Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
7, თუ 8 აგვისტო? როდის დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?

7, თუ 8 აგვისტო? როდის დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?

აგვისტოს 25, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მტკიცება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი 8 აგვისტოს დაიწყო და რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარები არა - 7, არამედ 8 აგვისტოს შემოვიდა. აღნიშნული მტკიცება მცდარია, რასაც ადასტურებს როგორც სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტი, ისე - საერთაშორისო დასკვნები.

2008 წლის 19 დეკემბრის „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნაში“ ვკითხულობთ: „7 აგვისტოს, დაახლოებით, 00:00 საათიდან, გააქტიურდა საარტილერიო დარტყმა სოფლებზე: ერედვი, ფრისი და ვანათი. იმავე დროს დაიწყო სარაბუკის სიმაღლეებზე შეტევა, რის შედეგადაც სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით დასტურდება ინფორმაცია დილის 3:30 საათისათვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის მასობრივი შემოსვლის შესახებ. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ საქართველოს სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებამდე 20 საათით ადრე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს როკის გვირაბი და შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს ვინმე გასიევსა და „საზღვრის დაცვის უწყების“ მეთაურს შორის და ეხება რუსეთის ჯარების გადაადგილებას ცხინვალის რეგიონის მიმართულებით“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ჩანაწერების ნამდვილობა აშშ-ის შესაბამისმა ოფიციალურმა ორგანოებმა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 15 სექტემბერს The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველო ომის დაწყების შესახებ ახალ მტკიცებულებას წარმოადგენს“ (Georgia Offers Fresh Evidence on War’s Start). სტატიაში ვკითხულობთ: „აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს სატელეფონო საუბრები, რომლებიც მათ, უტყუარად თუ არა, სანდოდ მიიჩნიეს, რაც, მინიმუმ, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსული სამხედრო გადაადგილებები საქართველოს ტერიტორიაზე მანამდე დაფიქსირდა, ვიდრე ამას ხმამაღლა აღიარებდნენ. რა განზრახვაც უნდა ჰქონოდა ამ გადაადგილებას - რუტინული თუ სამხედრო, მას დაძაბულობა მოჰყვა და საომარ მოქმედებაში გადაიზარდა.“ საგულისხმოა, რომ სატელეფონო ზარები ოსმა მესაზღვრეებმა ქართული კერძო სატელეფონო კომპანიის ქსელით განახორციელეს.

გამოცემა სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში არც შეიარაღების რაოდენობაზე და არც იმაზე, რომ რუსული ძალები იმ დროს ბრძოლაში მონაწილეობდნენ, მკაფიო მინიშნება არ არის. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსული მხარე აღნიშნული ჩანაწერების ნამდვილობას არ უარყოფს.

რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი უვაროვმა, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იყო, New York Times-ს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისკენ ომის დაწყებამდე ჯარების გადაადგილება იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რაც სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციასა და შევსებას ისახავდა მიზნად.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ეგრეთ წოდებული, ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის მესამე ტომის მასალებში, რომლებიც კომისიას ქართულმა მხარემ მიაწოდა, ვკითხულობთ: „03:25 სთ-ზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო მოსმენით მიიღო პირველადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის საჯარისო ერთეული, ტანკებითა და ჯარისკაცებით დატვირთული სამხედრო მანქანებით, შევიდა როკის გვირაბში.

03:41 სთ-ზე, რუსეთის არარეგულარული არმიის დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, ტანკები და სამხედრო სატვირთო მანქანები შევიდნენ როკის გვირაბში და განთავსდნენ ჯავას რაიონში. ეს დადასტურდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილური ტელეფონებით განხორციელებული ორი საუბრის მოსმენით. რუსეთის პრესის მთელი რიგი სტატიები ადასტურებენ, რომ რუსეთის საჯარისო ერთეულები, კერძოდ კი, 58-ე არმიის 693-ე და 135-ე მექანიზებული პოლკების ნაწილები, 8 აგვისტომდე შევიდნენ სამხრეთ ოსეთში. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის მთავარი გაზეთის –„იუჟნაია ოსეტიას“ მიხედვით, იმ ღამეს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალიდან ჯავის რაიონში გაემგზავრა „იმისათვის, რათა შეხვედროდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს“.

ტალიავინის კომისია ადასტურებს, რომ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აგვისტოს დასაწყისიდან შემოდიოდნენ როგორც ე.წ. მოხალისეები და დაქირავებული მებრძოლები, ისე - მისი რეგულარული არმიის საჯარისო ნაწილები. ეს აღწერილია კომისიის დასკვნის პირველ ტომში, სადაც ფაქტების შესწავლის შედეგებია მოცემული: „როგორც აღმოჩნდა, აგვისტოს დასაწყისში არსებობდა მოხალისეებისა და დაქირავებულების ნაკადის დენა რუსეთის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში, როკის გვირაბისა და კავკასიონის უღელტეხილის გავლით. ასევე, რუსული გაერთიანებული სამშვიდობოების ბატალიონის გარდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა რუსული საჯარისო ნაწილები, 2008 წლის 8 აგვისტოს 14:30 წუთამდე.“

ტალიავინის დასკვნაში აქცენტი 8 აგვისტოს 14:30 წუთზე კეთდება, რადგან რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მოხდა მათი მხრიდან საქართველოზე შეტევა: „მისიისთვის რუსული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რუსული საჯარისო შენაერთები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და, რუსულმა საჰაერო ძალებმა და არტილერიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სამიზნე ობიექტებზე 8 აგვისტოს, 14:30 წუთზე“. ბუნებრივია, თუ რუსულმა მხარემ შეტევა 14:30-ზე დაიწყო, ლოგიკურად, ეს ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე ბევრად ადრე შემოვიდნენ და განლაგდნენ.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ „მისიას არ შეუძლია განიხილოს საქართველოს ბრალდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის შესახებ, როგორც საკმარისად დასაბუთებული.“ ამდენად, მიუხედავად რუსული პროპაგანდისტული მანქანის ზეწოლისა, საქართველოში რუსეთის საჯარისო ნაწილების 8 აგვისტომდე განლაგების ფაქტი ეჭვქვეშ ტალიავინის კომისიასაც არასდროს დაუყენებია.

გარდა ამისა, კომისიის დასკვნაში აღნიშნულია: „არსებობს რიგი ანგარიშებისა და პუბლიკაციებისა, მათ შორის, რუსული წარმოშობის, რომლებიც რუსეთის მხრიდან წვრთნებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებისათვის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე მიანიშნებს.“ ამდენად, ტალიავინის დასკვნით დასტურდება ისიც, რომ რუსული ე.წ. მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მანდატს აგვისტოს კონფლიქტამდე გაცილებით ადრე არღვევდნენ, როდესაც ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებს სამხედრო შეიარაღებას აწვდიდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, მტკიცებას 8 აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციასთან, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში იქნა წარდგენილი. საქართველოს მიერ შეტანილი ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი სარჩელის მიხედვით, “რუსეთის სახმელეთო ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიმართულებით არაუგვიანეს 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოსთვის უკვე იყვნენ შემოსულნი”, ხოლო რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა და ასობით შეიარაღებულმა მოხალისემ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე უკვე გადაკვეთეს როკის გვირაბი (არქივი).

ის, რომ რუსულ ძალები სამხრეთ ოსეთში 8 აგვისტომდე იმყოფებოდნენ იმითაც დასტურდება, რომ თავად ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ რუსული სამხედრო შენაერთები ცხინვალის რეგიონში უფრო ადრე შევიდნენ და წვრთნიდნენ ოსურ შენაერთებს. 2012 წელს პუტინმა განაცხადა რომ რუსეთის გენერალურ შტაბს საქართველოსთან შესაძლო კონფლიქტზე რეაგირების სამხედრო გეგმა 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში ჰქონდა მომზადებული, რომ ეს გეგმა პირადად მან დაამტკიცა და რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები ამ გეგმის ფარგლებში წინასწარ გაწვრთნეს (არქივი). პუტინის ეს აღიარება ასევე ციტირებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფიციალურ გადაწყვეტილებაში გამოძიების დაწყების ნებართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით (არქივი).

შესაბამისად, მტკიცება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი 8 აგვისტოს დაიწყო ფაქტებით არ არის გამყარებული და მცდარია.


ყველა პოსტის ნახვა

მანიპულაცია დეპუტატებზე, რომლებმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
მანიპულაცია დეპუტატებზე, რომლებმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
დეკ 18, 2024
სოციალურ ქსელში ისტორიკოს იუვალ ჰარარის გამოსვლის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ისტორიკოს იუვალ ჰარარის გამოსვლის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აგვ 20, 2026
ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ყალბ ამბავს ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ პირველის“ შესახებ ყალბ ამბავს ავრცელებს
ოქტ 21, 2024
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
დეზინფორმაცია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესული სტუდენტები იქაურობას აპარტახებენ
ნოე 21, 2024
ტრამპს ჟურნალისტები არასასურველი კითხვების გამო არ გაუძევებია
ტრამპს ჟურნალისტები არასასურველი კითხვების გამო არ გაუძევებია
იან 28, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.