რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი პროტესტის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში?
მოკლედ საკითხავი
სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ ბრიტანეთში 1500-ზე მეტი ადამიანი ბანერის ჭერის გამო დააპატიმრეს და აღნიშნული შედარებულია საქართველოში მომხდარ დაკავებებთან, რომლის დროსაც სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული წარწერის გამო დააპატიმრეს.
ბრიტანეთში განხორციელებული დაკავებები კონტექსტის გარეშე ვრცელდება. სინამდვილეში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ საქმეები დაწყებულია არა ბანერის ჭერის გამო, არამედ იმ ჯგუფის მხარდაჭერისთვის, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ტერორისტადაა გამოცხადებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში როგორც საპროტესტო მოძრაობის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებას, ასევე ამ ჯგუფის მხარდამჭერი აქტივისტების წანააღმდეგ დაწყებულ საქმეებს კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში კი, მცდარადაა მითითებული, თითქოს ბრიტანეთში მიმდინარე პროცესებს კრიტიკა არ გამოუწვევია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ "დიდ ბრიტანეთში 1 500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო მუყაოს ბანერი ეჭირათ" (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული). პოსტში დამატებით აღნიშნულია: "კამპანიის ჯგუფ „დაიცავით ჩვენი ნაფიც მსაჯულები“-ს ცნობით, 30 ივლისს ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში 1 579 ადამიანის საქმე შეიტანეს. დანაშაული? მუყაოს ბანერი წარწერით: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს, მხარს ვუჭერ პალესტინის მოქმედებას“. ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით 3 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს უბრალოდ იმის გამო, რომ ხელში ქაღალდი ეჭირათ. არა იარაღი, არა ბომბი, არა ძალადობა , უბრალოდ მუყაო და სიტყვები." პოსტში აღნიშნული ამბავი შედარებულია საქართველოში პროტესტის მონაწილეების დაკავებასთან, მათ შორის, აქტივისტ თორნიკე თოშხუას შემთხვევასთან (არქივი), რომელსაც ბანერზე ბიძინა ივანიშვილის სახელი არანორმატიულ კონტექსტში ეწერა.
სინამდვილეში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები არა ბანერების ჭერას, არამედ კონკრეტული ჯგუფის "Palestine Action" (ქართ. "მოქმედება პალესტინისთვის") მხარდაჭერის გამოა დაწყებული. აღნიშნული ორგანიზაცია ბრიტანეთის მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად 2025 წელს გამოაცხადა (არქივი). ამავე აკრძალვის თანახმად, Palestine Action-ის წევრობა ან მისი მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მას შემდეგ, რაც ჯგუფი აიკრძალა, 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ისეთი ქმედებების გამო, როგორებიცაა: წარწერიანი პლაკატების დაჭერა — „მე მხარს ვუჭერ Palestine Action-ს“. 1 200-ზე მეტ ადამიანს ტერორიზმის შესახებ კანონის საფუძველზე ბრალი წაუყენეს, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანი არ არის მსჯავრდებული.
ბრიტანეთის მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც მოძრაობა "Palestine Action" აიკრძალა, აღნიშნულია: "Palestine Action არის პალესტინის მხარდამჭერი ჯგუფი, რომლის დეკლარირებული მიზანია პალესტინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედებების ტაქტიკის გამოყენებით, რათა შეჩერდეს ისრაელისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაყიდვა და ექსპორტი.
2020 წელს დაარსების შემდეგ, Palestine Action-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზება გაუწია პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედებების კამპანიას სხვადასხვა ბიზნესისა და დაწესებულების წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის ობიექტები და თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები, რომლებიც მომსახურებასა და მომარაგებას უზრუნველყოფენ უკრაინის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO), „ხუთი თვალის“ (Five Eyes) სადაზვერვო ალიანსისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად.
Palestine Action-მა თავდაცვის ინდუსტრიით აღარ შემოიფარგლა და სამიზნეებად ფინანსური კომპანიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სამთავრობო შენობებიც აქცია.2024 წლის დასაწყისიდან ჯგუფის საქმიანობა გახშირდა და უფრო მძიმე ხასიათი მიიღო. ამასთან, მისი მოქმედების მეთოდები უფრო აგრესიული გახდა, ხოლო წევრებმა ძალადობის გამოყენების მზაობაც გამოავლინეს. ხელისუფლების შეფასებით, ჯგუფის საქმიანობა აკმაყოფილებს 2000 წლის ტერორიზმის შესახებ კანონის (Terrorism Act 2000) მიხედვით ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობისთვის დადგენილ სამართლებრივ კრიტერიუმებს."
მთავრობის განცხადებით, ამ ჯგუფის მიერ ჩადენილ თავდასხმებს შორისაა 2022 წელს გლაზგოში კომპანია Thales-ზე განხორციელებული თავდასხმა, ასევე 2024 წელს კენტის საგრაფოში მდებარე Instro Precision-სა და ბრისტოლში Elbit Systems UK-ზე განხორციელებული თავდასხმები. მთავრობის პოზიციით, ამ თავდასხმების სიმძიმე განპირობებულია როგორც მიყენებული ზიანის მასშტაბითა და ხასიათით — მათ შორის იმ ობიექტებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე — ისე უდანაშაულო მოქალაქეებზე მათი ზემოქმედებით.
თავის მხრივ, ჯგუფმა აკრძალვა სასამართლოში გაასაჩივრა და თებერვალში უმაღლესმა სასამართლომ (High Court) ის გააუქმა. თუმცა ივნისში სააპელაციო სასამართლომ (Court of Appeal) დაადგინა, რომ აკრძალვა „გამოხატვის თავისუფლებაში გამართლებული და პროპორციული ჩარევა“ იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჯგუფმა პირდაპირი მოქმედების ფორმით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფარგლებს გადააბიჯა და მიმართავდა ძალადობას „ქონების განადგურებისა და ადამიანებისთვის დაზიანებების მისაყენებლად.“
თუმცა, აღნიშნული საქმე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დასრულებულა. 2026 წლის 30 ივლისს, სასამართლომ დაადასტურა, რომ ჯგუფის თანადამფუძნებელს, ჰუდა ამორის (Huda Ammori), აკრძალვის გასაჩივრების უფლება მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები სრულად ჯერ არ გამოქვეყნებულა, BBC-ის ინფორმაციით (არქივი), ისინი უკავშირდება ჰუდა ამორის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც აკრძალვა ადამიანის უფლებებს არღვევს. სასამართლოს წარმომადგენლების განცხადებით, საქმე დაჩქარებული წესით განიხილება, რაც ნიშნავს, რომ მოსმენა ზაფხულის შესვენების შემდეგ გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის შემდეგ გამოცხადდა, რაც ჯგუფის წევრების პირველი მასშტაბური სასამართლო პროცესი (არქივი) დასრულდა. მათ ბრისტოლის მახლობლად მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიას (Elbit Systems), რომლის სათავო კომპანია ისრაელშია დაფუძნებული, 1 მილიონ ფუნტზე მეტი ოდენობის ზიანი მიაყენეს. ქარხანაში შეჭრაში მონაწილე ოთხ წევრს პატიმრობა მიესაჯა. ერთ-ერთ მათგანს დამატებით სასჯელი დაეკისრა პოლიციის თანამშრომლისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისთვის — სამართალდამცველი მას შემდეგ დაშავდა, რაც მას ურო ჩაარტყეს.
თავის მხრივ, მცდარია მტკიცება, თითქოს ბრიტანეთში აქტივისტების დაკავებას განსაკუთრებული რეაქცია არ გამოუწვევია. ბრიტანეთში კრიტიკა მოჰყვა როგორც პროტესტის მონაწილეების დაკავებას, ასევე, თავად ჯგუფის აკრძალვას. მაგალითად, Human Rights Watch-ის გაერთიანებული სამეფოს მოვალეობის შემსრულებელმა დირექტორმა, თომას ბელმა მკაცრად გააკრიტიკა მიღებული გადაწყვეტილებები და აღნიშნა: „ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ზიანს აყენებს ამ ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას,“. მან ახალ პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემსამ მიდგომის გადახედვისკენ მოუწოდა (არქივი).
კრიტიკა მოჰყვა თავად 2025 წელს ამ მოძრაობის ტერორიზმის შესახებ კანონის ფარგლებში აკრძალულად გამოცხადებასაც (არქივი). შოტლანდიის ყოფილმა პირველმა მინისტრმა, ჰუმზა იუსაფმა, BBC-ის „Scotcast“ პოდკასტთან საუბრისას განაცხადა, რომ კუპერის გადაწყვეტილება Palestine Action-ის აკრძალვის შესახებ იყო „ანტიტერორისტული კანონმდებლობის სამარცხვინო ბოროტად გამოყენება“. მისი თქმით, ეს იყო „სრულიად აბსურდული გადაჭარბებული რეაქცია“, რომლის მიზანიც იყო „პროტესტის მონაწილეების და საბოლოოდ პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრანტების დაშინება და გაჩუმება“. ნოტინჰემ ისტის ოლქის ლეიბორისტმა პარლამენტარმა, ნადია უითომმა, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „საშიშ პრეცედენტს ქმნიდა, რომელიც მომავალში ხელისუფლებებმა შესაძლოა კიდევ უფრო გამოიყენონ თავიანთი კრიტიკოსების წინააღმდეგ“.
ამდენად, ბრიტანეთში პროტესტის მონაწილეების დაკავება აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერას უკავშირდება. როგორც აღნიშნული ჯგუფის აკრძალვას, ასევე მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს ბრიტანეთში კრიტიკა მოჰყვა.