Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მცდარია მტკიცება, თითქოს აფხაზეთის ავტონომიის ისტორია დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგია

მცდარია მტკიცება, თითქოს აფხაზეთის ავტონომიის ისტორია დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგია

ნოემბერს 13, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი · ისტორია
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ავტონომია „უშუალოდ ნოე ჟორდანიასა და მენშევიკური ხროვის ნამოღვაწარია ინგლისის პირდაპირი მითითებით“, და რომ ამას 1921 წლის კონსტიტუციის 108-ე მუხლი ადასტურებს (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, აფხაზეთის ავტონომიის პრინციპი ბრიტანელების კავკასიაში გამოჩენამდე ხუთი თვით ადრე განისაზღვრა. 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ და აფხაზეთის სახალხო საბჭომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც აფხაზეთის შინაგანი მართვა სახალხო საბჭოს რჩებოდა, საქართველოს მთავრობაში კი აფხაზეთის საქმეთა მინისტრის პოსტი იქმნებოდა. ამ შეთანხმების პროექტი 8 ივნისით თარიღდება და მისი ტექსტი და ამ შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე პროცესები დეტალურად არის აღწერილი რუსი ისტორიკოსის ვადიმ მუხანოვის კვლევაში (არქივი) და ქართველი ისტორიკოსის გაბრიელ ჩუბინიძის პუბლიკაციაში (არქივი). აღსანიშნავია, რომ თავად პოსტშიც ავტორი აღიარებს, რომ „1918 წლის შეთანხმება უკვე არსებობდა მენშევიკური მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე“.

ბრიტანული დოკუმენტი, რომელსაც პოსტი ავტონომიის „მითითებად“ წარმოადგენს, 1918 წლის 1 ნოემბრით თარიღდება. ბრიტანეთის ჯარები საქართველოში 1918 წლის დეკემბერში შემოვიდნენ. ანუ პოსტის მთავარი „მტკიცებულება“ იმ შეთანხმებაზე ხუთი თვით გვიანდელია, რომლის ახსნასაც ცდილობს.

პოსტში არც ერთი ბრიტანული დოკუმენტი არ არის მოყვანილი, რომელშიც ლონდონი თბილისს ავტონომიის შექმნას „უთითებს“. ნახსენებია მხოლოდ დოკუმენტის სათაური (The Future Settlement of Trans-Caucasia with Special Regard to British Interests) და ის ფაქტი, რომ ბრიტანეთი რეგიონს საკუთარი ინტერესების ჭრილში განიხილავდა. ეს არცერთი დიდი სახელმწიფოსთვის არ არის სიახლე და „მითითების“ მტკიცებულებად არ გამოდგება. ავტონომიის აქტის ინიციატორი 1919 წლის 20 მარტს თავად აფხაზეთის სახალხო საბჭო იყო (არქივი). ეს თავად პოსტშიც არის ნახსენები. უშუალოდ დოკუმენტში, ნომრით IOR/L/PS/18/C189, საუბარი არ არის დიდი ბრიტანეთის გეგმაზე, რომ საქართველო დაანაწევროს და აფხაზეთი საქართველოს გამოეყოს, ან ავტონომიის ფორმა შეიძინოს.

სინამდვილეში, 1918 წლის 1 ნოემბრის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მემორანდუმის (Foreign Office Memorandum on the Future Settlement of Trans-Caucasia, with Special Regard to British Interests) შინაარსი პოსტში გამოთქმულ მტკიცებას არ ადასტურებს. ჯეოფაქტსმა მოიპოვა დოკუმენტი [1] და ის შეისწავლა. ხაზგასასმელია, რომ დოკუმენტში აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. პირიქით, მემორანდუმის მე-4 პუნქტში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ და სამართლებრივ საფუძვლებზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს სრული სამართლებრივი უფლება (de jure) თავად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობა და რომ ისტორიულად და ეთნოგრაფიულად დასაბუთებული საქართველოს საზღვრების დადგენა, სულ მცირე, წინასწარ მაინც შესაძლებელია, მიუხედავად ცალკეულ სასაზღვრო რაიონებში არსებული სირთულეებისა.

რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთს, დოკუმენტის მე-9 პუნქტში სოხუმის ოლქი (Sukhum district) მხოლოდ რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის კონტექსტშია ნახსენები. მემორანდუმის თანახმად, „ყუბანის კაზაკების ამჟამინდელი ზეწოლა სოხუმის ოლქის მიმართულებით, სავარაუდოდ, სამხედრო მოსაზრებებით არის განპირობებული, რათა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გზა ღია დარჩეს მომავალში მთელ ამიერკავკასიაში შეჭრისათვის“. ამგვარად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის მიმართულებით სამხედრო მოქმედებებს ამიერკავკასიაში შესაძლო შემდგომი შეჭრის საფრთხეს უკავშირებდა. მემორანდუმში არაფერია ნათქვამი არც აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭების ბრიტანულ გეგმაზე, არც საქართველოს მთავრობისთვის ამ საკითხზე რაიმე მითითების მიცემაზე და არც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის განზრახვაზე. შესაბამისად, დოკუმენტის გამოყენება იმის დასამტკიცებლად, თითქოს აფხაზეთის ავტონომია დიდი ბრიტანეთის პირდაპირი მითითებით შეიქმნა, უსაფუძვლოა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ პოსტის შიდა ლოგიკაც დარღვეულია. კერძოდ, დენიკინის 1919 წლის თებერვლის მოთხოვნები, როგორიც იყო საქართველოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანა, პოსტში „ინგლისის უშუალო მიზნად“ არის გადაკეთებული. რეალურად, როცა დენიკინმა 1919 წლის თებერვალში სოჭი აიღო, დიდმა ბრიტანეთმა პროტესტი გამოთქვა, ურთიერთობის გაწყვეტით დაემუქრა და მას მომარაგება შეუჩერა. ამასთან, მაშინ დემარკაციის ხაზი მდინარე ბზიფზე გავიდა და არა ენგურზე, როგორც პოსტი ამბობს. ხოლო, 1920 წლის 19 იანვარს პარიზში ლოიდ ჯორჯმა, კერზონმა და ჩერჩილმა საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გადაწყვიტეს (არქივი), რაც ასევე ნახსენებია პოსტში, ოღონდ ეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს ბრიტანეთის „მტაცებლობას“ ამტკიცებდეს. ამ დროს, არალოგიკურია, რომ დიდი ბრიტანეთი, რომელიც დენიკინს აფხაზეთში შესვლისგან აკავებდა და საქართველოს შეიარაღებას უჭერდა მხარს, საქართველოს დაშლას ცდილობდა.

აქვე აუცილებელია სხვა ფაქტების განხილვა, რაც პოსტში გამოტოვებულია და მიუთითებს, რომ მცდარია იმის მტკიცება, რომ დიდი ბრიტანეთი იყო აფხაზეთის ავტონომიის შემოქმედი. აფხაზეთის ავტონომიის აქტით გათვალისწინებული აფხაზეთის კონსტიტუცია დამფუძნებელმა კრებამ 1919–1920 წლებში სამი პროექტის განხილვის მიუხედავად, საბოლოოდ არ დაამტკიცა. 1920 წლის გაზაფხულზე კი აფხაზი ამომრჩევლების უმეტესობამ დამფუძნებელი კრების დამატებით არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა (არქივი). შესაბამისად, ავტონომიის ისტორია 1918–1921 წლებში ქართულ-აფხაზური დაძაბული მოლაპარაკების შედეგია, და არა ლონდონიდან მოსული მითითება.

ისტორიკოს გაბრიელ ჩუბინიძის კვლევა ამ სურათს კიდევ უფრო აზუსტებს. 1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ აქტი მართლაც მიიღო და თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც კრება აფხაზ კოლეგებს გადაწყვეტილებას ულოცავდა. იგივე კვლევა აჩვენებს, რა მოჰყვა ამ მილოცებებს: 1920 წლის 16 ოქტომბერს აფხაზურმა დელეგაციამ თბილისში კონსტიტუციის პროექტი წარადგინა, რომელიც სატარიფო და ადმინისტრაციული ენის კონტროლს ითხოვდა; დელეგაციის სიტყვებით, ფინანსებზე კონტროლის გარეშე ავტონომია „უბრალოდ ფიქცია“ იქნებოდა. თბილისმა ეს მოთხოვნები უარყო, დელეგაციამ ქალაქი პროტესტის ნიშნად დატოვა, და მხოლოდ 1920 წლის 31 დეკემბერს მიანიჭა სოხუმს თვითმმართველობა განათლების, ჯანდაცვის, ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სასამართლოს სფეროში. ანუ, ამ კვლევიდანაც კარგად ჩანს, რომ აფხაზეთის ავტონომიის შინაარსზე დავა სოხუმსა და თბილისს შორის მიდიოდა და ლონდონი არაფერ შუაში იყო.

1921 წლის კონსტიტუციაში განსაზღვრული იყო აფხაზეთის ავტონომიის საკითხი და მას 107-ე და 108-ე მუხლები ეხებოდა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული კონსტიტუციის ოფიციალური ტექსტი ასე იკითხება (არქივი):

მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით.

შესაბამისად, 107-ე მუხლმა ავტონომიის პრინციპი გამოაცხადა, 108-ე მუხლმა კი განსაზღვრა, რომ ამ ავტონომიის შინაარსი (უფლებამოსილებები, ორგანოები, საზღვრები) დასადგენი იყო ცალკე კანონით. ასეთი კანონის მიღება დამფუძნებელმა კრებამ რუსული ოკუპაციის გამო ვერ მოასწრო. აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დროებითი დებულება 1920 წლის დეკემბერში მხოლოდ პროექტის სტადიაზე იყო, პირველი რესპუბლიკა კი კონსტიტუციის მიღებიდან ოთხ დღეში დაეცა. ანუ სწორედ ის მუხლი, რომელსაც ფეისბუქ პოსტის ავტორი „ავტონომიის სამართლებრივ საფუძვლად“ ასახელებს, აჩვენებს, რომ ავტონომია კონსტიტუციურ პრინციპად დარჩა და მოქმედ სამართლებრივ რეჟიმად ვერ იქცა. 

[1] ეს დოკუმენტი დაცულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკის არქივში. მისი ასლის საჯაროდ გამოქვეყნება საავტორო უფლებებისა და საარქივო მასალების გამოყენების წესებით რეგულირდება და დამატებით ნებართვას და დროს საჭიროებს. ჯეოფაქტსმა დოკუმენტი მოიპოვა, თუმცა, ამ შეზღუდვების გამო დოკუმენტის სრულ ვერსიას ვერ აქვეყნებს. 

ყველა პოსტის ნახვა

ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“
ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ რედაქტირებული მონაკვეთი გადაცემა „კურიერიდან“
ნოე 24, 2025
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯო უილსონის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 18, 2025
დეზინფორმაცია: კლაუს შვაბმა 2030 წლისთვის მანქანის ფლობის აკრძალვა გამოაცხადა
დეზინფორმაცია: კლაუს შვაბმა 2030 წლისთვის მანქანის ფლობის აკრძალვა გამოაცხადა
აგვ 29, 2024
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოთარ ფარცხალაძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ოქტ 22, 2025
მეურვეობის უკანონო წართმევა თუ ბავშვის უფლებების დაცვა? სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
მეურვეობის უკანონო წართმევა თუ ბავშვის უფლებების დაცვა? სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
სექ 24, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.