Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სექტემბერს 18, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

10 სექტემბერს სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია კადრები უკრაინიდან, მათ შორის, მაიდნის პროტესტიდან. კადრებში ისმის შეძახილები: „ვინც არ ხტუნავს, მოსკოველია, ჰე-ჰე!“. შემდეგ ვიდეო გრძელდება კადრით, რომელშიც, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე, ქართველი გულშემატკივრები იმავე რიტმის შეძახილზე ხტუნავენ: „ვინც არ ხტუნავს, პუტინია, ჰე-ჰე!“

პოსტის ავტორი ვიდეოს თან ურთავს სათაურს: „ნუ გახდები დიპსტეიტის მორჩილი“. ვიდეოს მიმდინარეობისას, ერთ-ერთ მონაკვეთში გვხვდება წარწერა: „ამ ხტუნვას „დიფ სთეითის“ ხტუნვას ეძახიან“. ზუსტად ამ და მსგავსი შინაარსის ვიდეოები სხვადასხვა TikTok-არხზეც გავრცელდა. ერთ-ერთი TikTok-ანგარიში საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს შემდეგნაირად ასათაურებს: „ქართველი აკაცუკები ისევ აკოპირებენ უკრაინული მაიდნიდან რაღაცებს“.

აღნიშნული ვიდეოები პარალელს ავლებს ქართველი გულშემატკივრებისა და უკრაინელი დემონსტრანტების პერფორმანსებს შორის და მაყურებელს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ჰბაძავენ უკრაინაში მაიდნის პროტესტის მონაწილეებს.

სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები პერფორმანსი 1960-იან წლებში პოლონეთის ქალაქ პოზნანში წარმოიშვა და შესაბამისად, მას „პოზნანი“ ეწოდება (The Poznan). კერძოდ, იგი უკავშირდება პოლონურ საფეხბურთო კლუბ „ლეხ პოზნანს“, რომლის გულშემატკივრებმაც ის კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოიყენეს.

საკუთრივ, პერფორმანსი გულისხმობს გულშემატკივრების მიერ საფეხბურთო მატჩისთვის ზურგის შექცევას და ხელიხელგადახვეული, შეძახილებით ხტუნვას. გულშემატკივრები აღნიშნულ პერფორმანსს, როგორც წესი, მოწინააღმდეგე გუნდის დაკნინების მიზნით ასრულებენ. პერფორმანსს ასევე მოიხსენიებენ, როგორც ე. წ. „Grecque“.

მსოფლიო მასშტაბით, „პოზნანი“ განსაკუთრებულად ცნობლი მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წელს, ევროპა ლიგის მატჩში, „მანჩესტერ სიტი“ და „ლეხ პოზნანი“ დაუპირისპირდნენ. პერფორმანსი პოლონური გუნდის გულშემატკივრებმა „მანჩესტერ სიტის“ მოედანზე შეასრულეს, რის შემდეგაც, თავად  „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებმა იგივე პერფორმანსი სხვა ინგლისურ კლუბებთან მატჩების დროს გაიმეორეს. მას შემდეგ, პერფორმანსი შეასრულეს „ლესტერის“, „რეალ სოსიედადის“, „ბარსელონას“, “ინტერის“, „ნაპოლის“ „შალკეს“ და სხვა უმაღლესი დონის ევროპული კლუბების გულშემატკივრებმაც. შინაარსი ერთი და იგივეა – გულშემატკივრები ხტუნავენ და იძახიან: „ვინც არ ხტუნავს, [მოწინააღმდეგე გუნდის წევრია], ჰე-ჰე!“. მაგალითად, „ბარსელონას“ გულშემატკივრების შეძახილია: „ვინც არ ხტუნავს, „მადრიდისტაა“ [„რეალ მადრიდის“ გულშემატკივარი], ჰე-ჰე!“. „ინტერის მილანის“ გულშემატკივრები იმავეს „მილანის“ წინააღმდეგ იძახიან და ა.შ. შეძახილი იმდენად ცნობილი გახდა, რომ მას, გამარჯვების შემდეგ, თავად ფეხბურთელებიც გაიძახიან.

ხაზგასასმელია, რომ შეძახილი ქართველ ქომაგებში მაიდნის მოვლენებამდე გაჩნდა. 2013 წლის ოქტომბერში, „დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირების შემდეგ, „დინამოს“ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა შეასრულეს შემდეგი შეძახილი: „ვინც არ ხტუნავს „ტორპედოა“, ჰე-ჰე“.

ამდენად, პერფორმანსი, რეალურად, ევროპის მასშტაბით ცნობილია და მას უამრავი ევროპული კლუბის გულშემატკივარი და ფეხბურთელი ასრულებს.  პერფორმანსი ცნობილი იყო მაიდნის პროტესტის დაწყებამდეც, მათ შორის, საქართველოში. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები ქართველი გულშემატკივრების პერფომანსს მცდარად აკავშირებს უკრაინის მაიდნის პროტესტთან და „დიფ სთეითთან“.

ყველა პოსტის ნახვა

FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის შესახებ, ყალბი ვიდეო ვრცელდება
FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის შესახებ, ყალბი ვიდეო ვრცელდება
აპრ 03, 2026
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება
თებ 17, 2025
სოციალურ ქსელში საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ ყალბი მტკიცებები ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ ყალბი მტკიცებები ვრცელდება
დეკ 04, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
აპრ 17, 2025
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
ოქტ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.