ნიკა გვარამიას აფხაზეთთან დაკავშირებული ინტერვიუ მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, არქივირებული ბმული), თითქოს “კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ტვ ფორმულაზე ირაკლი კიკნაველიძესთან ინტერვიუში სომხეთის მიერ ყარაბაღთან დაკავშირებული ისტორიული მეხსიერების გადაფასებას დადებით მაგალითად ასახელებს და ამავე ლოგიკას საქართველოზეც ავრცელებს. გავრცელებული პოსტები ამტკიცებს, რომ გვარამიამ აღნიშნულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველებმა აფხაზეთთან დაკავშირებული „ეროვნული ტრავმაც“ უნდა მოიშორონ და ზოგადად აფხაზეთი დათმონ.
ინტერვიუს სრული კონტექსტი გვარამიას მხრიდან მსგავსი მტკიცების გაჟღერებას არ ადასტურებს. პირიქით, ნიკა გვარამია თავადვე საგანგებოდ განმარტავს, რომ ყარაბაღსა და აფხაზეთს ტერიტორიულ-სამართლებრივი თვალსაზრისით ერთმანეთს არ ადარებს და სომხეთის მაგალითზე მხოლოდ ტრავმული მეხსიერების პოლიტიკურ გავლენაზე საუბრობს. მოგვიანებით გვარამია პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთის დაკარგვა ეროვნული მეხსიერებიდან რეალურად ტერიტორიის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა და საქართველოს ამოცანად აფხაზეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში დაბრუნებას ასახელებს.
ინტერვიუს ეს მონაკვეთი გვარამიას პირადი გამოცდილებით იწყება. ის სოხუმიდან დევნილობაზე, ომზე, მოკლულ მეზობლებზე და აფხაზეთის ომის დროს მიღებულ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობს. სწორედ ამ კონტექსტში ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ წლების განმავლობაში სამართლიან ბრაზს, ისტორიულ პრეტენზიებსა და მძიმე ტრავმას ეფუძნებოდა. შემდეგ ერთმანეთისგან არჩევს „ისტორიულ მეხსიერებას“ და „ტრავმულ მეხსიერებას“: პირველი, მისი თქმით, ერისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე შეიძლება „ღუზასავით“ მუშაობდეს, საზოგადოებას წინსვლაში უშლიდეს ხელს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ზღუდავდეს (მე-5 წუთიდან).
სწორედ ამის შემდეგ გადადის გვარამია სომხეთის მაგალითზე და ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკაზე (მე-7 წუთიდან). მისი შეფასებით, ფაშინიანმა შეძლო იმ ისტორიული ტრავმებისა და წარმოდგენების პოლიტიკური გავლენის შესუსტება, რომლებიც სომხეთს, გვარამიას აზრით, რუსეთზე დამოკიდებულებასა და მეზობლებთან კონფლიქტში ტოვებდა. გვარამია მაგალითად ასახელებს არარატის სიმბოლოს მიმართ დამოკიდებულებას და შემდეგ ყარაბაღსაც ეხება. მისი ლოგიკით, ისტორიული კავშირი კონკრეტულ ტერიტორიასთან ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თანამედროვე სახელმწიფომ ტერიტორიული პრეტენზია უნდა შეინარჩუნოს.
სწორედ აქ ახსენებს ის აფხაზეთს, თუმცა სწორედ ამავე მონაკვეთში გვარამია პირდაპირ აფრთხილებს მსმენელს, რომ პარალელი არასწორად არ გაიგონ (10:47 წუთიდან):
„აფხაზეთთან და ამასთან პარალელი არ გამიგოს ვინმემ არასწორად [...] ტრავმის ნაწილზე ვლაპარაკობთ“, — ამბობს ის და მაშინვე ამატებს, რომ „აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით“, ხოლო ყარაბაღი საერთაშორისო სამართლის მიხედვით სომხეთის ტერიტორიად არ ყოფილა აღიარებული.
ეს განმარტება არსებითად ცვლის გავრცელებული ფრაგმენტის შინაარსს. გვარამიას მიერ გავლებული პარალელი ეხება საზოგადოებრივი ტრავმის ფუნქციას და არა აფხაზეთისა და ყარაბაღის სტატუსს. მეტიც, სტატუსთან დაკავშირებით პარალელს ის თავადვე გამორიცხავს.
ინტერვიუს შემდგომი ნაწილი კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს, რომ გვარამიას თეზისი აფხაზეთის „დავიწყება“ ან მით უმეტეს, მისი რუსეთისთვის დათმობა არ არის.
მისი აზრით, საქართველოს პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტრავმა "ქართულმა ოცნებამ" „ომის შიშში“ გადაიყვანა. შესაბამისად, დღეს "ქართული ოცნება" საზოგადოებას მუდმივად აყენებს არჩევანის წინაშე (15:20 წუთიდან): ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ომი, ან მშვიდობა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. გვარამიას თქმით, ქართველთა უმრავლესობას აფხაზეთის დაბრუნება სურს, მაგრამ ომი არ სურს. ამიტომ პოლიტიკოსებმა ისეთი გზა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას, რომელიც ამ ორ სურვილს ერთმანეთთან შეუთავსებლად არ წარმოაჩენს.
ამ კონტექსტში ის პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის „ლეგიტიმურ უფლებაში“ ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ სამხედრო გზას არც საზოგადოების სურვილებიდან და არც საქართველოს არსებული რესურსებიდან გამომდინარე რეალისტურ გამოსავლად არ მიიჩნევს.
შემდეგ უკვე გვარამია აყალიბებს საკუთარ ალტერნატიულ ხედვას აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით (მე-20 წუთიდან): საქართველომ უნდა შექმნას ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე, რომელშიც აფხაზებისთვის ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება მათივე ინტერესში იქნება. გვარამია ამას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თავისუფალ მიმოსვლას, ეკონომიკურ განვითარებას, უმცირესობების დაცვის გარანტიებსა და რუსეთის გავლენის შესუსტებას უკავშირებს. მისი თქმით, ურთიერთობის პირველი საფუძველი შესაძლოა საერთოდაც არა ურთიერთსიყვარული, არამედ „ურთიერთსაჭიროება“ და ორმხრივი ეკონომიკური სარგებელი იყოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ მტკიცებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. როცა ინტერვიუში საუბარი მიდის ახალგაზრდა თაობებში აფხაზეთის მიმართ ემოციური კავშირის შესუსტებაზე, გვარამია ამბობს, რომ მხოლოდ ომზე დაფუძნებული ნარატივი ადამიანებს აფიქრებინებს, თითქოს აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა საუბარი რეალურ, მშვიდობიან გაერთიანებაზე (მე-18 წუთიდან).
ამ კონტექსტში გვარამია ამბობს, რომ „თუ მეხსიერებით დავკარგეთ აფხაზეთი, ეგ არის სინამდვილეში ტერიტორიის დაკარგვა, მეხსიერებით დაკარგვა“.
ამდენად, გვარამია არა აფხაზეთთან დაკავშირებული ეროვნული მეხსიერების მოშორებას, არამედ ზუსტად მის შენარჩუნებას მიიჩნევს ამოცანად, მათ შორის, მომავალი თაობებისთვის. ინტერვიუში მოგვიანებით ის ამავე აზრს კიდევ უფრო მკაფიოდ აყალიბებს: „ჩემთვის ამოცანა არის ერთადერთი რამ — ჩემს შვილიშვილს არ დაავიწყდეს აფხაზეთი“.
გვარამიას მსჯელობაში, შესაბამისად, ორი სხვადასხვა ცნება გამოიყენება: ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ტრავმული მეხსიერებისგან პოლიტიკის გათავისუფლება. პირველი მისთვის აუცილებელია; მეორე კი საჭიროა იმისთვის, რომ წარსულის ტრავმამ ქვეყანას მომავლის პოლიტიკის დაგეგმვის უნარი არ დაუკარგოს.
სომხეთის მაგალითს სწორედ მეორე საკითხის საილუსტრაციოდ იყენებს. ფაშინიანის მიმართ მისი დადებითი შეფასება ეხება იმას, რომ, გვარამიას აზრით, სომხეთის პოლიტიკამ შეძლო ისტორიული ტრავმით ნაკარნახევი ზოგიერთი პოლიტიკური არჩევანის გადახედვა და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მანევრის სივრცის გაზრდა.
აფხაზეთთან დაკავშირებით კი გვარამია სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მოცემულობას უსვამს ხაზს: აფხაზეთი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა; მისი დაბრუნება საქართველოს მიზნად რჩება; სამხედრო გზას გვარამია უარყოფს და სანაცვლოდ ევროპული ინტეგრაციის, ეკონომიკური და ინსტიტუციური მიზიდულობის სტრატეგიას გვთავაზობს. ამ სტრატეგიის ფარგლებში ის შესაძლო კომპრომისებზეც საუბრობს, მათ შორის, აფხაზებისთვის უსაფრთხოების და პოლიტიკური სტატუსის გარანტიებზე, თუმცა იმ პირობით, რომ საქართველოს იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე კვლავ გავრცელდება.
ამიტომ მტკიცება, თითქოს გვარამია სომხეთის მიერ ყარაბაღზე უარის თქმას საქართველოსთვის მაგალითად იყენებს და ქართველებს აფხაზეთთან დაკავშირებული ეროვნული მეხსიერების მოშორებისკენ თუ ზოგადად აფხაზეთის დათმობისკენ მოუწოდებს, სიმართლეს არ შეესაბამება.