Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ყალბია ინფორმაცია, თითქოს „ლიბერალური მედია“ არ აშუქებს ფეხბურთელი გოგონების საქმეს, რომელიც ქალებზე სექსუალურ ძალადობას ეხება

ყალბია ინფორმაცია, თითქოს „ლიბერალური მედია“ არ აშუქებს ფეხბურთელი გოგონების საქმეს, რომელიც ქალებზე სექსუალურ ძალადობას ეხება

ოქტომბერს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ამტკიცებს, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბში სექსუალური ძალადობის ამბავზე „ლიბერასტული მედია“ და ბაია პატარაია დუმან (არქივირებული ბმული). ეს მტკიცება მცდარია: საქმე სწორედ ოპოზიციურმა და დამოუკიდებელმა მედიამ გააშუქა, ბაია პატარაიამ კი საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი შემდეგი ტექსტით: „ფეხბურთელი გოგონების უმძიმესი ამბები, რომელზეც ლიბერასტული მედია და არც მყრალი მთავრობა ხმას არ იღებს‼️ სადაა ბაია და სახალხო დამცველი❓‼️ თურქების შიბაქებითაა ქვეყანა გადაძეძგილი‼️“

პოსტი სამ რამეს ამტკიცებს: (1) ამ ამბავს ოპოზიციური, ე.წ. „ლიბერალური“ მედია არ აშუქებს; (2) ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია დუმს; (3) სახალხო დამცველი დუმს. ჯეოფაქტსმა სამივე მტკიცება გადაამოწმა.

რას შეეხება საქმე?

პოსტი კონკრეტულ საქმეს არ ასახელებს, მაგრამ „თურქების“ და „ფეხბურთელი გოგონების“ ხსენება, ასევე რადიო თავისუფლების ვიდეო სიუჟეტი, რომელიც ამ პოსტს თან ახლავს, მიუთთებს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილი მფლობელისა და პრეზიდენტის, თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ უიარის გახმაურებულ საქმეზე. რადიო თავისუფლების მიხედვით, 32 წლის ბიზნესმენმა კლუბი 2024 წელს შეიძინა. კლუბის 20 წლის ფეხბურთელი, საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების წევრი, მას 2025 წლის 8 დეკემბრის გუნდური წვეულების შემდეგ გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მსხვერპლმა პოლიციას მეორე დილითვე მიმართა. უიარი 2026 წლის 9 იანვარს დააკავეს და ცხრა თვე პატიმრობაში გაატარა.

2026 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი არევაძე) უიარი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. ნეტგაზეთის ცნობით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაზარალებულს დარბაზში გული წაუვიდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაიყვანა. პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანია „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა ფეხბურთელების გასახდელში დამალული კამერების გამო.

2026 წლის 29 სექტემბერს ქსკ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ფეხბურთელმა გოგონებმა ხელი არ ჩამოართვეს მეტოქეს, კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გაიტანა და გუნდმა ბანერი გაშალა წარწერით „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა.“ ამას სხვა გუნდების („ბათუმი“, ხობის „კოლხეთი“, „თეთრიწყარო“, მორაგბე ქალების „ლოკომოტივი“) სოლიდარობის განცხადებები მოჰყვა, რაც "რადიო თავისუფლებამ" ვრცლად აღწერა თავის რეპორტაჟში. 2026 წლის 9 ოქტომბერს დაზარალებულის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განაცხადა, რომ სასამართლო განაჩენის დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავს.

ონლაინ მედიის გაშუქება

ონლაინ გამოცემებმა საქმე გამამართლებელი განაჩენის დღესვე გააშუქეს და მას შემდეგ თემას მუდმივად მიჰყვებიან. ქვემოთ არის იმ მასალების ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს, რომ ე.წ. “ლიბერალური მედია” ამ ისტორიას რეგულარულად აშუქებს.

რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 22 სექტემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია „20 წლის ფეხბურთელი ქალი მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბიზნესმენი გაამართლეს — ვინ არის მეჰმეთ უიარი“; 29 სექტემბერს გამოქვეყნდა რეპორტაჟი „ლანჩხუთის“ ჩაშლილ მატჩზე, ხოლო 7 ოქტომბერს ანალიტიკური მასალა „ერთმანეთს არ დავტოვებთ — ქალი ფეხბურთელები ძალადობის წინააღმდეგ.”

ნეტგაზეთი 22 სექტემბერს იუწყებოდა, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენი დარბაზიდან გაათავისუფლეს. 29 სექტემბერს გამოქვეყნდა „ქალთა მოძრაობის“ სოლიდარობის განცხადება, ხოლო 30 სექტემბერს „ნიკე-ლუსოს“ პასუხი „ლანჩხუთს.“ ბათუმელებმა 30 სექტემბერს აღწერა, როგორ დაუჭირეს მხარი სხვა კლუბების ფეხბურთელებმა„ლანჩხუთის“ პროტესტს.

პუბლიკამ 29 სექტემბერს გააშუქა პროტესტი, 9 ოქტომბერს კი ადვოკატის განცხადება განაჩენის დასაბუთების გასაჯაროების აკრძალვაზე. OC Media-მ 30 სექტემბერს ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც ბაია პატარაიას პოზიციაც არის ციტირებული.

თემა გააშუქეს აგრეთვე ambebi.ge-მ (29 სექტემბერი), marao.ge-მ (29 სექტემბერი), timer.ge-მ (22 სექტემბერი), metronome.ge-მ (22 სექტემბერი), gurianews.com-მა (22 სექტემბერი), და tabula.ge-მ (30 სექტემბერი).

ტელევიზიების მიერ შემთხვევის გაშუქება

აღნიშნული გახმაურებული საქმე ასევე გააშუქეს დამოუკიდებელმა ტელეკომპანიებმა როგორც სატელევიზიო ეთერში, ისე სოციალურ ქსელებში:

ფორმულა: 2026 წლის 29 სექტემბერს YouTube-ზე ხელმისაწვდომია ხუთწუთიანი სიუჟეტი „ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ პროტესტი“; 30 სექტემბერს არხის Facebook-გვერდზე გავიდა 7-წუთიანი რეპორტაჟი „საფეხბურთო მოედანზე დაწყებული პროტესტი უკვე ფართო საზოგადოებრივ კამპანიად იქცა“, ასევე Instagram-ზე — ვიდეო ჩაშლილი მატჩიდან.

TV პირველი: განაჩენის დღესვე გავიდა სიუჟეტი „ხმაური საქალაქო სასამართლოში — 20 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს“; 29 სექტემბერს — სტატია „მე-10 წამზე შეწყვეტილი მატჩი და ფეხბურთელების პროტესტი“; 3 ოქტომბერს — ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლესთან და გამოძიებითი მასალების დეტალური ქრონოლოგია; ასევე ვრცელი YouTube-მასალა „რა ეტაპზეა საქმე.“ ამ საქმეს ასევე მიეძღვნა „ნოდარ მელაძის შაბათის“ 19-წუთიანი სიუჟეტი, სახელად „ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე.“

მთავარი არხი: 29 სექტემბერს Instagram-ზე გაავრცელა „ლანჩხუთის“ სრული განცხადება და საქმის კონტექსტი.

კავკასია: სრულად გადმოსცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ბრიფინგი ამ საქმეზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე „ნიკე-ლუსოს“ თეგით გაერთიანებულ მასალებში კლუბის სპორტული შედეგებია გაშუქებული, სექტემბერ-ოქტომბრის გამამართლებელ განაჩენზე და „ლანჩხუთის“ პროტესტზე მასალა ამ თეგში არ იძებნება. ასევე არ იძებნება არც ერთი მასალა გამამართლებელ განაჩენზე, ან პროტესტზე „იმედის“ (imedinews.ge), „რუსთავი 2-ის“ (rustavi2.ge) და POSTV-ს (postv.media) ვებგვერდებზე და YouTube-არხებზე.

ქვემოთ მოყვანილია მედიაში ამ საქმის გაშუქების ცხრილი.

გამოცემა

თარიღი

მასალა

რადიო თავისუფლება

2026 წლის 22 სექტემბერი

ვინ არის მეჰმეთ უიარი

ნეტგაზეთი

2026 წლის 22 სექტემბერი

ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

TV პირველი (YouTube)

სექტემბრის ბოლო

ხმაური საქალაქო სასამართლოში

რადიო თავისუფლება

2026 წლის 29 სექტემბერი

„ლანჩხუთმა“ მატჩი ჩაშალა

პუბლიკა

2026 წლის 29 სექტემბერი

„ლანჩხუთმა“ მატჩზე უარი განაცხადა

TV პირველი

2026 წლის 29 სექტემბერი

მე-10 წამზე შეწყვეტილი მატჩი

მთავარი არხი (Instagram)

2026 წლის 29 სექტემბერი

„ლანჩხუთის“ განცხადება

ნეტგაზეთი

2026 წლის 29 სექტემბერი

„ქალთა მოძრაობის“ განცხადება

ბაია პატარაია (Facebook)

2026 წლის 30 სექტემბერი

პოსტი

OC Media

2026 წლის 30 სექტემბერი

Georgian football team walk off pitch

ბათუმელები

2026 წლის 30 სექტემბერი

ქალი ფეხბურთელები მხარს უჭერენ პროტესტს

ნეტგაზეთი

2026 წლის 30 სექტემბერი

„ნიკე-ლუსო“ „ლანჩხუთს“ პასუხობს

ფორმულა (Facebook)

2026 წლის 30 სექტემბერი

რეპორტაჟი პროტესტზე

ფორმულა (YouTube)

სექტემბრის ბოლო

„ლანჩხუთის“ პროტესტი

ინტერპრესნიუსი

2026 წლის 30 სექტემბერი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ბრიფინგი

კავკასია (YouTube)

სექტემბრის ბოლო

ბრიფინგი სრულად

TV პირველი

2026 წლის 3 ოქტომბერი

ინტერვიუ მოსამართლესთან

რადიო თავისუფლება

2026 წლის 7 ოქტომბერი

„ერთმანეთს არ დავტოვებთ“

პუბლიკა

2026 წლის 9 ოქტომბერი

ადვოკატი: სასამართლო დასაბუთების გასაჯაროებას უკრძალავს

ბაია პატარაიას და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების პოზიცია

„საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ პოზიცია 2026 წლის 30 სექტემბერს, საკუთარ Facebook-გვერდზე საჯაროდ დააფიქსირა, „ლანჩხუთის“ პროტესტის მეორე დილით:

„ძალიან ხშირად იცავენ და ეფოფრებიან გავლენიან და ფავორიტ მოძალადეებს ჩვენში, ან ჩუმდებიან და არ იმჩნევენ მომხდარს, ან გამოძიებას დაველოდოთ ამბობენ, ან კიდევ რამე სხვა კომფორტის ზონაში მოყუჩდებიან ხოლმე... მაგრამ არა ეს გოგოები! და ეს ჭეშმარიტად დასაფასებელია!!! ვისწავლოთ მათგან“.

პოსტს თან ერთვის „ფორმულას“ გრაფიკა „ლანჩხუთის“ ბანერით. პატარაიას ეს პოზიცია იმავე დღეს ციტირებული აქვს OC Media-ს სტატიაში.

2026 წლის 29 სექტემბერს „ქალთა მოძრაობამ“ ნეტგაზეთის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაზარალებულსა და „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს სოლიდარობა გამოუცხადა და ფეხბურთის ფედერაციას სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების შექმნა მოსთხოვა.

30 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა საქმეს. დაზარალებულს სასამართლოში უფლებადამცველი ადვოკატი ანა თავხელიძე იცავს.

სახალხო დამცველის გამოხმაურება

სახალხო დამცველის ნაწილში პოსტი ნაწილობრივ სწორია. სახალხო დამცველის ვებგვერდზე და სამედია სივრცეში გამამართლებელ განაჩენზე ან „ლანჩხუთის“ პროტესტზე საჯარო განცხადება არ იძებნება.

თუმცა, როგორც ჩანს, სახალხო დამცველი ამ საქმეს სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გამოხმაურება არ ჰქონია. „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში, დაზარალებულის ადვოკატზე დაყრდნობით, ვკითხულობთ, რომ კლუბს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი საერთოდ არ ჰქონდა და „შესაბამისი დოკუმენტი მხოლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისა და მისი ჩართულობის შემდეგ შეიქმნა.“ ანუ, სახალხო დამცველის აპარატი საქმეში ჯერ კიდევ სასამართლო განაჩენამდე იყო ჩართული. 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ზელენსკიმ კიევი დატოვა
დეზინფორმაცია: ზელენსკიმ კიევი დატოვა
ივნ 10, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
მაი 01, 2025
სოციალურ ქსელში პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება
სოციალურ ქსელში პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება
დეკ 13, 2024
სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჰენრი კისინჯერის ციტატა მანიპულირებულად ვრცელდება
მაი 12, 2025
სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 14, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.