Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება მტკიცება, რომ საფრანგეთის პოლიცია ძალადობის დონით ბელარუსსა და რუსეთსაც კი უსწრებს

არ დასტურდება მტკიცება, რომ საფრანგეთის პოლიცია ძალადობის დონით ბელარუსსა და რუსეთსაც კი უსწრებს

ივნისს 12, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · სამართალი

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მტკიცებით, საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი პოლიცია ჰყავს, მათ შორის ბელარუსსა და რუსეთზე მეტადაც კი.
მტკიცება ღია წყაროებში ხელმისაწვდომი მონაცემებით არ დასტურდება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც წამყვანი აკრიტიკებს სოციალური მედიის სხვა მომხმარებელს, რომელმაც, სავარაუდოდ, საქართველოში ქალაქ გორში მომხდარ პოლიციის ძალადობის შემთხვევაზე ისაუბრა (დაარქივებული ბმული).

პირი, რომელსაც წამყვანი აკრიტიკებს, სავარაუდოდ, პარიზში მცხოვრები ქართველია. სწორედ ეს ხდება წამყვანის მხრიდან იმ მტკიცების საფუძველი, რომ საფრანგეთს ევროპაში ყველაზე სასტიკი პოლიცია ჰყავს — ბელარუსსა და რუსეთზე უფრო მეტადაც კი. იგი ამ მტკიცებას ასაბუთებს ფრაზის „the most brutal police in the Europe“ (ყველაზე სასტიკი პოლიცია ევროპაში) დაგუგლვით და ეკრანზე გამოსული Google-ის ხელოვნური ინტელექტის მიმოხილვის (AI overview) ნაწილის წაკითხვით.

ვიდეოს მეორე ნაწილში, წამყვანი ასევე ამტკიცებს, რომ საფრანგეთი ევროპაში პირველია პოლიციის მიერ მკვლელობების მიხედვით. იმ ფაქტმა, რომ ეს მტკიცება მოჰყვება ზემოთ აღწერილ მტკიცებას, სადაც წამყვანი ბელარუსსა და რუსეთსაც ევროპული ქვეყნების შედარების კონტექსტში განიხილავს, შეიძლება მაყურებელს აფიქრებინოს, რომ საფრანგეთი ამ შემთხვევაშიც უსწრებს ბელარუსსა და რუსეთს.

ზოგიერთი მნიშვნელოვანი მინიშნება მტკიცების გასაანალიზებლად თავად გავრცელებულ ვიდეოშივე ჩანს. ხელოვნური ინტელექტის მიმოხილვის კითხვისას, რომელიც ევროპაში ყველაზე სასტიკი პოლიციის მქონე ქვეყნების მოკლე სიას აჩვენებს, წამყვანი ამტკიცებს, რომ რადგან საფრანგეთი სიაში პირველია, ეს ნიშნავს, რომ მას ყველაზე სასტიკი პოლიცია ჰყავს. თუმცა, AI მიმოხილვის მიერ მოწოდებული სია არ წარმოადგენს რეიტინგს და არსადაა მითითებული, რომ ეს რეიტინგია. წამყვანი მხოლოდ ქვეყნების სიაზე ფოკუსირდება და არ ახმოვანებს შეჯამების დანარჩენ ნაწილს, რომელიც მიანიშნებს, რომ პოლიციის სისასტიკის კუთხით შესაძლო რეიტინგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ევროპის რომელი ნაწილი განიხილება — მაგალითად, დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. მიმოხილვა ასევე ხაზს უსვამს სხვადასხვა ასპექტს, რომელთა მიხედვითაც პოლიციის სისასტიკე შეიძლება შეფასდეს, თუმცა წამყვანი არც ამას ახსენებს.

საილუსტრაციოდ, Google-ში ჩავწერეთ იგივე საძიებო სიტყვები, რასაც წამყვანი ვიდეოში იყენებს. უნდა ითქვას, რომ გუგლში მსგავსი ტიპის ძიებისას შედეგები არაერთგვაროვანია. სისტემა ყოველ ჯერზე არ აგდებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებულ მიმოხილვას, ხოლო სპეციალურ ხელოვნური ინტელექტის რეჟიმზე გადასვლისას (AI Mode), ფორმულირებები სხვადასხვა ჯერზე სხვადასხვაა, ხოლო იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ანალიზიც განსხვავდებოდეს, იმის მიხედვით თუ რა სტატიები გამოიყენა ხელოვნურმა ინტელექტმა პასუხის ფორმულირებისას.

საილუსტრაციო შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის რეჟიმი გვეუბნება, რომ ყველაზე სასტიკი პოლიციის დადგენა არცისე მარტივია და დამოკიდებულია იმაზე, ავტორიტარულ რეჟიმებს ვიყენებთ საზომად თუ დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებს. შესაბამისად, ანალიზში არა-ევროკავშირის წევრი ევროპული ქვეყნების გათვალისწინებისას, ხელოვნური ინტელექტს, პირველ რიგში, სწორედ რუსეთისა და ბელარუსის მაგალითები მოჰყავს, როგორც ყველაზე სასტიკი პოლიციის, ხოლო დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მასშტაბით სიის სათავეში საფრანგეთს აყენებს.

იგივე შეიძლება ითქვას ვიდეოს მეორე ნაწილზეც, რომელიც პოლიციის მხრიდან მკვლელობებს ეხება. ამ შემთხვევაშიც, წამყვანი ფოკუსირდება AI მიმოხილვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მხოლოდ პირველ ნაწილზე, სადაც საფრანგეთი წერია და არ ახმოვანებს შეჯამების დანარჩენ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ აბსოლუტურ რიცხვებში, საფრანგეთი ევროპაში პირველ ადგილზეა პოლიციის მხრიდან მკვლელობების მიხედვით, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, რიცხვები განსხვავებულია და ამ შემთხვევაში ირლანდიაა პირველ ადგილზე. შეჯამებიდან ასევე ჩანს, რომ შეფასება ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა შორისაც არ არიან ბელარუსი და რუსეთი.

ამ შემთხვევაშიც საილუსტრაციოდ გამოვიყენეთ გუგლის ხელოვნური ინტელექტის რეჟიმი და დავუსვით იგივე შეკითხვა, რასაც წამყვანი სვამს ვიდეოში. ხელოვნური ინტელექტის ანალიზის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში არსებული დიდი ევროპული ქვეყნებიდან, საფრანგეთს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც აბსოლუტურ რიცხვებში, ისე ერთ სულ მოსახლეზე პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფატალურ შემთხვევებში. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი ანალიზში არ ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპას ან ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მხრიდან მკვლელობების ამსახველი მონაცემები საკმაოდ მწირია, დამოუკიდებელი ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველს. მონაცემებისა და ზოგადი ფორმულირებების დამთხვევა ასევე გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ამ კვლევაზე იყო დაფუძნებული AI მიმოხილვა, რომელსაც წამყვანი ჩვენი განსახილველი ვიდეოს მეორე ნაწილში იყენებს.

კვლევის მიხედვით, აბსოლუტური რიცხვებით საფრანგეთი ნამდვილად პირველ ადგილზეა პოლიციის დაკავების ქვეშ მყოფი ან საპოლიციოს ოპერაციებისას დაღუპული პირების ოდენობით, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით პირველ ადგილზე ირლანდიაა. აბსოლუტური რიცხვებით საფრანგეთის პირველობა ბუნებრივია, რადგან ის მოსახლეობით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა.

კვლევაში ასევე ცხადადაა განმარტებული, რომ შეფასებულია ევროკავშირის წევრი მხოლოდ 13 ქვეყნის მონაცემი - იმ ქვეყნების, რომლებიც ამ ტიპის სტატისტიკას საჯაროდ აქვეყნებენ, ან მოთხოვნის საფუძველზე გასცემენ. კვლევაში მითითებულია რომელმა წევრმა ქვეყნებმა არ უპასუხეს ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას ან უარი თქვეს ინფორმაციის გაცემაზე. შეფასებული არ ყოფილა რუსეთის ან ბელარუსის შესაბამისი მონაცემები.

თავად გავრცელებული ვიდეოს მიღმა, თუ შევხედავთ ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის 2025 წლის ანგარიშებს, განსხვავება საფრანგეთის პროფილის შეფასებასა და ბელარუსისა და რუსეთის შეფასებებს შორის საკმაოდ მკვეთრია. მაგალითად, როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის პროფილები მოიცავს ისეთ თავებს, როგორებიცაა: „თვითნებური დაკავება და უსამართლო სასამართლო პროცესები“ (Arbitrary detention and unfair trials) და „წამება და სხვა სასტიკი მოპყრობა“ (Torture and other ill-treatment). ასეთი სათაურის მქონე თავები საფრანგეთის პროფილში საერთოდ არ გვხვდება.

თუ შევხედავთ იმ სფეროებს, სადაც საფრანგეთს აქვს ხარვეზები, როგორიცაა ძალის უკანონო გამოყენება, განსხვავება აქ აღწერილ მაგალითებსა და ბელარუსისა და რუსეთის პროფილებში არსებულ მსგავს შემთხვევებს შორის აშკარაა. მაგალითად, ყურადღება გამახვილებულია ზოგიერთი აქციის დაშლისას გამოყენებული არა-ლეტალური საშუალებებით მიყენებულ დაზიანებებზე და ასევე საგზაო მოძრაობისას გაჩერებული მანქანების მძღოლების მიმართ ბოლო დროს გახშირებულ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია. Amnesty International აღნიშნავს, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოსაზრებით, საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების კოდექსის L.435-1 მუხლში ცვლილებებმა გონივრულ ფარგლებს მიღმა გააფართოვა პოლიციის მიერ საკუთარი თავის დაცვის ფარგლები, რამაც ხელი შეუწყო პოლიციის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდას. რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში კი, საუბარია არასამართლიან და პოლიტიკური ნიშნით დაკავებებზე და დაკავებულების წინააღმდეგ წამებისა და სასტიკი მოპყრობის სისტემურ მიდგომაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ WJP Rule of Law Index 2025-ში (კანონის უზენაესობის ინდექსი 2025) საფრანგეთი 22-ე ადგილზეა, რაც ბევრად უსწრებს ბელარუსს (105-ე ადგილი) და რუსეთს (119-ე ადგილი). ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საპოლიციო ძალადობის შემთხვევებში, საფრანგეთში ბევრად უფრო დიდია ალბათობა მსხვერპლმა სამართლებრივი გზებით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა, ვიდრე ეს ბელარუსში ან რუსეთში იქნებოდა შესაძლებელი.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფრანგეთში შეუფერხებლადაა შესაძლებელი საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვა საპოლიციო ძალადობის პრობლემის შესახებ და ცვლილების დემოკრატიული პროცესებით მიღწევა, მაშინ როცა ბელარუსსა და რუსეთში გამოხატვის თავისუფლება უკიდურესად შეზღუდულია (იხილეთ ზემოთ მოყვანილი Amnesty International-ის პროფილური შეფასებები შესაბამისი მაგალითებით).


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: მიშელ ობამა P. Diddy-ს სატანისტურ წვეულებაში მონაწილეობდა
დეზინფორმაცია: მიშელ ობამა P. Diddy-ს სატანისტურ წვეულებაში მონაწილეობდა
ოქტ 03, 2024
მტკიცება, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება
მტკიცება, რომ ზოჰრან მამდანი ჯეფრი ეპსტინის ოჯახის წევრია, სიმართლეს არ შეესაბამება
იან 25, 2026
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
ოქტ 02, 2025
სოციალურ ქსელში ნაჩვენები ვიდეო, სადაც მანქანების კოლონა და ბევრი ადამიანი ჩანს, თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ პროტესტს არ უკავშირდება
სოციალურ ქსელში ნაჩვენები ვიდეო, სადაც მანქანების კოლონა და ბევრი ადამიანი ჩანს, თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ პროტესტს არ უკავშირდება
მარ 25, 2025
არ აშენებული საბავშვო ბაღების ქრონიკა
არ აშენებული საბავშვო ბაღების ქრონიკა
ნოე 19, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.