Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ისრაელი Chat GPT-ს არ აკონტროლებს

ისრაელი Chat GPT-ს არ აკონტროლებს

მარტს 18, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · პოლიტიკა

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ხელოვნურ ინტელექტ Chat GPT-ს პასუხების ნაწილზე კონტროლი მოიპოვა.
მტკიცების ღია წყაროებით გადამოწმება არ ადასტურებს, რომ ისრაელს რაიმე სახის კონტროლი ექნება აღნიშნულ პროგრამაზე ან პირდაპირი შეთანხმება აქვს გაფორმებული Chat GPT-ს მფლობელ კომპანია Open AI-სთან.
აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ისრაელი შუამავალი კომპანიების დაქირავებით ეცდება GPT ხელოვნური ინტელექტის მოდელების მიერ გაცემულ პასუხებზე გავლენის მოხდენას, აშშ-ში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

2026 წლის მარტის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ ისრაელი აკონტროლებს კომპანია Open AI-ს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატბოტ Chat GPT-ს (დაარქივებული ბმული). ასევე მტკიცების ნაწილი იყო, რომ ისრაელმა Chat GPT-ისთვის დასმული გარკვეული "შეკითხვები იყიდა".

გავრცელებული მტკიცება ეყრდნობა ამერიკული ვიდეოს საფუძველზე შექმნილ რუსულ ვიდეოს, რომელიც მტკიცების ქართულ ფეისბუქ სივრცეში გამავრცელებელს ვიდეოს აღწერაში ბმულის სახით აქვს მითითებული.

ღია წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია, რომ ისრაელმა რაიმე პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა Open AI-სთან მისი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტის, Chat GPT-ს სრულად ან ნაწილობრივ საკონტროლებლად. თუმცა ღია წყაროებში ნამდვილად ვხვდებით ინფორმაციას, რომ ისრაელის მიერ დაქირავებულმა გერმანულმა კორპორაციამ კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა უნდა შეიმუშაოს მედია-სტრატეგია ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ამერიკაში.

იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი კონტრაქტები აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA Foreign Agents Registration Act) რეგულირების სფეროში ხვდება, ინტერნეტში ხელმისაწვდომია დაქირავებული ამერიკული კომპანიის FARA-ში რეგისტრაციის დოკუმენტი. დოკუმენტში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამერიკულ და ისრაელის მიერ დაქირავებულ გერმანულ კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. რეგისტრაციის დოკუმენტს თანდართული აქვს ამ შეთანხმების სრული პირობებიც.

დოკუმენტში მოცემული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გერმანიაში რეგისტრირებული HAVAS Media Network, რომელიც აღწერილია როგორც "გლობალური მედია სააგენტო", შეთანხმებას აფორმებს ამერიკულ Clock Tower X LLC-სთან. შეთანხმების მიხედვით, "რეგისტრანტი (Clock Tower X LLC) უზრუნველყოფს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, დაგეგმვასა და მედია მომსახურებას, რათა მხარი დაუჭიროს Havas-ის შეთანხმებას ისრაელის სახელმწიფოსთან, შეერთებულ შტატებში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული კამპანიის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ."

როგორც ზემოთაც აღინიშნა, FARA-ში რეგისტრაციის დოკუმენტს თან ერთვის დასახელებულ გერმანულ და ამერიკულ კომპანიების შორის შეთანხმების ტექსტიც. ამ ტექსტიდან უფრო ცხადი ხდება, თუ კონკრეტულად რა სახის მომსახურება უნდა გასწიოს ამერიკულმა კომპანიამ. როგორც განმარტებულია, ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მასალის მინიმუმ 80% მორგებული უნდა იყოს Gen Z მომხმარებლებზე, სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, რომელთა შორისაცაა TikTok, Instagram, YouTube, პოდკასტები და სხვა რელევანტური ციფრული თუ სამაუწყებლო წყაროები.

რაც შეეხება Chat GPT-ს, იგი შეთანხმებაში პირდაპირ არ ფიგურირებს. თუმცა შეთანხმების დანართში, "ძებნისა და ენის ოპერაციების" (Search and Language Operations (MarketBrew)) ქვეთავში, მითითებულია, რომ ამერიკული კომპანიის მეირ გაწეულ სერვისებს შორის ერთ-ერთი იქნება "ვებსაიტებისა და კონტენტის განთავსება GPT საუბრებზე GPT ჩარჩო შედეგების მისაწოდებლად."

მარტივად რომ განვმარტოთ, ხელოვნური ინტელექტის GPT (generative pre-trained transformer) მოდელები დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აგენერირებენ ინტერნეტის ღია წყაროებში არსებული მონაცემების საფუძველზე, რომლებზეც მათ აქვთ წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კონკრეტულ საკითხზე სპეციფიური ინფორმაციის შემცველი ღია წყაროების დიდი რაოდენობის განთავსება ინტერნეტში, შესაძლებელი გახდება GPT მოდელების მიერ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაცემული პასუხების მანიპულირება, რადგან აღნიშნული მოდელები, სხვა მონაცემებთან ერთად, ამ სპეციალურად განთავსებულ წყაროებსაც გამოიყენებენ თავიანთ პასუხებში.

ამ თემაზე სტატია აქვს გამოქვეყნებული ავტორიტეტულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-საც. ისინიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისრაელის მიერ Chat GPT-ზე პირდაპირი კონტროლის მოპოვება არ დასტურდება.

ამრიგად, ისრაელს არ გაუფორმებია პირდაპირი კონტრაქტი Chat GPT-ს მფლობელ კომპანია Open AI-სთან, Chat GPT-ს პასუხებზე კონტროლის მოსაპოვებლად. თუმცა ისრაელის სახელმწიფოს კონტრაქტორმა გერმანულმა კომპანიამ გააფორმა შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან, რომლის ამოცანებს შორის ერთ-ერთი იქნება ღია წყაროების გამოქვეყნების საშუალებით სხვადასხვა GPT მოდელების პასუხებზე გავლენის მოხდენა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 12, 2025
სოციალურ ქსელში ვიეტნამში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვიეტნამში ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არსებულ კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება
აგვ 08, 2025
დეზინფორმაცია: ფოტოზე ირაკლი კობახიძესთან ერთად დათა ახალაია ჩანს
დეზინფორმაცია: ფოტოზე ირაკლი კობახიძესთან ერთად დათა ახალაია ჩანს
იან 23, 2025
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თეა ადეიშვილის  ვიდეო მანიპულაციურად  ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თეა ადეიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 28, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ფოტო მცდარი მტკიცებით ვრცელდება
ოქტ 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.