სოციალურ ქსელში "მთავარის" ლოგოს გამოყენებით პუტინის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის შესახებ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „ძალიან კმაყოფილი ვარ ამერიკის პრეზიდენტის ქმედებებით. ჩემს მითითებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“ (არქივირებული ბმული).
პოსტში მოცემული საინფორმაციო ბარათი აწყობილია "მთავარი" არხის ფეისბუქ გვერდის სტანდარტული დიზაინის მიხედვით, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია რეალურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. "მთავარი" არხი სწორედ ამ ფორმით აქვეყნებს სხვადასხვა ადამიანის ციტატასა და ამ ციტატებზე გამოხმაურებას (მთავარი არხის სხვა ქარდები იხილეთ ბმულზე).
ფოტოზე ორ განცხადებას ვხედავთ. ფოტოს მარცხენა კუთხეში ტრამპის ციტატაა მოცემული, ხოლო ფოტოს ძირითად ნაწილზე ვხედავთ, თუ როგორ გამოეხმაურა ამ განცხადებას პუტინი.
ტრამპის ციტატა ნამდვილია. აშშ-ს პრეზიდენტმა ეს ფრაზა სტივენ ჰაბარდთან შეხვედრისას გააკეთა. სტივენ ჰაბარდი აშშ-ს მოქალაქე, ყოფილი მასწავლებელია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დააკავეს. ამერიკული მედიების ინფორმაციით, ჰაბარდი იზიუმში პარტნიორთან ერთად 2014 წლიდან ცხოვრობდა. ტყვედ ჩავარდნილი / დაპატიმრებული ჰაბარდი რუსულმა მხარემ დახურულ სასამართლო პროცესზე გაასამართლა და სამხედრო მოქმედებებში დაქირავებულ მებრძოლად მსახურების გამო 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა 2024 ოქტომბერში მიუსაჯა. 2026 წლის ოქტომბერში ამერიკულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებების პარალელურად მოსკოვი ჰაბარდის გათავისუფლებაზე დაითანხმა. ტრამპმა ახალგათავისუფლებული ჰაბარდი 31 ოქტომბერს თეთრ სახლში მედიების თანდასწრებით მიიღო და სწორედ ამ შეხვედრაზე თქვა ფოტოზე დატანილი ციტატა. მისი თქმით, სულელი ადამიანები სთხოვდნენ სანქციების დაწესებას და ერთმანეთთან შეუთავსებელია, თან ამერიკელი ტყვის გათავისულებაზე მუშაობდე და თან სანქციებს უწესებდე მეორე მხარეს.
აშშ-ს პრეზიდენტის მოცემული ციტატა „მთავარის“ გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 31 ოქტომბერსვე განთავსდა. მასზე პრეზიდენტის ციტატაა დატანილი და სწორედ ეს ქარდი შემდგომში გამოყენებულია პუტინის გამოგონილი ციტატის შესაქმნელადაც. „მთავარის“ გვერდზე ასეთი ქარდი, პუტინის ციტატით, არ იძებნება. პუტინის მსგავსი შინაარსის ფრაზა არც რომელიმე სხვა სანდო მედიასაშუალებას გაუვრცელებია. გავრცელებული საინფორმაციო ბარათის სანდოობას საეჭვოს ხდის ასევე გამოყონებული ფონტი, რომლითაც პუტინის ციტატაა დატანილი. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება "მთავარის" მიერ გამოყენებული ფონტისგან (სხვაობა შესამჩნევია თავად გაყალბებულ ბარათზეც, სადაც მარცხენა ზედა კუთხეში "მთავარის" მიერ გამოქვეყნებული ტრამპის ციტატაა მოცემული).
შესაბამისად, პოსტში მოცემულ ქარდზე გამოგონილი ციტატაა დატანილი. ის სანდო მედიებს არ გაუვრცელებიათ და „მთავარის“ გვერდზე, რომლის დიზაინითაც მოცემული ქარდია შექმნილი, მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება.