Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მცდარია მტკიცება, რომ მშრომელების უფლებების დაცვა საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო

მცდარია მტკიცება, რომ მშრომელების უფლებების დაცვა საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო

სექტემბერს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი · ისტორია
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირმა შემოიღო ხუთდღიანი სამუშაო კვირა და თანამედროვე ორდღიანი დასვენება და ამით მშრომელებმა მიიღეს უფლებები და დაცვის გარანტიები, რომლებიც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამდე არ არსებობდა.

ეს მტკიცება მნიშვნელოვან კონტექსტს უგულებელყოფს, რადგან ის ორ სხვადასხვა ისტორიულ საკითხს აერთიანებს და საბჭოთა კავშირს ისეთ შრომით რეფორმებს მიაწერს, რომლებიც ან საბჭოთა ხელისუფლებამდე არსებობდა, ან ბევრად გვიან დაინერგა. სსრკ-ში 1929 წელს შემოღებული „ხუთდღიანი კვირა“ თანამედროვე ხუთდღიან სამუშაო კვირას არ ჰგავდა. ეს იყო უწყვეტი წარმოების სისტემა, რომელშიც მშრომელებს ცვალებადი (მცურავი) დასვენების დღე ჰქონდათ და არა საერთო შაბათ-კვირა. ხუთდღიანი კვირა ორი დასვენების დღით საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1967 წელს დაინერგა. კონტრასტისთვის, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918–1921) საბჭოთა ოკუპაციამდე კანონით განამტკიცა რვასაათიანი სამუშაო დღე, პროფკავშირების უფლებები და ყოველკვირეული გარანტირებული დასვენება.

1929 წელს, სტალინის პირველი ხუთწლედის დროს, საბჭოთა კავშირმა შემოიღო ე.წ. „უწყვეტი საწარმოო კვირა“ (непрерывная производственная неделя, ანუ „ნეპრერივკა“). სისტემის მიზანი მშრომელის დასვენების ნაცვლად ქარხნების შეუჩერებელი მუშაობა იყო. მშრომელები ხუთ ჯგუფად დაყვეს და თითოეულ ჯგუფს დასვენების დღე სხვადასხვა დროს ჰქონდა. ამიტომ წარმოება არასდროს ჩერდებოდა. ამ სქემით მშრომელი ოთხ დღეს მუშაობდა და მეხუთე დღეს ისვენებდა. შესაბამისად, დასვენების დღე ყოველ ციკლში სხვადასხვა კალენდარულ დღეზე მოდიოდა.

ამ სისტემაში საერთო დასვენების დღე, მაგალითად საერთო შაბათი და კვირა არ არსებობდა. ერთი ოჯახის წევრებს ხშირად სხვადასხვა დღეს ჰქონდათ დასვენება. რეფორმას იდეოლოგიური მიზანიც ჰქონდა, რადგან კვირა დღე რელიგიური წესების დაცვა რთულდებოდა. ამ საბჭოთა “ინოვაციური” სისტემის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე იმდროინდელი გავლენიანი პუბლიკაციებიც წერდნენ.

საბოლოო ჯამში ეს ექსპერიმენტი არაპოპულარული და არაეფექტიანი აღმოჩნდა. 1931 წლიდან „ნეპრერივკა“ ექვსდღიანმა კვირამ ჩაანაცვლა: ხუთი სამუშაო დღე და მეექვსე, ყველასთვის საერთო დასვენების დღე. ეს დღე კალენდარში ფიქსირებულ რიცხვებზე მოდიოდა, თუმცა დასვენების კვირა დღე ამ სისტემამაც არ დააბრუნა. ჩვეულებრივ შვიდდღიან კალენდარს საბჭოთა კავშირი მხოლოდ 1940 წლის ივნისში დაუბრუნდა.

ხუთდღიან სამუშაო კვირაზე ორი ზედიზედ დასვენების დღით საბჭოთა კავშირი ეტაპობრივად გადავიდა მხოლოდ 1960-იან წლებში. მთელ ქვეყანაში ეს სისტემა სკკპ ცენტრალური კომიტეტის, სსრკ მინისტრთა საბჭოს და პროფკავშირების საკავშირო ცენტრალური საბჭოს 1967 წლის 7 მარტის დადგენილებით ამოქმედდა (მე-18 გვერდიდან, არქივი). ანუ, რეალური ხუთდღიანი სამუშაო კვირა საბჭოთა კავშირში „ნეპრერივკის“ შემოღებიდან თითქმის ოთხი ათწლეულის შემდეგ მოხდა.

ეს მტკიცება ასევე უგულებელყოფს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) შრომით კანონმდებლობას და იქ შემოღებულ მრავალ ინოვაციას. რვასაათიანი სამუშაო დღე სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის ამიერკავკასიაში და საქართველოში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შემოიღეს, ანუ საბჭოთა ხელისუფლებამდე. პირველმა რესპუბლიკამ ეს ნორმა კანონით განამტკიცა, ხოლო 1918 წელს შეიქმნა შრომის სამინისტრო და სამართლებრივად იქნა აღიარებული პროფკავშირები.

1920 წლის 14 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი შრომითი ხელშეკრულობისა“. კანონმა აღიარა შრომის კოლექტიური ხელშეკრულება (მუხ. 16–18) და დამქირავებელს დაავალა ისეთი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნიდა დაქირავებულის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ზნეობას (მუხ. 53). ამუკანონოდ დათხოვნილ მუშას შრომის სასამართლოსთვის მიმართვის და კომპენსაციის უფლება ჰქონდა (მუხ. 79–80, 83). კანონი კრძალავდა გაფიცვის ან ლოკაუტის დროს მუშის გამოსახლებას დამქირავებლის მიერ მიცემული ბინიდან (მუხ. 81). მუშათა „შავი სიების“ შედგენა 1 000-დან 10 000 მანეთამდე ჯარიმით, განმეორების შემთხვევაში კი ერთ წლამდე პატიმრობით ისჯებოდა (მუხ. 85). კანონის დარღვევისთვის დამსაქმებლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ (მუხ. 84–89).

1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუცია წითელი არმიის თბილისში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე დამტკიცდა. მისი 123-ე მუხლი ნორმალურ სამუშაო დროს კვირაში 48 საათით განსაზღვრავდა და მშრომელს ყოველკვირეულად სულ მცირე 42 საათის უწყვეტ დასვენებას ანიჭებდა. კონსტიტუცია ასევე უზრუნველყოფდა პროფკავშირების თავისუფლად შექმნას (35-ე მუხლი), გაფიცვის უფლებას (38-ე მუხლი), შრომისუნარობის შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯზე სოციალურ დაზღვევას (121-ე მუხლი), 16 წლამდე ბავშვების ქარხნებში მუშაობის აკრძალვას და ქალებისა და არასრულწლოვნების ღამით მუშაობის აკრძალვას (124-ე მუხლი), დამოუკიდებელ შრომის ინსპექციას (125-ე მუხლი) და მშობიარობის გამო ქალისთვის სულ მცირე ორთვიან ანაზღაურებად შვებულებას (126-ე მუხლი).

შესაბამისად, მართალია პირველ რესპუბლიკას არ შემოუღია თანამედროვე ხუთდღიანი კვირა ორდღიანი დასვენებით, მან მიიღო შრომითი დაცვის ბევრი ის ნორმა, რომელსაც ხშირად მცდარად საბჭოთა მიღწევად წარმოაჩენენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ შრომითი უფლებების შედარება ყველა საკითხში ერთნაირ სურათს არ იძლევა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კონკრეტული საპენსიო ასაკი კანონით არ დაუდგენია. თუმცა 1921 წლის კონსტიტუციის 121-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ დაქირავებულ მუშაკს, რომელიც სიბერის, დასახიჩრების ან სხვა მიზეზით შრომისუნარიანობას დაკარგავდა, ხელფასზე დაფუძნებული სოციალური დაზღვევით დახმარება მიეღო. 120-ე მუხლი კი ხანდაზმული და შრომისუუნარო მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დახმარებას ითვალისწინებდა. მოკლე არსებობის, ომისა და ჰიპერინფლაციის გამო ამ სისტემის სრულად ამოქმედება ვერ მოხერხდა.

საბჭოთა კავშირში 60 და 55 წლის საპენსიო ასაკი ყველა მუშისა და მოსამსახურისთვის მხოლოდ 1956 წლის კანონით დადგინდა. ანუ, მტკიცება, რომ ეს წესები სტალინმა შემოიღო, აქაც არასწორია, რადგან ამ დროს სტალინი 3 წლის გარდაცვლილი იყო. 1956 წლის საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 25-წლიანი სტაჟის, ხოლო ქალებისთვის 20-წლიანით სტაჟის შემთხვევაში მოქმედებდა. ამასთან, კოლმეურნეები სახელმწიფო პენსიის გარეშე იყვნენ 1965 წლამდე. 1964 წლის კანონით მათთვის საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65, ქალებისთვის კი 60 წელი განისაზღვრა. მოგვიანებით ეს ასაკი ქალაქის მოსახლეობისას გაუთანაბრდა. საქართველოს სსრ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა, ამიტომ ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სახელმწიფო პენსია არ ჰქონდა.

დეკრეტული შვებულების შემთხვევაში სურათი უფრო რთულია. 1921 წლის კონსტიტუციის 126-ე მუხლი ქალს მშობიარობის გამო სულ მცირე ორთვიან, სრულად ანაზღაურებად შვებულებას ანიჭებდა და დამსაქმებელს ძუძუთი მკვებავი დედებისთვის სათანადო ოთახის მოწყობას ავალდებულებდა. საბჭოთა რუსეთში 1917 წლის დეკრეტმა ქალებს მშობიარობამდე 8 და მშობიარობის შემდეგ 8 კვირის ანაზღაურებადი შვებულება მიანიჭა (არქივი). ეს ფორმალურად პირველი რესპუბლიკის მინიმალურ ნორმაზე ხანგრძლივი იყო. თუმცა 1922 წლის შრომის კოდექსმა გონებრივი შრომის მუშაკებისთვის შვებულება 6+6 კვირამდე შეამცირა. 1939 წლიდან კი ის 112-დან 63 დღემდე შემცირდა (არქივი) და მხოლოდ იმ ქალებზე ვრცელდებოდა, რომლებსაც ერთ სამუშაო ადგილზე სულ მცირე შვიდთვიანი უწყვეტი სტაჟი ჰქონდათ. ეს დაახლოებით პირველი რესპუბლიკის ორთვიან ნორმას უტოლდებოდა. 1944 წელს შვებულება 77 დღემდე გაიზარდა, 112 დღე კი მხოლოდ 1956 წელს აღდგა (არქივი).

ამრიგად, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებაც და სიბერის სოციალური დაზღვევის უფლებაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამდე უკვე კონსტიტუციით იყო გარანტირებული. საბჭოთა კანონმდებლობა ზოგ პერიოდში უფრო ხანგრძლივ შვებულებას ითვალისწინებდა. თუმცა ეს უფლებები არც საბჭოთა სისტემის გამოგონება იყო და არც მუდმივი: ისინი ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა, იკვეცებოდა და მოსახლეობის ნაწილზე საერთოდ არ ვრცელდებოდა.

შესაბამისად, საბჭოთა კავშირს არ გამოუგონია თანამედროვე ხუთდღიანი სამუშაო კვირა და ორდღიანი დასვენება და საქართველოში მისი “შემოღება” სტალინის დამსახურება არ ყოფილა. პირველი ათწლეულების საბჭოური „ხუთდღიანი კვირა“ სრულიად განსხვავებული საწარმოო სისტემა იყო, რომელიც მხოლოდ ერთ, ცვალებად დასვენების დღეს ითვალისწინებდა. ორდღიანი დასვენება სსრკ-ში მხოლოდ 1967 წელს დაინერგა, რვასაათიანი სამუშაო დღე, მშრომელთა სამართლებრივი დაცვა, შრომის ინსპექცია და გარანტირებული ყოველკვირეული დასვენება კი საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე უკვე კანონით იყო დადგენილი. ამ მიღწევების მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის მიწერა პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვან რეფორმებს უგულებელყოფს, შესაბამისად მტკიცება მანიპულაციურია.

ყველა პოსტის ნახვა

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
იან 23, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ში აქციის მონაწილის დაკავება მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ში აქციის მონაწილის დაკავება მანიპულირებულად ვრცელდება
ივლ 18, 2025
სატირა: 20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს
სატირა: 20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს
ოქტ 26, 2024
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
პირამიდების ქვეშ ნაგებობების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
მარ 27, 2025
დეზინფორმაცია: აშშ-ში ოლაფ შოლცის სახლი დაიწვა
დეზინფორმაცია: აშშ-ში ოლაფ შოლცის სახლი დაიწვა
იან 27, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.