Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რუსეთის საინფორმაციო ოპერაცია უკრაინასა და საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ

რუსეთის საინფორმაციო ოპერაცია უკრაინასა და საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ

მაისს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ჯანდაცვა

რუსეთის სახელმწიფო უწყებები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები წლებია, რაც საქართველოში არსებულ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს სხვადასხვა საინფორმაციო ოპერაციებით თავს ესხმიან. ერთ-ერთი პირველი მსგავსი ბრალდება რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსმა, გენადი ონიშენკომ გააჟღერა, რომელმაც 2011 წელს საქართველო რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ღორის გრიპის განზრახ გავრცელებაში დაადანაშაულა. ვირუსის გავრცელება კი საქართველოში არსებულ, ამერიკის მიერ დაფინანსებულ, ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა.

მოგვიანებით აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, მუჰამედ კილბამ, ლაბორატორია აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. მისივე ვარაუდით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა, ისევე როგორც ღორის გრიპის შემთხვევების დაფიქსირება, ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.

ბრალდებების მორიგი მასშტაბური ტალღა 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ბრიფინგს უკავშირდება. იგორ გიორგაძე 1995 წელს ქართულმა უფლებადამცველმა უწყებებმა გიორგაძე შევარდნაძეზე თავდასხმაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მან თავი რუსეთს შეაფარა.

2018 წელს მოსკოვში გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში, ადამიანებზე ფარული ექსპერიმენტები ტარდებოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო სამედიცინო ჯგუფის ბიოლოგები და ამერიკელი კერძო კონტრაქტორები შესაძლოა ჩართულნი იყვნენ დანაშაულებში. აღნიშნულ განცხადების შემდეგ რუსული მედია კიდევ უფრო გააქტიურდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. თუმცა, როდესაც BBC News-მა გიორგაძეს მტკიცებულებების მიწოდება სთხოვა, მან განაცხადა, რომ დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნდა. გიორგაძის თქმით, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მას არ ეკუთვნოდა - ანალიზი თავად არ ჩაუტარებია და დასკვნები შეჯამება იყო იმ ინფორმაციებისა, რასაც სხვა წყაროები ავრცელებდნენ. ამასთან , ლუგარის ცენტრში კლინიკური ცდები არასდროს ჩატარებულა, შესაბამისად, „ფარული ექსპერიმენტების“ მსხვერპლიც ვერ დაფიქსირდებოდა. საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის" დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ლუგარის ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების მკურნალობასთან და ცდების ჩატარებასთან, როგორც ამას იგორ გიორგაძე აცხადებს და ეს არც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა.

2018 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევებით იყენებს ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად და გამოსაყენებლად. გენერალმა კირილოვმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები“, რომელთა გამოყენებითაც, იგი ამტკიცებდა, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში მიმდინარეობს უკიდურესად მომწამვლელი და სასიკვდილო ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტის კვლევა“. შემთხვევითი არ არის, რომ კირილოვის განცხადებებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ბიოლაბორატორია წარმოადგენდა რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში აშშ-ის მიერ სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტების შექმნის მაგალითს, სადაც სამხედრო პერსონალი სამედიცინო ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, ექსპერიმენტებს ატარებს საქართველოს მოქალაქეებზე. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემდეგ, „ვალდაის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პუტინმაც განაცხადა, რომ „აღნიშნული კვლევები უკავშირდება გენეტიკის დარგში ბოლოდროინდელ მიღწევებს და ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ისეთი პრეპარატების შემუშავება, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა მათი ეთნიკური კუთვნილების შესაბამისად“.

რუსეთის სახელმწიფო წარმომადგენლების ყალბი განცხადებების პარალელურად, დეზინფორმაციას ბიოლაბორატორიების შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია და მასთან დაახლოებული ჟურნალისტები ავრცელებენ. სწორედ იგორ გიორგაძის 2018 წელს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას, ე.წ. საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება, სათაურით - „პენტაგონის ბიო ომები“. პერიოდულად გაიტანჯიევა უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიების შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორისაა პროექტი GG-21, ჯარისკაცებზე საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარება და საშიში პათოგენების შექმნა. ჟურნალისტს მტკიცებულებებად არაერთი არაავთენტური „დოკუმენტი“ მოჰყავს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაყალბებული დოკუმენტებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, 2020 წელს სამინისტროზე კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული და დამახინჯებული იყო. კიდევ ერთი კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციებს სხვადასხვა პლატფორმაზე ავრცელებს, ჯეფრი სილვერმანია. მისი მთავარი მტკიცება ლუგარის ლაბორატორიებში ადამიანების გარდაცვალებებს და კოვიდის წარმოშობას ეხება. არცერთი მათგანის შესახებ სილვერმანს ფაქტობრივი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

საქართველოში ლუგარის ლაბორიტარიაზე ერთ-ერთი ბოლო საინფორმაციო თავდასხმა 2025 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც რუსულენოვან ვიკილქსზე (Wikileaks.ru) გამოქვეყნდა სტატია "ბიოლაბორატორია ლუგარის ფაილები" (არქივირებული ბმული). სტატიის თანახმად, მათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი მონაცემები მოიპოვეს, რომლებსაც აქვეყნებენ კიდეც და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიში ექსპერიმენტები ტარდება, რომ ლაბორატორია დიპლომატიურ საფარქვეშ პენტაგონის ინტერესებს ემსახურება და მეტიც, რომ 2020 წლის კორონავირუსის პანდემიის აფეთქება იმ ექსპერტიმენტულ სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც საქართველოს ლაბორატორიიდან ვუჰანში გადაიტანეს. სინამდვილეში, აღნიშნულ ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებით არც ერთი ზემოხსენებული ბრალდება არ დასტურდება.

გარდა ამ მასშტაბური თავდასხმებისა, სხვადასხვა დროს პრორუსულ მედიას ლუგარის ცენტრი სხვადასხვა დაავადების მათ შორის, სეზონური გრიპების, ქათმის და ღორის გრიპების, და ისეთი პარაზიტების გავრცელებაშიც დაუდანაშაულებია, როგორიცაა: ფაროსანა.


დეზინფორმაციული ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში არსებული ბიოლაბორატორიები რუსული პროპაგანდის მზარდი სამიზნე გახდა. თუმცა, პირველი დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის და კვლევითი დაწესებულებების შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის შემუშავების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოთა კავშრის მიერ განვითარებული არალეგალური ბიოლოგიური იარაღის პროექტები მემკვიდრეობით უკრაინას ერგო. საშიში პათოგენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2014 წლამდე უკრაინასთან რუსეთიც მჭიდროდ თანამშრომლობდა. პროგრამაში ჩართული იყო რუსეთის კუთვნილი ლაბორატორიებიც. თუმცა ხელისუფლების შეცვლისა და რუსეთ-უკრაინის 2014 წლის ომის შემდეგ, თანამშრომლობა შეწყდა, რუსული დეზინფორმაცია კი გააქტიურდა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში ბიოლაბორატორიების შესახებ ბრალდებები წამოაყენა უკრაინაშიც გენადი ონიშჩენკო აღმოჩნდა. 2015 წელს, ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ოდესაში არსებული ლაბორატორია იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც აშშ რუსეთის ირგვლივ აშენებს. მისი თქმით, უკრაინაში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების გავრცელებისა და ცირკულაციის ზედამხედველობა დიდი ხანია აშშ-ის კონტროლის ქვეშაა.

გარდა რუსი ოფიციალური პირებისა, ლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციას პრორუსული უკრაინელი პოლიტიკოსებიც ავრცელებდნენ. 2020 წელს, პარტიის - Український вибір - პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ვიქტორ მედვედჩუკმა და ამავე პარტიის წევრმა, რენატ კუზმინმა პარტიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებული ლაბორატორიები უკანონო აქტივობებს ახორციელებენ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, სამეცნიერო ცენტრები ჩართული არიან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ინფექციის აფეთქება უკვე მოხდა და საფრთხეა, რომ შემდეგშიც განმეორდება.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისთანავე კრემლმა საინფორმაციო ომიც გააქტიურა და დეზინფორმაციის სამიზნე უკრაინაში არსებული კვლევითი ლაბორატორიები გახდა. 2022 წლის 6 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკრაინაში არსებულ, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ, „სამხედრო-ბიოლოგიურ“ ლაბორატორიებზეა საუბარი. როგორც რუსეთი ირწმუნება, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს აღმოაჩინეს სამხილები, რომ უკრაინამ აღნიშნულ ლაბორატორიებში მიმდინარე პროგრამების კვალი საგანგებო რეჟიმში გააქრო.

მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ განსაკუთრებით საშიში პათოგენების სასწრაფო განადგურება საჭირო იყო, რათა უკრაინისა და აშშ-ის მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის პირველი მუხლის დარღვევის ფაქტები არ გამჟღავნებულიყო.

15 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მომაკვდინებელ საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, აღმოჩენილმა ფაქტებმა აშშ-ის არალეგიტიმური ქმედებების კოლოსალური ფარგლები აჩვენა, რომლის მიზანიც მთელ მსოფლიოში ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების გავრცელებაა.

17 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში გარკვევით ჩანს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები ნამდვილად შეიქმნა. რამდენიმე დღით ადრე მან საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2007 წელს მასშტაბურად გავრცელებული ღორის გრიპი სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში იყო გამოყვანილი.

23 მარტს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ აშშ რუსეთის ირგვლივ, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში ბიოლაბორატორიებს ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლიდან რუსეთს ქიმიური და ბიოლოგიური აღარ აქვს, ხოლო აშშ-ის მიერ საიდუმლოდ მართული ბიოლაბორატორიები საკმაოდ საშიშია.

ლაბორატორიების რეალური საქმიანობა

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.


დეზინფორმაცია #1: უკრაინასა და საქართველოში საიდუმლო ლაბორატორიებია, რომელთა არსებობა ამერიკის სენატშიც აღიარეს

მტკიცება, რომ უკრაინასა და საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიები საიდუმლოდ ფუნქციონირებდა, ყალბია. საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს აშშ-ქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობს“. ანალოგიური ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე 2005 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორისაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები აშენდა. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის განახლდა მრავალი ლაბორატორია და მიიღწა ბიოუსაფრთხოების მე-2 დონე. 2019 წელს ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ორი ლაბორატორია აშენდა - ერთი კიევში, ერთიც - ოდესაში.

დოკუმენტები საიდუმლო არასდროს ყოფილა და ისინი დადების დღიდან საზოგადოებისთვის საჯაროა. როგორც უკვე აღინიშნა, ლაბორატორიები არა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ბიოლაბორატორიების არსებობა აღიარეს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ, ყალბია. აღნიშნული დეზინფორმაცია 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, მოსმენას მოჰყვა, რა დროსაც სენატორმა მარკო რუბიომ დაუსვა კითხვა: „აქვს თუ არა უკრაინას ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი?“

პასუხად ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“, რაც საიდუმლო არასდროს ყოფილა. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები შესაძლოა რუსეთმა თავისი მომავალი ქმედებების - უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, საბაბად გამოიყენოს და ამაში ბრალი უკრაინას დასდოს. ვრცლად ნულანდის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


დეზინფორმაცია #2: უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებს ამერიკელები აკონტროლებენ

უკრაინაში ლაბორატორიები აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მტკიცება, რომ მათ ამერიკელები აკონტროლებენ, ყალბია.

2005 წლიდან შეერთებული შტატები ხელს უწყობს უკრაინის ლაბორატორიების მოდერნიზებას, კვლევების ჩატარებასა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 46 ლაბორატორიისა და სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა მხარს უჭერს არაერთ გაერთიანებულ კვლევით პროექტებს აშშ-სა და უკრაინის მეცნიერებს შორის, ლაბორატორიები სრულად უკრაინის დაქვემდებარებაშია. აღნიშნული პროგრამის ამჟამინდელი აღმასრულებლები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახური, აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თავდაცვის სამინისტრო.

ანალოგიურად, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში. ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ. მათ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება არ აქვთ.


დეზინფორმაცია#3: უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებში საშიშ პათოგენებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან

როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცება, რომ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საშიშ პათოგენებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, ყალბია. რუსეთს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაადასტურებდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდებას აშკარა ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში თავისი „საზარელი ქმედებების“ გასამართლებლად ამგვარ ცრუ საბაბებს იყენებს.

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის პროექტები, რომლებზეც ამჟამად უკრაინელი და ამერიკელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობენ არის შემდეგი:

- „ფრინველის გრიპის ზოგიერთი განსაკუთრებით საშიში პათოგენის გავრცელების რისკების შეფასება, რომელიც უკრაინაში პოტენციურად გადამფრენი ფრინველებით ვრცელდება“

- „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ვირუსისა და ჰანტავირუსების გავრცელების კვლევა უკრაინაში, ისევე როგორც ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტების დიფერენციალური დიაგნოზის პოტენციური საჭიროება"

- "ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის (ASFV) გავრცელება შინაურ ღორებსა და გარეულ ღორებს შორის უკრაინაში - აყალიბებს შესაძლებლობებს, შესწავლილ იქნას, თუ როგორ გადაეცემა აღნიშნული ვირუსი“

- "ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და რეგიონალური რისკის შეფასება: საველე კვლევა"


ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღზე მუშაობისა და კორონავირუსის შექმნის ბრალდებებს საქართველოს სახელისუფლებო უწყებები არაერთხელ გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მიზანმიმართულად გაააქტიურა და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ბოლო წლებში ლუგარის ცენტრში მიმდინარე პროგრამების არასრული ჩამონათვალია:

- საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არადიფერენცირებული მწვავე ფებრილური დაავადებების გამომწვევთა დახასიათება

- ნოროვირუსის (NoV) და ენტოროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირის (ETEC) პრევალენტობის განსაზღვრა აშშ-ს მოქალაქეებში, საქართველოში და ETEC-ის იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტობის განსაზღვრა.

- მწვავე რესპირატორული ინფექციების (ARI) გამომწვევების შესწავლა ქართულ კონტიგენტში.

- აივ ინფიცირების ინციდენტობის შეფასების ზუსტი და პრაქტიკული ბიოლოგიური ინსტრუმენტების განსაზღვრა, საქართველოში ახლად დიაგნოზირებულ 1/2/ აივ შემთხვევებთან მიმართებაში.

- საქართველოში არსებული კოღოების (ინვაზიური კოღოების ჩათვლით), ქვიშის რწყილებისა და ტკიპების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების არეალის დადგენა

უკრაინასა და საქართველოში არსებული ლაბორატორიები კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში - ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს ასრულებდნენენ.


დეზინფორმაცია #4: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისთანავე გაიცა საშიშ პათოგენების განადგურების ბრძანება, რათა უკრაინაში აშშ-ის საიდუმლო საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო

რუსეთმა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლითაც ამტკიცებს, რომ უკრაინამ ბიოლაბორატორიებში არსებული პათოგენები გაანადგურა, რათა მათი საიდუმლო საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო. სინამდვილეში, მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ვერიფიცირება შეუძლებელია, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მტკიცება, რომ ეს დანაშაულის დასაფარად გააკეთეს, ყალბია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) BBC News-ს განუცხადა, რომ მან უკრაინას ურჩია მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები გაენადგურებინა, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში ინახება. აღნიშნულის მიზანია, თავიდან იქნას აცილებული „ნებისმიერი პოტენციური გაჟონვა“, რომელიც მოსახლეობაში დაავადების გავრცელებას გამოიწვევს. ჯანმო-მ ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ბიოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და „პათოგენების შემთხვევითი ან განზრახ გავრცელების“ თავიდან ასაცილებლად თანამშრომლობდა.

ჯანმო-ს არ უთქვამს, თუ როდის იყო გაცემული რეკომენდაცია და შესრულდა თუ არა ის. თუმცა, აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის შეჭრის შემდეგ გასცა ბრძანება "ნიმუშების უსაფრთხო განკარგვის“ შესახებ. აღნიშნული ქმედების მიზანია, თავიდან აიცილონ პათოგენების გავრცელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავს დაესხა ლაბორატორიებს. საფრთხე კი რეალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს და კვლევით დაწესებულებებს.

ამრიგად, რუსეთის უსაფუძვლო მტკიცებები უკრაინულ ლაბორატორიებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ არაფრით დასტურდება. წლების განმავლობაში კრემლი მხოლოდ სიტყვიერი ბრალდებებით და ყალბი დოკუმენტების გავრცელებით შემოიფარგლება. ბიოლაბორატორიების საქმიანობა სრულად თანხვედრაშია ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციებთან. ლაბორატორიებში შენახული პათოგენები უბრალოდ ბაქტერიები და ვირუსებია, რომლებიც მხოლოდ კვლევის ობიექტია და არა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი კომპონენტები.

2022 წლის 18 მარტს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ბრალდებებს აბსურდული (nonsense) უწოდეს. განიარაღების საკითხთა ხელმძღვანელმა, იზუმი ნაკამიცუმ, განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის რაიმე პროგრამა არსებობს.

მტკიცება: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ომამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის ბიოლაბორატორიებს ხელმძღვანელობდა, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული დეზინფორმაცია 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, მოსმენას მოჰყვა, რა დროსაც სენატორმა მარკო რუბიომ დაუსვა კითხვა: „აქვს, თუ - არა უკრაინას ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი?“

პასუხად ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“, რაც საიდუმლო არასდროს ყოფილა. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები შესაძლოა რუსეთმა თავისი მომავალი ქმედებების - უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, საბაბად გამოიყენოს და ამაში ბრალი უკრაინას დასდოს. ვრცლად ნულანდის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


დეზინფორმაცია #5: აშშ-ის მეთაურობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება პათოგენები, დაავადების გამომწვევი ორგანიზმები ადამიანთა დიდი მასების განადგურებისთვის, ერთ-ერთი მათგანი ლუგარის ლაბორატორიაა

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის - ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი შემუშავდა, რომელიც გამჭვირვალობის ერთადერთ ინსტრუმენტად გვევლინება.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა.

მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“,- ვკითხულობთ ანგარიშში. იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.


დეზინფორმაცია #6: ლუგარის ლაბორატორიამ შეიძინა დრონები, რომელთა საშუალებით საქართველოდან ჩეჩნეთში „დესანტი მწერები“ გადაიყვანეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

როგორც უკვე ითქვა, ლუგარის ლაბორატორიის დადანაშაულება სხვადასხვა ტიპის მწერების ინფიცირებაში ახალი არაა. რუსულმა პროპაგანდამ ცენტრი აქამდე H1N1 ვირუსის გავრცელებაში, ზიკას ვირუსით კოღოების დაინფიცირებაში და აზიური ფაროსანას აფხაზეთში და რუსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე შეყვანაში დაადანაშაულა.

დეზინფორმაციის ერთ-ერთ კამპანიაში, აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, მუჰამედ კილბამ, ლაბორატორია აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. მისივე ვარაუდით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა, ისევე როგორც ღორის გრიპის შემთხვევების დაფიქსირება, ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.

რუსული მხარის ბრალდებები ლუგარის შესახებ არ წყდება, მტკიცებულებებს კი, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენენ. აბსურდულია მორიგი ბრალდებაც, რომ ლუგარის ლაბორატორიამ დრონები შეიძინა, რომელთა საშუალებითაც ჩეჩნეთში „დესანტი მწერები“ გადაიყვანა.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას). გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ბოლო წლებში ლუგარის ცენტრში მიმდინარე პროგრამების არასრული ჩამონათვალია:

- საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არადიფერენცირებული მწვავე ფებრილური დაავადებების გამომწვევთა დახასიათება

- ნოროვირუსის (NoV) და ენტოროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირის (ETEC) პრევალენტობის განსაზღვრა აშშ-ს მოქალაქეებში, საქართველოში და ETEC-ის იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტობის განსაზღვრა.

- მწვავე რესპირატორული ინფექციების (ARI) გამომწვევების შესწავლა ქართულ კონტინგენტში.

- აივ ინფიცირების ინციდენტობის შეფასების ზუსტი და პრაქტიკული ბიოლოგიური ინსტრუმენტების განსაზღვრა, საქართველოში ახლად დიაგნოზირებულ 1/2/ აივ შემთხვევებთან მიმართებაში.

- საქართველოში არსებული კოღოების (ინვაზიური კოღოების ჩათვლით), ქვიშის რწყილებისა და ტკიპების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების არეალის დადგენა


დეზინფორმაცია #7: C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატმა საკმაოდ დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია, რასთანაც კავშირში ლუგარის ლაბორატორიაა

ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები საქართველოში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქვეყანამ C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო. უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიებში ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობაზე ექსპერიმენტი ტარდებოდა, რის გამოც ადამიანები იღუპებოდნენ.

სინამდვილეში, ლუგარის ცენტრში რომელიმე მედიკამენტის, მათ შორის, C ჰეპატიტის, კლინიკური ცდები არასდროს ჩატარებულა. საქართველოში ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშემ, ქრისტოფერ დავენპორტმა, განაცხადა, რომ „ლუგარის ცენტრში არასდროს ჩატარებულა კლინიკური ცდები. მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, არის დამტკიცებული „ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის“ მიერ, ისევე როგორც „ევროპული მედიცინის სააგენტოს“ მიერ. ისინი ადამიანებში C ჰეპატიტის ინფექციასთან საბრძოლველად გამოიყენება და მათ არანაირი დამატებითი ტესტირება არ სჭირდება. მათი სერტიფიკატები აღიარებულია, როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს ბაზრების მიერ“.

საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ლუგარის ცენტრს ადამიანების მკურნალობასთან და ცდების ჩატარებასთან, როგორც ამას იგორ გიორგაძე აცხადებს, არაფერი აქვს საერთო.

ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის, აშშ-ის საკვებისა და წამლის კონტროლის (FDA), ასევე ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.

ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დადასტურებულად (SVR ტესტირებით) C ჰეპატიტისგან 53,815 პირი განიკურნა. განკურნების მაჩვენებელი (იმ პირთა შორის, რომელთაც მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმართეს ტესტირებას) 98.9%-ია.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო „ვაქცინამ“ [იგულისხმება, მედიკამენტი] დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია, ყალბია. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა ან არასწორი ინფორმაცია, ასევე გავრცელებული დეზინფორმაცია იყო, რამაც ელიმინაციის პროცესი საგრძნობლად შეაფერხა.


დეზინფორმაცია #8: ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა

2018 წელს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) პრესმდივანმა, იულია მელანომ Российская газета-სთან მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული აზიური ფაროსანა შესაძლოა ლუგარის ლაბორატორიაში ყოფილიყო შექმნილი. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და კრემლის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანიის ნაწილია.

აზიური ფაროსანას, იგივე Halyomorpha halys სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია. თავდაპირველად იგი ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში გავრცელდა. 1996 წლიდან ფაროსანა აშშ-სა და კანადაშიც გამოჩნდა, 2008 წელს შენიშნეს შვეიცარიაში, 2010 წელს კი ახალ ზელანდიაში. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. სავარაუდოდ, მწერი საქართველოში, სოჭისა და აფხაზეთის გავლით დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში აღმოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვანებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.



ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
თებ 17, 2025
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას გადაცემიდან რედაქტირებული ინტერვიუები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას გადაცემიდან რედაქტირებული ინტერვიუები ვრცელდება
სექ 22, 2025
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
იან 22, 2026
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?
შეიძინა, თუ - არა უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობისას მდიდრული სახლები ისრაელში, ეგვიპტეში, კარიბის კუნძულებსა და დუბაიში?
ივლ 07, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ღაზის სექტორში ჩინეთის ჰუმანიტარულ დახმარებას არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ღაზის სექტორში ჩინეთის ჰუმანიტარულ დახმარებას არ ასახავს
აპრ 21, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.