ტრამპის შეცდომა თუ რეალური ციტატა? სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები მანიპულაციურად ვრცელდება
მოკლედ საკითხავი
სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ დონალდ ტრამპმა იაპონიას "იაპონიის ისლამური რესპუბლიკა" უწოდა.
საკითხის შესწავლის შედეგად აშკარაა, რომ ტრამპის სიტყვები ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეხებოდა, რომელსაც მან შეცდომით იაპონიის ისლამური რესპუბლიკა უწოდა.
ქართულ ფეისბუქ სივრცეში, ისევე როგორც ტიკტოკზე, გავრცელდა მტკიცება, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიას "იაპონიის ისლამური რესპუბლიკა" უწოდა (დაარქივებული ბმული 1; 2). მტკიცების ავტორის აზრით, ეს აჩვენებს, რომ "დონალდ ტრამპი რეალურად არის სახე ამერიკული იმპერიალიზმისა", რომელსაც ამერიკელი ოლიგარქები რონალდ რეიგანის მსგავსი ვარსკვლავებით ვეღარ ფარავენ.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული კადრები და ციტატა რეალურია და ნატოს ანკარის სამიტისას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა ნამდვილად გააჟღერა სიტყვები "იაპონიის ისლამური რესპუბლიკა". ტრამპი საუბრობდა აშშ-ის ავიამზიდ აბრაამ ლინკოლნის მიმართ რამდენიმე თვის წინ გაშვებული 111 რაკეტის წარმომავლობაზე და სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან იაპონიის ისლამური რესპუბლიკა.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით ცხადია, რომ ტრამპი საუბრობდა ქვეყანაზე, რომელთანაც აშშ-ს სამხედრო დაპირისპირება ჰქონდა უახლოეს წარსულში, რაც შეესაბამება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და არა იაპონიას. დონალდ ტრამპმა ბოლო მომენტში ქვეყნის არასწორი დასახელება წარმოთქვა, როცა რეალურად ირანზე საუბრობდა.
იაპონიას მრავალი ათწლეულია რაც აშშ-სთან სამხედრო დაპირისპირება არ ჰქონია, მის მოკავშირედ ითვლება და ბუნებრივია, რომ აშშ-ის ავიამზიდების მისამართით 100-ზე მეტი რაკეტა არ უსვრია. რაც შეეხება ირანს, მისი ერთ-ერთი გამოსვლისას პენსილვანიის თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე, დონალდ ტრამპმა ამჯერად ზუსტად წარმოთქვა, რომ ავიამზიდ აბრაამ ლინკოლნს სწორედ ირანმა ესროლა 111 რაკეტა, რაც გვიჩვენებს, რომ ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში მან საუბრისას შეცდომა დაუშვა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო, ისევე როგორც ამერიკულმა მედიამ დონალდ ტრამპის სიტყვები "იაპონიის ისლამური რესპუბლიკის" შესახებ თავიდანვე სწორედ ისე გააშუქა, როგორც შეცდომა, რაც გვიჩვენებს, რომ ტრამპის შეცდომა იმთავითვე გასაგები და ცხადი იყო ყველა დამკვირვებლისთვის. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი საკუთარ გამოსვლაში იაპონიას გულისხმობდა.