Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა

დეზინფორმაცია: სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა

ნოემბერს 5, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში ანონიმურმა Facebook-გვერდმა „შიგ ევროპაში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისმის აქციაზე მყოფი მამაკაცის ხმა და სიტყვები: „ძალიან მალე უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის ჩართვა, მიმართვა. აი პრეზიდენტიც ჩაერთო. მოვუსმინოთ მას“. ამის შემდეგ ვიდეოში სალომე ზურაბიშვილი ამბობს „მე ვიწყალებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რუსი ივანიშვილის პირად პატიმარს – მიშა სააკაშვილს. სააკაშვილი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“ (იხილეთ დაარქივებული ვიდეო).

ვიდეოს თანდართული აქვს წარწერა, რომლის მიხედვით სალომემ მიშა შეიწყალა.

სინამდვილეში, აღნიშნული კადრები ვიდეოფაბრიკაციას წარმოადგენს. კერძოდ, რეალურ ვიდეომასალას დეზინფორმაციის შემცველი ყალბი აუდიო ვერსია აქვს დართული.

ვიდეოს ნამდვილი ვერსია  2024 წლის 28 მაისს არის გადაღებული, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას ვიდეოჩართვით მას შემდეგ მიმართა, რაც ე.წ. რუსულ კანონზე მის მიერ დადებული ვეტო პარლამენტმა დაძლია.

Facebook-გვერდის „შიგ ევროპაში“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სინამდვილეში, 2024 წლის 28 მაისის მიმართვას რომ ასახავს, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ ვიდეოში სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა და უკანა ფონი ზუსტად ემთხვევა მის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე 28 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში არსებულ ჩაცმულობასა და უკანა ფონს.

ფოტო: კადრი Facebook-ზე გავრცელებული მანიპულაციური ვიდეოდან

ფოტო: კადრი სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე გავრცელებული ვიდეომიმართვიდან

ამ მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე, ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია და მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხის დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით. მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმაზე უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს – გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა იმასთან შედარებით თუ დღეს ვინც ხართ აქ – ახალი საქართველო, მომავლის საქართველო. და მეორე, მთავარი საქმე. თქვენ ვინც აქ ხართ ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმიტომ რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის კიდევ ნახევარი მილიონი ხმა მაინც, როგორც მინიმუმი, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები – იმიტომ რომ ზოგიერთმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის – ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე“.

ამდენად, ამ მიმართვაში არსადაა ნათქვამი, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა. შესაბამისად, ვიდეო ყალბია. იმაზე, რომ ვიდეო სინამდვილეში 28 მაისსაა ჩაწერილი, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მასში ჩანს პარლამენტის შენობაზე დამოუკიდებლობის დღისთვის დამაგრებული ბანერები და რუსთაველის გამზირზე საქართველოს დროშის ფერებში არსებული დეკორაციები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 26 მაისისთვის დაამონტაჟეს.

ფოტო: კადრები სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან

ფოტო: კახა კალაძის Facebook ანგარიში

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშმა აღნიშნული ვიდეო 2024 წლის 4 ნოემბერს გამოაქვეყნა. 4 ნოემბრის აქცია სამმა ოპოზიციურმა პარტიამ დააანონსა. აქციაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით არ გამოსულა და შეკრებილი მოქალაქეებისთვისაც არ მიუმართავს. შესაბამისად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ განცხადებას ვერც ამ აქციაზე გააკეთებდა.

დამატებით, ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა, არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ გაუვრცელებია. ლოგიკურად კი, საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიეღო, მასზე ოფიციალური განცხადება გაკეთდებოდა და საკითხს მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედია გააშუქებდა. ამ ეტაპზე კი ინფორმაციას მხოლოდ ანონიმური Facebook-ანგარიში „შიგ ევროპაში“ ავრცელებს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებაში აქამდეც არის შენიშნული (იხილეთ ბმული 1, 2).

ამასთანავე, ყალბ ვიდეოში არსებული აუდიოჩანაწერი, რომელიც ხმითა და საუბრის მანერით სალომე ზურაბიშვილის ხმას ჰგავს, არაბუნებრივ მახასიათებლებსაც შეიცავს, მათ შორის უემოციო ხმის ტემბრსა და არაბუნებრივ პაუზებს სიტყვებსა და წინადადებებს შორის, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ (AI) შექმნილი აუდიო მასალისთვისაა დამახასიათებელი.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ყალბი აუდიოჩანაწერიც, სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ამდენად, მტკიცება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა, ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გამოგონილი პერუელი დოკუმენტალისტის ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში გამოგონილი პერუელი დოკუმენტალისტის ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება
აგვ 25, 2025
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს
დეკ 26, 2024
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 26, 2025
„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა
„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა
ნოე 26, 2024
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს
ხაბიბ ნურმაგომედოვს საქართველოსთვის მერაბ დვალიშვილის გამარჯვება არ მიულოცავს
იან 21, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.