Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მაღალი და საშუალო რანგის თანამდებობის პირებზე სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა აღარ ვრცელდება

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მაღალი და საშუალო რანგის თანამდებობის პირებზე სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა აღარ ვრცელდება

დეკემბერს 24, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები  დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მიიღო. ცვლილებებმა პირთა მაღალ და საშუალო თანამდებობებზე პოლიტიკური მიკერძოებით, კონკურსის გარეშე განმწესების საფუძველი გააჩინა და მოხელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები გააუარესა (უფრო ვრცლად კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია).

საზოგადოების განსაკუთრებულად მწვავე რეაქცია საჯარო მოხელეთათვის ქართული ენის ცოდნის სავალდებულოობასთან დაკავშირებულმა საკითხმა გამოიწვია.  სოციალურ ქსელში ცალკეულმა Facebook-ანგარიშებმა (ბმული 1, 2, 3, 4) ამბავი იმგვარად გაავრცელეს, თითქოს ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა საჯარო სამსახურში ყველა დასაქმებულისთვის გაუქმდა. მსგავსი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია „მთავარმა არხმაც“. თუმცა მათ სტატიაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სწორადაა მითითებული (არქივირებული ბმულები 1, 2, 3).

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნას საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა. ეს არის მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პროექტით ცვლილება არ შეხებია. ამრიგად, საჯარო მოხელეთათვის სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ სავალდებულო რჩება.

ამის მიუხედავად, კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ მაღალი და საშუალო თანამდებობების პირებზე რიგი მოთხოვნების, მათ შორის, მოქალაქეობის, სახელმწიფო ენის ცოდნის, კონკურსის გავლის და სხვ. გავრცელება ავტომატურად გამორიცხა ან, უკეთეს შემთხვევაში, დამსაქმებლის ნებაზე დამოკიდებული გახადა.

საქმე ისაა, რომ ცვლილებების მიხედვით,  საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე საჯარო მოხელეების ნაცვლად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობები დღევანდელი სისტემით, ყველაზე მაღალ და საშუალო მმართველობით დონეს შეესაბამება (იხ. ცხრილი N1.).

წყარო: „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის კომენტარი

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე მოხელეთათვის დადგენილი მოთხოვნები: ენის ცოდნაზე, მოქალაქეობის ქონასა თუ კონკურსის გავლაზე არ ვრცელდება, უკეთეს შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარის ნებაზე დამოკიდებული გახდება. ამ საკითხს Facebook-პოსტით „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება“.

ამდენად, კანონპროექტით მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ არ შეცვლილა, თუმცა ყველაზე მაღალი და საშუალო მმართველობითი დონის წარმომადგენლებზე მოხელეთათვის დადგენილი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის ქონის, კონკურსის გავლისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ, არ გავრცელდება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცდომაში შემყვანია მტკიცება, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულება საჯარო მოხელეებისთვის გაუქმდა.

დამატებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა. „სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ცვლილებებით უარესდება დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება, რაც არსებითად ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, სახელმწიფო კიდევ ერთ რეპრესიულ იარაღს ქმნის, ამჯერად საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და ცდილობს პარტიულ და საჯარო სამსახურს შორის ზღვარის წაშლის პროცესს საკანონმდებლო საფუძველიც შეუქმნას“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იურისტი თამარ სურმავა ასკვნის, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ისეთ მიზანს, როგორიცაა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალური ქსელის ტრამპი-პუტინის ალასკაზე შეხვედრის კონტექსტში ყალბი შინაარსის პოსტები გავრცელდა
სოციალური ქსელის ტრამპი-პუტინის ალასკაზე შეხვედრის კონტექსტში ყალბი შინაარსის პოსტები გავრცელდა
აგვ 20, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 14, 2024
ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს
ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს
ივლ 04, 2025
დეზინფორმაცია: ევროკავშირში წევრობა საქართველოს საპენსიო ასაკის და ქონების გადასახადის გაზრდას დაავალდებულებს
დეზინფორმაცია: ევროკავშირში წევრობა საქართველოს საპენსიო ასაკის და ქონების გადასახადის გაზრდას დაავალდებულებს
ივნ 04, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
მარ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.