უკრაინელი დაჭრილი სამხედროებისთვის ორგანოების ამოცლისა და გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ვრცელდება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაციის ამსახველი ვიდეომასალა (ბმული 1; ბმული 2), რომელიც შეიცავს მტკიცებას, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომში უკრაინული მხარე მობილიზებულ სამხედროებს ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობის ხელშესაწყობად იყენებს (არქივირებული ბმული 1, 2). მტკიცება გაგრძელებაა მანამდე არაერთხელ გავრცელებული ცნობისა, თითქოს სამედიცინო დაწესებულებებში შეყვანილი მძიმედ დაჭრილი, თუმცა გადარჩენილი სამხედროების მკვდრად გამოცხადება ხდება შემდგომში მათი ორგანოების შავ ბაზარზე გასაყიდად. “ორგანოების გაცხოველებული ვაჭრობა მიდის თურმე ევროპაში, როგორც ადრე სტამბულის ბაზარზე ადამინებით მიდიოდა ვაჭრობა და აქედანაც ეზიდებოდნენ!” - ვკითხულობთ ერთი პოსტის აღწერაში. “თან როგორ ბღავიან განწირული ეტყობა გრძნობენ, რომ ორგანოებისთვის მიყავთ! თუ რახდება ესე აშინებთ ომში წაყვანა!” - წერია მეორე პოსტში.
აღნიშნულ მტკიცებას რუსული პროპაგანდა დიდი ხანია მტკიცებულებების გარეშე ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ამ ბრალდების ფართოდ გავრცელება უკავშირდება. „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ზახაროვა წერს (არქივირებული ბმული), რომ პრობლემა 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, ხოლო 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და დონბასის კონფლიქტმა ვითარების გაუარესებას ხელი შეუწყო. მისივე თქმით, 2014 წელს ეუთომ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონებში მასობრივ საფლავებში შინაგანი ორგანოებამოცლილი ცხედრები იპოვეს და, სავარაუდოდ, ისინი ორგანოების შავი ბაზრისთვის მოქმედი ტრანსპლანტაციის სპეციალისტების მსხვერპლი იყვნენ.
სინამდვილეში, ეუთომ აღნიშნულ მტკიცებებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა (არქივირებული ბმული). დეზინფორმაცია ტელეეთერში გავრცელებულ სიუჟეტს უკავშირდებოდა. სიუჟეტში ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა და კოორდინატორმა მადინა ჯარბუსინოვამ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშზე ისაუბრა, რომელშიც უკრაინაში ორგანოების შესაძლო უკანონო ვაჭრობაზე იყო საუბარი. მისი განცხადებები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჯარბუსინოვამ უკრაინაში ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ საკითხის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოძიება იყო საჭირო.
ეუთომ ეს ინტერპრეტაცია პირდაპირ უარყო და განაცხადა: „ეუთოს არ აქვს არანაირი მტკიცებულება აღმოსავლეთ უკრაინაში ადამიანის ორგანოების შესაძლო ამოღების შესახებ.“ ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში ორგანოების უკანონო ტრანსპლანტაციის ფაქტს არ ადასტურებდა და რომ უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აღმოუჩენია.
ზახაროვას სტატიაში კიდევ ერთი მცდარი მტკიცებაა. მისი თქმით, 2021 წლის 16 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი №5831, რომელიც ადამიანის ანატომიური მასალის გადაცემას არეგულირებს და რომლის მიხედვითაც ცოცხალი დონორის ან მისი ნათესავების წერილობითი თანხმობის ნოტარიულად დამოწმება ორგანოების დონაციისთვის აღარ იყო საჭირო (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში, 2021 წლის კანონმდებლობის მიზანი განსხვავებული იყო. უკრაინის პარლამენტმა შექმნა სახელმწიფო ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლოთ გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონაციაზე თანხმობის ან უარის რეგისტრაცია. კანონი სამედიცინო დაწესებულებებს თანხმობის გარეშე ორგანოების ამოღების უფლებას არ ანიჭებს.
შემდგომში უკრაინამ სამხედრო მოსამსახურეებისგან ორგანოების ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვებიც შემოიღო. კერძოდ, კანონმდებლობა კრძალავს ორგანოების ტრანსპლანტაციას იმ პირებისგან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა საკუთარ ვებგვერდზე ცალკე განყოფილებაც მიუძღვნა ადამიანის ორგანოების სავარაუდო უკანონო ამოღებისა და გაყიდვის შესახებ გავრცელებული მტკიცებების გამოვლენას, უარყოფასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას (არქივირებული ბმული).
ამრიგად, არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ უკრაინელი სამედიცინო პერსონალი დაჭრილ სამხედროებს სისტემატურად აცხადებს გარდაცვლილად მათი ორგანოების ამოსაღებად და გასაყიდად. არც ეუთოს და არც სანდო საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებსა თუ მედიას მსგავსი სქემის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გამოუვლენიათ.
აღნიშნული გზავნილი თავდაპირველად რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ის რუსულმა, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ, გაიმეორა. რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, დღემდე იმეორებენ ამ მტკიცებებს და მცდარად მიუთითებენ, თითქოს ისინი ეუთომ დაადასტურა. სინამდვილეში, ეუთომ პირდაპირ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანოების ამოღების ან ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შესახებ მტკიცებულებები არ ჰქონდა.
მსგავსი ბრალდებების გამოყენება ახალი არ არის. ანალოგიური ნარატივი წარსულშიც ვრცელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთთან დაკავშირებული და პრორუსული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ მტკიცებას, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მეუღლე და საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ქართველი სამხედროების ორგანოების ამოღებისა და მათი გაყიდვის სქემაში მონაწილეობდა (არქივირებული ბმული).
მსგავსი გზავნილის განმეორება მიუთითებს პროპაგანდის უფრო ფართო ტექნიკაზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული ქვეყნები სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში და მათი ორგანოების ამოღება-გაყიდვაში მონაწილეობაში არიან დადანაშაულებული.