Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

აპრილს 22, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

TikTok-სა და Facebook-ზე ანგარიში „Brain key – ტვინის გასაღები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), სადაც წამყვანები „მიზანმიმართულ ტვინის გამორეცხვასა“ და „ჰიპნოზის მასშტაბებზე“ საუბრობენ და ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ შემდეგი სტატისტიკა: „იაპონიაში ცხოვრობს 125 მილიონი ადამიანი, ანუ 20%-ს ჰგონია, ანუ სადღაც 20-25 მილიონ ადამიანს ჰგონია, რომ ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბი ჩააგდო საბჭოთა კავშირმა“. სინამდვილეში, მსგავსი სტატისტიკის არსებობა არ დასტურდება.

მტკიცება, თითქოს იაპონიის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ცნობით, 1945 წელს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები არა აშშ-მა, არამედ საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო, თავდაპირველად რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში გავრცელდა. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ოფიციალური ყოველკვირეული გამოცემის ვებგვერდზე pnp.ru ვკითხულობთ: „იაპონელების ახალ თაობას აშშ-ის პროპაგანდამ დააჯერა მოსაზრება, რომ 1945 წლის აგვისტოში იაპონიის ორი ქალაქი საბჭოთა კავშირმა დაბომბა. ამის შესახებ 12 აგვისტოს განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფარიტ მუხამეტშინმა რეგიონების პალატაში მრგვალ მაგიდაზე თემაზე „ჰიროშიმასა და ნაგასაკის ტრაგედიის გამოძახილები: სიმართლე და სიცრუე იაპონიის ქალაქების ატომური დაბომბვის მომდევნო წლისთავთან დაკავშირებით”. მსგავსი შინაარსის მტკიცებებს ვხვდებით ისეთ ვებგვერდებზეც, როგორიცაა histrf.ru (რუსული სახელმწიფო პლატფორმა, რომელიც ეძღვნება „ისტორიული ცოდნისა და პატრიოტული განათლების პოპულარიზაციას“. მას მართავს რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოება) და pravda.ru (რუსული საინფორმაციო გამოცემა) (1, 2).

ამის საპირისპიროდ კი, არც ერთ სანდო მედიასაშუალებასა თუ საჯარო წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონიაში ჩატარებული რომელიმე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 20% თვლის, რომ ატომური ბომბები არა აშშ-მა, არამედ საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებულ ატომურ ბომბებთან დაკავშირებით ცოდნის შესახებ იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვა ღია წყაროებზე დაფუძნებით, „ჯეოფაქტსმა“ მხოლოდ ერთ წყაროში  მოიძია. კერძოდ, კიოტოს დოშიშას უნივერსიტეტის დიპლომატიური ისტორიის ემერიტუსი პროფესორი სადაო ასადა წიგნში „კულტურული შოკი და იაპონურ-ამერიკული ურთიერთობები: ისტორიული ესეები“, იაპონიაში გამოყენებულ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებში ისტორიული მასალის შესახებ არსებულ მწირ ინფორმაციას განიხილავს. მისი თქმით, „ყველაზე მოკლე სახელმძღვანელოებში ლაკონიურადაა ნათქვამი – 1945 წლის აგვისტოში ჰიროშიმასა და შემდეგ ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოვარდა, იმის აღნიშვნის გარეშე, რომელმა ქვეყანამ ჩამოაგდო ბომბები და განადგურებისა და ადამიანური ტანჯვის მასშტაბის ხსენების გარეშე“. სწორედ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შედეგად ასადა მიუთითებს: „გასაკვირი არ არის, რომ 1969 და 1970 წლებში გამოკითხულ დაწყებითი სკოლის მოსწავლეების 20%-მა არ იცოდა, რომ აშშ-მა ჰიროშიმასა და ნაგასიკიში ატომური ბომბები ჩააგდო“. ამრიგად, ღია წყაროებში იაპონიაში ჩამოგდებული ბომბის შესახებ ჩატარებულ გამოკითხვაზე საჯარო წყაროებში ერთადერთი ასეთი გამოკითხვა იძებნება, რომელიც 1969-1970 წლებით თარიღდება და თან მასში საბჭოთა კავშირი არ არის ნახსენები.

დამატებით, „ჯეოფაქტსი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად  იაპონურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას Japan Fact-Check Center (JFC) დაუკავშირდა. JFC-ის მთავარი რედაქტორის თქმით, მსხვილ საინფორმაციო ორგანიზაციებსა თუ ცნობილ კვლევით ინსტიტუტებში არ გამოქვეყნებულა არანაირი მონაცემები იმის შესახებ, რომ იაპონელების 20%-ს სჯერა, თითქოს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო. რედაქტორი იმასაც აზუსტებს, რომ იაპონიაში არსებობს იმგვარი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც იაპონიის მოსახლეობაში ატომური დაბომბვის კონკრეტული თარიღების შესახებ ინფორმირებულობის შემცირებას აჩვენებს. თუმცა, კვლევა, რომლის ფარგლებშიც  რესპონდენტებს უსვამენ კითხვას, თუ ვინ დაბომბა ჰიროშიმა და ნაგასაკი, არ იძებნება.

ამრიგად, ვიდეოში მოცემული სტატისტიკის, თითქოს იაპონიის მოსახლეობის 20% თვლის, რომ ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები არა აშშ-მა, არამედ საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო, ნამდვილობა არ დასტურდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ინტერვიუ მანიპულირებულად ვრცელდება
აგვ 26, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება
იან 13, 2026
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ვიდეო კვლავ ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის გაყალბებული ვიდეო კვლავ ვრცელდება
თებ 22, 2025
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ივნ 11, 2024
ირაკლი კობახიძე: შარშან ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი  მევენახეების შემოსავალმა485 მლნ ლარი შეადგინა
ირაკლი კობახიძე: შარშან ჩაბარდა 325 000 ტონა ყურძენი მევენახეების შემოსავალმა485 მლნ ლარი შეადგინა
ივლ 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.