Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის ბოლო 4 წელიწადში სხვაობა 11 მლრდ დოლარით გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის ბოლო 4 წელიწადში სხვაობა 11 მლრდ დოლარით გაიზარდა

ნოემბერს 25, 2025 · Verified Facts · Verdict: True

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის ბოლო 4 წელიწადში სხვაობა 11 მლრდ დოლარით გაიზარდა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სიმართლე.

მიმდინარე ფასებში დათვლით, 2020 წელს საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობა 4.5 მლრდ-ს შეადგენდა, 2024 წელს – 15.6 მლრდ-ს ანუ სხვაობა 11.1 მლრდ-ით გაიზარდა.

ნომინალურ ეკონომიკებს შორის თანხობრივ სხვაობაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ დროის გარკვეულ შუალედში რამდენი პროცენტით გაიზარდა ერთი ან მეორე ქვეყნის რეალური მშპ და რამდენი პროცენტით გაიზარდა ამ ორი ქვეყნის რეალურ ეკონომიკებს შორის ფარდობა.

მუდმივ, 2015 წლის ფასებში დათვლით, 2024 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44%-ით იყო გაზრდილი, 2021 წელთან შედარებით – 31%-ით. მოლდოვის ეკონომიკა 2024 წელს, 2020 წელთან შედარებით, 11%-ით იყო გაზრდილი, 2021 წელთან შედარებით კი 3%-ით შემცირებული. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისას 2.1-ჯერ აღმატებოდა, 2021 წელს – 2-ჯერ და 2024 წელს – 2.7-ჯერ.

რიცხობრივი სიზუსტისა და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამ წელიწადში მოლდოვაში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, „ჯეოფაქტსმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

 

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებზე საუბრისას განაცხადა: „გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ 11 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის“.

ირაკლი კობახიძეს, პერიოდი ზუსტად არ დაუკონკრეტებია და არ უთქვამს, რომელი წელი შეადარა 2024-ს, 2020 წელი თუ 2021. „გასული 4 წლის განმავლობაში“ პირდაპირი გაგებით 4 წელი 2021, 2022, 2023 და 2024 უნდა იგულისხმებოდეს ანუ ის, თუ რა შეიცვალა ამ ოთხ წელიწადში და საწყისი პერიოდად 2020 წელი უნდა იქნას მიჩნეული, თუმცა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები როგორც წესი აქცენტს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაზე აკეთებენ და ირაკლი კობახიძემ შედარება შესაძლოა 2021 წელთან გააკეთა. „ჯეოფაქტსმა“ ორივე შემთხვევა გადაამოწმა.

მიმდინარე ფასებში დათვლით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 16 მლრდ დოლარს, ხოლო მოლდოვის ეკონომიკა 11.5 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს, შესაბამისად – 18.9 და 13.7 მლრდ-ს, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 2024 წელს – 33.8-და და 18.2 მლრდ-ს.

გრაფიკი 1: მშპ მიმდინარე ფასებში (მლრდ. აშშ დოლარი)

წყარო: მსოფლიო ბანკი

2020 წელს ორი ქვეყნის ეკონომიკას შორის სხვაობა 4.5 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს – 5.2 მლრდ-ს და 2024 წელს – 15.6 მლრდ-ს. თუ საწყის წერტილად 2020 წელს ავიღებთ, სხვაობა 11.1 მლრდ-ით იქნება გაზრდილი, 2021-ის შემთხვევაში – 10.4 მლრდ-ით.

მხოლოდ მიმდინარე ფასებში დათვლილი ეკონომიკა სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა. ინფლაცია რეალურ სურათს ამახინჯებს. უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ შეიცვალა მუდმივ ფასებში დათვლილი ეკონომიკის მოცულობა და რამდენი პროცენტი გაიზარდა ის დროის გარკვეულ შუალედში.

2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, ორი ქვეყნის ეკონომიკას შორის თანხობრივი სხვაობა 9-დან 15.8 მლრდ-მდე ანუ 6.8 მლრდ-ითაა გაზრდილი. თუმცა მთავარია არა რამდენით, არამედ რამდენჯერ. 2020 წელს მუდმივ ფასებში დათვლილი საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისას 2.1-ჯერ აღემატებოდა, 2021-წელს – 2-ჯერ, 2024 წელს კი უკვე – 2.7-ჯერ. ამასთან, 2020 წელთან შედარებით 2024 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკა 44%-ით იყო გაზრდილი, 2021 წელთან შედარებით 31%-ით. მოლდოვის შემთხვევაში 2020 წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა იყო ნაჩვენები, 2021 წელთან შედარებით კი 3%-იანი კლება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ფასებში დათვლით 2022-2024 წლებში მოლდოვის ეკონომიკა 4.5 მლრდ-ით გაიზარდა, მისი რეალური ეკონომიკა სინამდვილეში შემცირდა.

გრაფიკი 2: მშპ 2015 წლის მუდმივ ფასებში (მლრდ. აშშ დოლარი)

წყარო: მსოფლიო ბანკი

მუდმივ ფასებში დათვლით, მოლდოვის მშპ-ის კლების მიზეზი უარყოფითი ეკონომიკური ზრდა გახდა. 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა მკვეთრად – 4.6%-ით, შემცირდა და ეს კლება 2023 წლის მცირე და 2024 წლის უმნიშვნელო ზრდებმა ვეღარ დააკონპენსირა.

მშპ-ის ზრდის ტემპით საქართველო მოლდოვას პანდემიამდეც უსწრებდა, თუმცა სხვაობა ასეთი დიდი არ ყოფილა. 2020 წელს პანდემიის დროს მოლდოვის ეკონომიკა საქართველოზე მეტად შემცირდა, 2021 წელს უფრო სწრაფად აღდგა, 2022 წლიდან კი მიყოლებით სამი წელი ზრდის ტემპებს შორის სხვაობა აშკარა და ძალიან დიდი გახდა.

გრაფიკი 3: მშპ-ის ზრდის ტემპი[1]

წყარო: მსოფლიო ბანკი

საქართველოს შემთხვევაში მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოლდოვის შემთხვევაში ეკონომიკური ვარდნის ხარჯზე ორი ქვეყნის ეკონომიკას შორის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა მოლდოვისას 100%-ით აღემატებოდა, ხოლო 2024 წელს – 170%-ით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ ცვლილების სადემონსტრაციოდ ნომინალური ეკონომიკა მოიშველია, რაც არაა საუკეთესო პარამეტრი, მაგრამ მის მიერ დასახელებული რიცხვი 11 მლრდ სტატისტიკურ მონაცემებს მაინც სწორად ასახავს. რიცხობრივი სიზუსტისა და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამ წელიწადში მოლდოვაში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, „ჯეოფაქტსმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

[1] საქსტატის მიერ 14 ნოემბერს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაქცემებით 2024 წელს საქართელოს ეკონომიკა არა, 9.4%-ით, არამედ 9.7%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში დათვლილი ეკონომიკაც 33.8-ის ნაცვლად 34.2 მლრდ-ს გაუტოლდა. 25 ნოემბრის მდგომარეობით ცვლილებები მსოფლიო ბანკის სტატისტიკაში ასახული არაა და შესადარებლად რელევანტური რომ ყოფილიყო სტატიაში ძველი მონაცემებია გამოყენებული. დაკორექტირებას ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.