Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
კალაძის კიდევ ერთი მდიდრული ახალი წელი

კალაძის კიდევ ერთი მდიდრული ახალი წელი

დეკემბერს 12, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

დედაქალაქის მთავარი საახალწლო ღონისძიებები წინა წლებში თითქმის ყოველთვის რუსთაველის გამზირზე იმართებოდა და თბილისის მთავარი ნაძვის ხეც იქვე იდგმებოდა. მომავალი ახალი წლისთვის თბილისის მერიას, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ერთი წელზე მეტია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო  აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ლოკაციის შეცვლა მოუწია  და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, საახალწლო ილუმინაციებიც და ნაძვის ხეც 12 დეკემბერს აინთება.

ჩვენ დავინტერესდით, თბილისის მერიას 2026 წლის აღსანიშნად რა საზეიმო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და დედაქალაქის ბიუჯეტს  მათი განხორციელება რა დაუჯდება.

თბილისის მერიამ 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულების ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა (SMP250002709), ჯამში 8 280 000 ლარის ღირებულების.

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. „საახალწლო ქალაქი“ 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.
ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად. მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ,,საშობაო ბაზარი“ და ,,ტკბილეულის ფესტივალი“. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების შესასყიდად ამ ჯერზეც გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წლის მანძილზე სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებას ახორციელებს, რომელთა კონცეფციის განსაზღვრამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე, საკითხის განხილვა ხდება სპეციალურად შექმნილი ღონისძიების საორგანიზაციო კომისიის მიერ, რომელიც იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. კომისიის დასკვნის საფუძველზე კი ხდება ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ შესყიდვის წინასწარ დაგეგმვას აფერხებს შესასყიდი ობიექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები, რადგან ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა“.

გარდა აღნიშნულისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ ასევე გამარტივებული შესყიდვა (SMP250002806)  თბილისის ქუჩების მორთვა/გაფორმებისთვის გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 157 000 ლარის ღირებულების ბაგირის ფიგურები – ვარსკვლავი 105 ცალი, ნაძვის ხის სათამაშო შუაში გულით 105 ცალი, ნაძვის ხის სათამაშო შუაში ვარსკვლავით 105 ცალი, ნაძვის ხის სათამაშო შუაში ნაძვის ხით 105 ცალი, ნაძვის ხის სათამაშო შუაში სანტას ქუდით 105 ცალი, საჩუქრის ყუთი 105 ცალი, შეიძინა. თითოეული დეკორაციის ღირებულება 250 ლარია.

შესაბამისად,  დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქის ბიუჯეტს 8 მლნ ლარზე მეტი უჯდება.

რაც შეეხება წინა წლების საახალწლო ხარჯებს, 2025 წელს თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხე არ შეუძენია, თუმცა საახალწლო ღონისძიებებზე მაინც საკმაოდ სოლიდური თანხა 8.8 მლნ ლარი დაიხარჯა. 2024 წლის საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები 5 მილიონამდე დაჯდა, მხოლოდ ნაძვის ხის ღირებულება 720 000 ლარი იყო.

2023 წლის საახალწლო ხარჯმა 2.3 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს იგივე ხარჯი ჯამში 3.5 მლნ ლარი იყო. შედარებით მოკრძალებული იყო 2021 წლის საახალწლო ხარჯი. როგორც გვახსოვს, 2020 წლის საახალწლო ნაძვის ხე მილიონი ლარი დაჯდა. მისმა ფორმამ და ფასმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მომდევნო – 2021 წელს, თბილისის მერიამ „მილიონიანი“ ნაძვის ხის გალამაზება გადაწყვიტა და ტოტები და წიწვები დაუმატა, რაზეც 103 850 ლარი დაიხარჯა. სულ 2021 წლის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი შედარებით მცირე იყო და ჯამში 615 640 ლარი შეადგინა. 2020 წელს, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხეზე მილიონი ლარი დაიხარჯა, სულ საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები ჯამში 3.6 მლნ ლარი დაჯდა. 2019 წლის საახალწლო ხარჯი 2 მლნ ლარზე მეტი, 2018 წელს კი ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქს 3 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე და ღონისძიებებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. შედარებით ნაკლებხარჯიანი 2021 წლის ახალი წელი იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე და იმ პერიოდში არსებული შეზღუდვების გამო, თბილისის მერიამ მხოლოდ საახალწლო აქსესუარები შეიძინა და დედაქალაქში სხვა საახალწლო ღონისძიებები არ გამართულა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაეროს მიგრანტთა კომპაქტის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 23, 2025
დეზინფორმაცია: გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინაში ომი გააჩაღა და ამიტომ თანამდებობიდან მოხსნეს
დეზინფორმაცია: გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინაში ომი გააჩაღა და ამიტომ თანამდებობიდან მოხსნეს
ოქტ 29, 2024
საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ინტერნეტში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ინტერნეტში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
ნოე 26, 2024
დეზინფორმაცია: ევროკავშირში შარლ აზნავურის, ეჩმიაძინის ტაძრისა და არარატის მთის გამოსახულებით 100-ევროიანი გამოვიდა
დეზინფორმაცია: ევროკავშირში შარლ აზნავურის, ეჩმიაძინის ტაძრისა და არარატის მთის გამოსახულებით 100-ევროიანი გამოვიდა
სექ 09, 2024
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.