Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში აივ ინფექციის წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში აივ ინფექციის წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ოქტომბერს 1, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ჯანდაცვა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა გადამდგარი ამერიკელი გენერლის და დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ აივ ინფექცია აშშ-ის მთავრობამ შექმნა.

ღია წყაროებში საკითხის მოკვლევა აჩვენებს, რომ მეცნიერების შეფასებისთ აივ ინფექცია ადამიანებში მეოცე საუკუნის დასაწყისში, აფრიკაში გამოჩნდა.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ასახავს გადამდგარ ამერიკელ გენერალ-ლეიტენტანტს და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ფლინს, რომელიც ამტკიცებს, რომ აივ ინფექციის სიღრმისეული შესწავლა აჩვენებს, რომ ის აშშ-ის მთავრობამ შექმნა (დაარქივებული ბმული). ამას შემდგომ მოჰყვება დამატებით მტკიცება, რომ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტმა AZT-მ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მაიკლ ფლინი

პირველი რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მაიკ ფლინმა დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ მან აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მისი საუბრის შესახებ აშშ-ში რუსეთის მაშინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან.

ფლინმა თავდაპირველად დამალა, რომ მან აშშ-ის მოსალოდნელი სანქციები რუსეთის ელჩთან განიხილა, აშშ-ის შესაბამის თანამდებობის პირებთან შეთანხმების გარეშე, თუმცა შემდგომ თავისი გადადგომის წერილში დაადასტურა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ფლინის გადაცდომის შემდგომი გამოძიების შედეგად, მან ასევე აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ელჩთან მისი საუბრების შესახებ.

ოპერაცია "დენვერი"

მტკიცება, რომ აივ ინფექცია, რომელიც შიდსს იწვევს, აშშ-ის მთავრობამ შექმნა ცივი ომის პერიოდიდან მომდინარეობს და სსრკ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) საინფორმაციო ოპერაციას წარმოადგენს აშშ-ის წინააღმდეგ.

KGB-ს მიერ ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახურისთვის 1987 წელს გაგზავნილი საინფორმაციო მემორანდუმიდან (ინფორმაცია No. 2742) ირკვევა, რომ ოპერაცია "დენვერი" სსრკ-ის KGB-მ გერმანელ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახური, შტაზი) და ჩეხ კოლეგებთან ერთად განახორციელა, რაც გულისხმობდა საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გავრცელებას, რომ აივ ინფექცია პენტაგონის მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. წერილში KGB წარმატებული გავრცელების კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს, როგორებიცაა ბრიტანული Sunday Express და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორის მიერ შექმნილი სტატიები და ბროშურები.

ვიდეოში მაიკლ ფლინი სწორედ ზემოთ აღწერილ დეზინფორმაციულ ნარატივს იმეორებს.

აივ ინფექციის სათავეები

სამეცნიერო კვლევების მიხედვით, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, შიდსი, გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ორი სახეობით, აივ-1 და აივ-2. ორივე წარმოშობილია მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსის მრავალჯერადი ნახტომით პრიმატთა ერთი სახეობიდან მეორეზე, რამაც საბოლოო ადამიანებამდეც მოაღწია.

მეცნიერების მიხედვით, მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსით პრიმატების აფრიკული სახეობები ბუნებრივად ავადდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გადადებების ძირითადმა ნაწილმა ადამიანებში მხოლოდ მცირე გავრცელება ჰპოვა, ერთ-ერთმა გადადებამ, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ კამერუნში მცხოვრები შიმპანზეებიდან ადამიანზე მოხდა, წარმოშვა აივ-1-ის M (მთავარი) ჯგუფი, რომელიც შიდსის პანდემიის სათავედ მიიჩნევა. შიდსი ახალ დაავადებად პირველად 1981 წელს დაარეგისტრირეს.

სამეცნიერო ჟურნალ Nature-ის მიხედვით, შიდსი ცენტრალურ აფრიკაში სავარაუდოდ ბევრად უფრო ადრე ცირკულირებდა, ვიდრე ის პირველად დაფიქსირდებოდა დასავლურ სამყაროში, 1980-იანი წლების დასაწყისში.

აივ-1-ის გავრცელების ყველაზე ადრეული დადასტურებული შემთხვევა 1959 წლით თარიღდება, ამჟამინდელი კინშასას, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუმცა Nature ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო თანამედროვე მოლეკულური კვლევები და მოდელირებები მიუთითებენ, რომ აივ-1 აფრიკაში სავარაუდოდ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ფარულად ცირკულირებდა და ურბანიზაციის კვალდაკვალ მისი გავრცელებაც ბევრად უფრო გაიზარდა.

შიდსის სამკურნალო პრეპარატი AZT

AZT შიდსის გავრცელების შემანელებელი მედიკამენტია, რომელიც პირველი იყო იმ მედიკამენტებს შორის, რომელსაც 1987 წელს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration, FDA) ავტორიზაცია მისცა.

საინფორმაციო პორტალ AIDS Truth-ის მიხედვით, რომელიც ექიმების მიერ მოხალისეობრივად შექმნილი პორტალია შიდსის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, არაერთი კვლევით დასტურდება, რომ AZT პაციენტების სიცოცხლეს ახანგრძლივებდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 80-იან წლებში, როცა AZT როგორც მონოთერაპია გამოიყენებოდა, იგი შედარებით უფრო ნაკლებ ეფექტური იყო და თანამედროვე მედიცინის სტანდარტებით ხშირად საჭიროზე უფრო მაღალი დოზით იყო გამოწერილი, რაც გვერდით ეფექტებს ახშირებდა. ასევე მითითებულია, რომ პაციენტებში ხშირი იყო AZT-ის მიმართ რეზისტენტულობის განვითარების შემთხვევები, რაც სავარაუდოდ თერაპიის ზედმეტად ადრე დაწყებას უკავშირდებოდა, რასაც ასევე ადასტურებს ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოების (ACS) გამოქვეყნებული ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, სტატიის მიხედვით კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პაციენტთა უმრავლესობამ AZT-ის მიღებით სარგებელი მიიღო და არა ზიანი.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში პრაიდის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში პრაიდის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
ივლ 08, 2026
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა
თემურ ცამციშვილი: 2012 წლიდან 2025 წლამდე, 117 ათასით შემცირდა იმერეთის მოსახლეობა
ივნ 16, 2025
სოციალურ ქსელში გურამ არუთინაშვილის შესახებ რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება
სოციალურ ქსელში გურამ არუთინაშვილის შესახებ რედაქტირებული საინფორმაციო ბარათი ვრცელდება
სექ 15, 2025
დეზინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ამ ლიბერალებს მილიონი ლარი ჩაურიცხა
დეზინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტმა ამ ლიბერალებს მილიონი ლარი ჩაურიცხა
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ყალბი ფოტო ვრცელდება
მაი 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.