Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მანიპულაციური მტკიცება, რომ ამერიკელები 2008 წლის ომის დროს მხოლოდ პამპერსებით და წყლით დაეხმარნენ საქართველოს

მანიპულაციური მტკიცება, რომ ამერიკელები 2008 წლის ომის დროს მხოლოდ პამპერსებით და წყლით დაეხმარნენ საქართველოს

ოქტომბერს 30, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა, საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ნიკოლოზ მჟავანაძის ვიდეო მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს აშშ-მ საქართველო პრაქტიკულად მხოლოდ “პამპერსებით და წყლით” მოამარაგა. განცხადების კონტექსტი არის, რომ აშშ-ის და დასავლეთის ნდობა არ შეიძლება (არქივირებული ბმული).

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში აშშ-ის დახმარების „პამპერსებსა და წყალზე“ დაყვანა მხარდაჭერის რეალურ მასშტაბს უგულებელყოფს. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავდა საკვებს, მედიკამენტებს, თავშესაფრისა და სხვა აუცილებელ ნივთებს. ამასთან, უშუალოდ საომარი მოქმედებების პერიოდში აშშ-მა ერაყიდან საქართველოში დაახლოებით 2000 ქართველი სამხედრო გადმოიყვანა. ომის შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის მილიარდდოლარიანი პაკეტი გამოაცხადა.

აშშ-ის დახმარების ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი ქართველი სამხედროების ერაყიდან დაბრუნებაა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის 2008 წლის 12 აგვისტოს ცნობით (არქივი), ამერიკულმა C-17 ტიპის თვითმფრინავებმა დაახლოებით 2 000 ქართველი სამხედრო სამშობლოში გადმოიყვანეს. ოპერაცია 10 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დასრულდა, ანუ, მაშინ, როდესაც საქართველოში საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებაც მხოლოდ წყლითა და ჰიგიენური საშუალებებით არ შემოიფარგლებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით (არქივი), დახმარების გაცემა კონფლიქტის დაწყებიდან 48 საათში დაიწყო. იგი მოიცავდა გადაუდებელ და სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მარაგებს, სამედიცინო დახმარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სასურსათო მხარდაჭერას. 2008 ფინანსური წლის ბოლოსთვის აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება დაახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო 2008 წლის 13 აგვისტოს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშის გამოსვლა, როდესაც მან განაცხადა (არქივი), რომ თავდაცვის მდივანს აშშ-ის სამხედროების ხელმძღვანელობით ჰუმანიტარული მისიის დაწყება დაავალა. მისი განცხადებით, საქართველოში ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთების მისაწოდებლად გამოყენებული იქნებოდა როგორც ავიაცია, ისე საზღვაო ძალები. ამ განცხადებას ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი გააჩნდა, რადგან იმ პერიოდისთვის საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები იმყოფებოდნენ, აშშ-ის ავიაციის და ფლოტის შავ ზღვაში გამოჩენა, იყო პოლიტიკური და სამხედრო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ აშშ დახმარებას უწევდა მოკავშირე საქართველოს.

თეთრი სახლის 3 სექტემბრის მონაცემებით (არქივი), კონფლიქტის დაწყებიდან იმ დროისთვის აშშ-ს საქართველოსთვის თითქმის 30 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება ჰქონდა გაწეული. სამხედროების, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში 1 200 ტონაზე მეტი საკვები და სამედიცინო მარაგი მიიტანეს. მიწოდება საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით ხორციელდებოდა.

2008 წლის 3 სექტემბერს აშშ-მა საქართველოსთვის დამატებით 1 მილიარდი დოლარის მრავალწლიანი მხარდაჭერის ვალდებულება გამოაცხადა (არქივი). მისი დანიშნულება ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება და საქართველოს ეკონომიკური აღდგენა იყო, მათ შორის, დევნილთა დახმარება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერა და კერძო სექტორის დაფინანსება.

ამ პაკეტის ფარგლებში 250 მილიონი დოლარი უშუალოდ საქართველოს ბიუჯეტის მხარდასაჭერად გამოიყო. შესაბამისი საგრანტო შეთანხმება 2008 წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, დახმარების მიზანი ეკონომიკის სტაბილიზაცია და საბიუჯეტო დანაკლისის შემცირება იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღწერილია, რომ აღნიშნული დაფინანსება მოხმარდა პენსიებს, დევნილთა შემწეობებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას, სკოლების მუშაობასა და საჯარო მოხელეთა ხელფასებს.

მილიარდდოლარიანი ვალდებულების ნაწილს წარმოადგენდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს კომპაქტის დამატებით 100 მილიონი დოლარით გაზრდაც, გზების, ენერგეტიკისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის (არქივი).

შესაბამისად, მტკიცება, რომ „ამერიკელები ომის დროს პამპერსებით და წყლით დაგვეხმარნენ“, მანიპულაციურია. უშუალოდ საომარი მოქმედებების პერიოდში აშშ-მა ქართველი სამხედროების ერაყიდან დაბრუნება უზრუნველყო და გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება დაიწყო. შემდგომ კვირებში დახმარება საკვების, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი მარაგების მიწოდებით გაგრძელდა, ხოლო ომის შემდგომი აღდგენისთვის მილიარდდოლარიანი მხარდაჭერის პაკეტი გამოიყო. ამასთან ერთად, პრეზიდენტ ბუშის მიერ გაკეთებული განცხადება, რაც შავ ზღვაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოჩენას უსვამდა ხაზს, მაშინ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე აქტი იყო.

ყველა პოსტის ნახვა

ტრამპის შეცდომა თუ რეალური ციტატა? სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები მანიპულაციურად ვრცელდება
ტრამპის შეცდომა თუ რეალური ციტატა? სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 06, 2026
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს საარჩევნო აპარატები ტრამპის მონიშვნის შემთხვევაშიც კამალა ჰარისს უფიქსირებდა ხმას
ნოე 05, 2024
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება
ბილ გეითსის P Diddy-ს დანაშაულებრივ წვეულებებში მონაწილეობა არ დასტურდება
ნოე 20, 2024
სოციალურ ქსელში კამალა ჰარისის კამპანიასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში კამალა ჰარისის კამპანიასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
აგვ 16, 2024
სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 08, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.