სოციალურ ქსელში ამერიკული პატენტის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
მოკლედ საკითხავი
-
ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მტკიცება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში გაცემული პატენტი კოვიდ 19-ის პფაიზერის ვაქცინით აცრილი პირებისთვის თვალყურის დევნებისთვისაა საჭირო.
-
გამავრცელებელი ასევე ამტკიცებს, რომ პატენტი თავად კომპანია პფაიზერს ეკუთვნის და რომ ვაქცინირებული პირები სერვერზე არიან მიერთებულები.
-
პატენტის შესწავლა გვიჩვენებს, რომ იგი გაცემულია დაავადებული პირების ანონიმურად შერჩევისთვის, შემდგომი მკურნალობის მიზნით.
ქართულ ფეისბუქ სივრცეში მომხმარებელმა გაავრცელა მტკიცება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში გაცემული პატენტი, რომლის საწყისი გვერდის ფოტოანაბეჭდი თან ერთვის გავრცელებულ პოსტს, კოვიდ 19-ის პფაიზერის ვაქცინით აცრილი პირებისთვის თვალყურის დევნებისთვისაა საჭირო (დაარქივებული ბმული).
იქიდან გამომდინარე, რომ პატენტის შესახებ საბაზისო ინფორმაცია გავრცელებულ პოსტშივეა მოცემული, ფოტოანაბეჭდის სახით, პატენტის ნამდვილობისა და მისი დეტალების გადამოწმება ბევრად უფრო მარტივია. მსგავსი პატენტი ნამდვილად არსებობს და მისი სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია გუგლის პატენტების სისტემაში.
მნიშვნელოვანი დეტალები, თუ სავარაუდოდ რატომ არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია პატენტის რეალურ შინაარსს, თავად პოსტზე თანდართულ ფოტოანაბეჭდშიც ჩანს. პატენტის აბსტრაქტის დასაწყისშივე ვხედავთ მისი დანიშნულების აღწერას: "პათოგენით გამოწვეული ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობისთვის სუბიექტების ანონიმურად შერჩევის სისტემა და მეთოდები. სისტემა მოიცავს ელექტრონული მოწყობილობების სიმრავლეს, რომლებიც შეიცავს ინსტრუქციებს ID-ის გენერირებისთვის, და სხვა ასეთი ელექტრონული მოწყობილობის სიახლოვეს ყოფნისას, ერთი ან ორივე ელექტრონული მოწყობილობა გადასცემს/იღებს ID-ს მეორე ელექტრონულ მოწყობილობაზე/მოწყობილობიდან." აშკარაა, რომ საუბარია ელექტრონულ მოწყობილობებზე და არა ადამიანებზე.
იმ ინტერპრეტაციის თავიდან ასარიდებლად, რომ შესაძლებელია ხსენებული ელექტრონული მოწყობილობები სხეულში იმპლანტირებულ ჩიპებს მიემართებოდეს, პატენტის "გამოგონების შეჯამების"(Summary of the Invention) სექციაში მოცემულ მე-19 მაგალითში გამოყენებული ფორმულირების მიხედვით ცხადია, რომ საუბარია გარეგანი გამოყენების ჭკვიან მოწყობილობებზე, რომლებიც სუბიექტებმა (პიროვნებებმა) "თან უნდა ატარონ" და რომლებმაც საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა უჩვენონ მათ.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი მიუთითებს პატენტის მფლობელობაში კომპანია პფაიზერის რაიმე სახით მონაწილეობაზე. დოკუმენტაციის მიხედვით პატენტი ეკუთვნით გალ ერლიხსა და მაიერ ფენსტერს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან და ერლიხ ჯგუფის მენეჯმენტის წამყვანი წევრები არიან. ერლიხ ჯგუფი ასევე მოიცავს პატენტებსა და სავაჭრო ნიშნებზე მომუშავე ადვოკატების კომპანია ერლიხს და ფენსტერს, რომელსაც ეკუთვნის კიდეც აღნიშნული პატენტი. იმავე შინაარსის პატენტი რეგისტრირებულია ისრაელშიც, იმავე პიროვნებების მიერ.
მსგავსი შინაარსის მტკიცებები ინტერნეტ სივრცეში ადრეც გავრცელებულა, მათ შორის 2021 წლის შემოდგომაზე და ავტორიტეტულ საერთაშორისო მედია საშუალებებს, როგორებიცაა Reuters და USA Today, ისინი გადამოწმებულიც აქვთ. Reuters ესაუბრა პატენტის მფლობელ გალ ერლიხს, რომელმაც არ დაადასტურა, რომ პატენტს რაიმე საერთო აქვს ვაქცინებთან, ხოლო USA Today კომპანია პფაიზერს დაუკავშირდა, რომელმაც არ დაადასტურა, რომ პატენტი მათ ეკუთვნით. მსგავსი შინაარსის მტკიცებას ადრე ფაქტების გადამმოწმებელი ქართული ორგანიზაცია "მითების დეტექტორიც" გამოეხმაურა.