Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორების პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც რომის პაპი იჩოქებს?

რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც რომის პაპი იჩოქებს?

იანვარს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი:

  • სოციალურ ქსელში ვრცელდება რომის პაპის ვიდეოები, რომელშიც ის სხვადასხვა პიროვნების წინაშე იჩოქებს ან ხელზე ემთხვევა;

  • პირველ ვიდეოში 2014 წელს მაისში გამართული ღონისძიებაა ნაჩვენები, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში ჰოლოკოსტს გადარჩენილ ექვს ადამიანს შეხვდა;

  • მეორე ვიდეოში კი პაპი სამხრეთ სუდანის დაპირისპირებული მხარეების ლიდერებს ხვდება და მათ მშვიდობისკენ მოუწოდებს.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება რომის პაპის ვიდეოები, რომელშიც ის სხვადასხვა პიროვნების წინაშე იჩოქებს ან ხელზე ემთხვევა. პირველ ვიდეოზე დართულია რუსულენოვანი წარწერები: „ვის კოცნის ხელზე პაპი?; ვინ არიან ისინი?; მსოფლიოს მბრძანებლები არიან?; დაწერეთ, რას ფიქრობთ მათზე, ვინ იცით, ვინ არიან ისინი?.

მეორე ვიდეოში პაპი რამდენიმე ადამიანის წინაშე იჩოქებს, შემდეგ კადრში კი ხელზე კოცნის რამდენიმე პიროვნებას. ვიდეოს ბოლოს ჩანს ფოტოები, რომელზეც ჰენრი კისინჯერი, დევიდ როკფელერი და ჯორჯ სოროსი ჩანან. გარდა ამისა, ამავე ვიდეოს დასაწყისში დოლარის კუპიურაზე გამოსახული სამკუთხედი ჩანს, რაც ვიდეოს კონსპირაციულ კონტექსტს ანიჭებს, თითქოს რომის პაპი „სამყაროს მმართველებს“ ემორჩილება (1; 2).

კადრი, რომელშიც პაპი ერთ-ერთ ქალბატონს ხელზე კოცნის, ორივე ვიდეოში მეორდება. მეორე ვიდეოში უფრო ვრცელი ვერსია ჩანს. რეალურად, მასზე 2014 წელს მაისში გამართული ღონისძიებაა ნაჩვენები, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე იერუსალიმში მდებარე ჰოლოკოსტის მემორიალურ მუზეუმში, იად ვაშემში ჰოლოკოსტს გადარჩენილ ექვს ადამიანს შეხვდა. მუზეუმი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოკლულ ექვს მილიონ ებრაელის ხსოვნას ეძღვნება.

მუზეუმის ონლაინ ჩანაწერების მიხედვით, პაპი ფრანცისკე იხრება და ხელზე კოცნის ელიზერ გრინფელდს – ერთ-ერთს ექვსი გადარჩენილიდან. ვიდეოს სრულ ვერსიაში ექვსივე პიროვნება ჩანს, გრინფელდის გარდა დანარჩენები არიან – ავრაჰამ ჰარშალომი, ხავა შიკი, ჯოზეფ გოტდენკერი, მოშე ჰა-ელიონი და სონია ტუნიკ-გერონი. ვიდეოში ჩანან ჰა-ელიონი, გოტდენკერი და ჰარშალომი.

ცერემონიის ვიდეოკადრები (15:31-დან), რომელიც მუზეუმის ხსოვნის დარბაზში გაიმართა, ხელმისაწვდომია იად ვაშემის YouTube-არხზე.

აღნიშნული ვიდეო უცხოენოვან სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, სადაც მტკიცებაში ეწერა, რომ ვიდეოში მყოფი მამაკაცები დევიდ როკფელერი, ჯონ როტშილდი და ჰენრი კისინჯერი იყვნენ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები ჩანან. მტკიცება Reuters-მაც გადაამოწმა.

მეორე ვიდეოში რომის პაპი რამდენიმე შავკანიანი მამაკაცის წინაშე იჩოქებს. აღნიშნულ ვიდეოში რომის პაპი ფრანცისკე სამხრეთ სუდანის დაპირისპირებულ ლიდერებს შეხვდა, მათ წინ დაიჩოქა და ფეხზე აკოცა, რითაც მათ მოუწოდა, აღარ დაბრუნებულიყვნენ სამოქალაქო ომში.

2019 წლის 10 და 11 აპრილს რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში „სულიერი შეკრება“ (spiritual retreat) მოაწყო, რომელშიც სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი, სალვა კირი, და მისი პოლიტიკური მეტოქე – მეამბოხე დაჯგუფების ლიდერი, რიეკ მაჩარი მონაწილეობდნენ. ინიციატივის მიზანი 2011 წელს დაარსებულ ახალგაზრდა ქვეყანაში მშვიდობის დამყარება იყო.

სამხრეთ სუდანში ხუთწლიანი სამოქალაქო ომის დასრულების იმედით, კირმა და მაჩარმა რამდენიმე თვეში, სექტემბერში, ადის-აბებაში ერთობლივად მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. სამოქალაქო ომს 380 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოთხი მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, ლტოლვილად გაქცეულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

AFP-ის რეპორტაჟის მიხედვით, პაპმა გამოხატა თავისი „გულწრფელი იმედი, რომ საომარი მოქმედებები საბოლოოდ შეწყდება, ზავი დაცული იქნება, პოლიტიკური და ეთნიკური დაყოფები დაძლეული იქნება, დამყარდება მდგრადი მშვიდობა იმ ყველა მოქალაქის საერთო კეთილდღეობისთვის, რომლებიც ქვეყნის შენებას ოცნებობენ“.

„გთხოვთ, როგორც ძმა, შეინარჩუნოთ მშვიდობა. გულით გთხოვთ, წავიდეთ წინ. მრავალი პრობლემა იქნება, მაგრამ ისინი ვერ დაგვამარცხებენ. მოაგვარეთ თქვენი პრობლემები“, – განაცხადა პაპმა სამხრეთ სუდანის ლიდერების წინაშე, მანამდე კი მათ წინაშე დაიჩოქა.

ამგვარად, გავრცელებული ვიდეოები კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რამაც შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს.

ყველა პოსტის ნახვა

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაჩვენებლები ევროკომისიის 2025 გაფართოების ანგარიშში
ნოე 27, 2025
ტელეკომპანია „იმედი“  ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს
დეკ 26, 2024
სოციალურ ქსელში კანადაში გადაღებული  ვიდეო რედაქტირებული სახით ვრცელდება
სოციალურ ქსელში კანადაში გადაღებული ვიდეო რედაქტირებული სახით ვრცელდება
თებ 18, 2025
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის შესახებ სატირული შინაარსის განცხადება ვრცელდება
ივნ 29, 2024
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის მორიგი ვიდეო ვრცელდება
სექ 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.