Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ვაჟა დარჩია: ბათუმის ახლანდელი მერი წინა არჩევნებში ამბობდა, ქალაქს გენგეგმა ეღირსებაო, მაგრამ მუნიციპალური არჩევნები ისე დგება, გენგეგმაზე ლაპარაკიც არ გიწევთ

ვაჟა დარჩია: ბათუმის ახლანდელი მერი წინა არჩევნებში ამბობდა, ქალაქს გენგეგმა ეღირსებაო, მაგრამ მუნიციპალური არჩევნები ისე დგება, გენგეგმაზე ლაპარაკიც არ გიწევთ

მაისს 5, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სიმართლე

ვაჟა დარჩია: ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომლის ახლანდელი მერი წინა არჩევნებში ამბობდა, რომ [ქალაქს განაშენიანების] გენგეგმა ეღირსებაო. აქ ჩემი კოლეგები ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ სამ თვეში იქნებაო და მუნიციპალური არჩევნები ისე დგება, გენგეგმაზე ლაპარაკი არ გიწევთ.

ვერდიქტი: „GeoFacts”-ის დასკვნით, ვაჟა დარჩიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ბათუმის  მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში მზად უნდა ყოფილიყო. ქალაქის ამჟამინდელი მერი არჩილ ჩიქოვანი ამის შესახებ 2021 წლის მარტში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ოქტომბრის არჩევნებამდე, საუბრობდა. მაშინ ის ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. დოკუმენტაციის შემუშავებაზე ტენდერი 2021 წლის აპრილში გამოცხადდა, ხოლო ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 2 495 700 ლარია,  ბათუმის მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის 2021 წლის აგვისტოში გაფორმდა. მას შემდეგ დოკუმენტაციის ჩაბარების ვადა არაერთხელ შეიცვალა. ბოლო შეთანხმებით, მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აპრილამდე გაახანგრძლივეს. ეს ნიშნავს, რომ დაპირებულ გენგეგმას, როგორც ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტს მოიხსენიებენ, კიდევ ერთი წლით დააგვიანდება. აქედან გამომდინარე, ვაჟა დარჩიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ განაცხადა: ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომლის ახლანდელი მერი წინა არჩევნებში ამბობდა, რომ [ქალაქს განაშენიანების] გენგეგმა ეღირსებაო. აქ ჩემი კოლეგები ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ სამ თვეში იქნებაო და მუნიციპალური არჩევნები ისე დგება, გენგეგმაზე ლაპარაკი არ გიწევთ.

2021 წლის მარტში, ჯერ კიდევ მერის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში არჩილ ჩიქოვანმა თქვა: „ჩვენს ქალაქს ძალიან მალე უნდა ჰქონდეს განაშენიანების ის მთავარი დოკუმენტი, რაც იქნება ხელშესახები ყველა მხარისათვის და აუცილებელი არის ჩვენი ქალაქისათვის. გენგეგმაზე ტენდერი ჩატარდება კონკურენტუნარიან გარემოში და მას ეყოლება იმ კვალიფიკაციის და  სათანადო გამოცდილების გამარჯვებული, რომელიც შეძლებს ქალაქისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ამ ეტაპისათვის რაც გამოწვევა არსებობს, ჰქონდეს იმ კანონით დადგენილ ვადებში, რა ვადებსაც შესყიდვა ითვალისწინებს“.

ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავების ტენდერი ჯერ კიდევ აპრილში გამოცხადდა, ანუ სანამ არჩილ ჩიქოვანი ქალაქის არჩეული მერი გახდებოდა (ჩიქოვანი ბათუმის მერია 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ). დაახლოებით ერთი წლის წინ „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც დეტალურად მიმოიხილავს, რა ეტაპზე იყო იმ პერიოდში სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავების პროცესი და რა მიზეზებით გაჭიანურდა მასზე მუშაობა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბათუმის მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის 2021 წლის აგვისტოში გაფორმებული 2 495 700-ლარიანი ხელშეკრულების თანახმად, დოკუმენტაციის მიწოდების საბოლოო ვადა 370 დღე იყო, ანუ შემსყიდველს შესყიდვის ობიექტი 2022 წლის სექტემბერში უნდა ჩაებარებინა.

მას შემდეგ, სახელშეკრულებო პირობები ხუთჯერ შეიცვალა. 2024 წლის 24 აპრილს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულებით გაწერილი ექვსი ეტაპიდან, უკვე მიმდინარეობდა 4.2 ეტაპის სამუშაოები. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4.2 ეტაპის – გეგმების მონახაზების შეჯერებული ვერსია – განხილვის პროცესი. თითოეული ეტაპი დაკავშირებულია მიღების/შესრულების/შემოწმების/სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნის/ხარვეზის დადგენის/მიღება-ჩაბარებისათვის მომზადების ვადებთან. ჩაბარებული ეტაპების ნაწილი წარმოდგენილი იქნა ვადაგადაცილებით, რიგ შემთხვევებში, დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან’’ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება“, – ვკითხულობთ შეთანხმებაში. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარჩენილი ეტაპების მიღება-ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება დადგენილ ვადაში ვერ მოესწრებოდა და საჭირო იყო მისი გახანგრძლივება. მხარეები შეთანხმდნენ და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2025 წლის 19 აპრილამდე გადასწიეს.

თუმცა დოკუმენტაციაზე მუშაობა ვერც ამ პერიოდში დასრულდა. მიმდინარე წლის 11 აპრილს ხელშეკრულებაში ახალი ცვლილება განხორციელდა. კომპანია განმარტავს: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4.2 ეტაპის – გეგმების მონახაზების შეჯერებული ვერსიის განხილვა, რომელიც გადაგზავნილია გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ყველა უწყებიდან არ არის მოსული საპასუხო წერილი. ეტაპის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დაველოდოთ ყველა პასუხს/რეკომენდაციას და ასევე რეკომენდაციების გათვალისწინებას, ვინაიდან ამ კონცეფციაზე დაყრდნობით უნდა დამუშავდეს ქალაქის სივრცითი განვითარების დოკუმენტი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი და მიმწოდებელი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ და ამჯერად ხელშეკრულების მოქმედება 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდით გაახანგრძლივეს.

ამდენად, ოთხი წლის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტზე მუშაობა ჯერაც არ დასრულებულა. კომპანიისთვის ანაზღაურებულია 1 235 372 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 50%-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ 2024 წლის ივნისში საკითხით BMG დაინტერესდა. მის კითხვას, როდის ექნება ბათუმს გენგეგმა, არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა: „ვადებზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან შემსრულებელი კომპანია არის ვალდებული, ექსპერტთა ჯგუფის მეშვეობით, ვადები წარმოადგინოს და კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით ალბათ უახლოეს პერიოდში, მათ შორის ეტაპების დასრულებასთან დაკავშირებით, გვექნება ნათელი სურათი“. ქალაქის მერის თქმით, „მიმდინარეობს პროცესი იმ გონივრული ვადებით, რა ვადებიც სჭირდება“. ჩვენთვის უცნობია, რა პერიოდს მოიცავს ეს „გონივრული ვადა“, თუმცა ფაქტია, რომ დოკუმენტის ჩაბარების პირვანდელი ვადა სამი წლით გაჭიანურდა და სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დააგვიანდება. ამდენად, „GeoFacts”-ის დასკვნით, ვაჟა დარჩიას განცხადება არის სიმართლე.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაცია ვრცელდება
თებ 06, 2025
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი შოუმენისგან სასახლე შეიძინა
დეკ 09, 2025
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
თინა თოფურია აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს
დეკ 13, 2024
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 07, 2025
თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
თათია ნიკოლაშვილი: ავთანდილ თალაკვაძეს ერთი ჯიპი გაფუჭებია, ევაკუატორით გადაუყვანია თბილისში და ამ გადაყვანა-შეკეთებაში 3 000 ლარი გადავიხადეთ
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.