Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა

ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა

მარტს 18, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article

მოკლედ საკითხავი

რუსული წყაროებიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გერმანელი პოლიტიკოსი ზელენსკის „ჯიუტ ბავშვს“ უწოდებს და აკრიტიკებს
· ვაიდელს ზელენსკის შესახებ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია
· ვაიდელის რეალური გამოსვლის თარგმანი გერმანულიდან ჯერ რუსულ, ხოლო რუსულიდან ქართულ ენაზე გაყალბდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა გერმანიის ბუნდესტაგში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარის, ალის ვაიდელის სიტყვით გამოსვლის ვიდეო, რომელშიც, თითქოს ის ზელენსკის მკაცრად აკრიტიკებს და მიმართავს - „მოიხსენით გმირის ნიღაბი. ის, უკვე დიდი ხანია, დალპა. თქვენ გმირი არ ხართ, თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც მთელ ევროპას უფსკრულისკენ ექაჩება და, ამასთანავე, თავხედურად მოითხოვთ, რომ ჩვენ ამ საშინელი გზის ფასიც გადავიხადოთ.“

ვიდეო რუსული თარგმანით 2026 წლის 28 იანვარს გაავრცელა რუსულენოვანმა YouTube-არხმა სახელწოდებით „Александр Новак“, რომელიც 2026 წლის 6 იანვარს შეიქმნა და რუსულ ენაზე ევროკავშირის და უკრაინის საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს. არხს მთავარ სურათად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო აქვს გამოქვეყნებული და უცნობია, ვინ დგას მის უკან.

არხის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სოციალურ ქსელებში -Facebook, TikTok, Vkontakte, Yandex - რუსულ ენაზე სწრაფად გავრცელდა. იმავე პერიოდში ქართულენოვანმა Facebook ანგარიშმა Александр Новак-ის გამოქვეყნებული ვიდეო ქართულ ინტერნეტსივრცეში გაავრცელა, თუმცა ბევრი ნახვა არ დაუგროვებია.

გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ რუსულ ენაზე თარგმანი გაყალბებულია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარეს მსგავსი სიტყვები არ უთქვამს. შესაბამისად, ქართულენოვანი ვიდეო, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ ენაზე გაკეთებული ყალბი თარგმანის ქართული ვერსიაა, ასევე ყალბია.

ქართულ საინფორმაციო სივრცეში ალის ვაიდელის გერმანულად წარმოთქმული სიტყვის რუსული ნათარგმნი ვიდეოს ქართული თარგმანი გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ რუსული ვერსიის ქართული თარგმანი თავდაპირველად ანონიმურმა გვერდმა „Sakartvelos” გაავრცელა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროფილის სურათი აქვს და ხშირად არ აქვეყნებს პოსტებს. ამავდროულად, ვიდეოს აღწერაში გვერდს არაერთი გრამატიკული შეცდომა აქვს დაშვებული, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აღწერა უცხო ენიდან ხელოვნური ინტელექტის მიერ ან სხვა ხელსაწყოს მიერ არის ნათარგმნი. მაგალითად, აღწერაში ვკითხულობთ, „ვაიდელი პარლამენტის თვალწინ ზელენსკის შეუტია! თაშს ფეხზე დგომით უკრავდნენ!“ და „თქვენ დგახართ აქ და ჩვენზე უყურებთ ისე, თითქოს გერმანიას რაღაც ვალდებულება აქვს თქვენს წინაშე“. მიუხედავად იმისა, რომ გვერდი ანონიმურია და სანდო წყაროს არ წარმოადგენს, ქართული თარგმანი პროფესიონალურად არის შესრულებული - გამხმოვანებელი უშეცდომოდ საუბრობს და ჩანაწერს არ აქვს სამოყვარულო დონეზე ჩაწერილი ხმის დამახასიათებელი ხარვეზები.

ზემოაღნიშნული გვერდის მიერ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ იდენტური ვიდეო ქართული Facebook, TikTok და YouTube ანგარიშების მიერ აქტიურად გავრცელდა. ინფორმაცია, თითქოს ვაიდელმა ზელენსკის მიმართ მსგავსი განცხადება გააკეთა, ასევე გაავრცელა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“, გამოცემა „რეპორტიორმა“ და „საქართველო და მსოფლიომ“ .

რეალურად, გავრცელებული ვიდეო 2024 წლის 13 ნოემბერს, ბუნდესტაგში დებატების დროს არის გადაღებული. ვიდეოს რეალურ ვერსიაში ვაიდელს ზელენსკის და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრის კონტექსტში განცხადებები საერთოდ არ გაუკეთებია. ბუნდესტაგში გამოსვლისას ვაიდელმა გააკრიტიკა კანცლერ მერცის პოლიტიკა და ხაზი გაუსვა გერმანიაში მიგრანტების რაოდენობის ზრდას, მწვანე პოლიტიკის უარყოფით შედეგებს, სამუშაო ადგილების შემცირებას და ა.შ.

კადრი 2024 წლის 13 ნოემბრის დებატებიდან


კადრი რუსულ და ქართულ ენაზე ნათარგმნი ყალბი ვერსიებიდან


ზოგადად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ძირითადად კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. პარტია ბუნდესტაგის და ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომლებიც რუსეთის აგრესიას გმობს, არ უერთდება და მიიჩნევს, რომ უკრაინას სამომავლოდ ნეიტრალურ, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. პარტია ასევე უჭერს მხარს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას. ალის ვაიდელმა უკრაინას "ჩრდილოეთის ნაკადის" საბოტაჟში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას 70 მილიარდ ევროს მოსთხოვს.

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.