Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში „სკანდალური წამლის“ ანონსით თაღლითური პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში „სკანდალური წამლის“ ანონსით თაღლითური პოსტი ვრცელდება

იანვარს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები

მოკლედ საკითხავი

  • სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნებისთვის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება;

  • ვიდეოში ასახული უზუსტობები ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს;

  • მსგავსი ტაქტიკით თაღლითური პოსტები წარსულშიც გავრცელებულა.

 

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Life & Daily Tips თაღლითურ ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომელშიც თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტია მოცემული. სიუჟეტში  მომღერალი სოსო პავლიაშვილი საკუთარ ფიზიკურ ტკივილებზე საუბრობს. მისი თქმით, უამრავი გამაყუჩებლის მიუხედავად, ტკივილები სახსრებსა და კისერში არ გამქრალა. პავლიაშვილი ვიდეოში ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ ექიმ ლეო ბოკერიას პრეპარატი დაეხმარა.

ვიდეოს ბოლო მონაკვეთში ექიმი სწორედ აღნიშნულ მედიკამენტზე საუბრობს, თითქოს ის სამი დღის შემდეგ სრულად აქრობს ტკივილს. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ლეო ბოკერიას პრეპარატის აკრძალვა დაანონსდა, სოსო პავლიაშვილი ფარმაცევტულ კომპანიაზე თავდასხმის გამო დააკავეს.

მსგავსი ტაქტიკით და სამედიცინო შინაარსით გავრცელებული თაღლითური პოსტები ქართულ სოციალურ მედიაში ადრეც გავრცელებულა. აღნიშნულ შემთხვევებს „ჯეოფაქტსი“ მაშინაც გამოეხმაურა (იხ. სტატია 1, 2, 3, 4, 5). წინა შემთხვევებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „ფორმულას“ სხვადასხვა გადაცემა და ჟურნალისტის ჩართვა დაარედაქტირეს.

სოციალურ ქსელში ამჯერად გავრცელებულ ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის კვალზე, პირველ რიგში, „იმედის“ ჟურნალისტისა და სოსო პავლიაშვილის საუბარში გაუმართავი ქართული, ბევრი გრამატიკული და სტილისტური შეცდომა მიუთითებს. გრამატიკული შეცდომაა დაშვებული ვიდეოს აღწერაშიც, რომლითაც სიუჟეტი იწყება: „რატომ დაესხა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ფარმაცევტულ კომპანიას?“.

აუდიომასალაში ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს სხვა დეტალებიც. მთელი ინტერვიუს განმავლობაში სოსო პავლიაშვილის პირის მოძრაობები მისი საუბრის სიჩქარეს არ ემთხვევა. ამასთანავე, კადრში, რომელშიც თითქოს პავლიაშვილი სასამართლო დარბაზში ადამიანს ესხმის თავს, მისი სახის ნაკვთები არაბუნებრივად გამოიყურება.

აღსანიშნავია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პავლიაშვილის კადრები მისი რეალური ინტერვიუდან დამუშავდა, რომელიც მან საინფორმაციო გადაცემა „Alpha News“ 2023 წლის ნოემბერში მისცა.

დამატებით, სოსო პავლიაშვილის მსგავსი სამედიცინო ისტორიისა თუ დაკავების შესახებ ცნობები არც ერთი სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. არ გავრცელებულა ასევე მისი რაიმე ფარმაცევტულ სკანდალში გახვევის შესახებ ინფორმაცია.

ამასთანავე, ექიმი ლეო (ლეონიდე) ბოკერია, რომელსაც ვიდეოში პავლიაშვილი სახსრების ტკივილის მედიკამენტის შემქმნელად ასახელებს, რეალურად, კარდიოქირურგია. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ვიდეოში იგი საკუთარ კაბინეტში გულის ფორმის ფიგურის ფონზე საუბრობს. ამასთანავე, აღნიშნული კადრები რუსულენოვანი გადაცემიდან Телеканал «Доктор» არის აღებული, რომელშიც იგი სხვადასხვა ეპიზოდში გულთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა.

საგულისხმოა, რომ ლეო ბოკერიას აღნიშნული გადაცემიდან კადრები სხვა მსგავსი თაღლითური შინაარსის პოსტის გავრცელებისას წარსულშიც გამოიყენეს. წინა შემთხვევაშიც ლეო ბოკერია სახსრების ტკივილის სამკურნალო პრეპარატზე, მისი მოხმარების წესებსა და ჯანდაცვის სისტემის მიერ მედიკამენტის უგულებელყოფაზე საუბრობდა. Телеканал «Доктор» ორიგინალ ვიდეოში ლეო ბოკერია სრულიად სხვა ტექსტს ამბობს.  დამატებით, ექიმ ბოკერიას რომელიმე პრეპარატის აკრძალვის შესახებ ცნობები არ დასტურდება.

როგორც წინა თაღლითურ სქემებშიც, ამ შემთხვევაშიც გამავრცელებელ Facebook-ანგარიშს საეჭვო მახასიათებლები აქვს. გვერდი 2025 წლის 18 დეკემბერსაა შექმნილი ანა გორდონის სახელზე. 29 დეკემბერს გვერდმა სახელი შეიცვალა და Life & Daily Tips დაერქვა, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად.  2026 წლის 15 იანვრის მონაცემებით, გვერდს 28 გამომწერი ჰყავს.  გვერდზე მხოლოდ 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტსა და ფოტოებს ვხვდებით. Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია გვერდის მიერ გაშვებული პროდუქტების (ყურსასმენები და თვითსამკურნალო წიგნების კოლექცია) რეკლამები. დარეკლამებული პოსტები მათ გვერდზე (ე.წ. Timeline-ზე) არ გვხვდება.

„ჯეოფაქტსის“ მიერ წარსულში გადამოწმებულ თაღლითურ სქემებში მომხმარებლებს ცალკეულ ბმულებზე გადასვლისკენ და პირადი მონაცემების გაზიარებისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე (მაგალითისთვის იხ. სტატია). აღნიშნულ შემთხვევაში მსგავსი მოწოდება არ შეინიშნება, არც ვიდეოზე თანდართული ბმული იხსნება. თუმცა, წინა შემთხვევების მსგავსად, ვიდეოში გამოყენებული ჟურნალისტებისა და ექიმები პროგრამულად დამუშავებული კადრები და აუდიო-მასალა, ამბის სენსაციურობა „სასწაულმოქმედ“ მედიკამენტთან დაკავშირებით, გამავრცელებელი გვერდის საეჭვო მახასიათებლები  მიუთითებს რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევაც თაღლითურ სქემას უკავშირდება.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: აქციის ერთი და იგივე მონაწილე ორ სხვადასხვა მარშში  მონაწილეობდა
დეზინფორმაცია: აქციის ერთი და იგივე მონაწილე ორ სხვადასხვა მარშში მონაწილეობდა
დეკ 17, 2024
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტები ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტები ვრცელდება
ნოე 20, 2024
ლევან დავითაშვილი:  საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და  ისტორიულ მინიმუმზეა
ლევან დავითაშვილი: საქართველოში წელს პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზეა
ივნ 01, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია
იან 14, 2025
ვაჟა დარჩია: 26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე აქვს ადაპტირების პრობლემა, ჯერ არ გახსნილა ლიფტები და საპირფარეშოები
ვაჟა დარჩია: 26 მლნ [ლარი] დაიხარჯა „გმირთა ხეივანზე“ და დღემდე აქვს ადაპტირების პრობლემა, ჯერ არ გახსნილა ლიფტები და საპირფარეშოები
ნოე 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.