სოციალურ ქსელში ანა წითლიძის ფრაზა შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ორი პოლიტიკოსის - ნიკა გვარამიასა და ანა წითლიძის მოკლე ვიდეოებია გადაბმული. ვიდეო იმგვარადაა დამონტაჟებული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ანა წითლიძე ნიკა გვარამიას მიმართავს.
ვიდეოს პირველ ნაწილში პოლიტიკოსი ნიკა გვარამია მის კოლეგას სხვა ოპოზიციური პარტიიდან, ანა წითლიძეს მოიხსენიებს ეპითეტით „მდაბიო“. ნიკა გვარამიას ფრაზებს მოსდევს ანა წითლიძის ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი ამბობს: „შე ჩმორო და მართლა რომ კაცად წარმოგიდგენია თავი“. ვიდეოს ამგვარი მონტაჟი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ანა წითლიძე ამ სიტყვებით ნიკა გვარამიას პასუხობს. სინამდვილეში, ანა წითლიძის ამ ფრაზის ადრესატი სხვა ადამიანია.
წითლიძის ვიდეო აღებულია პოლიტიკოსის ვრცელი კომენტარიდან, რომელიც ტვ „პირველს“ მისცა. მოცემულ ვიდეოს ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების - ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავება - 2025 წლის 11 სექტემბერს. ლევან ხაბეიშვილი ე.წ. „5 ოქტომბრის ორგანიზების“ საქმეზე დააკავეს, ხოლო მურთაზ ზოდელავა, რომელიც დაკავების დროს ლევან ხაბეიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სამართალდამცავი უწყების ცნობით, დააკავეს, რადგან ცდილობდა გაქცევას მას შემდეგ, რაც მას ხაბეიშვილმა ტელეფონი გადასცა.
ამ დაკავებების კომენტირებისას ანა წითლიძემ ტვ „პირველთან“ საუბრისას მოცემული ფრაზა „შე ჩმორო და მართლა რომ კაცად წარმოგიდგენია თავი“ ნამდვილად თქვა. თუმცა ვიდეო გაჭრილია. ის მიემართება არა ნიკა გვარამიას, არამედ მამუკა მდინარაძეს. ანა წითლიძის მოცემულ ფრაზას წინ უძღვის სხვა ფრაზა: „მე მივმართავ ეხლა მამუკა მდინარაძეს“.
შესაბამისად, ვიდეოში მოცემული ანა წითლიძის კომენტარი მიემართებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსს მამუკა მდინარაძეს. სწორედ სუს-ი იყო ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში წამყვანი ორგანო და სუს-ის უფროსს მიმართავდა ანა წითლიძე მის ამ კომენტარში.