით ამოღება დაიწყო. კვლევებით ცნობილია, რომ კონფისკაციას ექვემდებარებოდა არა მხოლოდ მარცვლეული, არამედ კარტოფილი, თესლი, სხვა აგრარული პროდუქცია და ასევე პირუტყვი. ცალკე აღსანიშნავია, რომ კრიზისის დაწყებიდან მალევე საბჭოთა ხელისუფლებამ შეზღუდა უკრაინელი გლეხების გადაადგილება უკრაინიდან სხვა რეგიონებში, რის გამოც შიმშილით დაზარალებულ მოსახლეობას სხვაგან გადასვლის და საკვების მოძიების საშუალება მოუსპო. ყოველივე ამან კი გამოიწვია ისტორიული მასშტაბის ტრაგედია, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი შეეწირა.

სწორედ ეს გარემოებები განასხვავებს ჰოლოდომორს ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო კრიზისისგან. ამერიკის კონგრესის მიერ შექმნილმა „უკრაინის შიმშილის კომისიამ“ დაასკვნა, რომ შიმშილი არ ყოფილა გვალვის ან სხვა ბუნებრივი ფაქტორების შედეგი. ჰოლოდომორის მსხვერპლთა მოგონებები კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ჰოლოდომორი მხოლოდ ცუდი მოსავლით და ბუნებრივი კატასტროფით არ იყო გამოწვეული. ერთ-ერთი მომსწრე, ანა სლობოდიანი, იხსენებდა, რომ მათ სოფელში „ყოველ დღე ორი-სამი ადამიანი შიმშილით კვდებოდა“, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მოსახლეობას მთელი საკვები ჩამოართვა. სხვა გადარჩენილი, კლავდია სემიანოვი, ამბობდა, რომ საბჭოთა აქტივისტებმა მის ოჯახს „ბოლო მარცვლამდე“ წაართვეს საკვები. ათასობით მსგავსი ჩვენება დაცულია სხვადასხვა არქივში, მათ შორის, აშშ-ის კონგრესის კომისიის, კანადის უკრაინული კვლევითი ცენტრისა და ჰოლოდომორის ეროვნული მუზეუმის კოლექციებში. აქცე აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედია ბრიტანიკაშიც ჰოლოდომორი აღწერილია, როგორც „ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი.“

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება არგუმენტიც, რომ იმავე პერიოდში ევროპასა და ამერიკაშიც იყო შიმშილის ფაქტები და ამიტომ უკრაინის შემთხვევა გამორჩეული არ არის. 1930-იანი წლების დიდი დეპრესია დასავლეთის ქვეყნებისთვის ნამდვილად მძიმე ეკონომიკურ კრიზისს წარმოადგენდა, რომლის დროს უმუშევრობა რეკორდულ ნიშნულზე ავიდა, მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა და ბევრ ოჯახს საკვების შეძენაც გაუჭირდა. თუმცა, ეკონომიკური გაჭირვება და სახელმწიფო პოლიტიკით გამოწვეული და გაღრმავებული ჰოლოდომორის მსგავსი შიმშილი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენებია. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროპის ქვეყნებში ხელისუფლება მოსახლეობას ძალით არ ართმევდა საკვებს იმ დროს, როდესაც ადამიანები შიმშილობდნენ. ასევე, არავინ უზღუდავდა მოქალაქეებს გადაადგილებას და უკეთესი პირობების ძებნის მიზნით სხვაგან გადასახლებას.

ჰოლოდომორის შესახებ მცდარი ნარატივის კიდევ ერთი მიმართულება ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირს უკრაინული ხორბლის ექსპორტი ევროპამ აიძულა. ისტორიული დოკუმენტები ადასტურებს, რომ შიმშილის დროს საბჭოთა კავშირი მართლაც აგრძელებდა მარცვლეულის ექსპორტს. ისტორიკოსების, რობერტ დეივისისა და სტივენ უიტკროფტის კვლევების მიხედვით, 1932-1933 წლებში, როდესაც უკრაინაში მილიონობით ადამიანი შიმშილობდა, საბჭოთა კავშირმა ექსპორტზე დაახლოებით 1.6 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა. თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირს შიმშილის გაგრძელებას აიძულებდა. სხვა კვლევების მიხედვით, მარცვლეულის ექსპორტის მთავარი მიზანი უცხოური ვალუტის მოპოვება იყო. სტალინის ინდუსტრიალიზაციის პროგრამა დასავლეთიდან ტექნოლოგიების და დანადგარების შეძენას მოითხოვდა, რაც მხოლოდ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით შეიძლება დაფინანსებულიყო. შესაბამისად, ექსპორტის გაგრძელება სტალინის ხელისუფლების ეკონომიკური და პოლიტიკური არჩევანი იყო და არა დასავლეთის მიერ თავს მოხვეული აუცილებლობა.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებას სხვა ალტერნატივებიც ჰქონდა. მას შეეძლო კვოტების შემცირება, სახელმწიფო მარაგების გამოყოფა ან ექსპორტის დროებითი შეჩერება. ამის ნაცვლად კი საბჭოთა რეჟიმმა მოსახლეობიდან მარცვლეულის ძალით ამოღება და ექსპორტი გააგრძელა მაშინაც, როდესაც შიმშილის კატასტროფული მასშტაბები ყველასთვის ცნობილი გახდა.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო ვრცელდება
დეკ 09, 2024
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი
შალვა პაპუაშვილი: ევროპულ საბჭოზე საქართველოზე განცხადება ჩავარდა და დანიამ ერთპიროვნულად გამოაქვეყნა ტექსტი
დეკ 19, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 31, 2024
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
დეზინფორმაცია: მილა იოვოვიჩმა უკრაინელი დიასახლისი სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან რუსულად საუბარზე უარი განაცხადა
ნოე 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.