Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ევროკავშირში წევრობა საქართველოს საპენსიო ასაკის და ქონების გადასახადის გაზრდას დაავალდებულებს

დეზინფორმაცია: ევროკავშირში წევრობა საქართველოს საპენსიო ასაკის და ქონების გადასახადის გაზრდას დაავალდებულებს

ივნისს 4, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელის მომხმარებელი ავრცელებს მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, „ევროპებში [ევროკავშირში] 78 კვ.მ და ზემოთ ბინების/სახლების მეპატრონეები იბეგრება ქონების (სასწაულად მაღალი) გადასახადებით. საპენსიო ასაკიც მაღალია, ქალზე 67, მამაკაცზე 67-70. ეგ ვალდებულებები ჩვენზეც გადმოვა“ (იხილეთ დაარქივებული ბმული). რეალურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საპენსიო ასაკს და საგადასახადო პოლიტიკას თავად წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ და არა ევროკავშირის ინსტიტუტები, შესაბამისად, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ასაკის და ქონების გადასახადის გაზრდის ვალდებულება არ დაეკისრება.

ევროკავშირი არ განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოების ქონების გადასახადს, შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა სახის საგადასახადო პოლიტიკა მოქმედებს. ზოგადად, საგადასახადო პოლიტიკა, მათ შორის – ქონების გადასახადის განსაზღვრა, ცალკეული წევრი სახელმწიფოების პრეროგატივას წარმოადგენს. ევროკავშირი მხოლოდ იძლევა გარკვეულ მითითებებსა და რეკომენდაციებს, რათა ევროკავშირის შიდა ბაზრის ჰარმონიზაცია, სამართლიანი კონკურენცია და წევრი სახელმწიფოების პოლიტიკის ევროკავშირის უფრო ფართო მიზნებთან თანხვედრა იყოს უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, თითოეული წევრი სახელმწიფო თავად ადგენს ქონების გადასახადის საკუთარ სისტემებს მისი ეროვნული პრიორიტეტებისა და ფისკალური პოლიტიკის საფუძველზე.

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 113-ე მუხლის თანახმად, „საბჭო ერთიანად იმოქმედებს სპეციალური საკანონმდებლო პროცედურების შესაბამისად და ევროპარლამენტთან და ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღებს დებულებებს ბრუნვის გადასახადების, აქციზის, არაპირდაპირი დაბეგვრის და დაბეგვრის სხვა ფორმების შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ. ჰარმონიზაცია აუცილებელია შიდა ბაზრის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და კონკურენციის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად“.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში „უძრავი ქონების დაბეგვრა მდგრადობისთვის და ინკლუზიური ზრდა“, ვკითხულობთ, რომ „წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტები ადგენენ საგადასახადო განაკვეთებს და თავად კრებენ გადასახადებს… ერთადერთი წევრი სახელმწიფო, სადაც ფედერალური ან ცენტრალური მთავრობა იღებს შემოსავლების უმრავლესობას (83.7%) არის საბერძნეთი.“ იმავე დოკუმენტში მოცემულ გრაფაში წარმოდგენილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის რა პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავდება, რადგან წევრი ქვეყნები საგადასახადო პოლიტიკას თავად განსაზღვრავენ.

როგორც ვხედავთ, ქონების გადასახადიდან მიღებულ შემოსავლებს მშპ-ის ყველაზე დიდი წილი საფრანგეთში უჭირავს, რადგან უძრავი ქონების გადასახადი მაღალია, თუმცა, მაგალითად, მალტაში უძრავი ქონების განმეორებით (ყოველწლიური ან ყოველთვიური) გადასახადი საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად აქ ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ის პროცენტულობის სახით ყველაზე მცირეა.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს ქონების გადასახადის გაზრდის ვალდებულება დაეკისრება, მცდარია.

რაც შეეხება საპენსიო ასაკის განსაზღვრას, ევროკავშირის თითოეულ წევრ სახელმწიფოს საკუთარი საპენსიო სისტემა აქვს და თავად ადგენს საპენსიო ასაკს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის დემოგრაფიული მდგომარეობა, შრომის ბაზრის პირობები, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. ევროკავშირმა, ისევე როგორც საგადასახადო პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული მითითებები და რეკომენდაციები გასცეს, რათა ყველა წევრ სახელმწიფოში არსებული საპენსიო სისტემები თავსებადი იყოს ევროკავშირის პრინციპებთან და რეგულაციებთან. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო პოლიტიკასთან და შესაბამისი კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები წყდება და ხორციელდება წევრი სახელმწიფოების დონეზე, ევროკავშირის კანონმდებლობა იცავს იმ ადამიანების საპენსიო უფლებებს, რომლებიც გადაადგილდებიან ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რასაც წევრ სახელმწიფოთა შორის სოციალური დაცვის პოლიტიკის კოორდინაცია უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირი მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებში სოციალური დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფას, მათ შორის საპენსიო სისტემის ადეკვატურობას, საუკეთესო პრაქტიკის წევრ სახელმწიფოებს შორის გაცვლის ხელშეწყობის გზით. საბოლოო ჯამში, საპენსიო პოლიტიკის კონკრეტული დეტალები, საპენსიო ასაკის ჩათვლით, განისაზღვრება ეროვნულ დონეზე. თითოეული სახელმწიფოს საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.

ფინეთის საპენსიო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში დეტალურად არის წარმოდგენილი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განსაზღვრული საპენსიო ასაკი.

როგორც გრაფაზე არის მოცემული, პოლონეთში, ისევე როგორც საქართველოში, საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის – 65, ხოლო რუმინეთში სტანდარტულ საპენსიო ასაკად ქალებისთვის 62, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელი არის განსაზღვრული. ბულგარეთში, დანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და ნიდერლანდებში საპენსიო ასაკი ორივე სქესისთვის 67 წელია.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ საპენსიო ასაკი ევროკავშირში ყველგან მსგავსად მაღალია, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საპენსიო ასაკის გაზრდის ვალდებულება დაეკისრება, მცდარია.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ზემოთ მოცემულ გრაფაზე ჩანს, ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები საპენსიო ასაკის ეტაპობრივად გაზრდას მართლაც გეგმავენ. აღნიშნული გამოწვეულია დემოგრაფიული დაბერებით – ამ სახელმწიფოებში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ხოლო შობადობა შემცირდა, შესაბამისად, მოსახლეობაში გაიზარდა ხანდაზმულთა წილი. ვინაიდან მოსახლეობის უფრო დიდი წილი გადის პენსიაზე, ვიდრე შედის სამუშაო ბაზარზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ცდილობენ, მოსახლეობის წახალისებას დარჩნენ სამსახურში უფრო დიდი ხნის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საპენსიო სისტემების მდგრადობა და ადეკვატური სოციალური დაცვის სისტემა. რაც მთავარია, საპენსიო ასაკის გაზრდა თავად წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა, რომელიც მათი დემოგრაფიული მდგომარეობიდან, სამუშაო ბაზრიდან და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების შემთხვევაში, ისევე როგორც ახლა, ის საპენსიო ასაკს თავად განსაზღვრავს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელებში მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეოს რედაქტირებული ვერსია გავრცელდა
სოციალურ ქსელებში მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეოს რედაქტირებული ვერსია გავრცელდა
ნოე 08, 2024
დეზინფორმაცია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო და მასში სიყვარული შეიტანა
დეზინფორმაცია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო და მასში სიყვარული შეიტანა
აპრ 24, 2025
დეზინფორმაცია: პარიზის ოლიმპიადაზე  ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ
დეზინფორმაცია: პარიზის ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ქალები ასპარეზობენ
აგვ 08, 2024
დეზინფორმაცია: ქალმა უარი განაცხადა დამჯდარიყო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერი კეპი ეხურა
დეზინფორმაცია: ქალმა უარი განაცხადა დამჯდარიყო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ტრამპის მხარდამჭერი კეპი ეხურა
მაი 15, 2025
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ნინო წილოსანი: „Heritage Foundation“ ამ კრიტერიუმებით [ქრთამის, გამოძალვის, ნეპოტიზმის, მფარველობის, გაფლანგვის სიმცირე] საქართველოს აფასებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და პროგრესულ ქვეყანას.
ივნ 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.