სოციალურ ქსელში გიორგი მინდაძის ვიდეოები მანიპულაციურად ვრცელდება
მოკლედ საკითხავი
ქართულ ფეისბუქ სივრცეში აქტივისტ გიორგი მინდაძის სიტყვები ორი სხვადასხვა ინტერვიუდან ისეა შეპირისპირებული, თითქოს მინდაძე ერთში ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლა ბრძოლის გასაგრძელებლად სურდა, ხოლო მეორეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.
ღია წყაროებით მარტივად დასტურდება, რომ გიორგი მინდაძე ციხიდან გამოსვლის მეორე დღესვე იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე. გავრცელებულ ვიდეოში კი ის ერთ კონკრეტულ აქციაზე სავარაუდოდ ვერ მისვლაზე საუბრობდა.
ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო პოსტი, რომელიც წარმოადგენს ორი სხვადასხვა ვიდეოს შეპირისპირებას, რომელთაგან ორივეში აქტივისტი და ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დიდი ნაწილის მიერ პოლიტპატიმრად მიიჩნეული გიორგი მინდაძე ჩანს (დაარქივებული ბმული).
პირველ ვიდეოში მინდაძე ამბობს, რომ მისი ეს ნაბიჯი [რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას გულისხმობს] სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგი იყო, რომელიც მას თავისუფლების მოპოვებისა და ბრძოლაში [ანუ სამოქალაქო აქტივიზმში] უფრო აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემდა.
მეორე ვიდეოში, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას კითხვაზე, დაესწრება თუ არა ის კონკრეტულ დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას [სავარაუდოდ, იგულისხმება 28 ნოემბრის საპროტესტო აქცია], მინდაძე პასუხობს (1:41:15-დან), რომ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან ბევრი ნათესავი ჰყავს მოსანახულებელი და არც მათთვის გულის დაწყვეტა სურს. ეს მონაკვეთი წარმოჩენილია ისე, თითქოს მინდაძე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან თავის არიდებას ცდილობს და რომ თითქოს ის მანამდე დაფიქსირებულ პოზიციას ბრძოლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება.
გიორგი მინდაძე ციხიდან 2026 წლის 23 ნოემბერს გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გათავისუფლება მინდაძის მიერ პრეზიდენტის სახელზე დაწერილ შეწყალების თხოვნას ეფუძნებოდა. გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული პირველი კადრი, სადაც მინდაძე ამბობს, რომ შეწყალება ბრძოლაში დასაბრუნებლად ითხოვა, აღებულია ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ 2026 წლის 23 ნოემბერს, გათავისუფლების დღეს მიცემული ინტერვიუდან. უკვე მომდევნო დღეს, 2026 წლის 24 ნოემბერს, შეგვიძლია ვნახოთ ტელეკომპანია „ფორმულას“ რეპორტაჟი, სადაც გიორგი მინდაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას ესწრება.
ამდენად, ვიდეოები იმგვარადაა შეპირისპირებული, რომ მინდაძის პოზიციები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ წარმოაჩინოს. მინდაძემ 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს გაკეთებული კომენტარის დროს აღნიშნა ისიც, რომ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას აუცილებლად დაესწრება, იმ შემთხვევაში თუ თბილისში იქნება და მაქსიმალურად ეცდება ასეც მოხდეს. სხვა შემთხვევაში კი, მინდაძის სიტყვებით, თუ ფიზიკურად არა, გულით მაინც 28 ნოემბრის აქციის მონაწილეებთან ერთად იქნება.