ყალბია ინფორმაცია, თითქოს 1989 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის უკან აშშ იდგა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი მტკიცება, თითქოს აშშ-ის სპეცსამსახურები იდგნენ 1989 წელს რკინიგზის ჩაკეტვის უკან (არქივირებული ბმული).
სინამდვილეში 1989 წელს სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვა არ იყო კავშირში არც გეოპოლიტიკურ განვითარებებთან და არც საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან, მიუხედავად იმისა, რომ პიკეტირება კავშირში იყო საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტივობებთან საბჭოთა საქართველოს ხელძღვანელობის და კრემლის წინააღმდეგ. თავად ის ფაქტი, რომ ბლოკადა საბჭოთა კავშირის სავაჭრო და სატრანსპორტო სისტემას აზიანებდა, უცხო სახელმწიფოს მიერ მის ორგანიზებას არ ამტკიცებს. თავის მხრივ, კი, მტკიცება, რომ სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვა აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ იგეგმებოდა არ დასტურდება.
ზვიად ძიძიგური, რომელიც იმ პერიოდში სამტრედიაში “წმინდა ილია მართლის საზოგადოების” ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და აქციაში მონაწილეობდა, იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლში “საქართველოს დაბადება” ბლოკადას ეროვნული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ზეწოლის ღონისძიებად აღწერდა (არქივი). იმ პროცესების მონაწილის და ერთ-ერთი ორგანიზატორის მოგონება მნიშვნელოვანი ზეპირი წყაროა, და ის ემთხვევა იმ პერიოდში გავრცელებულ მასალებს (არქივი).
სამტრედიის სარკინიგზო კვანძი 1990 წლის 26 ივლისს გადაიკეტა, ხოლო პიკეტირება 1 აგვისტოს დასრულდა. აქციის ორგანიზატორები საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისგან მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვდნენ.
იმ პერიოდში საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული სტრატეგიები არსებობდა. ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერდა საქართველოს სსრ-ის ოფიციალურ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ხელისუფლება მრავალპარტიულ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს შექმნიდა. ეროვნული მოძრაობის სხვა ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა და ალტერნატიული ეროვნული კონგრესის არჩევას ემხრობოდა.
1990 წლის მარტისთვის თავდაპირველად დაგეგმილი არჩევნები საბჭოთა საარჩევნო წესებით უნდა ჩატარებულიყო. ეროვნული მოძრაობის პროტესტმა, გაფიცვებმა და პიკეტირებამ საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიერა. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო სამტრედიის სარკინიგზო კვანძის ბლოკადა.
სამტრედია საქართველოსთვის მაშინ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი იყო. რკინიგზის გაჩერებამ შეაფერხა როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მიმოსვლა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. ამიტომ “მრგვალი მაგიდის” მიერ რკინიგზის ბლოკადა საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ძლიერი საშუალება გახდა. აღსანიშნავია, რომ მანამდეც 1988 და 1989 წლებში საქართველოს რკინიგზის სამტრედიის კვანძი ორჯერ გადაიკეტა ოპოზიციურად განწყობილი ეროვნულ-გამათავისუფლებელი ძალების მიერ. ორივე შემთხვევაში ამოცანა იყო, რომ მოსკოვს შეეცვალა პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე. კერძოდ, 1988 წელს რკინიგზის გადაკეტვის შემდეგ საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ შეცვალა გადაწყვეტილება, რომ 30-მდე წვევამდელი ახალგაზრდა გაეგზავნა საბჭოთა ჯარში. 1990 წლის პიკეტირებას კი ჰქონდა პოლიტიკური მიზანი - კერძოდ, ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც დაუშვებდა პროპორციულ მრავალპარტიულ არჩევნებს.
1990 წლის ივლისის ბოლოს გამოცემა „კომერსანტი“ იუწყებოდა (არქივი), რომ გაფიცვები და რკინიგზის ბლოკადა მას შემდეგ დასრულდა, რაც საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელებმა გივი გუმბარიძემ და ნოდარ ჭითანავამ აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები გამართეს და მათი მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი დააკმაყოფილეს. 1 აგვისტოს პრესაში გამოქვეყნდა მრავალპარტიული არჩევნების შესახებ კანონპროექტი და მისი ალტერნატიული ვარიანტები. ამ ეპიზოდს მაშინ მსოფლიოს პრესაც აშუქებდა.
საბოლოოდ, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) სისტემით ჩატარდა (არქივი). ეს საბჭოთა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო. ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხმების 53.99% და პროპორციული წესით 81 მანდატი მოიპოვა. მთლიანობაში ბლოკმა უზენაეს საბჭოში უმრავლესობა მიიღო. არც ერთი საჯარო სანდო წყაროთი არ დასტურდება, რომ რკინიგზის გადაკეტვის უკან ამერიკის სადაზვერვო სამსახური იდგა.